ნაწარმოებები



ავტორი: სიდნი
ჟანრი: პროზა
2 ოქტომბერი, 2016


სექვოიების გამყიდველი (პირველი ნაწილი)

სექვოიების გამყიდველი

ისე მოხდა რომ იმ დროს მარტო ვიყავი. მუდმივი სამსახურიც არ მქონდა და მომიწია ჩემს ძმასთან ცხოვრება. არა, არ წუხდებოდა, კი ყავს ცოლი და სამი შვილი, მაგრამ დიდი ბინა აქვს, იმხელა რომ შეიძლებოდა ერთი კვირა გასულიყო ერთმანეთს არ გადავყროდით.
ჩემი რძალი ვერ მიტანს. სულ ამბობს რომ ძმასავით ვუყვარვარ და სულ მიღიმის, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ვერ მიტანს, საჭმელს ყველას რომ ამოუღებს მერე მიღებს ხოლმე მე, ისიც ყველაზე ცოტას და ყველაზე მიმწვარს.
სამაგიეროდ ბავშვებს ვუყვარვარ და ძაღლს. ძაღლს ალბათ იმიტომ ვუყვარვარ რომ ჩემი რძალი იმასაც ვერ იტანს და ჩემთან რაღაც ერთობის გრძნობა აქვს, ან მამაკაცური სოლიდარობის.
ჰოდა იმ დღესაც ჯერ ძაღლმა გამაღვიძა: საწოლზე ამოხტა, თათები მხრებზე დამადო და მანამ მიყურებდა სანამ არ გავიღვიძე და რომ დაინახა თვალი გავახილე სახეში შემომყეფა და მოჰყვა კუდის ქიცინს. მერე ბავშვებმა დაიწყეს დაჭერობანას თამაში, თან დედა დასდევდა და ცდილობდა ჩაეცვა, ჩემი ძმა კიდე აბაზანიდან ყვიროდა ჩემი პირსახოცი სად წავიდაო. წინა ღამე ნათევზე ეს ყველაფერი იყო წამება და მეტი არაფერი, მაგრამ უნდა ამეტანა ჯერ ერთი იმიტომ რომ მე ვცხოვრობდი მათთან და არა ისინი ჩემთან, მეორე იმიტომ რომ ჩემი რძალი კი ვერ მიტანდა, მაგრამ ბავშვებს ვუყვარდი და მეც სიყვარულით უნდა მეპასუხა, მესამე იმიტომ რომ ძაღლი საერთოდ არაფერშუაში იყო, მან სულ არ იცოდა რას ნიშნავს ღამის თევა და კიდევ ათასი მიზეზის მოფიქრება შემეძლო თუ რატომ უნდა ამეტანა ეს ყველაფერი ასეთი სიმშვიდით, მაგრამ რეალური მიზეზი რა თქმა უნდა სხვა იყო.
ყოველ დილით ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, ჩემი ძმა სამსახურში, რძალი კიდევ დაქალებთან, მე და ძაღლი ვრჩებოდით ხოლმე მარტო. ეს იყო ის რამდენიმე საათი როცა თავს ვგრძნობდი როგორც საკუთარ სახლში, ძაღლს ბევრ პედიგრის დავუყრიდი ტვინი რომ არ წაეღო, მე კიდე შემეძლო დივანზე წამოვწოლილიყავი თან ფეხსაცმლის გაუხდელად, გამეკუებინა მთელ ხმაზე, ჩამერთო ტელევიზორი და მეყურებინა ყველაზე სულელური გადაცემებისათვის რაც კი არსებობდა ამ ქვეყნად. ამასთან, მაცივარიც ჩემს განკარგულებაში იყო და ჩემი რძალის ლეპტოპიც, ერთი ეგაა, ლეპტოპიდან მერე ისტორიის წაშლა არ უნდა დამვიწყნოდა.
ჰოდა ჩუმად და მშვიდად იმიტომ ვიყავი რომ ერთი სული მქონდა როდის გაიკრიფებოდა ყველა, რამე რომ მეთქვა უნდა ეპასუხათ და აბა ამას ხომ კიდევ დამატებითი დრო მიაქვს.
ჰოდა, იმ დღესაც როგორც იქნა მოაგროვა ჩემმა რძალმა ყველა ბავშვი, ჩემი ძმაც გაშრა და ჩაიცვა და კარიც გაიხურეს. დაძინებას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ გადავწუყვიტე ცოტათი საწოლში მენებივრა, გაიზმორები ერთი-ორს, ბალიშს გრილი მხრით გადმოიბრუნებ, გადაგორდები, გადმოგორდები და ხარ ბედნიერი. ჩემი რძალი ბავშვებს ჩემს გასაგონად ყოველთვის არიგებდა ხოლმე, როგორც კი თვალს გაახელთ მაშინვე ადექით რომ უფრო მეტი საქმის გაკეთება მოასწროთ, ჰოდა მეც ვერ ვბედავდი საწოლში ნებივრობას ჩემების დასანახად, მაქსიმუმ ძაღლის, მაგრამ ძაღლი ჩემიანი იყო.
კარი როგორც კი გაიხურეს სამყარო შენელდა, ფანჯარაში ჩიტმა გაიფრინა ფრთების ძალიან ნელი ქნევით, ისე თითქოს ჰაერში კი არ დაფრინავს ზეთში დაცურავსო, საათის ისრები წუთიდან წუთზე გადასვლას ლამის მთელ საათს ანდომებდნენ, ძაღლმაც იქვე ჩემს საბანზე ჩათვლიმა, ჩემს ორგანიზმში ცხოველქმედებაც შენელდა, გული ნელა და ზარმაცად ფეთქავდა, ახალი უჯერედების წარმოქმნაც საათების საქმედ იქცა, კუჭის წვენი უდრტვინველ ტბორად გადაიქცა, იქით მზეც ურმის ბორბალივით მძიმედ მიგორავდა ცაზე და საერთოდ ყველაფერი იყო იდეალურად მხოლოდ ერთი რამ აკლდა, კარგი, გემრიელი, ყოვლისმომცველი გაზმორვა. მაგრამ გაზმორვა ისეთი რამაა ხელოვნურად ვერ გამოიწვევ, ამით სიყვარულს გავს და მიწისძვრას, შეგიძლია რა თქმა უნდა გააიზმორო მაშინ როცა არ გეზმორება, მაგრამ ეს იქნება სიყვარული უსექსოდ, ანდა სულაც ცალმხრივი სიყვარული; ეს ემგვანება მიწისძვრას რომელმაც მაკიდის კიდეზე დადებული ჭიქაც კი ვერ გადმოაგდო და რომლის დროსაც ყველაზე მგრძნობიარე ადამიანიც კი ჭაღს ახედავს ნეტა მართლა იძრა მიწა თუ მომეჩვენაო. ამიტომ ვიწექი და ველოდი სადღაც ზემოდან როდის გადმოვიდოდა ჩემზე ზმორვის აუცილებელი სიმძიმე.
ჰოდა სწორედ იმ დროს როცა ასე ვნებივრობდი, გატრუნული ვიყავი საწოლში როგორც დედის რძის მომლოდინე ჩვილი და უკან სადღაც ბეჭის ძველბათ კუნთებმა სასიამოვნოდ დაიწყეს დაძაბვა კარზე ზარი გაისმა.
ფეხბურთის გუნდს რომ გულშემატკივრობ, რამე ინგლისურს, ლივერპულს, ან რავიცი, ლიდსს, სულ ერთია, მთელი თამაში რომ მაგრად მიდის, გაგიტანეს გაუტანე. ორი ბურთით იგებენ ისინი ამოუქაჩავენ შენები და ბოლოსკენ რომ იგებ და ყველაფერი რომ კარგადაა და ბოლო წუთზე რომ გაგიტანენ, გაგითანაბრებენ და დამატებულ დროში რომ მოგიგებენ ეგეთი გრძნობა დამეუფლა... ნუ მთლად ეგეთიც არა.
ალბათ რაღაც დარჩათ, ამ ფიქრით მივედი კართან, გავაღე და...
გამარჯობა - გამიღიმა სრულიად უცხო კაცმა.
გამარჯობა - ვუპასუხე გაკვირვებული ტონით და შევეცადე გამოხედავში ჩამედო: ვინ ბრძანდებით? და იქნებ მალე წახვიდეთ მეთქი
კაცი დაბალი ტანისა იყო, მაგრამ თავი დიდი და ღონიერი ჰქონდა, რაღაცით ჰგავდა იმ სატვირთოს რომელსაც უკან ძარა მოხსნეს და მხოლოდ კაბინა აქვს დარჩენილი. სახის ზედ შუაწელზე ორი დიდრონი თვალი დაეტანებინა შემოქმედს, შავები და გამჭოლები როგორც ავტომატის ჯერი, მათ შუაში მსუქანი ცხვირი, ცხვირს ქვემოთ კი სანდომიანი, კვირებით ნავარჯიშევი ღიმილი, რომელსაც ბოლოში ლოგიკურად აგვირგვინებდა მასიური ოთხკუთხა ნიკაპი. ეს კაბინა კი გამოიყურება მძლავრად და ცოტათი საშიშად, მაგრამ უძარობა ასასაცილოებს ძალიან.
თქვენთან ერთი წინადადება მაქვს, - გამიღიმა კაბინამ
დიახ - ვუპასუხე ისე რომ სრულად ვაცნობიერებდი: ყოველგვარი შეპასუხება, უარი, შეკამათება მეტ დროს დამაკარგვინდებდა ვიდრე ჩაყოლა და საუბარში აყოლა, მე კიდე დივანზე მეჩქარებოდა.
გთხოვთ ყურადღებით მომისმინეთ თავიდან ბოლომდე, არ გამაწყვეტინოთ და რომ დავამთავრებ მხოლოდ მერე მითხარით ან თანხმობა ან უარი, - კაცი ერთდროულად ლაპარაკობდა დამჯდარი და თან მაღალი ხმით, როგორც ბავშვი, რომელსაც უნდა ტელეფონში დიდი გამოჩნდეს.
დიახ, გისმენთ! - ვუთხარი მკაცრად
შეიძლება შემოვიდე? - მკითხა კაცმა და ჩემს მიღმა ოთახი შეათვალიერა
ერთი წამის განმავლობაში ათასმა აზრმა გამიელვა თავში: ვინ არი? რა უნდა? იქნებ ჩემი ძმის მევალეა, იქნებ მძარცველია, იქნებ მეზობელია და წყალი ჩასდის, იქნებ ჩემი რძლის საყვარელია და კიდევ ცხრაასრაღაცა ფიქრმა გაირბინა ტვინის ხვეულებში, მაგრამ ვერ მოვიფიქრე ვერც ერთი მიზეზი რის გამოც უარს ვეტყოდი ამიტომ გვერდზე გავიწიე და ხელით ვანიშნე მობრძანდით მეთქი.
კაცი სწრაფად შემოვიდა, უცებ ორიენტირდა და სულ მალე ჩემს დივანზე იჯდა მუხლებზე კი ტყავის ჩანთა ედო რომელიც მანამდე ვერ შევამჩნიე.
წყალს ხომ ვერ მომიტანდით? - მკითხა კაცმა და იქვე დაამატა - მადლობა
მეც სხვა რა გზა მქონდა, რაც არ უნდა მეფიქრა რამე არ აგვწაპნოს სანამ წყალი მომაქვს მეთქი, უნდა წავსულიყავი და მომეტანა.
კაცმა წყლიანი ჭიქა დივნის სახელურზე დადო თვალებში შემომხედა და დაიწყო: - ოდესმე თუ გიფიქრიათ რა გაკლიათ?
რა მაკლია? მმმ - დავიწყე ფიქრი, მაგრამ კაცმა გამაწყვეტინა: - არ გინდათ არ მიპასუხოთ. გაიხედეთ ფანჯარაში, რას ხედავთ?
გავიხედე, ფანჯარაში ცის ნაწილი და რაღაც მთები ჩანდა, სხვა რა უნდა ჩანდეს მეთორმეტე სართულის ფანჯრიდან?
რას ხედავთ? - გამიმეორა კითხვა კაცმა.
გიპასუხოთ?
რა თქმა უნდა.
არა, მე მეგონა... წინაზე რომ მითხარით...
რას ხედავთ?!
ვერაფერს.
სტუმარმა კმაყოფილი სახით გაიღიმა, თითი ასწია და ჩურჩულით თქვა: - სწორედაც.
აქ ცოტა არ იყოს დავიბენი, არა დაბნეული მანამდეც ვიყავი, იმ წამიდან როცა ეს პიტბულზე ნაჯვარი ტაქსას მსგავსი კაცი დავინახე, მაგრამ ახლა ჩემმა დაბნეულობამ პიკს მიაღწია. ვიჯექი და ვუყურებდი კაცს რომელსაც სახეზე ღიმილი და ჰაერში თითი გაჰყინვოდა და ვერაფერი გამეგო, ეს კაციც თითქოს ჯიბრზე გაგრძელებას არ აპირებდა და ალბათ ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელდებოდა რომ არა ჩვენი ძაღლიოს ყეფა, რომელსაც გაერღვიძა და ახლა უცხო სტუმრის დანახვაზე ცდილობდა თავისი ძაღლური მოვალეობის შესრულების მცდელობა გამოეხატა.
ძაღლი გყავთ? - სახიდან ღიმილი გაუქრა კაცს
კი, ნუ გეშინიათ არ იკბინება. - ახლა მე გავიღიმე.
არ მეშინია, ალერგია მაქვს უბრალოდ, - ამის თქმა იყო და კაცმა სამჯერ ზედიზედ ისეთი ხმით დააცემინა ძაღლი წკავწკავით შევარდა კომოდის ქვეშ.
რაღაც უნდა შემოგეთავაზებინათ - გამახსენდა რომ ეს კაცი მოსაშორებელი მყავდა თორემ დივანზე წამოწოლისათვის ულ უფრო ცოტა დრო მრჩებოდა
აჰ, დიახ... როგორც თქვენ თქვით ფანჯრიდან ვერაფერს ხედავთ და ეს მართლაც ასეა, ჩვენმა კვლევებმა დაადასტურეს რომ მერვე-მეათე სართულებს ზემოთ მცხოვრები ადამიანების 89.67% ის ფანჯრებიდან მართლაც არაფერი ჩანს და ეს ადამიანები უსვამენ საკუთარ თავს მხოლოდ ერთ კითხვას, რით დავიმსახურეთ ეს? რა დავუშავეთ სამყაროს? რატომ მაინც და მაინც ჩვენ?
სამს
ბატონო?
სამ კითხვას უსვამს
ვერ გავიგე... ნუ მაწყვეტინებთ თუ შეიძლება
მე ორივე ხელი ავწიე დანებების ნიშნად და კაცმაც განაგრძო: - და აი აქ ისმის პასუხი, რომლის გასაგებად საჭიროა უბრალოდ მიაყურადო... აა ფცხი - დააცემინა სტუმრმა მოულოდნელად. ორივემ კომოდს გავხედეთ, ძაღლი კომოდის ქცვემოდან გამოსულიყო, ბანჯგვლიანი თავი გვერდზე გადაეხარა და უცნობს ყურადღებით უსმენდა.
ხომ არ... - მიმანიშნა უცნობმა ძაღლზე
ა, ახლავე - წამოვხტი ძაღლს საყელურში ხელი დავავლე სხვა ოთახში გავიყვანე და თავის ჯამში ბევრი პედიგრი დავუყარე.
განაგრძეთ, აღარ შეგვაწუხებს - ვახარე სტუმარს შემოსვლისთანავე
ესე იგი უნდა მოვუსმინოთ მივაყურადოთ. იკითხე და გეპასუხება! ჩვენმა ორგანიზაციამ life after eight მოგცათ უნიკალური საშუალება არ იყოთ ადამიანი ვინც ვერაფერს ხედავს თავის ფანჯრიდან, ვინც ზრუნავს თქვენს შვილებზე, შვილიშვილებზე და შვილთაშვილებზეც კი; ჩვენ ვართ ორგანიზაცია რომელოც ძირფესვიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას და კითხვაზე რას ხედავთ თქვენ ფანჯრიდან თქვენი პასუხი აღარ იქნება: „არაფერს“
ამ სიტყვებით კაცმა ტყავის ჩანთა გახსნა, იქიდან მცირე ზომის ბუკლეტი ამოიღო და გამომიწოდა. ბუკლეტის გარეკანზე ვიღაც ჭარმაგი მამაკაცი ეხატა ოქროსჩარჩოიანი სათვალითა და ჰოლივუდურზე უფრო ჰოლივუდრი ღიმილით, მის უკან კი უზარმაზარი ხეების მთელი ტყე აღმართულიყო.
აქ თქვენ ნახავთ ყველა საჭირო ინფორმაციას თუკი გადაწყვეტთ და შეიძენთ სექვოიას ნერგებს ჩვენი ორგანიზაციის სანერგეში.
რას შევიძენ? - მეგონა მომესმა
სექვოიას ნერგებს
რა ჯანდაბად მინდა სექვოიას ნერგები?
ოო კარგი კითხვაა, კიდევ ერთხელ გახედეთ ფანჯარას. რას ხედავთ? სწორია, არაფერს, ახლა წარმოიდგინეთ, თქვენ მობრძანდით ჩვენს ორგანიზაციაში შეიძინეთ სექვოიას ნერგები თითო სულ რაღაც ათას ხუთას ევროდ დარგეთ და ისინი გაიზარდნენ. რას დაინახავთ? რა თქმა უნდა. ხეებს! დიახ ხეებს, ხეებიოს ნახვის საშუალება დაბალ სართულებზე მცხოვრებებს ყოველდღიურად აქვთ, მათ ეს ჩვეულებრივი ამბავი ჰგონიათ, თითქოს ვინმე ვალდებული იყო ხე დაერგო მათი სახლის წინ, ისინი ამას იღებენ არა როგორც უდიდეს საჩუქარს არამედ როგორც ყოველდღიურობას, მოცემულობას და ვერც კი ამჩნევენ სანამ ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად არ გაქრება ის ხეები. ჩვენ კი გთავაზობთ სექვოიას, რომლებიც იზრდებიან ორმოცდაათ მეტრზე მაღლები და ცხოვრობენ ასობით წელი. მაშ ასე, რამდენი ნერგი გნებავთ?
ცოტა ხანი გაოგნებული ვუსმენდი ამ კაცს, ვერაფრით მივხვდი კონკრეტულად რას მთავაზობდა. რა სექვოია? რის ნერგები? ტრიალებდა ჩემს თავში ეს და კიდევ სხვა კითხვებიც რომლებზე პასუხიც ერთადერთი იყო: - მადლობა, არ გვაინტერესებს. - გავიღიმე და ავდექი, რითაც მვანიშნე აუდიენცია დასრულებულია მეთქი.
კაცმა ისეთი გაკვირვებული თვალებით შემომხედა ძლივს მოვითმინე გარეთ რომ არ გამეხედა, ნუთუ გვერდზე კორპუსებში უკვე ყველგან იყიდეს და ახლა ირგვლივ სექვოიების ტყე მაქვს მეთქი, მაგრამ გავუძელი ცდუნებას და დიჯი ნაბიჯით წავედი კარისკენ, მთავარია გამყიდველს თვალებში არ შეხედო თორემ აუცილებლად გაყიდინებს რამეს.
მივდიოდი და ვფიქრობდი ან ახლა ადგება და გამომყვება მეთქი ან ახლა, მაგრამ ადგომას არ ჩქარობდა, წყლის დალევის ხმა გავიგონე, ტყავის ჩანთის ჭრაჭუნი და ბოლოს დაცემინება, ძაღლი ისევ გამოსულიყო და ალბათ ამან თუ უბიძგა გამომყოლოდა, კარამდე უხმოდ მივედით, კართან დავემშვიდობე რაც შემეძლო ზრდილობიანად და ჩემი დივნისაკენ გამოვიქეცი. ის-ის იყო წამოვწექი, ფეხები საზურგეზე შემოვაწყვე და პულტი მოვიმარჯვე რომ კარზე ისევ ზარი გაისმა.
რა თქმა უნდა პირველი აზრი რაც თავში მომივიდა იყო: არ გავაღებ კარს იფიქრებენ რომ არავინაა და წავლენ მეთქი. მაგრამ სხვის სახლში როცა ცხოვრობ რთულია ინსტიქტებს ბოლომდე აჰყვე, ზოგჯერ სახლის პატრონების საჭიროებებსა და სურვილებსაც უნდა სცე პატივი.
კართან ისევ ის კაცი დამხვდა, ამჯერად ხელში ქაღალდის მოზრდილი ტომარა ეჭირა.
დიახ - მივმართე რაც შემეძლო ქედმაღლურად.
კინაღამ დამავიწყდა, არ შემეძლო რომ არ დავბრუნებულიყავი. ესე იგი თუ თქვენ შეიძენთ სექვოიას ხუთ ცალ ნერგს, სპეციალური სასუქი გადმოგეცემათ უფასოდ. ეს სასუქი დამზადებულია პუმას ექსკრემენტებისგან და ჩვენი ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილები ლაბორატორიაში შემუშავებული საგანგებო მინერალებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ სექვოიას სტაბილურ და სწრაფ ზრდას.
კარი უსიტყვოდ დავხურე და ისევ დივნისაკენ წავედი. ნახევარი გზაც არ მქონდა გავლილი ისევ ზარის ხმა გაისმა. კი, ბატონო მეც ვაფასებ ადამიანში თავხედობას, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ცოტა არ იყოს გავბრაზდი, დავავლე ძაღლს ხელი, ამოვიდე იღლიაში და ამ ჯერზე ასე გავაღე კარი, კაცი ისევ იმ თავის ტომარით იდგა და ის - ის იყო ისევ უნდა დაეწყო პუმის კურკლზე ლაპარაკი რომ ცემინება აუტყდა, აცემინა და აცემინა ბოლოს ისევ მე შემეცოდა და მივუხურე კარი.
გადავწყვიტე რომ მიუხედავად იმ საოცარი სტუმრობისა დილით ყველაფერი კარგად დასრულდა, ძაღლს კიდევ ბლომად პედიგრი დავუყარე ნაწილობრივ მადლობის ნიშნადაც და სუფთა სინდისით წამოვწექი დივანზე. დრო კიდევ ბევრი მქონდა ჩემების მოსვლამდე რაც რა თქმა უნდა მახარებდა და ასე გახარებულმა ჩავრთე ტელევიზორი.
გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები