ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2016


საფიქრალი

მე მეფიქრებიან მამაკაცები -
ტკივილჩაბუდებული თვალებით...
მამაკაცები, რომლებიც დარდით სავსე ტომარას ეზიდებიან და ამ ტომარას
ვერავინ ხედავს...
მე მედარდებიან მამაკაცები -
ვეება მხრებით და ბავშვური ხასიათით,
რომლებიც მარადიულად
ცელქ და ონავარ ბიჭებად რჩებიან,
ჭაღარაშეპარულ ბიჭებად...
ასეთებს დრო ვერაფერს აკლებს...
ასეთებისთვის რეალობა სასჯელივითაა და ისინი
ისიზმრებენ ფერად სიზმრებს,
ძალიან გრძელ სიზმრებს,
რომ სიფხიზლეც სიზმარს დაამსგავსონ...
მე მეფიქრებიან მამაკაცები,
რომლებსაც არა და არ უნდათ
რეალობასთან შეგუება და ამ
შეუგუებლობით იტანჯებიან
და ეს ტანჯვა მათ ნელ-ნელა,
წვეთ-წვეთობით უღებს
ბოლოს,
როგორც კისერზე შემოჭერილი ყულფი...
ისინი დააბიჯებენ ძალიან ფართო ნაბიჯებით,
ისინი ძალიან ხმაურობენ,
მათ იციან ხმამაღალი სიცილი
და საუბარი და ასე ცდილობენ
როგორმე დამალონ ტკივილი,
რომელიც მათი ბედისწერაა...
მათი ტერფების კვალი ეტყობა
მიწას...
მათი ხმა ექოსავით ედება ირგვლივეთს...
მათი ხალისი გადამდებია და
ვეღარავინ ამჩნევს თვალებში
მაგრად გადამალულ დარდს...
...........................................................
და ღამე როცა ჩამოდგება,
როცა ადამიანები ვეღარ მხედავენ,
მე ვტირი იმ კაცის გამო,
რომელიც თვალებით დაატარებდა ტკივილს;
რომელიც მარადიულ ბავშვად დარჩა და
რომელსაც ყოფიერებასთან შეუგუებლობა ექცა ბედისწერად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები