ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
4 ივლისი, 2016


თავმომწონე ნუკრი

იმ ღამით ვარსკვლევები ესტუმრნენ მწვანე ტყეს. თოვლის ფიფქებივით მსუბუქად და აუჩქარებლად მოფარფატებდნენ ჰაერში, და ასევე აუჩქარებლად ნება-ნება ეფინებოდნენ ყველაფერს, მცენარე იქნებოდა თუ სხვა რომელიმე სულდგმული. საზეიმოდ გაბრწყინდა მთელი ტყე, სულ პატარა ბალახის ღეროსაც ვერ დაინახავდით, თავისი წილი სამკაული რომ არ რგებოდა. რაც შეეხება ტყის ბინადრებს, ვარსკვლავები სამკაულად ყველამ თავისებურად მოირგო. მეტიჩარა მელიამ კუდი მოიკაზმა ამ ზეციური საჩუქრით. უნდა გენახათ, საგანგებოდ მაღლა აპრეხილი მოციმციმე კუდით რომ დაბრძანდებოდა. ზღარბს, თითქოს მოწეული ხილიაო, მჩხვლეტავ ეკლებზე დაემაგრებინა ვარსკვლავები. კურდღელმა მაღლა აცქვეტილ ყურებზე დაისკუპა სასიგნალო ნათურებივით. წითელთვალებიანმა ბუმ თავზე დაიდო ერთი დიდი ბრდღვიალა ვარსკვლავი. ისე ჩანდა, თითქოს მესამე წითელი თვალი აქვსო. დათვმა მთელ ტანზე შემოიფინა ვარსკვლავთა მთელი გუნდი, მოარულ თანავარსკვლავედს დაემსგავსა. ყველაზე სასაცილო კაჭკაჭი იყო, ნისკარტით პირდაპირ ჰაერში იტაცებდა ვარსკვლავებს და ბუდისკენ მიაქანებდა. იმდენი ვარსკვლავი მოაგროვა, ბუდეში აღარ ეტეოდა, დაბლა ცვიოდა, მას კი ისევ მოჰქონდა და მოჰქონდა.
მეტნაკლებად ყველა თავმომწონეობდა ამ მშვენიერი ზეციური სამკაულით, არც იყო გასაკვირი, ასეთი რამ ყოველ ღამე არ ხდება. შვლის ნუკრმა ყველა უკან ჩამოიტოვა ამ მხრივ, ძალიან შეიფერა ვარსკვლავთა ბრწყინვალე სამკაული, შემომხედეთ და დატკბითო, ასე ამბობდა მთელი მისი იერი.
- თითქოს ძვირფასი თვლებით ამოქარგული ყაჯარი აფენია ზურგზე, - ჩაიშრიალა კუნძმა აღტაცებით, როგორც კი შვლის ნუკრმა კეკლუცად ჩაუარა გვერდით. კუნძმა ცოტა ხნით შეიცადა, სანამ ნუკრი განაპირდებოდა და მერე ნიავს წაუჩურჩულა, ყველაზე უფრო ლაზათიანად ნუკრი გამოიყურებაო. ასეთი გახლდათ კუნძის აზრი, მას კი მართლაც დაეჯერებოდა. ბევრი რამის მომწსრე იყო, რა აღარ ენახა, რა არ გაეგო. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გადაჭრეს, რამდენჯერ ამოიყარა, მერამდენე სიცოცხლით ცხოვრობდა. ეს არავინ იცოდა მთელ ტყეში და მგონი თვითონაც არეოდა სათვალავი. იმისი მომსწრეც იყო, ძვირფასი ყაჯარით მორთულ ბედაურებს რომ დააგელვებდნენ რაინდები. სწორედ ეს შორეული ხილვა გაახსენა ვარსკვლავებით ზურგდამშვენებულმა ნუკრმა. ცხადია, თვითონ კუნძსაც შეხვდა რამდენიმე ვარსკვლავი, ძალიანაც დამშვენდა მის ახალნაყარ ტოტებს.
როგორც ჩანს, მთელი მწვანე ტყე კუნძის აზრს იზიარებდა ნუკრის ბრწყინვალე ყაჯარის შესახებ, საქებარი სიტყვებიც მრავლად შეაწიეს. თვით ქარაფშუტა ნიავიც კი მოიხიბლა, თავისი ჩვეული ქირქილი გადაავიწყდა, როცა ვარსკვლავებით კეკლუცად მორთულ ნუკრს გადაეყარა. სხვასთან ასეთი რამ არ დამართნია...
გასრულდა ეს ჯადოსნური ღამეც, ვარსკვლავებმა ისევ ზეცისკენ ქნეს პირი.
ნელ-ნელა წყდებოდნენ თავიანთ უნებლიე მასპინძლებს, ახლა უკვე მაღლა მიფარფატებდნენ, თოვლის ფიფქებივით მსუბუქად და ნარნარად. საზეიმო იერი დაჰკარგა მწვანე ტყემ, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ყოფას დაუბრუნდა ყოველი სულდგმული, არცერთ მათგანს აღარ ამშვენებდა მოციმციმე ზეციური სამკაული. რა გაეწყობოდა, რახან სხვა გზა არ იყო, ყველა მშვიდად ურიგდებოდა ამას. მაგრამ აი შვლის ნუკრმა რაღაც ჩაიდო გულში; როგორც კი შეამჩნია, ვარსკვლავებმა ისევ ზეცისკენ აიღეს გეზიო, მაშინვე გაიქცა და მღვიმეში დაიმალა. ძალიან ესალბუნებოდა ის საქებარი სიტყვები, რომლებიც მწვანე ტყეში მოისმინა არაჩვეულებრივად ლამაზი, ბრწყინვალე ყაჯარის გამო, არ უნდოდა მასთან განშორება და იმედი ჰქონდა, ვარსკვლავები მღვიმიდან გზას ვერ გაიკვლევდნენ ზეცისკენ. ასედაც მოხდა: ვარსკვლავები აფრინდნენ მისი ზურგიდან, ერთხანს იფარფატეს მღვიმეში და გზა რომ ვეღარ გაიკვლიეს, ისევ ნუკრის ზურგზე დაეფინენ. ნუკრსაც ეს უნდოდა, ერთ ხანს დაიცადა, სანამ დღის სინათლე საბოლოოდ მოიკრებდა ძალას... იცოდა, რომ დღის სინათლეზე ვარსკვლავები ვეღარ მიაგნებდნენ ცის თაღზე თავიანთ ადგილს და მხოლოდ მერე გამობრძანდა მღვიმიდან. თავმომწონედ გაისეირნა მწვანე ბილიკებზე, ახლაც საქებარ სიტყვებს ელოდა... ამაოდ გაისარჯა, არავის უთქვამს, ძვირფასი ყაჯარი გიხდებაო.
- ჰო, მართლა! ვარსკვლავები ხომ დღისით არ ჩანან, - გაახსენდა ნუკრს, - არა უშავს, დაღამებამდე მოვიცდი.
როგორც იქნა, დაღამდა. ნუკრმა კვლავ თავმომწონედ გაისეირნა მწვანე ბილიკებზე, ახლა უკვე ეჭვიც არ ეპარებოდა, აღფრთოვანებულ ქება-დიდებას მოვისმენ ყოველი შემხვედრისგანო. მის ზურგზე ნამდვილად ციმციმებდნენ ვარსკვლავები. მის გარდა სხვას აღარავის ამკობდა ზეციური უცხო სამკაული და ეს გარემოებაც ხომ ერთ რამედ ღირდა...
ახლაც ამაოდ დაშვრა, ქება-დიდებას ვინ დაეძებს, ერთი სიტყვითაც არავინ გამოეხმაურა. თავი ისე ეჭირათ, თითქოს ვერ ამჩნევდნენ მის მანათობელ ყაჯარს. თვით კუნძმაც კი არ აღირსა თუნდაც ერთი საამო სიტყვა. არადა საზეიმო ღამეს სწორედ მან უწოდა მის მორთულობას ბრწყინვალე ყაჯარი. უფრო მეტიც, როდესაც ნუკრმა გვერდით ჩაუარა, კუნძმა უკმეხად ჩაიალაპარაკა, საზეიმო ღამე კარგა ხანია გასრულდა, ყოველივეს თავისი დრო აქვსო. ხოლო როდესაც ნუკრი შორს დაიგულა, კუნძმა ნიავს მოუხმო და უთხრა, არ მომწონს ნუკრის საქციელი, ეტყობა რაღაც იეშმაკა, ტყეში ყველანი ყურადღებით იყავითო.
ნუკრმა იხტიბარი მაინც არ გაიტეხა. მთელი ღამე თავმომწონედ ისეირნა მწვანე ბილიკებზე, დილით ისევ მღვიმეში დაიმალა, რათა ვარსკვლავებს არ მიეტოვებინათ იგი.
შემდგომ ღამეებშიც იგივე ფანდი გაიმეორა ნუკრმა, ოღონდ ერთმა უსიამოვნებამ იჩინა თავი - ვარსკვლავებმა გაფერმკრთალება დაიწყეს, ბრწყინვალება თანდათან აკლდებოდათ. თვითონ ნუკრი ვერაფერს ამჩნევდა, კვლავ თავმომწონედ დაბრძანდებოდა მწვანე ბილიკებზე, ტყეში კი ერთი განგაში იყო ატეხილი.
- ჩაქრებიან ვარსკვლავები, - ღელავდა ზღარბი.
- ასეც ვიცოდი, მეგობრები მოენატრათ, - ჩაილაპარაკა კუნძმა.
- დედამიწაზე დიდხანს მათი ყოფნა არ შეიძლება, - ღრმააზროვნად აღნიშნა ბუმ, - ვერ ძლებენ ზეცის გარეშე...
ჯერჯერობით ყველა თავს იკავებდა, ნუკრისთვის პირდაპირ ეთქვათ ამის შესახებ, ის კი ძველებურად ვერაფერს ამჩნევდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ როგორ გაიცრიცა მისი ბრწყინვალე ყაჯარი. ისევ კუნძმა ითავა და როდესაც ნუკრმა გვერდი ჩაურბინა, მჭახედ შეუძახა, ვარსკვლავებს ნუღარ ტანჯავ, ერთი დახედე, რა დღეში არიანო. ნუკრმა კისერი მოიღერა, დახედა საკუთარ ზურგს და რას ხედავს: ძლივსღა ბჟუტავენ ვარსკვლავები მიმქრალი ნაპერწკლებივით, საცაა ჩაქრებიან.
შეშფოთდა ნუკრი. იგი უგულო სულაც არ ყოფილა, მხოლოდ თავმომწონეობის სურვილმა დასძლია და ეგ იყო. სრულიად გაუქრა ტყეში სეირნობის სურვილი, ჩირგვებს მიღმა მიმალულს, თავი დარცხვენით ჩაეკიდა.
აი, დადგა ჟამი, როდესაც ვარსკვლავები ცის თაღს უბრუნდებიან ხოლმე. ნუკრი აღარ დამალულა მღვიმეში. პირიქით, საგანგებოდ მოღიავებულ ადგილას დადგა, რათა ვარსკვლავებს ადვილად გაეკვალათ გზა ზეცისკენ. მართლაც, ვარსკვლავები ნელ-ნელა ამოძრავდნენ, მოწყდნენ ნუკრის ზურგს, მაღლა-მაღლა აფრინდნენ ფიფქებივით მსუბუქი ფარფატით, მაგრამ ხის კენწეროებამდეც არ იყვნენ მისულები, როცა ისევ დაბლა დაეშვნენ, ისევ ნუკრს დაეფინენ ზურგზე. ძალა არ ეყოთ, რათა ზეცისკენ გაფრენილიყვნენ. ცოტა ხანში ისევ სცადეს მაღლა აფრენა, ისევ მარცხი იწვნიეს. რამდენჯერმე განმეორდა ასე, ვარსკვლავები ვერა და ვერ მოწყდნენ ნუკრის ზურგს.
მთელი ტყე შიშმა შეიპყრო. ვერავის ვერაფერი მოესაზრებინა, არ იცოდნენ, რითი დახმარებოდნენ ვარსკვლავებს. ნიავი ფეთიანივით მიმოქროდა, ტყის ერთი ბოლოდან მეორეში გაჰქონდა სევდიანი ამბავი მიწაზე დარჩენილი ვარსკვლავების შესახებ, რომლებიც საცაა ჩაქრებოდნენ და მერე მათ თვალით ვერავინ იხილავდა. ისეთი გაბმული ზარი თქვა, იმდენი იქვითინა, ლამის მთელი ტყე აატირა. და ამ საყოველთაო უნუგეშობის დროს კუნძმა (ისევ და ისევ მრავლისმნახველმა კუნძმა) შეუძახა ნუკრს:
- მაღლა ახტი, ნუკრო! რაც შეგიძლია, მაღლა ახტი!
ნუკრმად დაუჯერა, მაღლა ახტა. ლამის საკუთარ თავს გადაახტა, ისე მოინდომა, თვითონაც მაგრად იყო შეშინებული. ვარსკვლავებმაც ისარგებლეს ამ ფართო ნახტომებით, კვლავ მოწყდნენ ნუკრის ზურგს, უფრო ღონივრად გასწიეს მაღლა, თან ერთმანეთს არ შორდებოდნენ, ფუტკრის ნაყარივით ტრიალებდნენ ჰაერში. როცა საკმაოდ შეიმაღლეს, მერე უკვე ნიავიც წაეხმარათ, სულ სიცილ-ხარხარით გააქანა მაღლა ეს პატარა, მოციმციმე გუნდი (ო, ეს ნიავი! ერთ წუთში რომ ტირის, მეორე წუთში იცინის, ერთს კი ვერ წაართმევ: ძალიან დაუზარელია). მთელი ტყე სულგანაბული ადევნებდა თვალს ამ სანახაობას, ყველას ზეცისკენ მიეპყრო თვალი, მხოლოდ ნუკრს ვერ გაებედა მაღლა ახედვა, შიშით გული უსკდებოდა, ვაითუ ისევ ძალამ უმტყუნოთ ვარსკვლავებსო, და უცბად...
- ნუკრის ყაჯარი, ნუკრის ყაჯარი! - მთელ ტყეში გაისმა ეს ცნობილი ძახილი. ახლაღა ასწია ნუკრმა თავი, მაღლა აიხედა და რას ხედავს, მართლაც მისი ბრწყინვალე ყაჯარი გამოკიდებულა ცაზე, რითაც ასე იწონებდა თავს მთელი ამ ხნის მანძილზე. ერთი სიტყვით, ვარსკვლავები იმავე მიმდევრობით დასხდნენ ცის თაღზე, როგორც ნუკრის ზურგზე იყვნენ დაფენილები. მიწაზე რომ ერთად იყვნენ, ზეცაშიც აღარ დაშორდნენ ერთმანეთს. მერე მას სახელად ხომლი უწოდეს, ნუკრს სამუდამოდ შერჩა ზურგზე მათი ნაკვალევი. ასე რომ, მაინც არ დარჩენილა ყაჯარის გარეშე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები