ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2016


გაწვიმდებოდეს მაინც-დავლევდი

გაწვიმდებოდეს მაინც-დავლევდი.
თითქოს მიშლიდეს ვინმე  დალევას
მზეში.სიმთვრალეს  დავაბრალებდი,
ქუჩაში  შარს  და  ხალხში გარევას.

სულ  დავდიოდი გზებზე მოლიპულ,
მახლდა  ხიფათი მუდამ, ძაღლივით.
ზოგმა მოიგდო  ფეხქვეშ ოლიმპო,
მე -ნაქერალა...ახლა  დაღლილი

ვწუწუნებ.წვიმა სევდას  წაიღებს.
წვიმა-რომელსაც ახლავს არაყი.
და დღევანდელ დღეს დავათარიღებ
იმ დღეთ,როდესაც მივხვდი,არა ღირს

დარდი... რა  მოაქვს წყეულ კაეშანს?!
მიდი დაასხი,ცაო...იწვიმე!
მაინც მიქელა  დაგვთვლის ღამეში,
შემოდგომაზე,როგორც წიწილებს.

სიცოცხლის ჟინო ,ჯერ ვერ მოგთოკე,
ჯერ ისევ მიდის ჩემი მარულა.
როგორ ვუყვარვარ მთვარეს ოქტომბრის,
ჩემს ეზოში რომ შემოპარულა.

ეჰეეი..ჩემო ძმებო მგოსნებო,
გახსოვთ,მჯეროდა  თქვენი მარტო მე.
თქვე  ლოთებო და თქვე  ოროსნებო,
ჭიქასთან მარტო როგორ  დამტოვეთ?!.


















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები