ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
19 ოქტომბერი, 2016


ზვიად გამსახურდია: აფხაზი ხალხი არ არსებობს!

ზვიად გამსახურდია: აფხაზი ხალხი არ არსებობს!

(როგორ განაცხადა ზვიად გამსახურდიამ, რომ აფხაზი ხალხი არ არსებობს, შემდეგ კი უარყო საკუთარი სიტყვები)



ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინა გამართულ მიტინგზე განაცხადა:

ციტატის დასაწყისი:

„აფხაზი ერი ისტორიულად არასოდეს არ არსებობდა. აფხაზეთი იყო სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი, დასავლეთ საქართველოს სახელწოდება, და აფხაზები იყვნენ დასავლეთ ქართველები. ასე რომ აფხაზი ერი იყო ქართველი ერი იგივე, დასავლეთ ქართველი ერი, ხოლო ის ძველი ქრისტიანი აფხაზები, ქართველი აფხაზები, დღეს აღარ არსებობენ. მაგრამ სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუას ტომთან დაკავშირებით. აფსუა, ანუ აფსარნი, ეს არის ჩრდილოეთ კავკასიური ადიღეული მოდგმის ტომი და ჩვენ არც ერთი ტომის, არც ერთი ტომების ჯგუფის თვითგამორკვევის წინააღმდეგნი არა ვართ, თუ ის ერად ქცევას ლამობს, მით უმეტეს, თუ მას აქვს ერის გარკვეული ნიშნები დღეს, ოღონდ მის ისტორიულ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში. თუ ეს ტომი თუ ტომები ამას შეიგნებენ, ჩვენ მათ ამოვუდგებით მხარში, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ უნდა აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა, და დაგვითმონ ჩვენი მიწა-წყალი, და დამკვიდრნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ“.

ციტატის დასასრული.


(ზვიად გამსახურდიას განცხადების ტექსტი ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ ვიდეო ჩანაწერის მიხედვით)

(იხ. ზვიად გამსახურდიას საჯარო გამოსვლის ვიდეოჩანაწერი 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინა გამართულ მიტინგზე, ინტერნეტ-საიტზე https://www.youtube.com/watch?v=Wq_LTL9CcxM)



1992 წლის 2 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სახელმწიფო გადატრიალების შედეგად გადაყენებული იქნა ხელისუფლებიდან.


საინტერესოა, რომ 1992 წლის 14 აგვისტოს, როცა აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დილის 7 საათზე უკვე დაწყებული იყო, იმყოფებოდა რა დევნილობაში, ზვიად გამსახურდიამ გამოსცა განცხადება, რომელშიც მის მიერ მანამდე „აფსუას ტომად“ სახელდებულებთან დაკავშირებით განაცხადა სრულიად საწინააღმდეგო, „დიდმა სტრატეგმა“  ზვიად გამსახურდიამ ისინი დაასახელა უკვე როგორც „აფხაზი ხალხი“, და მოუწოდა “ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს“ გენოციდისგან დაეცვა მცირერიცხოვანი „აფხაზი ხალხი“, რომელსაც, მისი განცხადებით, სრული განადგურებით ემუქრებოდა შევარდნაძის ბანდები, კერძოდ, ზვიად გამსახურდიამ განაცხადა:

ციტატის დასაწყისი:

„საქართველოს დანაშაულებრივი სამხედრო ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ დაიწყო ფართომასშტაბიანი დამსჯელი ოპერაციები აფხაზეთში. საბაბად ამისა გამოყენებულ იქნა ხუნტის დამსჯელების დაკავება დასავლეთ საქართველოში, შინაგან საქმეთა თვითმარქვია მინისტრისა და მისი დამქაშებისა, რომლებიც თითქოსდა და აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. სინამდვილეში შევარდნაძის უკანონო რეჟიმი მიზნად ისახავს ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ქართველებს და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას, რაც იმპერიის დიდი ხნის მიზანს წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის ტელევიზია ცდილობს ამ სისხლიან აქციაზე ბრალი მთლიანად კიტოვანს დააკისროს, რომელიც თითქოსდა არ ემორჩილება შევარდნაძეს. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შევარდნაძე განუწყვეტლივ გამოდიოდა საქართველოს ტელევიზიით და ემუქრებოდა აფხაზეთს, რომ ყაზბეგიდან ლესელიძემდე დააყენებს ჯარებს და დაამყარებს წესრიგის. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს გენოციდისგან დაიცვას  მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული  აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა. მტკიცეთ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვაშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა“.

ციტატის დასასრული.


(ზვიად გამსახურდიას განცხადების ტექსტი ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ აუდიო ჩანაწერის მიხედვით)

(იხ. ზვიად გამსახურდიას განცხადების აუდიოჩანაწერი, რომელსაც დიქტორი კითხულობს, ინტერნეტ-საიტზე  https://www.youtube.com/watch?v=lAsWoADjgs4  ტექსტის წამკითხველი დიქტორის სიტყვით, ტექსტი გამოქვეყნებული იყო გაზეთში „ქართული აზრი“ №28, 1992 წლის 28 აგვისტო)



ჩემო ქართველო ხალხო,


დაფიქრდით, გაიაზრეთ, ზვიად გამსახურდიამ თავის 1992 წლის 14 აგვისტოს განცხადებაში რა თქვა.

ზვიად გამსახურდიამ თქვა:

„მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს გენოციდისგან დაიცვას  მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული  აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა“.

ანუ ზვიად გამსახურდიამ უკვე მკაფიოდ განასხვავა ერთმანეთისგან „მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული  აფხაზი ხალხი“ და „აფხაზეთის ქართული მოსახლეობა“.

მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ 1992 წლის 21 თებერვალს საქართველოს დროებითმა სამხედრო საბჭომ, რომელმაც 1992 წლის 2 იანვარს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების საშუალებით დაამხო, მიიღო დეკლარაცია  1921 წლის  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის პრიორიტეტის შესახებ და საქართველოს რესპუბლიკის გადასვლის შესახებ 1921 წლის  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაზე.  ამის საპასუხოდ 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთმა 1978 წლის აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება შეწყვეტილად გამოაცხადა და აღადგინა 1925 წლის აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც შეიცავდა მითითებას აფხაზეთის და საქართველოს სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ, რაც საქართველოს ანტისაბჭოთა ოპოზიის, მათ შორის ზვიად გამსახურდიას, მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებად აღიქვა.


ანუ, „დიდი სტრატეგის“ ზვიად გამსახურდიას ლოგიკით,  გამოდიოდა, რომ ის  1992 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით სეპარატისტული  თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი აფხაზეთის ხელისუფლებას კანონიერად აცხადებდა.

რაც შეეხება „დიდი სტრატეგის“ ზვიად გამსახურდიას მიერ „კავკასიის ხალხებისადმი“ მიმართვას, „მტკიცეთ მოვიგერიოთო“ საქართველოს შეიარაღებული ძალები, მის მიერ სახელდებული როგორც „შევარდნაძის დამსჯელი ბანდები“, დღეს უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი, თუ რა მოჰყვა „დიდი სტრატეგის“ ამ სიტყვებს, - დაიღუპა ათეულობით ათასი ადამიანი.

თუ მხედველობაში მივიღებთ ზვიად გამსახურდიას მიერ 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინა გამართულ მიტინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომ აფხაზი ხალხი არ არსებობს, და შევადარებთ ამ განცხადებას მის მიერვე 1992 წლის 14 აგვისტოს გაკეთებულ  განცხადებას, რომ აფხაზი ხალხი არსებობს, უნდა ვაღიაროთ, „დიდი სტრატეგის“ ზვიად გამსახურდიას ლოგიკა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში შეუდარებელია. ყოველ შემთხვევაში, ზვიად გამსახურდიას ლოგიკა სრულიად მიუწვდომელია ამ სტრიქონების ავტორისთვის, ადვოკატ კახაბერ როდინაძისთვის.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
19.10.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები