ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2016


შემოხედვები (გიას)

ადამიანი მზერითაც კი გამახსოვრდება...
არსებობენ შემოხედვები, მთელი ცხოვრება რომ ვერ ივიწყებ...
მე მახსოვს შემოხედვები...
შემოხედვა პირველი:
ქუჩის კუთხეს რომ მივუახლოვდი, გამოგხედე.
იდექი ძმაკაცთან ერთად და მიყურებდი,
თვალებში ათასი ჭინკა გიკრთოდა...
და მიყურებდი ისე, როგორც მხოლოდ ბავშვს უყურებენ...
შემოხედვა მეორე:
შენი ცხოვრების სიმძიმეებიდან ერთი ეპიზოდი მომიყევი...
მე გითხარი, რომ ადამიანის სული გაცილებით კი არადა,
უფრო მეტად ლამაზია, ვიდრე სხეული და რომ ჩემთვის
არ არსებობს კვაზიმოდოზე ლამაზი ადამიანი დედამიწაზე...
და მაშინ შენი შემოხედვა იყო წვიმიან დღესავით სევდიანი:
სავსე ტკივილით და სიხარულიანი გაოცებით...
და მიყურებდი ისე, როგორც ადამიანს, რომელიც იმ წუთებში აღმოაჩინე...
შემოხედვა მესამე:
აჭარის წყალზე ამოგაკითხეთ...
შენ აგებულ ეკლესიას ვათვალიერებდი და მერე საცალფეხო ბილიკით
მდინარის სანაპიროს ჩავუყევი...
ამოვიხედე... ეკლესიის გარეთ იდექი და მიყურებდი...
და გქონდა მაშინ მზერაში სითბო და  რაღაც, ჩემთვის იმ წამს ძალიან უცხო...
მერეღა მივხვდი: იმ მზერით რომ შემყვარებიხარ,
შენ კიდევ თურმე უკვე გიყვარდი...
შემოხედვა მეოთხე:
კაბა მკერდს ძლივსღა მიფარავდა... ჩვენ ვსაუბრობდით...
იდგა ზაფხული, თაკარა და პაპანაქება...
ჩემი მკერდისკენ გაგექცა თვალი...
კაბა რომ უცებ შევისწორე, გამოფხიზლდი და შემომხედე:
და მაშინ გქონდა ველური მზერა, კაცის მზერა,
ოღონდ ძალიან ალერსიანიც და ვიგრძენი, რომ ბავშვის გარდა,
შენთვის უკვე ქალიც ვიყავი: საყვარელიც და სასურველიც...
შემოხედვა მეხუთე:
შენ თქვი: მიყვარხარ...
მე გავწითლდი...
შენ პირველად მომეხვიე და მაკოცე...
დავფრთხი...
შენ ჩემი სახე ხელებში მოიმწყვდიე და სიცილით შემომხედე...
და თვალებში ისევ ჭინკები თამაშობდნენ: თან მეფერებოდი, თან დამცინოდი...
შემოხედვა მეექვსე:
ღამე იყო და მარტოდმარტო მივუყვებოდი გზას შინისაკენ...
შენ შემომხვდი და არ გამიშვი მარტო, ღამეში... თან გამომყევი...
მთვარე იყო და ამოგხედე...
არ მიყყურებდი... წინ იცქირებოდი და მე მაშინ პირველად მეტკინა,
მე რომ არ მიყურებდი, რადგან ახლა მე მედგა თვალებში
დიდი, ძალიან დიდი სიყვარული...
და მერე მითხარი, რომ:
„რომ შემომეხედა, ვერ დამეძლია ეგებ შენი დაუფლების სურვილი,
ამიტომ არ შემოგხედეო“ და მივხვდი:
მე დაცული ვიქნებოდი შენთან... და შენ იქნებოდი ჩემი კედელი...
და მერედამერე, ასე იყო სულ...
შემოხედვა მეშვიდე:
„შენნაირი არავინ შემხვედრია, ნი, თან ქალი ხარ,
თან როგორი ბავშვიო“ - უკანასკნელად მითხარი და დააყოლე:
„შენ ჩემზე ძლიერი ხარ, ნი, შენ ჩემზე ბევრად ძლიერი ხარო“ და...
თვალები გქონდააა...
არა, ვერასოდეს აღვწერ...
რადგან ყველაფერი იყო ამ თვალებში: ტკივილი, სიყვარული, დარდი, სევდა და
მომავალში განსაცდელი მარტოობის გამო შეფარული სინდისი ქენჯნაც...
და ახლა ვხვდები, რომ შენ მაშინ უკვე იცოდი...
რომ მაშინ უკვე გადაწყვიტე...
................................................................................................................................................
და ახლა, როცა დედამიწაზე უშენოდ დავაბიჯებ, მაგრამ რეალურად
უშენოდ წამიც არ მაქვს,
ყველაზე მძიმე შემოხედვა დედაშენის შემოხედვაა:
მასთან მისულს ისე რომ მიყურებს,  თითქოს შენი თავი უნდა გავუცოცხლო
და მზერით რომ მთხოვს:
არ წახვიდე რა, ცოტა ხნით დარჩი, ასე მგონია, გია მოვა,
შენ რომ აქა ხარ...
........................................................................................................................................................
ადამიანი მზერითაც კი გამახსოვრდება...
შემოხედვითაც ხდება შენთვის ყველაზე დიდი, ყველაზე მეტი და
არასოდეს გავიწყდება,
აღარასოდეს!!!
........................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები