ნაწარმოებები



ავტორი: თეთრი პოეტი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2016


ქეთის

ისეთი დღე დადგა,
გარეთ გამოსულს რომ შეგაკანკალებს და უცნაურად მოიბუზები,
გათოშილ თითებზე სვიტერის სახელოს წამოიწევ
და ხან ერთ ფეხზე დაყრდნობილი, ხან მეორეზე,
უკმაყოფილო სახით დაელოდები რომელიმე სატრანსპორტო საშუალებას,
ამ დროს აუცილებლად დაიწყებ ჩანთაში ქექვას
და თუკი მალევე იპოვე ყურსასმენები, ისეთი კმაყოფილი მოირგებ მას,
თითქოს მეთევზე იყო და ლოდინის გარეშე გაგევსოს ბადე თევზებით.
მოუსმენ რამეს,სულერთია, ოღონდ ჩაახშოს ამ ოხერი ქალაქის ხმაური.
თუმცა შემოდგომაა,
შენი საყვარელი ნარინჯისფერი ფოთლებით და ქარიანი ამინდებით.

აქეთ მთელი დღეა გაბმულად წვიმს,
ადრე ხომ გახსოვს როგორ მიყვარდა წვიმიანი ამინდები,
ცხელ ჩაიზე მოყოლილი უცნაური ამბები,
საკუთარი თავების ძებნით დაღლილი ჩვენი ეგოები,
მიყვარდა ადრე შენთან ერთად შემჩნეული ყველა სევდიანი ფრაგმენტი,
ცხოვრება, რომელიც არ იყო კარგი,მაგრამ იქ იყავი შენ.

და ვფიქრობ აქ რომ იყოს...
აქ რომ იყოს აუცილებლად ვეტყოდი მთელი ღამე როგორ ვიტირე,
მოვუყვებოდი რა ძნელია ცხოვრება როცა
ამ ცხოვრებას მომავლის იმედის სურნელი ასდის.
მოვუყვებოდი ჩემს მახლობლად მცხოვრებ ჩადრიან ქალებზე,
ომიდან გამოქცეულ სირიელ ჯარისკაცზე
და ღმერთზე, რომელიც მან თავის სამშობლოში დატოვა.

...და აქ რომ იყოს...
მოვუყვებოდი შვილზე, რომელიც ერთი წლის ხდება
და წელიწადზე მეტი არის რაც დედა მქვია.

....
შემოდგომაა,
ნარინჯისფერი სურნელი აქვს ახლა შენს ქალაქს,
აქ წვიმებია_ამინდები მე რომ მიყვარდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები