ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2016


ჩემი მეგობარი პოეტები


- - - - -

ჩემი მეგობარი პოეტები ცოლებმა მიატოვეს.
ისინი  მიატოვეს ალბათ იმის გამო, ან სწორედ იმის გამო,  რისთვისაც გაჰყვნენ.
და ვინც არ მიუტოვებიათ, ის კიდევ უფრო მარტო დატოვეს. 
თხილეულში  მძაღე მარცვალი რომ შეგიყვება, ამ დროს კი ლამის ყველა პირში მოგჩერებია, ყელმწარემ და  პირმომღიმარმა  მერამდენედ უნდა ჩავყლაპო ფუჭი სათქმელი!

ვუთხრა, რა ვუთხრა! -
რომ სამშობლოში პოეტებიდან თავი ვინც კი გაიტანა, ჯერ იმ თავში პოეტი მოკლა?!
ან, რომ ცხოვრება ვიდრე წიხლს არ გითავაზებს, ცოდნად ვერ  იქცევ,  რაც გაგიგია?! -

რომ გულუბრყვილო რომანტიზმია,    როცა ბიჭს, შემთვრალს და გალექსილს  ერთი რითმა ან მეტაფორა  ურჩევნია  ოქროს უზალთუნს
და უწკრიალებს  თავის პოეტურ ყულაბაში უზალთუნები
და  სამუზედ აღერებულ  ათას გოგოში შენ  გამოგარჩევს?!...
და იმ რომანტიზმს, ატლასის ძველი საპირესავით კვლავ მოლაპლაპეს,
სარჩულად უდევს  რეალიზმი, უხუნარი და მეტისმეტად სოციალური?!

  რა ქნას პოეტმა! მამადქცეული შინ  მიიქცევა, ახალშობილს კი ტაკლი-ტუკლის და ფაფების გარდა, პამპერსი უნდა, ხილიც  უნდა,  ჰაერიც  უნდა  და ექიმიც და უნდა დედა - უყვედრებელი, არნაწამები, არამედ მოვლილ- ნაამები, ალერსიანი,
შენ კი ჯიბეში  ახალი ლექსიც კი არ გიდევს, ერთი ფურცელი გაცრეცილი, აქა- იქ რითმა, სტრიქონები - გადახაზულ-გადმოხაზული,  წაწერილი სხვა კალმითა და სხვა განწყობით, თითქოს, სხვა ხელით.

რაც უფრო გულის გასახეთქია, ცოლადქცეულმა იმ  სიფიფანა, მიამიტმა გოგოებმა საიდანღაც წერაც ისწავლეს, ანგარიშიც  და სხვები უკვე გაგონებენ, იქნებ ჯინაზეც, რომ  ქმრებზე უკეთ გამოუდით და რომ ეცალოთ, მეტსაც იზამდნენ.
წერას - წერისა!
  უანგარობას ვერ ითამაშებ, ანგარიში თუკი გერევა.
ამასობაში ცოლი  -  უკვე ნაცოლარია.

და იზრდებიან ასე მამიკოს გოგოები და ბიჭები მამის გარეშე, ხოლო მამები  შესციცინებენ იმ ძველ ფოტოებს, როცა ისინი ერთად იყვნენ ,  ,,გაიზრდები და მიხვდები და დამიბრუნდები'' ..თავს იტყუებენ, თორემ როგორ არ იციან, რომ შვილებმა შეიძლება მოინახულონ, მაგრამ მშობლებთან ვერასოდეს დაბრუნდებიან.
და მამები, ფოტოებით უბესავსენი უფსკრულისკენ საბოლოოდ ექანებიან.
უფსკრულები კი  მწვერვალებია, არარაობის მწვერვალები - ღრმა წყვდიადებში ჩაბრუნებული.

და იზრდებიან ასე შვილები დედის გარეშეც,  მაგრამ დედებმა ეს არ იციან, ისინი მედგრად მიუძღვიან  უშეცდომო, წარმატებული ცხოვრებისაკენ, სწორედ ისევე, საბედისწერო ნაბიჯამდე საკუთარი დედები რომ მიუძღვებოდნენ.

ო, რა მოწყალე ღიმილით დასცქერს ძე-შეცდომილი მამა- შეცდომილს!
ქვეყანას, მამის მიტოვებულს  მამით ობლობა კი რა და,  უდედობა სჭირს,  მამა  -  შორია და რადგან
დედა - ამ გამო მამად ქცეულა, დედის ძველ ადგილს ტუჩაბზეკით და თვალმოჭუტვით ეტოლება ეს ცხოვრება- დედინაცვალი.
    ჩემი მეგობარი პოეტები კი ამასობაში გაიკრიფნენ.
აღარ არიან.
    საქართველოში თავი პოეტად ვინ გაიტანა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს