ნაწარმოებები



ავტორი: ჩესტერი
ჟანრი: პროზა
8 აგვისტო, 2016


კაკო წერეთლისა და მორაგის მოგზაურობა ირლანდიაში

        მამაჩემმა რომ გაიგო, გაგანია სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ წასვლას ვაპირებდი, ადგა, ჩაი დაისხა, ლიმონის ნაჭერი ჩაიგდო თეთრი ბლის მურაბის ორ სავსე კოვზთან ერთად და ძალიან ჩვეულებრივ ჩაჯდა თავის მყუდრო – „ოჯახის უფროსის“ სავარძელში და დისქავერზე სპილოებზე გადაცემას ჩაუჯდა. როგორც მიხვდით, მამაჩემს დიდად არც გაჰკვირვებია ჩემი გადაწყვეტილება და არც პროტესტი გამოუხატავს. პრინციპში, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მეგონა რომ არ მოხდებოდა. მამაჩემმა „გზა დამილოცა“, დიდი ბებიის დანატოვარი ბინაც ისეთ ფასში გავყიდე, რომელიც ჩემს ცარიელ ჯიბეს და ოცნებების ასრულებას აკმაყოფილებდა, ვიზაც ყოველგვარი პრობლემების გარეშე მომცეს. 

გამგზავრებამდე ჩაბარგება ერთი კვირით ადრე დავიწყე. დედაჩემმა მასწავლა, წინასწარ დაგეგმვას და მომზადებას ჯერ არავინ მოუკლავს, ჩემო ბიჭოო. და მეც ჩემი დიდი ზურგჩანთა კარადის მტვრიანი ნაწილიდან გადმოვათრიე, აივნიდან გადავბერტყე, მართლია ქვედა მეზობლის ახალგაფენილ–გამოხარშულს სარეცხს დავაბერტყე, მაგრამ ეგ არაფერი, ლუდა ბებოს ზემოთ ამოსვლა დაეზარა და მხოლოდ მსუბუქი ქოქოლის დაყრით შემოიფარგლა.

მთელი კვირის განმავლობაში მამაჩემი ჩემს ოთახში შეიჭყიტებოდა, ჰმ–ჰმ–თი, თავის კანტურს მოჰყვებოდა და ისევ თავის ნაწერებს უბრუნდებოდა. ჩემი თავით და გამზადებული ბარგით ვამაყობდი მანამ, სანამ შუა აეროპორტში არ გამახსენდა, რომ კბილის ჯაგრისი, საწვიმარი, საყვარელი ჯემპრი და „ევენჯერსის“ ახალგამოწერილი ფოსტლები სახლში დამრჩა. კუჭი მეტკინა ნერვიულობისაგან, აეროპორტიდან მიბრუნებას და უკან მოსვლას ჩემი ბიუჯეტის მეოთხედი ისე შეეწირებოდა, როგორც არაფერი, ამიტომაც თავი დავიმშვიდე, ახალი ჯაგრისი ახალი ცხოვრების საწინდარია, მეთქი და ჩვეული, გულუბრყვილო, იდიოტური ღიმილით საბუთებისთვის ხელგამოწვდილ ახალგაზრდა ქალს პასპორტი და ბილეთი გავუწოდე.

–  კეთილი მგზავრობა – მითხრა ისე უემოციოდ და სხვათაშორის, რომ მადლობისათვის გამზადებულ ჩემს ბედნიერ და გაბადრულ სახეზე ელვამ დაიჭექა და საწვიმრად მოიღრუბლა.
– მადლობა. – ვუთხარი მეც ძაან–ძაან ცივად, მაგრამ ჩემგან განსხვავებით საერთოდ არ სწყენია.

        გულ–მუცელმა ნერვიულად შემომიტია და აბუყბუყდა. უხერხულად შევიშმუშნე და თმას ისე ვეცი გასასწორებლად, თითქოს მეზობლის მუცელს დაეგრუხუნოს. ჩემ წინ მიმავალმა ქალმა შენი მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია მოვიცვალეო და რისხვით შემომხედა, უფრო სწორად ჩემს მუცელს. მე თვალი ავარიდე და ქალს გადავუსწარი.

        თვითმფრინავში კუთვნილი ადგილი, სტიუარდესას ფეხის წამოკვრისა და ბავშვიანი ქალის გადათელვის შემდეგ დავიკავე. აფრენისას შემაქანა და მუცელში ხელმეორედ დამიარა, გვერდით მივიხედე, ისევ ის ქალი ხომ არ მიყურებს, მეთქი. კიდევ კარგი ჩემგან მოშორებით იჯდა. ბედად, ამინდი ცუდი გამოდგა, მაგრამ ისეთი ცუდიც არა, რომ რეისი გაეუქმებინათ და უკან მივბრუნებულიყავით. ნახევარ თვითმფრინავს ეძინა. მოუსვენრად ვიყავი, ხან ჩემ მარცხნივ მჯდომს გავხედავდი, რომელსაც თავი ბიზნეს გაზეთში – „რა მოხდება ხვალ“ ჰქონდა თავი ჩარგული, თუმცა ახლა და ამ წუთას რა ხდებოდა, დიდი ეჭვი მაქვს, არ იცოდა, ხანაც სხვა მგზავრებს მოვათვალიერებდი და ჩუმად ძვლებს ვიტკაცუნებდი. მოკლედ, ყველაფერს ვაკონტროლებდი. მაგრამ ერთი ახალგაზრდა მაინც გამომრჩენია, რომელიც საპირფარეშოდან გამოსული თავის ადგილს უბრუნდებოდა. დაკვირვებული თვალი, მაგალითად ჩემნაირი, ადვილად შეამჩნევდა, რომ ფეხზე ტრავმა უნდა ჰქონოდა. ითრევდა და ოდნავ კოჭლობდა. შესახედაობით ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ოდნავ მონღოლოიდური თვალის ფორმა, რაღაცნაირი ალალი და სევდიანი გამოხედვით. გამხდარი არ ეთქმოდა, მაგრამ მის ღიპს პატივცემულს ვერ უწოდებდით, პრინციპში არც კი იყო ღიპი. იმ ადგილას დავიხედე, სადაც ყველა წესის დაცვით ღიპი უნდა მქონოდა, მაგრამ ბაბუაჩემს იმედი გავუცრუე და ჩემი მუცელიც ისეთივე გამოვიდა, როგორიც დედამიწა უნდა ყოფილიყო ძველი ხალხების წარმოდგენებში, ბრტყელი და გამხმარი.  ბიჭი მარჯვნივ მომიჯდა. ზუსტად ათი წუთის მერე ისევ საპირფარეშოში რომ გავარდა, მიხვდი მისი საქმე არც ისე კარგად იყო. იმ წამს თავი კარლ–არტური მეგონა. თავი ვალდებულად ჩავთვალე გამეზიარებინა ბიჭის ჭირ–ვარამი.

    – კარგად ხართ? – ვიკითხე მე და თავი იმ მღვდელმსახურად წარმოვიდგინე, რომელიც აღსარებას დიდი გულისყურით იბარებდა.
    – მე? მე, დიახ... – შეიცხადა და ჩაახველა.
    – მე აკაკი ვარ, კაკო... – თავი გავაცანი და პასუხის მოლოდინში დიდი ღიმილი გადამეფინა სახეზე.
    – მე, მე ნიკა. არა, განა მეშინია – თქვა მან და მუხლებზე ხელები დაისვა. – უბრალოდ...
მე სიბრალულნარევი სახით შევხედე. მისთვის მტკივნეული ფიქრების აშლისა მომერიდა და გავიტრუნე.
    – ვინმე უნდა დაგხვდეს? – კვლავ არ მითმენდა გული.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა.
    – არ ვიცი, ალბათ... – სევდიანად გამიღიმა და გულისჯიბიდან ბლოკნოტი და კალამი ამოიღო. იმის ბლოკნოტზე ჩემი გადატკიცინებული და ქათქათა ბლოკნოტი გამახსენდა, რომელიც ქურთუკის დიდ ჯიბეში მედო.
    – წერ? – არ ვცხრებოდი მე.
    – ისე, ჩემთვის, ძირითადად ოჯახის წევრები კითხულობენ, ისიც იშვიათად. – მიპასუხა და კალამი ააჩხაკუნა.
გრძნობით წერდა, ტაეპებს შორის აკურატულად ტოვებდა სუფთა ადგილებს. ჩაძიება და წაკითხვა არ მიცდია.
    – თქვენ არ წერთ? – უცებ მომიბრუნდა.
    – მე? უი, არა... – ალბათ, უკვე ნათქვამი მაქვს ან თუ არა, ახლა ვიტყვი, ძალიან ზარმაცი ბავშვი ვიყავი. ფანტაზია მქონდა უშველებელი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდიოდა და ამ ფანტაზიის გადმოტანას ფურცელზე ვცდილობდი, არაფერი გამოდიოდა, ან იქნებ გამოუსლიყო, თავისთვის ძალა რომ დამეტანა. ჩემ თავში ქარიშხალი იყო, ზღვის ღელვა, ჩქერი, გრიგალი, აშლილი გრძნობების ცეკვები, მაგრამ ფურცელზე ყველაფერი მშრალი და უმარილო გამოდიოდა, იმის მერე არც მიცდია.
    – წერა კარგი გამოსავალია. ხმის გამცემი როცა არ მყავს, მაშინ ვწერ. მაშნაც როცა გარშემო ხალხია, მაგრამ მე მაინც მარტო ვარ... – ბიჭმა ჯიბეში ხელი მოიფათურა, შავი კალამი ამოაძრო და ღიმილით გამომიწოდა. – სახსოვრად გქონდეთ!

    დავიბენი, გამორთმევა მეუხერხულა, მაგრამ მის საქციელში რომ ვერანაირი ქვეტექსტი ამოვიკითხე, გამოვართვი და იმის ნიშნად, რომ რჩევას გავითვლისწინებდი, ჩემი პატარა ბლოკნოტი ამოვიღე. მან გაიღიმა და ისევ თავის ლექსებს მიუბრუნდა.
მეტიჩრობაა – გავიფიქრე მე. რა უნდა მექნა, რა დამეწერა, ისეც თავში არაფერი მომდიოდა. მერე გადავფურცლე, კალამი მოვიმარჯვე და ასოების გამოყვანა დავიწყე, რომ შევამჩნიე ხელით წერას გადავჩვეოდი. რამდენიმე წამის მერე ნაწერს დავაკვირდი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა ირლანდიაში“, სათაურს კმაყოფილმა დავხედე, ბლოკნოტი დავკეცე და კალამიც შიგ მოვაქციე.
არ მახსოვს როდის ჩამეძინა. მაგრად გაზმორებას ვაპირებდი, რომ გამახსენდა თვითმფრინავში ვიყავი და თავი შევიკავე. მალე დავეშვებოდით აეროპორტში და ჩემს ინტერნეტით დაქირავებულ გიდზე დავიწყე ფიქრი. ერთ–ერთ საიტზე მშვენიერი წინადადება იყო, გიდი ერთი კვირით სულ რაღაც სამოცდაცხრა დოლარად. ჭკუაში დამიჯდა, არც ვაციე არც ვაცხელე და გიდი მთელი ორი კვირით ადრე დავიქირავე. ალბათ, უკვე მელოდება – ვიფიქრე მე და კმაყოფილმა საათს დავხედე.

    უკვე ესკალატორზე ვიდექი, რომ ავფორიაქდი, რადგან არავინ იდგა ფურცლით, რომელზედაც წესით ჩემი სახელი უნდა ყოფილიყო. ფილმებში ხომ სულ ასე იყო. ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ჩემი გიდი არსად ჩანდა. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. ის–ის იყო ბედს უნდა შევგუებოდი, რომ ესკალატორის პირდაპირ ხალხში ერთი ბიჭი გამოძვრა, ორივე ხელით დიდი თაბახი ეკავა, დიდი ამბით აწია, ზედ ჩემი სახელი ეწერა გაკრული ხელით. შვებით ამოვისუნთქე და ესკალატორის დარჩენილი საფეხურები ჩავირბინე.

    ბიჭმა თაბახს დახედა, ისე წაიკითხა, თითქოს სხვისი ნაწერი ყოფილიყოს.
    – აქაქი?
    – მე ვარ, მე! – დავუქნიე ხელი და მისკენ წავედი.
    გაბურძგნული წითელი თმა ჰქონდა. ახლოს რომ მივედი მისი თმა უფრო ცეცხლისფერი იყო, ვიდრე წითელი. მისასალმებლად ხელი გავუწოდე და ფართოდ გავიღიმე. არც ის დარჩენილა ვალში, თეთრი კბილები გადმოალაგა და გაკრეჭილ ზვიგენს დაემსგავსა.
    – არტური, არა? – ვკითხე მე.
    – დიახ! – რამდენიმე წამის ყოყმანის შემდეგ მიპასუხა და უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის თავი ორჯერ დაიქნია.
    – უამინდობის გამო დაგვაგვიანდა – მოვუბოდიშესავით და თმა გავისწორე.
ბიჭი კვლავ იკრიჭებოდა. თაბახიანი ხელი უკან წაიღო, მეორე მხარზე ძლიერად დამკრა და წინ მიბიძგა. 
    – წავიდეთ? – საჩქაროდ მკითხა და აქეთ–იქით გაიხედა. – ა?
    – ჩემი ბარგი? – ვკითხე მე და თითი გავიშვირე.
    – აჰ, ბარგი, ბარგი, როგორ დამავიწყდა, ბარგი, მაშ... – დაფათურდა ბიჭი და ბოლოს იქვე მდგარ გრძელ სკამზე ჩამოჯდა.   

    თვალებს კვლავ არ აჩერებდა. ეჭვის თვალით გავხედე. თითქოს რაღაც ისე არ იყო. მოლოდინში მუხლებზე ხელებს იტყაპუნებდა. მეც გვერდით მივუჯექი. ის ხან ტერმინალის ბოლოსკენ აპარებდა თვალს და ხანაც მალულად უყურებდა მის წინ მჯდომ შავტუხა გოგოს, რომელსაც თავი ჯერაც ზღვაზე ეგონა. ალბათ, ბრაზილიიდანაა ვიფიქრე მე. კოპაკაბანას პლაჟებზე მშვენიერი სანახავი იქნებოდა. მისი დანახვა ამდენ თეთრ ხალხში სად კუდი და სად იღლია იყო. ჩემი გიდი არა მის ლამაზ და გემრიელ ფეხებს, არამედ პირდაპირ თვალებში უყურებდა.  უჯიშო – გავიფქრე მე.
    – ბარგი! – ხელით ვანიშნე არტურს და ასაღებად წამოვხტი. ისიც გამომეკიდა. ხალხში გავიარეთ და ჩემს ბარგს დავწვდი. მოულოდნელად ხელი მტაცა და კარისკენ ისე მიმაბრუნა, გეგონება მოჩვენება დაინახა და ცდილობს მე არ დამანახოსო.
    – რა მოხდა? – აღმომხდა მე და შეშინებული თვალებით მივაშტერდი. ღიმილი სახეზე შეყინვოდა, მაგრამ გულს არ იტეხდა.
    – არაფერი! – სწრაფად გამცა პასუხი და გასასვლელისკენ მიბიძგა.
ნაუცბათევად გამიყვანა გასასვლელისკენ, ხალხის ყაყანი ყურებში მიწუოდა. მოხერხებულად მიმათრევდა ხალხს შორის. სადღაც შორიდან კაცის შეშფოთებული ხმაც გავიგონე, რომელიც დაკარგულ აბრას ეძებდა, სადღაციდან ბავშვის ჩხავილის ხმაც გაისმა და ტაქსში ისე ამოვყავი თავი, ვერც გავაანალიზე რა მოხდა. გვერდით ჩემი გიდი, არტური მეჯდა. წეღანდელისგან განსხვავებით სავსებით მშვიდი ჩანდა. გვიანღა გავარჩიე, მწვანის ნაცვლად ლურჯი თვალები ჰქონდა.
    – აბა? ახლა სად მივდივართ? – თითქოს ჩემი ხმა არ გაუგიაო, გზას გაჰყურებდა. – არტურ? ახლა სად მივდივართ? – დაბნეულმა შემომხედა.
    – სად მივდივართ? აჰ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ წავალთ პაბში და დავლევთ, ან მარტო შევჭამთ... – თქვა აუღელვებლად და გზას მიაჩერდა. – აქვეა აეროპორტის გზაზე. – დამაატა, ისე რომ არც გამოუხედავს ჩემკენ.
მთელი სადილობის განმავლობაში ხმა არ გაუღია. ცოტა არ იყოს ხასიათი წამიხდა, რა ყველა უჯიშო მე უნდა შემხვდეს მეთქი და ჩანგალი გვერიდით გადავდე.

    – ისტორიული ადგილებითა და თარიღებით მაინცდამაინც ნუ გადამღლი, კაი? – გავიცინე მე და თან ვეცადე ჩემი გიდისთვის შემეხსენებინა, რომ მთელი დღე აქ ყოფნას არ ვაპირებდი, რადგან ისედაც სულ რაღაც ერთი კვირა მქონდა. – რამე სხვა მინდა, განსხვავებული, მუზეუმები არ მინდა. – ვთქვი მე.
    მისმინა, მისმინა და ჩანგალი აათამაშა.

    – მაშ არაჩვეულებრივი ადგილები, არა? – თვალები მომიჭუტა. – მე ვიცი არაჩვეულებრივი ადგილები. თანაც ბევრი... – დააბოლოვა მან. – აი, მაგალითად უძველესი ობსერვატორია, იცი?
    – არა, საიდან... – გავიქნიე თავი.
    – დუბლინშია, დღეს ვნახოთ, ღამით... – მითხრა მან და კარტოფილი პირში გაიქანა.
    მე მხრები ავიჩეჩე.
    – გიდი შენ ხარ არტურ! – გავიცინე და სკამზე გადავწექი.
    – მაშ, კაი!
    არც ისე დიდი, თეთრი და უღიმღამო შენობა იყო. არც გარშემო ადგილებით მოვიხიბლე დიდად. განწყობა დამიმჟავდა. ჯერ კიდევ თვითმფრინავში ვფიქრობდი, რომ თბილისში დაბრუნებულ მამაჩემს კმაყოფილი ჩემი საარაკო თავგადასავლის ამსახველ კადრებს დავუწყობდი მაგიდაზე. რისთვის უნდა გადამეღო სურათი, ამ უშნო შენობისთვის, რომელსაც უკვე დიდი ხანი იყო თავისი დრო მოეჭამა?! არ მეჭაშნიკა.

    – ასწორებს, არა? – კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ჩემმა გიდმა და დოინჯი შემოიყარა.
    ის–ის იყო მკვახედ უნდა მეპასუხა მისთვის, რომ ქუჩის ბოლოდან ვიღაცამ სირაქლემასავით აკრიფა სიჩქარე და ჩვენკენ წამოვიდა. ჩემმა გიდმა მიიხედა, თვალები მოჭუტა, არც აცია არც აცხელა და მეორე ბოლოსკენ გავარდა. ჯერ ვიფიქრე ალბათ მდევარი მოსდევს მეთქი და საშველადაც ვაპირებდი მისკენ მირბენას, მაგრამ იმის გააზრება, რომ მდევარი თვითონ იყო, გვიანი აღმოჩნდა. მოხერხებულად მეცა ყელში, საგულდაგულოდ შებმული საფულე ამაძრო და უკანმოუხედავად გაიქცა. გონს მოვედი, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და რაც ძალი და ღონე მქონდა გავეკიდე.
    სანამ თვალს მიეფარებოდა უნდა დავწეოდი, მაგრამ ჩემში უსეინ ბოლტმა არ გაიღვიძა. ქუჩის კუთხეში შეხვევას აპირებდა, რომ საიდანღაც ჩემი გიდი გამოხტა, ხელი მტაცა და ვიწრო ჩიხში შემათრია.

    – ჩშშშ... – ხელი ამაფარა და სასუნთქი გზები კინამ დამიხშო.
    – ჩემი საფულე წაიღო! – ვიღრიალე მე. გიდმა კვლავ ხელი ამაფარა.
   
    არტურმა ხელი მაგრად ჩამჭიდა, ჩიხის ბოლოსკენ ფრთხილად წამიძღვა, თან წამდაუწუმ ხელს მაფარებდა. ქუჩის მეორე მხარეს აღმოვჩნდით. არტურმა შემაჩერა. ის ტიპი, რომელმაც ჩემი საფულე მუხანათურად მიითვისა ძაან–ძაან მშვიდად იდგა ქუჩის გადაღმა მანქანასთან, რომელსაც გარს ექვსი თავისნაირი მაინც ეხვია. გაგულისებული მზად ვიყავი ქუჩა წყევლა–კრულვით გადამეჭრა და მაშინვე ყელში ვწვდომოდი, მაგრამ არტურმა აქაც დროზე შემაშველა ხელი.

    – სიცოცხლე მოგბეზრებია? – შემეკითხა და კუთხეში მიმიმწყვდია. – სარზე გაგსვამენ და გამოგვსვამენ...

    ჩემი ფულის ნებით თუ ძალით დაბრუნების იმედი ნელ–ნელ გადამეწურა და მხოლოდ ერთი სიტყვის ამოლუღლუღებაღა  შევძელი.
    – გამქურდეს...
    არაქათგამოცლილი, უხასიათოდ მივალაჯებდი ტროტუარზე. ჩემი გიდი წინ მიდიოდა, არც ის იყო ჩემზე ნაკლედ შეწუხებული. ძალა მოვიკრიბე და დავეწიე.
    – პოლიციაში დავრეკავ და ფულს დამიბრუნებენ, სადმე წასვლის არაფერი ეტყობოდათ! – გავიღმეჭე და დარწუნებით თავი დავიქნიე.
      – ჩემი ბრალია... – თქვა მან.
      – რა შენი ბრალია, რა იცოდი? აი, მეც აღარ ვდარდობ... საბუთები ზრგჩანთაში მაქვს, მხოლოდ ფული დაიკარგა, დავამშვიდე მე...
      – პოლიცია არ დააბრუნებს... – მშვიდად და დარწმუნებით მიპასუხა მან.
      – მთავარია ცოცხლები ვართ, არავის ბრალი არ არის – კვლავ დავიწყე მისი დამშვიდება.
      – ჩემი ბრალია, მეთქი! – შემომიღრინა და წინ წავიდა.
      – არტურ, მისმინე, იქ მხოლოდ ფულია, სხვა არაფერი, ჯიბეში ორმოცი დოლარი მექნება – კმაყოფილმა იმით, რომ დედაჩემის გაფრთხილებისამებრ ფულს რამდენიმე ადგილას ვინახავდი, გიდს შემხედე.
      – არტური არ ვარ! არც შენი გიდი ვარ! – ყვიროდა და ხელებს იქნევდა.
ადგილზე გავჩერდი, ნაბიჯი აღარ გადამიდგამს, ჩემი გონება ბურუსით იყო მოცული.
      – აეროპორტში ვიყავი, იმიტომ რომ ზედიზედ ხუთჯერ დამესიზმრა, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი, ვიცდიდი და ვიცდიდი, უუხ! მერე გვერდით ტიპი ადგა, სადღაც გავიდა, მისი თაბახი ავიღე! – ყვიროდა და შიგადაშიგ რაღაც სიტყვებს ამბობდა, რომლის შინაარსიც მე არ მესმოდა. – არ ვარ არტური, არ ვარ... – დააბოლოვა ჩუმი ხმით და იქვე ხესთან ჩაიცუცქა.

      რამდენიმე წამი დამჭირდა ყველაფრის გასაანალიზებლად. მერე ყველაფერი ჩემი მეზობელი პითაგორა ლექსოს მომავალივით ნათელი გახდა. ჯერ ერთი რომ სასტიკად მომატყუეს, მერე ის, რომ უშნო შენობის სანახავად მთელი თხუთმეტი დოლარი ამაწაპნეს და ბოლოს საერთოდაც გამქურდეს. ალბათ, ყველა წესის დაცვით ჯერ ჩემი „გიდისთვის“ უნდა მერტყა წიხლები, მერე პოლიციაში გავვარდნილიყავი, იქ რამდენიმე დღე გისოსებიან ოთახში მეყურყუტა და ფული დამებრუნებინა, ბოლოს კი სხვა გიდი მეძებნა, რათა ჩემს მოგზაურობას ფუჭად არ ჩაევლო. სულ ექვსი დღე მრჩებოდა, არც კი. თუ ყველა ზემოთხსენებულს სისრულეში მოვიყვანდი, სახლში მამაჩემი ჩემი საარაკო ვოიაჟის ამბებს არა მაგიდაზე დალაგებული სურათებით, არამედ ჩემი სახის გამომეტყველებით ნახავდა. მე მამაჩემს ასე არ გავახარებდი, ამიტომაც დოინჯი შემოვირტყი და „არტურს“ გამომცდელად შევხედე.
      – ესე იგი გამოდის მომატყუე და გიდი არ ხარ არა? – უხმოდ თავი დამიქნია. – მაშ კარგი, რა გაეწყობა... არც ჩივილს ვაპირებ და არც არაფერს, რამე ისეთი ადგილი მაინც მანახე, რომ ჩემი აქ ყოფნა სულ უაზრობა არ იყოს. – დაღლილი ხმით ვთქვი მე და ხეს მივეყუდე. ჩემს მეგზურს წამით სახე გაუბრწყინდა.
      – გაჩვენებ, გაჩვენებ! ყველაფერს ვფიცავ ისეთ მაგარ ადგილს გაჩვენებ, მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდეს. – ამბობდა ენერგიულად და ადგილზე ცქმუტავდა.
      ბოლოს ჩემთან მოიჭრა, შემანჯღრია და გულზე მიმიკრა. ახლა უკვე გახალისებული გაიჭრა წინ.
      – იმ ადგილს განახებ სადაც ცა და მიწა ერთმანეთისგან თან შორსაა და თან ძალიან ახლოს. აი ნახავ!
      – იქნებ სანამ მაგ მიწიერ სამოთხეს მანახებდე, მანამდე სადმე ღამე გაგვეთია? – ვთქვი დაღლილმა და ჯორივით ჩამოვდექი ტროტუარზე.
      ის მომიბრუნდა და უკნიდან მომაწვა.
      – ტბისკენ მიმავალ გზაზე ძაან მაგარი ღამის გასათევი ვიცი!

      ჩემმა თანამგზავრმა, რომელსაც ნამდვილი სახელი თურმე მორაგი ერქვა და ირლანდიელი კი არა, შოტლანდიელი იყო და თურმე ჩვენი მოგზაურობა რამდენიმე დღით ადრე ესიზმრა, მართალია მე ეს ამბავი სასაცილოდ არ მეყო, მაგრამ რადგანაც ჩემი შოტლანდიელი იქუფრებოდა პირი ამოვიკერე და კრინტიც არ დამიძრავს. ბოლოსდაბოლოს ერთხელ ვცოცხლობ, ნიახური ხომ არ ვიყავი მეორედ მოვსულიყავი, არც ასეთი თავგადასავლებით ვიყავი განებივრებული, ამიტომაც ჩემი უიღბლობა დიდად აღარ განმიცდია. მორაგმა რაღაც ტბისკენ მიმავალ გზაზე მდებარე გაცვეთილი, მაგრამ ლამაზი მოტელის ერთი ოთახი დამაქირავებინა. მორაგი მოტელის მეპატრონეს იმდენი ხანი ეჯუჯღუნა, რომ კაცი ორი ღამით დარჩენაზე ოცდათხუთმეტ დოლარად დაგვთანხმდა.
ოთახი პატარა და ძველი იყო, მაგრამ ოდესღაც გაკრულ შპალიერს და იატაკს ძველი იერი რაღაც მანქანებით მაინც შემოენახა. 

      ოთახს ერთი დიდი, ლამის იატაკიდან ჭერამდე აწოწილი ფანჯარა ამშვენებდა, რომლის დარაბებს ძველი ლურჯი საღებავი აქერცლოდა. ხედი პირდაპირ დიდ მდელოზე გადიოდა, სადაც სულ რამდენიმე ხე და ორიოდე ბუჩქი იდგა. ოთახში ერთი მორყეული საწოლი იდგა. ფანჯარასთან საქანელა სავარძელი დაედგათ. კომოდს ეტყობა ჭუჭყიანი ტილოთი წმენდისას მტვერი უფრო მეტად გადაგლესვოდა. ოთახისგან გამოწვეული გულისრევის შეგრძნებამ მალე გადამიარა. ბედს შეგუებულმა ჩემი დიდი ზურგჩანთა კარის უკან კუთხეში მივაგდე. მორაგი იჭვნეულად დაიხარა და რაღაცას დაუწყო ჩხრეკა.
      – ეს ნახე! – სად იყო და სად არა წელში გასწორდა და იარაღიანი ხელი მომიშვირა. კინამ გული გადამიქანდა.
      – ეგ საიდან? – ვიკითხე მე და იარაღის პირველად ნახვით გამოწვეული შოკის გადაფარვა ვცადე.
      – კუთხეში ეგდო, მარა რათ გინდა, შიგ ტყვიები არ არის. – თქვა დანანებით, კედელს აეკრა და ჰან სოლოს დააჯავრა. კიდევ        რამდენჯერმე შეათამაშა ხელში და უკან, შარვალში ჩაიცურა.

      იმ ღამეს როგორ მეძინა აღარ მახსოვს. აი მეორე ღამე კი ნამდვილად კოშმარული იყო. მე და მორაგი თავშექცევით ვიწექით. მისი ფეხი ხან ყურში მხვდებოდა ხან ცხვირში. ძლივს რომ ჩამეძინა, სადღაც შორიდან მორაგის ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას.
      – ქაქოო...
      – რა? – ამოვიღმუვლე ისე, რომ თვალი არ გამიხელია.
      – იცი, როცა ვირთხებზე ვფიქრობ, ვერ ვიძინებ...
      პროტესტის ნიშნად რაღაც ჩავიწკმუტუნე და გვერდი ვიცვალე.
      – ქაქოო... გძინავს?
      – უკვე აღარ! – ვთქვი გაბრაზებულმა და გადასაფარებელი ჩემკენ მოვქაჩე.
      – ესე იგი შენც ვირთხებზე ფიქრობ? – შემეკითხა მშვიდად და გადასაფარებელი თავისკენ გაქაჩა.
      – ღმერთო... – ჩავიდუდღუნე და ისევ მეორე გვერდზე გადავბრუნდი.

      დილით რომ გამეღვიძა, საწოლში უჩვეულო სიმსუბუქე ვიგრძენი. ჯერ ერთი თვალი გავახილე, მერე – მეორე. მორაგს ფანჯრის წინ სავარძელში მოკუნტულს ეძინა. ფანჯრიდან შემოსული მაისის სითბოშეპარული ნიავი აგურისფერ კულულებს შუბლზე აყრიდა. ბავშვივით მშვიდად აუდ–ჩაუდიოდა მკერდი. მერე გამახსენდა, რომ ამ ბიჭმა სიზმარში ნანახის ასრულება მოიწადინა. რასაც მე ვერასდროს გავბედავდი. უეცრად მისდამი უნდობობლობა სრულიად გამიქრა.

        მესამე დღეს კვლავ ტბისკენ მიმავალ გზას დავადექით. მანქანა არავის გაუჩერებია. არადა ყველა ფილმში ასე იყო, ავტოსტოპით მგზავრობაზე ადვილი გეგონება რააფერი ყოფილიყოს, როგორც ჩანს მე არ გამიმართლა.
მშიოდა. მორაგსაც შიოდა. უკანასკნელი მონეტებიც კი მოტელის მეპატრონე ულვაშიან კაცს დავუტოვეთ. აბა კაი ბიჭები ვიქნებოდით მის გვერდით მდგომი ორ მეტრიანი ახმახისთვის რამე ზედმეტი გაგვებედა და ერთი ცენტიც კი აგვეწაპნა.

გორაკებიდან ნელ–ნელა გზა ტყისკენ ეშვებოდა. ალბათ, ერთადერთი ტურისტი მე ვიყავი. ჩვენ გარდა გზაზე არავინ და არაფერი შეგვხვედრია. რადგანაც მორაგის სიტყვას ვენდობოდი, ზედმეტი ხმა არ ამომიღია. ბოლოსდაბოლოს უარეს რა უბედურებაშიღა უნდა გავეხვიე?!–დავიმშვიდე თავი და ბატკანივით გაყვევი გზაზე დაწინაურებულ მორაგს.

რამდენიმე საათი ვიარეთ. ბოლოს მორაგმა ეშმაკური ღიმილით შემაჩერა და თითი მთელ გზაზე ერთადერთ მაღაზიისკენ მიმითითა. მაშნვე მივხვდი რაც ჰქონდა გუნებაში.
    – ეს საშინლად ცუდი იდეაა! – ვთქვი მე და ადგილზე ავცქმუტდი. ფრჩხილებსაც დავიჭამდი, მაგრამ ხელები დაკავებული მქონდა...
    – დაწყნარდი, მოდუნდი... – მითხრა მორაგმა და შავი ნაჭერი მომაწოდა სახეზე ასაფარებლად.
    – ჯანდაბა, მორაგ! კარგად მომისმინე ახლა! – ნაჭერი დავაგდე, და მორაგს ვეცი. – ნახევარი სამყარო იმისთვის არ გამომივლია, რომ სადღაც ირლანდიის უკანალში ვიღაც შერეკილმა შოტლანდიელმა მაღაზია გამაძარცვინოს! – ჩუმად ვიღრიალე მე, მორაგმა თვალები მოწკურა.
    – მერედა ვინ გაიგებს?
    – შენ არ გესმის მორაგ! სადაც ერთი ქართველი რამე მაკვარანცხობას გააკეთებს, იმ ამბავს წამში, რაღაც მანქანებით, საქართველოშიც იგებენ! ჰოდა, მისმინე ძაან არ მინდა ტელევიზორში გამოვჭენდე წარწერით : აკაკი წერეთელმა ირლანდიაში მაღაზია გაძარცვა– ასოები ჰაერში მოვხაზე და მორაგს ხელი გავუშვი. – ახლა გაიგე?

    მორაგმა დაბნეულმა მიმოიხედა შუა ტყეში, სადაც არათუ ვიღაც ქართველის გამოსაჭერად დამალული ჟურნალისტი, არამედ სულიერი არ ჭაჭანებდა.

    – შენი ნებაა! – მორაგმა მხრები აიჩეჩა და გზა განაგრძო.
    ფეხი არ მომიცვლია. ხელები მოვმუშტე, ძირს დაგდებული შავი ნაჭერი ავიღე და მორაგს დავეწიე.
    – ჯანდაბა შენ თავს, მორაგ!

    პირზე შავი ნაჭერი ავიფარე, თეთრი კაპიუშონი წამოვიფარე და მორაგს ხელი ვკარი. მორაგს სახე გაებადრა. თავისი წითელი კულულები ასეთივე ნაჭრით აიფარა და ასასინს დაემსგავსა. ჯიბიდან თავისი იარაღი ამოიღო, კისრის ძვლები გაიტკაცუნა, ხელში მოქნილად შეათამაშა და წინ გაიშვირა.

    – ეგ სად დაამუღამე? – ვკითხე მე.
    – ტარანტინოს ფილმები... – ტუჩები კმაყოფილებით დამუწა, მე თავისი კეტი მომცა და მაღაზიისკენ გამიძღვა.
    სამ თვლაზე თეთრ ხის კარს ფეხი დემონსტრაციულად ჰკრა და შიგნით შევარდა,მეც ინსტიქტურად კეტი მოვიმარჯვე შიგნით შევარდნილს ხელი მაღლა დამრჩა გაშეშებული.
    წარმოიდგინეთ მაღაზია, სადაც ყველაფერია, ყველაფერი რისი ჭამაც,ჩაცმაც და ტარებაც შეიძლება. წარმოიდგინეთ? ჰოდა, აი ეგ არ იყო. ერთადერთი, რატომაც ამ რაღაცას მაღაზია ერქვა, იყო ძველისძველი აბრა გარეთ და ლობიოს კონსერვებიც დამტვერილი ქილები შიგნით. მორაგი არ დაიბნა, მაშინვე გამყიდველთან დაერჭო იარაღი მოქნილად მოუღერა და წაისისინა.
    – ფული დროზე!

    იდეაში მხოლოდ საჭმელი უნდა აგვეღო. გამყიდველი, რომელიც ტიპიური გამყიდველის ყველა კრიტერიუმს ორჯერ მეტად აკმაყოფილებდა, ერთი ამოიხვნეშა და დახლის წმენდას თავი დაანება. მორაგს ზედმეტად მობეზრებულად ახედა, მერე მე, რომელიც ყველაფრის შთაბეჭდილებას ვტოვებდი, გარდა მძარცველისა და მერე ისევ მორაგს მიუბრუნდა. თავი მრავალმნიშვნელოვნად გაიქნია, დაფანჩული წარბები აზიდა, ტილო მხარზე გადაიგდო და დახლის უჯრა გამოხსნა. უჯრა მთლიანად გამოიღო. მორაგს წინ დაუდო და დახლს ხელებით დაეყუდა. მორაგი ოდნავ დაიბნა.

    – ამ, ეს... ავიღებ, ჰო? – მორაგმა უცნაური მოძრაობით უჯრა თავისკენ გამოსწია და მე შემომხედა. მე მორაგზე მეტად ვიყავი დაბნეული. სისხლებს, ვედრებას და ღრიალს ველოდებოდი, მაგრამ გამყიდველს არც შიშის, არც დაბნეულობისა და არც წინააღმდეგობის გაწევისა ეტყობოდა რამე. მორაგმა პირბადე ჩამოიხსნა და რაღაც მანიშნა. ვერაფერი გავიგე და ხელით ვანიშნე. კარიდან ფეხს არ ვიცვლიდი.

    ბოლოს კარს მოვცილდი მორაგთან მივედი.
    – იქნებ პოლიცია გამოიძახა? – ჩავჩურჩულე მე.
    – ვითომ სიგნალიზაცია აქვს? – მორაგმა ეჭვით მოათვალიერა მაღაზიის აბლაბუდებიანი კუთხეები.
    – მე რა ჯანდაბა უნდა ვიცოდე! – ისევ ჩავჩურჩულე და მობეზრებულსახიან გამყიდველს გავხედე.
    – რა ვქნათ?
    – მე რა ვიცი, შენი იდეა იყო!
    – მე რა დამესიზმრებოდა, რომ ასეთი ჩლუნგი გამყიდველი დაგვხვდებოდა? 
    – აიღე ფული და წავიდეთ, მორაგ კუჭი მიხმება!

    მორაგმა თავი დამიქნია, ისევ კუშტი მზერით შეხედა და უჯრიდან ფული სწრაფად ჭაიკუჭა ჯიბეებში. გამყიდველი ფრთხილად გვაკვირდებოდა და პირში გარჭობილ კბილის საჩიჩხნ ჩხირს ცოხნიდა. მორაგმა მანიშნა კეტი ასწიეო, მეც რისხვით მოვიმარჯვე და დახლს გადავწვდი, გამყიდველი არ განძრეულა.

    – იცოდე, თუ პოლიციაში დარეკავ, გიპოვი და მოგკლავ! – მორაგმა ლაიამ ნისონის ხმით დააბოლოვა და და გამარჯვებული სახით უკან–უკან კარისკენ წავიდა. მეც მას მივყევი, სანამ გამოვიდოდი დავინახე, როგორ მშვიდად აიღო თეთრი ტილო და ისევ დახლის წმენდა განაგრძო.
    – ჩვენ მარტო საჭმელი უნდა აგვეღო! – მივახტი მორაგს.
    – რა გინდა ლობიოს კონსერვისთვის ჩავსხდეთ ციხეში? თუ დაგვიჭერენ წესიერი მიზეზი მაინც გვექნება.
    თქვა მორაგმა მშვიდად და მხარზე ხელი დამარტყა.
    – აქეთ! – მიმითითა გზისკენ, რომელიც გზაჯვარედინს ზევით ჩრდილოეთით მიუყვებოდა.
    ჩემი ძველისძველი გადაყვითლებული საათი საღამოს ცხრა საათს აჩვენებდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ გზას უკვე ხუთი საათი მივუყვებოდით, მაგრამ სიცოცხლის ნიშან–წყალი არსად ჩანდა. კუჭი გამებუტა.
    – მორაგ! – ძლივს ამოვიღე ხმა. – იქნებ გზა შეგეშალა, ა? – საცოდავად წავილუღლუღე და მუხლმოკვეთილი გზაზე დავეხეთქე.
    – არ არსებობს... – თქვა მან, მაგრამ ხმაში ძველი თავდაჯერებულობა აღარ ეტყობოდა. – აქვე ახლოს პატარა კაფეც უნდა იყოს, ბავშვობაში ათასჯერ მაინც მოვსულვარ! – თქვა ნირწახდილმა და მომიახლოვდა.
    – აქვე ახლოს? ხუთი საათია მოვდივართ, წელში გავწყდი, აღარ შემიძლია, მშია, მწყურია, ვკვდები... – პათეტიკურად დავასრულე სიტყვა და შუა გზაზე გავწექი. – ტფუი შენი... – ვთქვი მე. და გავიცინე. – ეგ ბებერი, გაიძვერა მელა... – შერჩენილი ენერგიით გადავიხარხარე. მორაგი უცნაურად მიყურებდა. ვხარხარებდი მე და მორაგს ვერაფერი გაეგო.
    – რა იყო, რა მოხდა? – გაოცებული მიყურებდა და ცდილობდა გაეგო ასე რამ გამამხიარულა.
    – წმინდაო ქთულჰუ! – გადავიხარხარე მე. – არა, რატო იდარდებდა რაა...

    მორაგმა მიმოიხედა. მერე შედგა და სიცილი აუტყდა. ცოტა ხანში ხმამაღლა ახარხარდა. ხარხარზე ჭრიჭინებმა ჭრიჭინი შეწყვიტეს. გზაზე ორნი ვიყავით და იქაურობა ჩვენმა სიცილმა აახმაურა, მე – ასფალტზე გართხმული და მორაგი– შუა გზაზე გაჯგიმული.

    შუაღამე იყო, როცა თეთრ ხის კართან შევჩერდით, ნიღბები ისევ ავიფარეთ და მორაგმაც კარს ფეხი ისევ დემონსტრაციულად ჰკრა. მე კეტმომარჯვებულმა ადგილი კართან დავიკავე. გამყიდველი ზუსტად იმავე პოზაში დაგვხდა, რა პოზაშიც დავტოვეთ. მორაგს ღიმილიანი სახე ნიღაბშიც ეტყობოდა.
    – მაგარი გაგვიჩალიჩე არა? მარტო შენ ხარ, არა? – ისევ გაიცინა. – მარტოხელა მგელი! – ჩაიხითხითა მორაგმა.
    – რით შემიძლია დაგეხმაროთ... – თქვა დაღლილი ხმით მოხუცმა და ხელები ტილოზე შეიწმინდა.
    – გვაჭამე! – ვთქვი მე, უფრო სწორად ჩემმა მუცელმა. – ოღონდ ეგ თაროებზე კერენსკის დროინდელი ლობიოს კონსერვები არ გინდა. – მორაგმა დაბნეულად ,ხოლო გამყიდველმა უცნაურად შეჭმუხნა წარბები . – ეს ძველი ლობიოები არ გვინდა, ბიძაჩემო.

      გამთენიისას მე და მორაგი ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ვისხედით და ცივ დაკონსერვებულ ლობიოს ვლოღნიდით. მშიოდა მაგრამ ლობიოს სუნი გულს მირევდა და ლოვა პაპას სუნიან წინდებს მახსენებდა. მორაგი მადიანად იღმურძლებოდა და შიგადაშიდ პირგამოტენილი იარაღს უშვერდა გამყიდველს. მე ჩემი ერთი კონსერვის ქილა საცოდავად ჩავათავე, და მორაგმა სამი მისუნთქა.

      – გეყოფა, ადექი წავიდეთ! – ვუთხარი და პირბადე გავისწორე.
      მორაგმა მხრები აიჩეჩა და წამოდგა. ის–ის იყო გასვლა დავაპირეთ, რომ გამყიდველმა სასხვათაშორისოდ დაგვიძახა.
      – ფული აქ უნდა გადაიხადოთ...
      მორაგმა გაიცინა და შებრუნდა, ხელი იარაღის ვადაზე ეჭირა. მე დამცხა.
      – პარდონ?! – თქვა მორაგმა და მე შემომხედა.
      – ბიძაჩემო, მოდი ხმაური არ გვინდა, ჩვენ ჩვენი გზით წავალთ... – ჩავერთე მეც და კეტი ჩამოვუშვი. მორაგს ვანიშნე გავიდეთ მეთქი და კარისკენ წავედი.
      – ფული აქ უნდა გადიხადოთ... გაიმეორა გამყიდველმა. მორაგი გაცოფებული შებრუნდა და იარაღს ხელი უეცრად გაუშვა.
      – ქაქო... კეტი დაუშვი... – მიჩურჩულა ზურგიდან.
      მე გავშრი, და ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. ნელ–ნელა შემოვბრუნდი და ისტერიკული სიცილი ამიტყდა.
      გამყიდველს დიდი ორლულიანი სანადირო თოფი ეჭირა და პირდაპირ ჩვენ გვიმიზნებდა. მორაგი ზამთრის პირველი თოვლივით ანათებდა იქაურობას. გამყიდველმა იარაღი გადატენა და მე სიმწრით უფრო მეტად ავხარხარდი.
    – ბიძაჩემო, კაი, კაი დაუშვი ეგ იარაღი და გადავიხდით, ნახე შენი შვილიშვილების ტოლები ვართ... – თქვა მორაგმა და ჩემკენ გაიშვირა თითი.
    – არ მყავს შვილიშვილები – მორაგს სიტყვაში ჩაუფურთხა.
    მორაგი ნელ–ნელა დახლისკენ წავიდა.
    – თქვი რამდენი გინდა და მოგცემთ!
    – ორასი ფუნტი!
    – ჰო არ წეწავ, ბატონო... ამ... გამყიდველო?! – სახე უცებ შემეცვალა და სიცილი შევწყვიტე. – სადაური წესია? მორაგ მიეცი თავისი ასი ფუნტი – გარკვევით დავმარცვლე – და წამოდი!
    – ორასი ფუნტი, თუ არადა ამ ძველ კედლებს თქვენი ახალგაზრდა და უჭკუო ტვინით შევღებავ!
    მორაგმა თავი გააქნია და ჯიბიდან ფულის ამოღება დაიწყო.
    – მაგარი ჩათლახი კაცი ხარ! – მივაძახე ქართულად და კეტისკენ ხელი წავიღე.
    – გადი შე მაიმუნო ვირიშვილო!

    ჯერ ვიფიქრე, რომ მომესმა, მერე მორაგის უიმედო სახე რომ დავინახე, მივხვდი რომ არაფერიც არ მომესმა და ყბა ჩამომვარდა. არა, უბედური და უიღბლო რომ ვიყავი, ვიცოდი მაგრამ, სადღაც ირლანდიის ჭყპყში ვიღაც ქართველის მაღაზიის გაქურდვისთვის რომ გამომიჭერდნენ, მაგას ყველაზე საზიზღარ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. სირცხვილი, შიში და უიმედობა ჩემ სახეზე ერთდროულად გადაჭენდა.

      – მორაგ ჩქარა! – კეტი ჩამრთველს ვკარი, უცებ ნათურამ დაიტკაცუნა და ოთახი ჩააბნელა. წამსვე თოფმა დაიჭექა. მორაგი მეცა და მეც რაც ძალი და ღონე მქონდა ფანჯარას ვეცი და ჩავამტვრიე, ხელიც მივიმტვრიე და სადღაც ბალახებში ჩავენარცხე. ის–ის იყო ამ ცხოვრების ამაოებაზე უნდა დამეწყო ფიქრი, რომ სადღაც შორიდან მორაგის განწირული ხმა მომესმა.
    – მიშველეთ, მიშველეთ! გამარტყამს ეს გადარეული! – კიოდა მორაგი.
    თვალი გავახილე, მერე ჩემი დალეწილი სხეულით ავიკრიფე და ბუჩქებიდან გამოვფორთხდი.
    – მორაგ! – მორაგი მაღაზიას წრეებს ურტყამდა და გაჰკიოდა. უკან გამყიდველი მოსდევდა ორლულიანით ხელში. გამყიდველს დავუღრიალე და ფილმის მთავარი გმირიდან იმ მეორეხარისხოვან გმირად ვიქეცი, რომელიც ბოროტმოქმედის წინ სატყუარად ასაღებს თავს და მთავარ გმირებს გადაარჩენს, ხოლმე. ასეთი გმირები კი იშვიათად რჩებიან ცოცხლები, რაც მაინცდამაინც არ მეპიტნავებოდა.

      გამწარებული მე გამომიდგა ქართული გინებით. მორაგი გაიქცა. წრე დაარტყა, უკნიდან მიეპარა და თავში კეტი სთხლიშა. კაცი მოწყვეტით დაეცა. ურლულიანი მიწაზე დავარდა და დაიქუხა. ორივე შევხტით. 
    – მორაგ... კაცი მოვკალით?
    – დაწყნარდი...
    – რა დამაწყნარებს, შე ჩემა, ქართველი მოვკალი, ირლანდიაში! ვაიმე, ჩემო თავო, ვაიმე მამაჩემი, ვაიმე ბებიაჩემს რა ვუთხრა! – მორაგი უცნაურად მიყურებდა როგორ ვიშენდი თავში ხელებს და ბოლთას ვცემდი. მე უკვე მკაფიოდ ვხედავდი ყვითელი ლენტით მონიშნულ მინდორს, ცარცით გამყიდველის გარშემო მოხაზულ ფორმას, პოლიციის ავისმომასწავლელ სირენებს და ჩემს ფოტოს სამ სხვადასხვა პოზაში. – მორაგ, დავიღუპე, მორაგ! – მორაგი გამყიდველთან იყო ჩამუხლული და ეჭვი მაქვს, საერთოდ არ მისმენდა.
      – ქაქო, დაწყნარდი! ცოცხალია... მორჩი გლოვას და მომეხმარე ავწიოთ.
      წამში პოლიციაც, ყვითელი ლენტიც და ჩემი ფოტოც სადღაც გაქრა და მორაგს მივვარდი.
      – გადარჩება? – ვკითხე დიდი მოამაგესავით.
      – იცოცხლებს – მანაც დიდი მცოდნე ექიმივით დამარწმუნა.

      მახსოვს, მე და მორაგმა ქართველი გამყიდველი სკამზე მაგრად მივაბით, მორაგმა ჯიბიდან დარჩენილი ფული ამოიღო და სულ კაპიკ–კაპიკ გადათვალა და კუთვნილი ფული კასაში აკურატულად ჩაალაგა. იარაღი ავიღეთ, მორაგმა ჩემი საყვარელი მაისურით გაწმინდა, მაგრამ ვეღარაფერი ვუთხარი და პასუხად კუშტი მზერა ვესროლე. მორაგმა ყველაფერს დაუარა, რასაც იქ ყოფნისას შევეხეთ და კოხტად მოაკრიალა. ზურგჩანთიდან ალპინისტის მაგარი თოკი ამოვიღე, რომელიც ალბათ აღარ დამჭირდებოდა. კაცი სკამს მაგრად მივაკვანძე. ცხარჯერ გავნასკვე, ამას გადატანითი მნიშველობით არ ვამბობ, მართლა ცხრაჯერ გავნასკვე და მორაგს კმაყოფილმა შევხედე. გამყიდველს ვიღაც ჩვენსავით გზააბნეული ახალგაზრდების იმედად ვერ დავტოვებდით, ამიტომაც თოკის გადასაჭრელად დანა სკამის წინ, მოშორებით დავაგდეთ. მორაგს არც თავისი იარაღი დავიწყებია. ჩემს ზურგჩანთაში კეტთან და აყროლებულ ლობიოს კონსერვებთან  ერთად ჩადო, შეკრა და წასაღებად მე გამომიწოდა. მე ტუჩი მოვწკურე და სწრაფად გამოვართვი.

      – აემ აყროლებულ კონსერვებს შეჭამ შენ!
      მორაგმა ხელები ასწია, კარი გამიღო და წინ გამიძღვა. გასვლისას გათიშულ გამყიდველს ხელი აუწია და კარი გამოიხურა.
      – მორაგ, როგორ გგონია გაიხსნიდა თავს? – მოუსვენრად ვიყავი.
      – დაწყნარდი, მაინც ვერ დაგვეწევა
      – დაგვეწევა კი არა, არ მოკვდეს მაგის მეშინია... – ჩავილაპარაკე მე.
      – ქართველები მასე ადვილად რომ კვდებოდეთ... –მიპასუხა მორაგმა, უკნიდან მომიდგა, შემაჩერა, ზურგჩანთიდან ამოღებული იარაღი გასინჯა, შეათამაშა, ტყვიების ცარიელი კოლოფი ამოიღო და იმ მდინარეში მოისროლა, რომლის სახელის გაგებისთვისაც არასოდეს დავინტერესდებოდი.
        – ახლა მაინც თუ იპოვი ამ ადგილს სადაც ცა და მიწა ერთმანეთს ხვდება?
        – მაინც არ გჯერა, ჰო?
        – მჯერა, მჯერა... – გავიცინე მე.
        – აი ნახავ და იმ შენ სიტყვებს უკან წაიღებ!
        – შენ ჩემი თუშეთი უნდა ნახო! – ვეხუმრე მე და მხარი გავკარი.
        – წამიყვან? – მკითხა სერიზულად და თავისი დიდი ლურჯი თვალები ინტერესით აენთო.
      მე დავიბენი, პრინციპში მისი არსად წაყვანა აზრადაც არ მომსვლია, მითუმეტეს, მორაგი მხოლოდ ჩემი მეგზური იყო და დიდი ალბათობით სახლში დაბრუნების შემდეგ ერთმანეთი აღარც გაგვახსენდებოდა. ის ისევ მიყურებდა და პასუხს ელოდა.
        – მე... წაგიყვან!
        – მართლა?
        – მართლა!

        მორაგს თვალები სიხარულით აენთო და გაიღიმა.
        გზაში ერთხელ გავჩერდით, ლობიო შევჭამეთ, რომლის აყროლებული სუნიც აღარ მაწუხებდა და გზა განვაგრძეთ.
შუა დღე გადავიდა, რომ გზიდან გადავუხვიეთ და ჭრიჭინებიან მინდორს შევერიეთ. რაღაც მკარნახობდა რომ მალე მივიდოდით. მზე ნელ–ნელა გადავიდა და ცა ვარდისფრად მოდღაბნა. მარწყვის ნაყინი გამახსენდა და ვცადე პირში მისი გემო მეგრძნო. მორაგმა ფეხს კიდევ უფრო აუჩქარა. დამუშავებულ მიწებს გამოვცდით. ღობეზე გადავფორთხდით და ტბისკენ წავედით. არც ამ ტბის სახელი მაინტერესებდა დიდად და არც მორაგს შეუწუხებია თავი მასზე ლაპარაკით.

        ტბის გარშემო დაბლობზე გავედით, მართალია მე რატომღაც მაღლობებს ველოდებოდი, მაგრამ ხმა აღარ ამომიღია.
მორაგმა, რომელიც მთელი გზა საათს თვალს არ წყვეტდა, ზურგზე დამიტყაპუნა.

      – წამო, წამო დროზე! აქეთ, ამ ადგილას, მოდი,მოდი! – არ ჩერდებოდა მორაგი და დაბლობისკენ მიმათრევდა.

      მორაგმა ბოლოჯერღა დახედა საათს და ტრიალ მინდორზე გამაჩერა.
მაისური სწრაფად გადაიძრო. ყველაფერი გაიხადა და დედიშობილა შუა მინდორში შევიდა.
      – მორაგ? რას აკეთებ? მეეჭვება მაგ ტბაში ბანაობა მაინცდამაინც კაი იდეა იყოს!– დავუყვირე მე და აქეთ–იქით მიმოვიხედე.
      – ვინ თქვა რომ წყალში ჩასვლას ვაპირებ? – გამომძახა. – წამოდი!
ჯერ ვიუარე, კიდევ ერთხელ მომოვიხედე, ვინმე არ იყოს მეთქი და მორაგისკენ წავედი. წინ ტბა იყო, მორაგი მის წინ გაჩერდა. ჩაიმუხლა და მხოლოდ რეკლამებში რომ მინახავს ისეთ ხასხასა ბალახებში გაწვა. ბავშვობაში ასე მეც ვწვებოდი თოვლში და მამაჩემს ანგელოზებს ვუკეთებდი. როცა მამა მათ სანახავად მოდიოდა, უკვე გვიანი იყო, ანგელოზები თოვლით იფარებოდნენ.
      – თვალები დახუჭე და დაწექი! – მიბრძანა მორაგმა და ბალახზე ხელი დაატყაპუნა.
დოინჯი შემოვიყარე, მერე თავი მოვიქექე და ძირს დავიწყე ყურება, დიდად არ მხიბლავდა ჭიანჭველებით და ათასი ჭიებით სავსე მიწაზე გაწოლა.

      ბოლოს ვიფიქრე რაც არის არის მეთქი და ზურგჩანთა მოშორებით გადავაგდე. თვალები დავხუჭე და მიწაზე გულაღმა დავწექი. ახლა, ყოველღამე,საწოლზე გულაღმა დაწოლისას, თვალს ვხუჭავ და ვცდილობ დეტალურად გავიხსენო ის,რაც მაშინ მინდორზე დაწოლისას ვნახე.

      მიწა სასიამოვნოდ ცივი იყო. სიგრილე ტანსაცმელში ატანდა. ჯერ ზურგში დამიარა, მერე ქვემოთ, ფეხებისკენ ჩავიდა.
     
        – გაახილე, აბა?!

        ჯერ ცალი თვალი გავახილე, წამში ორივე ერთად. ოხვრა აღმომხდა. გული ამიჩქარდა. ზოგადად, მართალია სულ მშია და პირის ცმაცუნი მიყვარს, მაგრამ ლობიოთი გამომსკდარს წესით საჭმელზე აღარ უნდა მეფიქრა. მზე ყვითელი მოცვისფრად ჩადიოდა დასავლეთით და მარწყვის ნაყინისფერ ღრუბლებს ყვითელი სხივებით სერავდა. ჩემ თვალწინ გაიცრიცა ყვითელი ფერი და მარტო ფარფლ მენის ფერი და მარწყვის ნაყინიღა დარჩა. ჩემს ქვემოთ დედამიწის მოძრაობასაც ვგრძნობდი, მეთქი რომ ვთქვა, მოგატყუებთ, მაგრამ რაღაცნაირი გრძნობა მქონდა, აი ისეთი, რომელიც მანამდე არასოდეს განმეცადა. გეგონება ქვემოთ სუპერწებოთი მიმაწებეს მთელი ტანითო, ცას თვალს ვერ ვწყვეტდი. ვერც ვახამხამებდი, რადგან მეგონა,რომ წამიერი დახუჭვაც რაღაც გამომატოვინებდა.

        მორაგს აღელვებულმა გავხედე. არაამქვეყნიურ არსებას ჰგავდა, ქალი რომ ყოფილიყო დალი იქნებოდა, ან ელფი, ან ტყის ალი. ალისფერი კულულები მწვანე ბალახს ედებოდა, თითქოს საცაა გადაწვავსო.

        ცა რომ შავი მოცვისფერი გახდა, ისინიც გამოიკვეთდნენ. მამაჩემი ბავშვობაში,შუა ღამისას ამაგდებდა და სოფლის სახლის სხვენზე ამიყვანდა, ხოლმე. ცაზე ვარსკვლავებისგან გამოყვანილ გეომეტრიულ ფიგურებს დამანახებდა და აღელვებული მეუბნებოდა: "აკაკი, ეს იცი რა არის? ეს კასიოპეიაა, აი გვერდით ნახე! ეგ ანდრომედაა, ნახე დიდი დათვი!". მერე მე ვეუბნებოდი აბა დათვი? და საერთოდაც ყველაფერი მათემატიკასთან დაკავშირებული მტკიოდა და დათვის მაგივრადაც უფორმო კვადრატისა და იდიოტურად მიმობნეული ოთხი წერტილით გაბრაზებული ბავშვი, უკან საწოლში ბუზღუნით ვბრუნდებოდი. წესით ბავშვებს ხომ სილამაზის მეტი აღქმა აქვთ, არა? მე ეტყობა დაბადებიდანვე მობეზრებული და ზნექი ბავშვი ვიყავი. არც კრიპტონს ვპასუხობდი ღამ–ღამობით,ძილში რომ მეძახდა და სამყაროს გადასარჩენად მომიწოდებდადა არც ვარსკვლავებს ვათვალიერებდი. თვალებგაშტერებული ვუყურებდი ცას. ყველა სახელი მახსოვდა, რომელიც მამას ოდესმე ჩემთვის ეთქვას, მაგრამ ვერცერთი ვერ ვიცანი, არც მადარდებდა.

        გვერდიდან მორაგის სუნთქვა მესმოდა. გავხედე. მანაც შემომხედა, გაბრწყინებულმა. ვიფიქრე, ასეთი სასტიკად თეთრი როგორ შეიძლება იყოს ადამიანი მეთქი. მორაგმა ბალახი მიწიანად მოთხარა, მუჭა შავი მიწით გაივსო, მკერდთან მიიტანა და ზედ მიმოიბნია, სხეულზე მიწიანი ხელი მოიტარა, შავი თითებით მუცელთან წრე შეკრა. მორაგი ცას თვალს არ აშორებდა.
        – წინა ცხოვრებაში მგონი დრუიდი ვიყავი,ხო იცი... – თქვა მან.
        – ეტყობა... – ვუპასუხე მეც.
        – იცი რა ქაქო, რომ მოვკვდები იფნად მოვალ!
        – ეს რაღა მოიგონე?
        – რაღაცა მკარნახობს, რომ მალე მოვკვდები და იფანში გავიღვიძებ, ოღონდ სად, ჯერ არ ვიცი.
        – ჯერ თუშეთი გაქვს სანახავი! – გავიცინე მე.
        – ვნახავ! – დარწმუნებით თქვა მან.
        მორაგმა პირი გახსნა და ძალიან ჩუმად რაღაც მელოდიის ღიღინს მოჰყვა. მორაგი კი შოტლანდიელი იყო, მაგრამ აქამდე წინაპრების ერთი დამახასიათებელი ნიშანიც არ ჰქონდა, გარდა ალისფერი თმისა. დაბალი ხმით ღიღინებდა და ხელებით ბალახს ეფერებოდა. მე და ჩემი მომავალი ძმაკაცი ასე მარტოდ პირველად დავრჩით. იმ წამს მივხვდი, რომ მორაგს დიდი ხანია ვიცნობდი.

– მიყვარხარ, მორაგ... – ვუთხარი ბოლოს და თავი მისკენ მივაბრუნე. ამდენ უცხო სანახაობას გული ვეღარ იტანდა. მორაგმა ღიღინი შეწყვიტა, ყინულივით ცივი ჩქარი ნაკადულივით ჩაირაკრაკა და თავისი უზარმაზარი ლურჯი თვალებით შემომხედა. არაფერი უთქვამს. მე ისევ ვარსკვლავებიან ცას ავხედე. ღმერთებო, გავიფიქრე მე, ფეხებზე ჭიანჭველები და პატარა მწერები მაცოცავდნენ, მაგრამ ხელიც კი არ გამინძრევია, მიწაზე ვიყავი გართხმული და ამ მიწის ნაწილი ვიყავი. ყველა მატლი, მწერი და ჭია ჩემი ნაწილი იყო და მე კიდევ მიწისა. წამით თავი ის ჰიპი მეგონა, რომელსაც არც საჭმელი სჭირდებოდა, არც ტანსაცმელი, არც ფული, არც ინტერნეტი, არც მუსიკა... და მხოლოდ ამ სილამაზით იძღობდა გულ–მუცელს.
  მორაგს მკერდი ნელა რიტმულად უმოძრავებდა. დიდ ლურჯ თვალებს თითქმის არც ახამხამებდა. სიომ მისი თმა ჩემამდე მოიტანა, ბალახის და მიწის სუნი ასდიოდა.
  – გახსოვს ის გოგო აეროპორტში რომ ვნახეთ? დიდი მწვანე თვალებით?
  მკითხა მორაგმა, მაგრამ მე იმ გოგოსი მაინც დიდი ძუძუები და კიმ კარდაშიანის ტრაკი მახსოვდა.
    – ნომერი უნდა გამომერთმია, – დანანებით განაგრძო მორაგმა და შემომხედა.
        – უნდა გამოგერთმია, – მხარი ავუბი მეც.
გამთენიისას ჯიბეში რაღაცის ბზუილმა გამაღვიძა. ჩემმა მაღვიძარამ იმის გარდა, რომ ექვსი საათი იყო, შემახსენა – გეყოს აკაკი წერეთელო! აქაურობას არ ეკუთვნი და შენი ადგილი აქედან შორს არის და ბალახზე კოტრიალის მაგივრად სადოქტორო ნაშრომს უნდა მიხედოო.

        მორაგს ეძინა. წამოვჯექი. ჩემი ჟაკეტი გავიხადე, დავბერტყე და მორაგს მივაფარე.

        თვალები მოვისრისე. გრილოდა. ტბა დიდ უფორმო სარკის ნაჭერს ჰგავდა. მაცდურად მშვიდი იყო. ნაპირთან მივედი, დავიხარე და ცივი, კამკამა წყალი სახეზე შევისხი. ფილტვები, რაც შემეძლო სუფთა, უცხო ჰაერით დავიბერე და დილის სიმშვიდეში გავიტრუნე.
აეროპორტამდე მორაგმა მიმაცილა, მთელი გზა ხმა არ გაუღია. თითეული კილომეტრი ჩემი ნამდვილი ცხოვრებისკენ სულ უფრო მაახლოვებდა. გული ჩემი მეზობლის ბავშვივით მწყდებოდა, რომელსაც სულ ნაყინს უმალავენ და ისიც სულ ღნავის და მერე ავიწყდება.

        მორაგი გადამეხვია. მთელი სხეულით მომეკრო, და მაგრად ჩამიხუტა.

        – მოკლედ, კელტო, არ იცელქო, გაიგე? და მაინცდამაინც ნუ იჩქარებ იფნად გადაქცევას! – მხარი გავკარი და ლაპარაკით დავაჯავრე.

        მორაგმა მთელი უკანა მოგზაურობის განმავლობაში პირველად გაიღიმა.

        – ქართული უნდა გასწავლო! – ვუთხარი მე. – ისე უნდა გასწავლო, რომ ტანო ტატანო და ჭრელო პეპელა გაიგო, ჰო გესმის?! გინებას მე თვითონ რომ დავხვეწ, მერე გასწავლი... – მორაგმა თავისი დიდი ლურჯი თვალები, რომელიც ტბასთან უფრო კამკამა და ნათელი მეჩვენა, ძირს დახარა. კიდევ ერთხელ გადავეხვიე, ჩემი ფრენა გამოცხადდა.

        მორაგს საბოლოოდ გავხედე, აეროპორტი თავის რუტინულ ყოფაში იყო ჩართული, მხოლოდ მორაგი, ამ ცხოვრებისეული რიტმიდან იყო ამოვარდნილი, იდგა უცხო სხეულივით და თვალს არ მაშორებდა. 
უეცრად, ჩემმა რადარებმა ქერა მანდილოსნის იქ ყოფნა დააფიქსირეს. სითჰივით ჰაეროვნად მიდიოდა ხალხს შორის. ავხტი და მორაგს ხელები დავუქნიე, წარბი შეჭმუხნა. მერე თითით სითჰისკენ ვანიშნე. წამით ბეცივით იყურებოდა აქეთ–იქით. მერე დაინახა, თავისებურად გაიცინა, მისი ხმა ახლაც მესმის. ცერი ამიწია.

        – კარდაშიანის ტრაკი არ აქვს! – დავუყვირე მე.

        არ ვიცი გაიგო თუ არა, მაგრამ ჩემ გვერდით მიმავალმა ქალმა, რომელიც რაც არ უნდ გასაოცარი ყოფილიყო, ჩემი მუცლის ბუყბუყით შეწუხებული მგზავრი აღმოჩნდა, შენიშნა და რაღაცა ჩაიბუზღუნა.
კარში გავედი. ბოლოს მხოლოდ იმის დანახვაღა მოვასწარი, როგორ მიჰქონდა სითჰას ბარგი ჩემს შოტლანდიელ ძმაკაცს.
თვითმფრინავში კუთვნილ ადგილზე აეროპორტიდან გამოყოლილი ღიმილნარევი სახით ვიჯექი. ქურთუკში რაღაც მომეტმასნა, ჩემი ბლოკნოტი იყო. აჩქარებით ამოვიღე და სათუთად გადავშალე.

        კალამმომარჯვებული წამიერად შევყოვნდი, მერე გავლოღნე და ფურცელს დავაკვირდი. სასწრაფოდ გადავშალე ერთი კვირის წინ გამოყვანილი სათაური და ქვემოთ ხელახლა, ფაქიზად და ძვირფასად ახალი სათაური ჩავაწიკწიკე – „კაკოს და მორაგის თავგადასავალი ირლანდიაში.“



     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები