ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
12 ივლისი, 2016


ალექსა

დილაადრიანად ეზოში რომ შემოვიდა,  არ მესიამოვნა. ჯერ ერთი, საქმეზე  გავდიოდი და მეჩქარებოდა. მერე კიდე და,  არც არყით აქოთებული ადამიანის ნახვა მინდოდა.
შევცდი.
სუფთად იყო. ორი ღერი თმა დავარცხნილიც კი ქონდა.
თვალით მომესალმა და დარცხვენილი მიდგა.
ვინ და როდის დაადგინა, არ ვიცი,მაგრამ,  მიუხედავად იმისა, არაფერს  ითხოვს, ყველა რამეს აწოდებს. მერე ერთი - ორი საათით წაგეხმარება, თუ რამეს გაატან, კიდევაც  გაიყოლებს და ფეხათრეული წავა.ბევრჯერ ზომაზე გადასულს იქვე მიუძინია, მაგრამ მისი გაფუჭებული და
ცუდი არავის უნახავს.
რადგან შემოვიდა, რაღა მეთქვა. რაც არ უნდა იყოს, ჩემი ქმრის მეგობარი იყო.
ვისკი  მქონდა, ნაკლული ჯეკ დენიელსი. მეგობარმა ჩამომიტანა, გავხსენით, მაგრამ არ დაგვილევია.
ჩვენთვის მაგარი გამოდგა. მაშინვე ეგ გამახსენდა.
- წამოდი, რა დაგალევინო მეთქი -თავი ისე გამოვიდე, ვითომ ჩემი გვარი ვისკით ცხოვრობდა.
გამოვუტანე და მაცივრისკენ წავედი, ყინულისათვის...
კონიაკი ეგონა და თვალები ააფახულა.
ყინულის ნატეხი  რომ დამინახა ხელში, თითი საფეთქელთან დაატრიალა.
- გაგიჯდიო?
უყინულოდ დავუსხი.
გადაკრა
სული შეეკრა და წყალს ეცა.
- არ დამიჯერე მეთქი-ვუსაყვედურე.
- რა არი?_ბოთლი შეაჯანჯღარა.
- ვისკი მეთქი.
- კინოებში რო სვამენ? - ერთადერთი, საბუქსირე კბილი გამოუჩნდა.
- ჰო, ეგაა მეთქი- კბილის გამო შემეცოდა.
- რა კაი რამე ყოფილა. გამატანო?- დამეღრიჯა.
- იცი რა ღირს მეთქი?- ისე შევიფერე, ვითომ ორმოცი  დოლარი ჩემი ჯიბიდან გადამეხადოს.
- გაქ რამე , გასაკეთებელი?- თემა შემიცვალა.
- დაფნა მაქვს გასაკრეჭი, მაგრამ მე  გავდივარ და უჩემოდ ვერ იზამ - უარი ვუთხარი
- მაკრატელი მომე და გავპუტავ..  დაფნის ღობე გაბურძგნული რომაა, იმიტომ მოვედი  -  გამოიკეთა პირი.
სასხეპი მაკრატელი გამოვუტანე, მაგიდაზე ოცი ლარი, ყველი და პური დავუტოვე, პირველ საათამდე ვერ მოვალ და საჭმელსაც მოგიტან მეთქი და საქმეზე წავედი.

ალექსა არც რამეს მოგპარავს და არც ვინმეს შემოუშვებს, იმედიანია, მაგრამ ნარგიზას  მაინც გადავძახე, ალექსა  რჩება და გამოხედე ხანდისხანთქო.
შემაგვიანდა,
უფრო სწორად , ალექსა მიმავიწყდა.
ოთხ საათზე მოვედი.
ქვის მაგიდასთან  მოკუნტული იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, დაფნის ღობე სანახევროდაც არ ჰქონდა გაკრეჭილი.
- ცუდად ხო არ ხარ, ალექს - ჩავეკითხე- ნუ ეწევი ამდენს. საჭმელი მოვიტანე და ახლავე მოგიმზადებ რამეს
- უნდა წავიდე, ამას სხვა დროს დავამთავრებო - თვალი ამარიდა - მაგიდაზე საჭმელი ხელუხლებელი იყო. ვისკიანი ჭიქაც არ იყო დაცლილი.

ჩემი ქმრის ნაქონი ჯინსის შარვალი გამოვუტანე, მისთვის მქონდა გარეცხილი და გადადებული.
- მახსოვს ეს რომ იყიდაო- გახუნებულ  თვალებში მგონი ცრემლიც წამოუვიდა.
- როცა მოიცალო, მაშინ გააგრძელე, იცოდე, ჩემი გასაკრეჭი არ გახდეს, თორემ მოგკლავთქო- ცრემლის თავი არ მქონდა.
გააღო და გაბრაცუნდა.
თხუთმეტ წუთში სასწრაფო ამორიხინდა ჩვენს ჩიხში.
გავიხედე, ალექსა ჩამხვლეულა და ხალხი ჩოჩქოლობს.
მეზობლების მომერიდა, დაათრო და  გამოუშვაო.
საავადმყოფომდე მე გავყევი.
გზიდან გათხოვილი დისთვის დამარეკინა.
რომ ამოვბრუნდი, ნარგიზასთან მოვიმწუხრე:
-ალექსას საქმე წასულია, ღვიძლი დიდხანს არ აცოცხლებს მაგ ბრაცუნასთქო.
არ გაკვირვებია.
არც მე მიკვირდა, ისე მენანებოდა.
ორი კვირის მერე კიდევ ამოვიდა. პირველად გაკრეჭილი დაფნაც ამოჩეჩილიყო . თავიდან გაუხდა გასაკრეჭი.
- ნუ სვამ ალექს, ასე ძნელია მაგის მიტოვება?
- გამოიტანე, მიდი, ნუ გენანება - ვისკიზე მითხრა.
გამოვუტანე და დავუსხი.
კიდევ ერთხელ შეაჯანჯღარა,
- რა ნელა ისხმება - ჩაკირკიტებდა
- სულ გაგატანდი, მაგრამ მაგისი წერა გახდები და დამეწერები მეთქი - გავეხუმრე
- იმას მაინც იტყვიან, ვისკით გაიგუდაო - ვერ გამოუვიდა ხუმრობა.
გავუბრაზდი და საქმეზე მარტო დავტოვე.
აბუზღუნდა, მარტო მუშაობა რომ მდომოდა, ნარგიზასთან მივიდოდი, შენთან ლაპარაკი რომ მიყვარს, იმიტომ მოვდივარ აქაო.
- ალექს, არ გეწყინოს, ვერ გაგატან მეთქი.
- ბიჭებს ჩავუტანდი, მარტო ხო არ დავლევდი. მარა, აწი  ხშირ-ხშირად ამოვალო...

სამი თვე ჩაწოლილი ყოფილა. მე საიდან გავიგებდი.
უნდა გამეტანებინა. აბა რაღა გამოვიდა...
აღარაა ალექსა










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები