ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
18 ივლისი, 2016


ვაშლი

სტატიას დიდი სათაური ჰქონდა;
- არასდროს ჭამოთ ვაშლი კურკებიანად, ის იწვევს ტრა-ტა-ტა-ტა დაავადებებს....
და ჩამოთვლილი იყო უამრავი "ექიმური" სიტყვები.
ბავშვობიდან ყველა სტატიის და ამონარიდის მჯეროდა.
ხოდა წაკითხული  გავითვალისწინე, ვაშლს ვჭამდი და კურკას ვტოვებდი, სანამ ერთ დილით ძველი გაზეთის სასარგებლო რჩევებში არ ამოვიკითხე:
-თუ თქვენ ვაშლის გამხმარ კურკებს მიირთმევთ, იოდის დეფიციტს შეგივსებთ. მასში დიდი რაოდებობით იოდია.

სახლში მაგიდაზე , გამოსაჩენ ადგილას თასი დავდე და ყველას ვთხოვე:
- ვაშლს როცა შეჭამთ, კურკები არ გადამიყაროთ. აუცილებლად მინდა მე...
დაზვავდა კურკები, მაგრამ რა დაზვავდა.

გავახმე, დავფქვი და ის იყო მისი მიღება უნდა დამეწყო, ინტერნეტში მკურნალის გვერდზე გადავაწყდი:
- გამხმარი ხილი და კურკები სასტიკად აღიზიანებს კუჭქვეშა ჯირკვალს და ვისაც კუჭქვეშა ჯირკვალი გაწუხებთ, გამხმარი ხილი, განსაკუთრებით კურკიანად,  არასოდეს მიირთვათო.
დავასტოპე...

ამის მერე ჩვევად მექცა: ყველაფერს ვკითხულობ ვაშლზე.  ეგ კი არადა, "ვ" ასოს ჩაწერის მერე გუგლში ვივუს,ჯის ნაცვლად ვაშლი იგუგლება.
აგერ ერთი ვიპოვე:
- ვაშლი აუცილებლად გათალეთ, რადგან მის კანში გროვდება  შხამები და პესტიციდები.
ავიღე დანა და გათლა დავიწყე.
თან ვკითხულობ:
-ვიტამინები მხოლოდ  ხილის კანშია მოთავსებული, მაგალითად, ვაშლის კანში ვიტამინების 99 % ია თავმოყრილი...



- მწვანე ვაშლი სასარგებლოა და ბავშვებს მხოლოდ მწვანე ვაშლი აჭამეთ!!!- ვკითხულობ ინტერნეტ სტატიას , სადაც გვერდით დიდი,  მწვანე და უმატლო ვაშლია დახატული.
ვაგრძელებ და
-"საქართველოში შემოტანილი მწვანე ვაშლი გენმოდიფიცირებულია და მეტად საფრთხილოა მოზარდებისათვის.
ეცადეთ, არ მიირთვათ."
ბლა, ბლა, ბლა ...თავგზა ამებნა...

ბებიაჩემს სხვენში ჰქონდა შენახული საზამთრო ვაშლი.
შემოდგომაზე ისეთი მჟავე და  ჟიჟმიტა იყო, დაბმულ ღორს ააწყვეტინებდა, მაგრამ ზამთარში, როცა დიდს მოთოვდა,
ჩამოიტანდა  ორიოდე მუჭს, გარეცხავდა და ღუმელზე მდგარ წყლიან ქვაბში ჩაყრიდა, ვაშლი ნაოჭიან კანს
გადაიტკეცავდა  და  დათაფლული ხდებოდა ან გვეჩვენებოდა.

ვაშლი...
მიჩურინის ვაშლი...
მჟავე, ჟიჟმიტა, მწვანე, კურკიანი, უკურკო....მატლიანი , უმატლო...ლოყაწითელა, თურაშაულის..ბროცკი..
ხოდა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვაშლებზე კვლევას მივუძღვენი.
დღეს უკვე ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ვარ...
ჩემი სადისერტაციო თემაა:
"ვაშლი და მისი ყველა კონტრასტული სიკეთე".








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები