ნაწარმოებები



ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2017


სიყვარულისა, სიკვდილისა და მიწისა

იმ სიყვარულის ისტორია
ყველაზე მეტად მშვენიერია
ჩუმად, ჩრდილში ფურცელ-ფურცელ
რომ იწერება
და სამზეოზე გასატანად მის ავტორებს
არ ემეტებათ.


      ***
ერთად დახნული ყანების;
ერთად დაჩეხილი შეშის;
ერთად აწეული ჭიქის;
ავბედობასა და ბედობაში
ერთად გაწეული ჭაპანის წილ
მეზობლებისგან მიძღვნილი კვერცხი
ძვირფას სამშვენისად დახვდათ შვილებს,
მისი უბრალო საფლავის ქვასთან.
    ***

გულმოწყალე და კეთილია მიწა,
თუ გიყვარს.
არ გეტყვის, რომ ასაკოვანს
ვერ დაგასაქმებს.
გულუხვობას გაიხდის წესად,
მის მოსმენას თუკი ისწავლი.
ოღონდ ეს ზნე აქვს -
მოსიყვარულეს თუ მოძულეს
ერთნაირი აღფრთოვანებით
ჩაიკრავს გულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები