ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2009


***

ალბომში ბავშვობის სურათები,
ვით სამოთხის ყვავილის ფურცლები.

***
უჯრაში ერთად შემოვიდნენ
ხელი და სინათლე
და უბედნიერესი ტყუპებივით
ხარობენ კალამი და ფანქარი.

ა ხ ა ლ ი  ა ღ მ ა რ თ ი
-----------------------------

აქ ერთმანეთზე მშვენიერია
სიკვდილ-სიცოცხლის ნატერფალები,_
მხოლოდ ცა თუ გაარჩევს.

***
ყვავილის ფურცლები
რომ ესხა ფრთებად,
იმიტომ გადარჩა
ცეცხლიან ქარში.

***
ყოველთვის ერთადა ვართ
და მაინც შეგნატრი,
ვით კარის შიდა მხარე მეორეს.

***
სიტყვა უძლური კი არაა,
სიყვარულის ნათელში არა ჩანს.

***
ვაჟის მკლავმა რომ მიიზიდა,
გოგოს ეგონა,_
გაზაფხულის მდინარემ ჩაითრია
ყვავილოვან,უძირო მორევში.

***
ნისლიდან ბაღი ერთი წუთით
რომ გამოანათებს,_
პირველი სიყვარულიც ასეა,
მაგრამ იმ ერთი გამონათების
ფერებითაა მშვენიერი მთელი ცხოვრება.

ო კ ე ა ნ ი ს  ჰ ო რ ი ზ ო ნ ტ ი
---------------------------------------
ცის სიმშვიდე რომ არა,_
გემი ჩავიდა თუ ჩაიძირა,
ხომ ვერ გაიგებდი...

ს ა მ შ ო ბ ლ ო შ ი  დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა
----------------------------------------------
ერთმანეთის გადასწრებას
ცდილობენ თითქოს
მგზავრი და მისი ჩრდილი.

***
ტანი კელაპტარს რომ მიგიგავს,
არაა შემთხვევითი,
შვიდთვალა სასწაულო,
დედის ბარათივით მსუბუქო სალამურო.

***
მშობლები აკვანთან_
როგორც სინათლის ორი ტალღა,
მიწიდან ამოზრდილი,
უკვდავების წყაროზე დახრილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები