ნაწარმოებები



ავტორი: თეთრი პოეტი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2016


* * *

ბრუნჰილდა ჰქვია.
ორი შვილი ჰყავს,გოგონები,მესამე მუცელში უზის,
ქმარი არ ჩანს.
ოთახის ყვავილები სახლის წინ გამოფინა,
მოწყენილი ფოთლებით მიაფიცხა მზისგულს.
ძალიან უყვარს ბრუნჰილდას ყვავილების მოვლა,
უყვარს სიმღერაც.
მე მის მეზობლად ვცხოვრობ,აგერ უკვე ორი წელია.
ბრუნჰილდა ალბანელია, თუმცა საკუთარი ქვეყანა არ უნახავს,
ამბობს რომ ათენში ცხოვრობდა დედასთან ერთად,
მერე დედა სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნდა.
ასე აღმოჩნდა ქუჩაში.
მან იცის რომ დედამ უკეთეს ცხოვრებაზე გაცვალა,
გაცვალა კაცში,
იცის ყველაზე ბნელი მხარე ადამიანისა, რომელმაც გააჩინა,
მაგრამ ამბობს რომ დედა არ იყო ვალდებული მისთვის შეეწირა თავი,
ამბობს რომ სადაც სიყვარული არ არის,სისულელეა იქ ყველაფერი,
სისულელეა ვალდებულებები, ის ასე ფიქრობს.

შავ,დიდყურებიან ძაღლს დაატარებს
კინოში,ცირკში,მუზეუმებში, პლაჟზე,
_შენც შეჭამ რამეს? _ჰკითხავს ხოლმე ქუჩის კუთხეში,
როცა თავის საყვარელ კაფეში ყავას მიირთმევს.
სხდებიან ორნი,
გაჰყურებენ მოსიარულე მანქანებს,
ქალი გამუდმებით ლაპარაკობს,
უფრო ეფერება, თავზე უსვამს ხელებს,
მერე ისევ ჩქარი ნაბიჯით მიდიან სახლში.
იცით,მე ვერ ვიტან ძაღლებს, _
რამდენჯერმე შევიშმუშნე როცა უცნაურად დამსუნა "ჰანსმა"
აჰ,ეს სულ სხვაა,_
ამბობს ბრუნჰილდა
შვილია ჩემი.

სისულელეა. _ვამბობ ჩემთვის,
ის მე არ მისმენს,
იცინის ისე,
მერამდენედ მეუბნება,,_მიამბე თქვენზე,
როგორია იქ შემოდგომა,
როგორ მიდიან წეროები თბილ ქვეყნებში,
როგორი სუნი ტრიალებს სახლში,
სადაც დედა დავტოვე.

ვყვები რომ პაპას ყავს სახლში ძაღლი,
რომ მასთან ერთდ დგება დილით და მიდის წყალზე,
რომ ეხმარება პაპას მწყემსვაში,
რომ მის გარეშე არასოდეს ბრუნდება უკან ,
თუნდაც შიოდეს,იტკინოს რამე,
ან მგელი ნახოს...
სულერთია,
ბრუნდებიან ორივე ერთად,
პაპა შოთის პურს გაუტეხავს,
დაუსხამს თბილ რძეს,
თვითონაც ზის და დარჩენილ რძეს პურს და ყველს ატანს.

ბრუნჰილდა მისმენს ისე,თითქოს რაღაც საოცარს ვყვები.
და ამბობს მართლაც _მშვენიერია,_
მერე მოიწყენს...
მეკითხება როდის ვბრუნდები,
ამბობს რომ ახლა იმ გადამფრენ ფრინველებს ვგავარ,
სითბოს გულისთვის რომ ტოვებენ საკუთარ ბუდეს,
სწყინს და არ ესმის,
არ ესმის ჩემი.

და უვლის ბრუნჰილდა ოთახის ყვავილებს,
ეფერება,
უკოცნის კვირტებს,
დაგუბებულ სიყვარულს ხარჯავს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს