ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
23 სექტემბერი, 2016


მელანოMANia

"Home, sweet home".
თავი მეთოთხმეტე
ამასობაში, მელანოსთან ძალიან გავშინაურდი.
აგვისტოს თვეში ბავშვები სოფელში გაუშვა დასასვენებლად და შესაბამისად, ერთმანეთსაც უფრო თავისუფლად ვხვდებოდით.
ბოლოს, ისე მოვუხშირე მასთან სიარულს, რომ მეზობლები ზოგჯერ სალამსაც მაძლევდნენ, ალბათ კორპუსის ახალმოსახლე ეგონათ ბართლომე.
ყველაფერმა მობეზრება იცისო და ესეც აღარ ვიკმარეთ.
ისე დაემთხვა, რომ დედას, ვისთან ერთადაც ვცხოვრობ, დასავლეთში მოუწია წასვლა. მელანოს შვილების არყოფნაც დედაჩემის გამგზავრებას დაერთო თან და რთული მისახვედრი არაა, რომ საბურთალოდან ნუცუბიძეზე გადავინაცვლეთ, ერთი ღამით.
ადგილის მიხედვით ეს დიდ განხვავებას არ იძლეოდა, თუმცა რაც შეეხება ექსტრიმს და ვნებათა მოძალებას, მერწმუნეთ, მსგავსი hi-class არასოდეს განგვიცდია და ამაში მალევე გამოვუტყდით ერთმანეთს.
მახსოვს, გაოცებული უცქერდა ჩემი ბინის კედლებს, აჭრელებულს თუნუქის ქილებით, სიგარეტის კოლოფებით და ბილინგვური წარწერებით, ხშირ შემთხვევაში ქართულ და ლათინურ ენებზე.
წესისამებრ, თითო ჭიქა ყავას გეახელით, თითოც გავაბოლეთ, უფრო სწორად, მე-ორი. ერთი ღერი არასოდეს მყოფნის ყავასთან.
აქვე ისიც გამახსენდა, რომ გაცნობის დღიდან სულ მინდოდა მასთან აბაზანაში სექსი მქონოდა, თუმცა ამის გაკეთება მელანოსთანაც შეგვეძლო, მისი სააბაზანოს კედლები არ მაძლევდა ამის საშუალებას, რადგან უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ მოსაპირკეთებელი იყო.
აღმოჩნდა, რომ მელანოსაც უნდოდა სექსი განსხვავებულ ადგილას გვქონოდა და საწოლის ბანალურ იდეას მხოლოდ ერთმანეთის ხათრით ვემხრობოდით და ვიცავდით პირნათლად.
არ ვაპირებ, დეტალებში აგიღწეროთ ის, რაც აბაზანაში მოხდა, რადგან შესაძლოა მკითხველის გულში შური აღვძრა, მამაკაცებს კი მასტურბაცია მოუნდეთ, რასაც მელანომ პირადად მე დიდი ხანია გადამაჩვია.
აბაზანიდან გამოვედით და რამდენიმე საათით ერთმანეთის მოშორებით ვიწექით ჩემს აივანზე და ორივეს მიგვეძინა, მაგრამ უნებლიედ გამომეღვიძა და ვნახე, რომ მელანოსგან საპირისპიროდ ჩამძინებოდა, ბალიში მისკენ გადავდე და გათენებამდე მის ყურთან ვსუნთქავდი.
მივხვდი, რომ აღნიშნული ღამე იმ ბედნიერი წუთების რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელიც არასოდეს ავიწყდება ადამიანს და მუდმივად საზრდოობს ამ მოგონებით.
წასვლის წინ კი, კედელზე ასეთი სიტყვები წამიწერა:
"ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო, სხვა ყველაფერი სიყალბეა!", ეტყობა ჩქარობდა ჩემგან განსხვავებით და არც ბრჭყალებში ჩაუსვამს ეს ფრაზა და ავტორის მიწერაც დაავიწყდა, ან შესაძლოა არც ახსოვდა იმ მომენტში.
P.S. როგორც გითხარით, არ ვაპირებდი დეტალებში ამეღწერა თქვენთვის აბაზანის ამბები, მაგრამ გეტყვით რომ ჩემი აბაზანის დაორთქლილ სარკეს შიშველი სხეულების ასეთი შერწყმა აქამდე არასოდეს აურეკლავს.
ერთმანეთის მონაცვლეობით საკუთარ შიშველ და გაოფლილ სხეულებს დაორთქლილი სარკის ანარეკლში ვუცქერდით და ეს სურათი საოცარ სიმძაფრეს ჰმატებდა ჩვენს ხვევნა-ალერსს, დანარჩენი მკითხველის ფანტაზიისთვის მიმინდვია.


მელანოMANia
"ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა".
ერიხ მარია რემარკი

თავი მეთხუთმეტე
დანამდვილებით არ მახსოვდა, ვის ეკუთვნოდა სიტყვები, რომელიც მელანომ კედელზე წამიწერა, ბალზაკსა და რემარკს შორის ვორჭოფობდი. თუმცა, დილითვე მომწერა, სანამ ხეირიანად გავიღვიძებდი, რომ ფრაზა რემარკისა იყო, "ტრიუმფალური თაღიდან", თან მთხოვა, რომ მის მაგივრად იქვე გამეგრძელებინა ასეთი წინადადება:
"ბართლომე, ჩემი ცხოვრების საუკეთესო და განუმეორებელი ეპიზოდი ხარ, მიყვარხარ, თხემით ტერფამდე!"
მელანო (30.08.2016)
მე, რა თქმა უნდა ამპარტავნობამდე მისული სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რადგან მსგავსი სიტყვები ჩემთვის აქამდე არავის ეთქვა.
ამ ყველაფერს უსიტყვოდაც ვგრძნობდი მისგან.
აბაზანაში შესვლისთანავე თვალწინ დამიდგა წუხანდელი ხვევნისა და ალერსის სცენა, თან ვისურვე იმ მომენტში მელანო გვერდით მყოლოდა, რათა ხელახლა განგვეცადა აუხსნელი სიამოვნება და მერე ერთად მიგვეღო შხაპი.
"რა ქენი ბართლომე, წააწერე?"-მომწერა მან.
"ჯერ, არა!"-მშრალად ვუპასუხე მე.
"ხელ-პირს ვიბან"...-მესიჯი მესიჯზე მივწერე.
"არ დაგავიწყდეს, რა, გთხოვ, წავედი მე სამსახურში, მომწერე რას იზამ?"
დილის მესიჯობაც მოვილიეთ, არადა მინიმუმ 20-25 წუთი გრძელდება ხოლმე.
უმეტეს შემთხვევაში, წინა ღამის "კოცონისგან" გადარჩენილ ნაკვერჩხალს მელანო უბერავს ხოლმე სულს, ხოლო თუ საქმეში მეც ვერთვები, მაშინ იმდენად მძლავრად და სწრაფად ღვივდება ჩვენი სიყვარულის "კოცონი" და ისე მომაკვდინებლად გიზგიზებს, რომ ესკიმოსთა რამდენიმე კაციან დაჯგუფებასაც კი გაათბობს.
სულ დამავიწყდა, იმის თქმა, რომ წუხანდელი ღამის მსვლელობისას, წინა კორპუსელი ქალი გვითვალთვალებდა, ლამის გადმოვარდა აივნიდან, უნდოდა ბოლომდე ეცქირა ჩვენი ფერებისათვის, როცა სააბაზანოდან სუფთა ჰაერზე გამოვედით.
მეორე დილით ამრეზი თვალებით შემომხედა და გულცივად მომესალმა, თითქოს მისთვის მეღალატოს, არადა სალამსაც იშვიათად ვაძლევთ ხოლმე ერთმანეთს.
აქამდე ჩემს აივანს სხვა დანიშნულებით ვიყენებდი ხოლმე, ძირითადად მეგობრებთან ერთად პოკერით ან სხვა რომელიმე სამაგიდო თამაშით ვიქცევდით თავს.
ახლა კი მელანო და მე შევექცეოდით ერთმანეთს ხარბად, მოწყურებულად, გაშმაგებულად, თან ყველაზე აზარტულ თამაშში, სადაც გამარჯვება დამარცხების ტოლფასია და ამ მომაკვდინებელ თამაშს, სწორედაც რომ, სიყვარული ჰქვია!
ერთი სურვილი კი ავისრულეთ იმ ღამეს, როცა სააბაზანოში გვქონდა სექსი, მაგრამ ვერასძალით დავითანხმე შხაპის ერთად მიღებაზე და შემდეგი ორი დღე ჩემს პირსახოცზე შერჩენილ მის სურნელს ვითვისებდი, რადგან მის პირსახოცს ჩემი სურნელი აქამდე არაერთხელ შეუგრძვნია, მასთან მრავალგზის მქონდა შხაპი მინაღები, რამდენიმეჯერ თავადაც დამბანა ზურგი, მე კი სიამოვნებისგან გატრუნული ვიდექი და ჩემი უნებლიე ერექციის საშინლად მრცხვენოდა...
გამთენიისას ტაქსიში ჩავსვი და მძღოლს ვუთხარი, რომ შინ მშვიდობით მიეყვანა ჩემი "დეიდაშვილი", რომელიც სტუმრად იყო ჩამოსული ქუთაისიდან.
სახლში მისულმა მელანომ მომწერა, რომ მთელი გზა იცინოდა სახელდახელოდ გამოგონილ ნათესაურ კავშირზე და ტაქსისტი გაოგნებული უცქერდა.
ასე დასრულდა ჩვენი იდილია და მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ვივარაუდებდი, პირველად მომივიდა სერიოზული ჩხუბი მასთან.
ბუნებრივია, მიმიხვდებით, რომ ეს შემდეგ თავში მოსაყოლი ამბავია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები