ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
16 იანვარი, 2009


თავი 2. გაცვლა ("გაცვლა")

ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 19 იანვარს თეონამ კვლავ ნახა სიზმარი: ვიღაც ხნიერმა მამაკაცმა ჩამოიარა და ჰკითხა:
- დღეს რა დღეა?
- 19 იანვარი...
- მერე და, რა დღეა 19 იანვარს?
- კვირა...
- კვირა კი არა, სულელო ბავშვო, დღეს ნათლისღებაა, ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული... დღევანდელ დღეს რასაც ინატრებ, აუცილებლად აგისრულდება, - უთხრა მან ღიმილით.
- ყველაფერი ამისრულდება? - ჰკითხე თეონამ და დაფიქრდა.

სკოლას ამთავრებდა და უნივერსიტეტის სტუდენტობაზე ოცნებობდა, მაგრამ... თეონამ სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და გადაჭრით უთხრა:
- იმ ჭიშკარში მინდა შევიდე, საიდანაც საოცარი ცისფერი შუქი იღვრებოდა!
- სამუდამოდ თუ წახვიდოდი იქ?
- არა, სამუდამოდ წასასვლელად არ მცალია, სკოლას ვამთავრებ და უნივერსიტეტში მინდა ჩავაბარო.
- მერე და, იცი რა არის იქ?
- არა, არ ვიცი და სწორედ ამიტომ მაინტერესებს იქ წასვლა!
-არ შეიძლება იქ წასვლა! ჩვეულებრივ მოკვდავთათვის - არ შეიძლება!...
- მაშინ რაღატომ მეუბნებით, "ყველაფერი აგისრულდებაო"... - თეონას ცრემლებით გაევსო თვალები და თავი დაღუნა.
- კარგი, ბატონო, მე შეგისრულებ ამ ნატვრას... მხოლოდ იცოდე, შემდეგ შენ მოგიწევს-ხოლმე ჩვენი დავალებების შესრულება. მზად ხარ ამისათვის?

იმდენად დიდი იყო ცისფერი შუქის ხელახალი ნახვის სურვილი, რომ თეონა მაშინვე დათანხმდა. მამაკაცმა მხარზე შეახო ხელი და თეონაც იმ ლურჯი ჭიშკრის წინ აღმოჩნდა.

ჭიშკარში შევიდა. რაც თეონამ იქ ნახა, იმის აღწერა შეუძლებელია. ეს იყო ულამაზესი ბაღი. ყველაზე უცნაური კი იყო ის, რომ ჰაერი იყო საოცრად გამჭვირვალე და ცისფერი.
ბაღში მოსიარულე ხალხი სრულ იგნორირებას უკეთებდა, თითქოს ვერავინ ხედავდა მას. მოკლედ, თეონა მათთვის სრულიად არაკონტაქტირებადი იყო.

- კეთილი იყოს, თეონა, შენი აქ მობრძანება! - შემოესმა თეონას ნაცნობი ხმა.
თეონა სწრაფად შებრუნდა და  ის მამაკაცი დაინახა, ვინც იქით წაიყვანა.

თეონა თვალებს არ უჯერებდა: ის მამაკაცი  იყო საოცრად  გაზრდილი მოცულობაში (20-ჯერ მაინც), გამჭვირვალე, მის შიგნით ენთო ცეცხლი, ხოლო გარშემო უძლიერესი ოქროსფერი შუქით იყო გაბრწყინებული. მისი სახის აღწერა შეუძლებელია, რადგან კალეიდოსკოპის სურათებივით იცვლებოდა მისი გარეგნობა.
- მიხვდი სად ხარ, ან მე ვინ ვარ? - ჰკითხა მან.
- მამა... მამა-ღმერთი... - ამის ამოთქმა თეონას სიზმარშიც კი გაუჭირდა და, უნებლიედ, მუხლებზე დაეშვა.
- მოგწონს აქაურობა?
- ძალიან...
- დარჩები აქ?
- მე... - და თეონა გაჩუმდა. ვეღარც „ჰო” თქვა და ვეღარც „არა”...  ვერ გაბედა!..

მამა-ღმერთმა ორჭოფობა შეამჩნია და უთხრა:
- ნუ გეშინია, სამუდამოდ აქ არ დაგტოვებ, შენ მე იქ მჭირდები, მაგრამ დროებით მოგიწევს აქ დარჩენა, სულ ერთი ბრუნი!.. შენ ბევრ რამეს ისწავლი აქ, თეონა... ეს ცოდნა, გარკვეული დროის შემდეგ, გეაზე უნდა წაიღო.... ხალხის გულამდე უნდა მიიტანო და ხალხის გონებამდე დაიყვანო!!!  - მამა-ღმერთი ტახტზე აბრძანდა, თეონა კი მის მახლობლად მუხლზე იდგა და გაფართოებული თვალებით შესცქეროდა.
- მომიახლოვდი! - ბრძანა მამა-ღმერთმა.

თეონა ტახტის კიბეზე ავიდა, მამა-ღმერთს მიუახლოვდა და მის წინ დაიჩოქა.

მამა-ღმერთმა ალმასებით მოოჭვილი დიადემა დაადგა თავზე და უთხრა:
- არ გეგონოს, რომ დედოფლად გაკურთხე, ეს შენი მუდმივი „საშვი” იქნება, ჩემთან მოსასვლელადაც და იქაც, გეაზე!.. როცა საჭირო იქნება, ეს გვირგვინი თავად ამოიმართება!... ჩემს გვირგვინს ყველა იცნობს და დაგეხმარება. ახლა კი მისმინე: შენ ნებისმიერ დღეს შეგიძლია აქ მოსვლა. შენ არ იქნები ისეთი, როგორიც სხვა დანარჩენნი. ზოგჯერ შენ მოგეჩვენება, რომ შენს ირგვლივ ბრუნავს მთელი სამყარო... მთავარია, მაშინ არ დაკარგო თავი შენი!.. დადგება ისეთი პერიოდიც, როცა მოგეჩვენება, რომ შენი აღარავის სჯერა... მთავარია, მაშინ არ დაკარგო რწმენა, რამეთუ შენ კი არა, თავად ძე ჩემი გაწირა ხალხმა!... გჯეროდეს, რომ გაიმარჯვებ და - გაიმარჯვებ! ცას რომ ახედავ თვალებით მიპოვე და მთხოვე, რაც გინდა, - შეგისრულებ!... შენი ნატვრა არ შესრულდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, - თუ ის ჩვენს სურვილსა და მიზანს ეწინააღმდეგება. ახლა კი წადი!..

თეონა წამოდგა და კიბეზე დაეშვა.
- ვიდრე წახვალ, მინდა ერთი ახდენილი ოცნება გაგატანო... ინატრე, რაც გინდა!- შემოესმა მამა-ღმერთის ხმა.
- ნებისმიერი ოცნება ამისრულდება? - თეონა სწრაფად მობრუნდა და გახარებულ-გაოგნებული მიაჩერდა ქვეყნის გამრიგეს.
- ნებისმიერი!...
- მაშინ ყავის ნალექზე მკითხაობა მასწავლე... ყველამ იცის და მე - არა!
- მე მეუბნები ამას? - თვალებში უცნაური გაოცება გამოესახა მამა-ღმერთს.
- ჰო... ვერა?... - და როდესაც მამა-ღმერთის გაოცებულ მზერას წააწყდა, ჩუმად ჩაილაპარაკა:
- ხომ ხედავთ, ყველა ოცნების ასრულება თქვენც არ შეგძლებიათ...
- თეონა, შენისთანა გულუბრყვილო არსება, ჯერ აქ არ მოხვედრილა! იყოს ნება შენი... შეგისრულებ ამ ნატვრას, მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნდე, რომ ნამდვილად აქ იყავი... მაგრამ ერთი პირობით: მკითხაობით შენს ხელში ფული არასოდეს გადმოვა!
- დიახ!... არა, არ მინდა ფული!... მე მხოლოდ... გმადლობ, უფალო!
- გააცილეთ... -  თვალით ანიშნა ერთ-ერთ ქერუბიმს...

ქერუბიმი თეონას დაეწია და ყურში ჩასჩურჩულა:
- თეონა, მხოლოდ მკითხაობით კი არა... ღვთის ნასწავლ საქმეში ფული არასოდეს აიღო! მკითხაობაში შენ ვერც სხვას გადაუხდი ამიერიდან ფულს, - ძალიან მკაცრად დაისჯება შენი ხელიდან ფულის ამღები! დღეიდან შენთვის აღარ იარსებებს სიტყვა: "არ შემიძლია"!  შენ - შეგიძლია! ყველაფერი შეგიძლია! და ნელ-ნელა გამოვლინდება შენი შესაძლებლობები!... წადი და კარგად დაიმახსოვრე, რაც გითხარი!...

***

დილას გამოღვიძებულმა თეონამ უპირველეს ყოვლისა ყავა დალია და როცა ნალექს ჩახედა, შიშისგან ჭიქა ხელიდან გაუვარდა და გაუტყდა, - ჭიქაში ფიგურები მოძრაობდნენ, ლაპარაკი ესმოდა და ადამიანის ტანსაცმლის ფერს არჩევდა...
რა იყო ეს?
სიზმარი?
ან იქნებ - ხილვა?
ან...
მეტს ვეღარაფერს ფიქრობდა, - თეონას გონება  წინააღმდეგობას უწევდა საკუთარ თავს, მაგრამ...
ფაქტი - ფაქტად რჩებოდა!

გავიდა ორი კვირა...

და აი, 1 თებერვალს, ყველასათვის მოულოდნელად, თეონას ოპერაცია უკეთდება. დიაგნოზი: მწვავე აპენდიციტი.

ოცწუთიანი ოპერაცია 5 სთ გაგრძელდა.

თეონა საოპერაციო ოთახის ზედა კუნჭულში მიჭუჭყნულიყო და თვალმოუცილებლად დაჰყურებდა უამრავ მწვანეხალათიან ექიმსა თუ ასისტენტს, რომლებიც თეონას სხეულის გარშემო ტრიალებდნენ...

ჩუმად გამოიხედა გარეთ, - დერეფანი მათი ნათესავებით იყო გადაჭედილი...
- ჯემალ, გიზოს მიხედე... - მიუბრუნდა ბებია თავის ძმიშვილს და თეონას მამისკენ მიახედა.
გიზო დაჭრილი მხეცივით ღმუოდა...
მამის დანახვაზე თეონას სული შეეკუმშა...
დედისკენ გააპარა მზერა... შემდეგ თავის დაიკოს შეხედა... 
- დედა, თეონას სიცოცხლე საფრთხეშია?! - გამუდმებით იმეორებდა ნინუცა და მიტკალივით გადაფითრებულ დედას  ტკიპასავით ეკვროდა.

- არა... უნდა დავბრუნდე... სახლში მინდა!.... თქვენთან მინდა, დეეე!...

*****
მამა ღმერთის სამყოფელი.

- დროა... თაია, მზად ხარ?
- დიახ, მამა!
- შენი იმედი მაქვს!
- ჩემი გჯეროდეს, მამა! მიხარია, რომ დამთანხმდი!
- დაგთანხმდი, მაგრამ... ვერ გიწონებ გადაწყვეტილებას, თაია! გაგიჭირდება ადამიანობა!
- ვეცდები, არ გამიჭირდეს!
- კარგი... მე სულ შენს გვერდით მიგულე, შვილო!
- თეონას ვინ წამოიყვანს აქეთ?
- ის, ვინც შენ მიგაცილებს იქამდე!...

თაია ადგილს მოსწყდა და აფრინდა.
მის კვალდაკვალ აფრინდა სინათლის ორი ანგელოზი.

სინათლის ანგელოზებმა საავადმყოფოში ადვილად იპოვეს ჭერის კუთხეში მიყუჟული თეონა...
- თეონა, შენი წამოსვლის დროა...
- მერე, დედა?.. მამა?...  ნინუცა?...
- ოდესმე შენ აუცილებლად დაბრუნდები მათთან!
- ოდესმე?  და ახლა არა?... არ შემიძლია!...
- ახლა ვერა, თეონა! გაიხსენე, - შენთვის აღარ არსებობს სიტყვა "არ შემიძლია"!...

სინათლის ანგელოზები აქეთ-იქიდან ამოუდგნენ თეონას და ზეცაში აიტაცეს...


****

დიაგნოზი გაკვეთის შემდეგ: მძვინვარე პერიტონიტი.
გადარჩენის შანსი 0,01%...
ბრძოლა სიცოცხლისათვის... 
3 დღე რეანიმაციაში...
ქირურგმა - „ 3 დღე თუ გაძლო, მერე იცოცხლებსო”.

მესამე დღე იწურება. თეონას საწოლთან დედა მამიდამ შეცვალა.

თეონას სიზმარი: „უდაბნოში მივდიოდი. ირგვლივ მხოლოდ ცხელი ქვიშა იყო, რომელიც ფეხებს მწვავდა. ცოტა ხანში ქვიშის კედელს მივადექი. მინდოდა ავსულიყავი, მაგრამ ქვიშა იშლებოდა. კედლის თავზე მამიდაჩემს მოვკარი თვალი.
- მამიდა, ხელი მომკიდე, ვერ ამოვდივარ, - დავუძახე.
მამიდამ ხელი ჩამომიწოდა და მე კედელს თავზე მოვექეცი..”

რეალობაში, მესამე დღე იწურებოდა, რაც თეონას ნარკოზის ქვეშ ეძინა. მამიდა რომ თეონას საწოლს მიუახლოვდა, თეონამ, პირველად სამი დღის მანძილზე, ხმა ამოიღო:
- მამიდა, ხელი მომკიდე, ვერ ამოვდივარ!..
მამიდა ხელს კიდებს თეონას ხელზე და თეონა თვალს ახელს!!!

ამას მოჰყვა საავადმყოფოში გატარებული 16 დღე.
თავიდან ისწავლა სიარული...
თავიდან ისწავლა ყლაპვა...
მყარ საჭმელს - ვერ ჭამდა და მხოლოდ ბულიონებს ასმევდნენ... მთელი 2 თვის განმავლობაში!

თეონას საავადმყოფოდან გაწერის დღეს მამამ მანქანა იყიდა.
მანქანაში, სიკვდილს გადარჩენილი თეონასათვის,  უზარმაზარი ყავისფერ-ყვითელი სათამაშო დათვი იჯდა.

თეონა, მანქანა და დათვი ერთად შემოვიდნენ სახლში.

მაგრამ “თეონა” - აღარ იყო თეონა!
თეონას სულის ნაცვლად გეაზე თაია მობრძანდა!!!  მობრძანდა ადამიანად განსხეულებული, თეონას სხეულს მორგებული,  "გათეონებული", რომელსაც მეხსიერების ბნელ ხვეულებში ძალზე ღრმად ჰქონდა ჩამარხული თავისი თაიობა!!!

თაიამ უნდა "ითეონოს", - სხვაგვარად ვერ შეასრულებს იმ უზარმაზარ მისიას, რომელსაც "დედამიწის გადარჩენა" ჰქვია.

თაია აღარ იარსებებს ერთი ბრუნის განმავლობაში, - 25 წელი!!!

თეონას სხეულში მყოფ თაიას ამის შემდეგ თეონად მოვიხსენიებ-ხოლმე, რადგან გარშემომყოფებმა არაფერი იცოდნენ ამ უდიდესი და უცნაური ცვლილების შესახებ, ვერც ვერაფერს ხვდებოდნენ და თეონაც ყველასთვის ჩვეულებრივ თეონად რჩებოდა.

სულ რაღაც ორიოდე თვეში საოცრად შეიცვალა თეონა, დაქალდა, დაიხვეწა... თექვსმეტი წლის გოგონა ოცდახუთი წლისას დაემსგავსა (და ეს სახე შეინარჩუნა კიდეც 25 წლის განმავლობაში), ზღვისფერ თვალებში რაღაც უცნაური სხივი აუკიაფდა, მისი აურა ოქროსფრად ანათებდა, ანდამატივით თავისკენ გიზიდავდა და, ერთდროულად, ახლოს არ გიშვებდა. ყველას უყვარდა, მაგრამ არავინ ცდილობდა ამ სიყვარულის გამხელას, - აუხსნელი რიდი და მოწიწება სუფევდა მის ირგვლივ. მისი მეგობრები ზედმეტად სიტყვის თქმას ერიდებოდნენ, უფრთხილდებოდნენ თეონას, თუმცა კი ვერავის აეხსნა ამ მოწიწების მიზეზი. 

"უფრთხილდებოდნენ-მეთქი", ვთქვი, თუმცა ვინ ვის უფრთხილდებოდა, ეს იყო საკითხავი! თეონა თვითონ იყო ყველას დამცველი, ყველას ქომაგი... მასთან მეგობრობას ესწრაფოდნენ. მის გვერდით თავს ყველა კარგად გრძნობდა, დარდი უმსუბუქდებოდათ, ტკივილი უამდებოდათ... ნებისმიერი საზოგადოების სული და გული იყო, ყველასთვის ერთგული და დაუზარელი! რასაც დაიწყებდა, ნებისმიერი საქმე ბოლომდე მიჰყავდა. ყველაფერი ეხერხებოდა, ქალის საქმე იყო თუ კაცის. დაღლა არ იცოდა, მისი შინაგანი ენერგია აოცებდა გარშემომყოფთ, თუმცა ყოველივე ამის ახსნა ვერ მოეხერხებინათ.

თაია თეონას ცხოვრებით ცხოვრობდა და თავადაც აღარ ახსოვდა თავისი თაიობა.
ერთი კი იყო, უცნაური შეგრძნება არ ტოვებდა არასოდეს: რომ ოდესმე დადგებოდა დრო, როცა მისი ხერხემალი გაიხსნებოდა და ამ სხეულიდან ამოფრინდებოდა...  ამოფრინდებოდა და გაფრინდებოდა შორს, ძალიან შორს, რომელიღაც ვარსკვლავისკენ და ამ ვარსკვლავში დაიბუდებდა!..

ერთი-ორჯერ ხმამაღლა თქვა კიდეც ამის შესახებ, მაგრამ ისე უცნაურად შეხედეს, რომ შეეშინდა: "ვინმეს გიჟი ვეგონებიო" და... გაჩუმდა! და მიუხედავად ამ გაჩუმებისა, საოცრად უყვარდა ვარსკვლავებიანი ცის ყურება. სულ ცისკენ ჰქონდა მიმართული მზერა. განსაკუთრებით უყვარდა სირიუსი... როგორც კი დაინახავდა ცაზე ანთებულ ამ კაშკაშა ვარსკვლავს, გული უცნაურად ტკბილად ეკუმშებოდა და საოცარი ნოსტალგია ეუფლებოდა... 

ნოსტალგია, მაგრამ - რისი? ვარსკვლავის?...

"ნოსტალგია" ხომ სამშობლოს სიყვარულს ნიშნავს?!.. მაშინ რატომ დაეძებს ასე ამ ვარსკვლავის შორეულ ციალს?.. რა უხილავი სიმი აკავშირებს მასთან?... აღარ ახსოვდა, აღარაფერი ახსოვდა თაიას იმ სამყაროს შესახებ, რომელსაც კოსმიური სამყარო ჰქვია!

თეონა თავს გადაიქნევდა, ხელს აუქნევდა-ხოლმე ამ "უაზრო" ფიქრებს და თვალებს ხუჭავდა, რომ შემთხვევით არავის დაენახა თვალის უპეებში მიმალული ცრემლები.   

და კიდევ ერთი უცნაური გრძნობა აოცებდა თავადვე და პასუხს თავადაც ვერ პოულობდა: ძალზე იშვიათად, მაგრამ მაინც, თუ ვინმე უსაფუძვლოდ დატუქსავდა ან აწყენინებდა, საოცარი სურვილი უჩნდებოდა, რომ ეყვირა: "გაჩუმდით, გაჩერდით, თქვენ არ იცით ვინ ვარ!..." მაგრამ თუ ვინ იყო სინამდვილეში, ეს თავადაც აღარ ახსოვდა, იმდენად ღრმად იყო ჩამარხული მასში მისი თაიობა, ამიტომ კვლავ სიჩუმეს ამჯობინებდა და ცრემლმორეული მხოლოდ განზე დგებოდა...

***
მამა-ღმერთის სამყოფელი.

თეონა...
მაგრამ, როგორ განვასხვაოთ თეონა-სხეული და თეონა-სული?
მოდით, სულს თეოს დავარქმევ, დროებით, მანამ, სანამ თეონას სული მის საკუთარ სხეულს დაუბრუნდება, კარგი?

თეო იმ საოცარ ბაღში სეირნობს, რომლის ნახვის სურვილითაც წამოვიდა აქეთ...
"აქ ბევრ რამეს ისწავლიო," - დაპირდა მას ქვეყნის მეუფე, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ აქაურობას ეჩვევა, აქაურებთან ურთიერთობას სწავლობს...  სწავლობს, როგორ გაარჩიოს "მოჩვენებითი" - "ჭეშმარიტისაგან"... როგორ თესოს სიკეთე ისე, რომ სამაგიეროს არ ელოდოს... როგორ უყვარდეს ისე, რომ სხვისი ბედნიერებით იყოს ბედნიერი... როგორ უხაროდეს სხვისი სიხარული...

მაგრამ თეოს არავინ ასწავლის, როგორ მოიქცეს, თუ პირისპირ შეეჯახება ვერაგობას, ღალატს, გაუტანლობას!... სამაგიერო გადაუხადოს? თუ თავად არაფერი მოიმოქმედოს და ღვთის სამსჯავროს დაელოდოს? ღმერთი ხომ დიდია და სამართლიანი?!... განა დაუშვებს მისი შვილის დაჩაგვრას?!...
მაგრამ, განა ჩვენ, ყველანი, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ღვთის შვილები არა ვართ?... მშობლებს ხომ ერთნაირად უყვართ შვილები, მორჩილებიც და ჯიუტებიც, ცელქებიც და მშვიდებიც?!...

არ იცის თეომ... ჯერ არაფერი იცის!!!

იცის მხოლოდ, რომ ელის... ელის რაღაცას და თავადაც არ იცის, - რას!

და აი, ერთ მშვენიერ დღეს ასეთი შეგონება მიიღო ღვთისგან:
"სიყვარული, სიძულვილი, ლოცვა და წყევლა, ოთხივე „ბუმერანგია”, უზუსტესად გათვლილი!
დალოცე ირგვლივ ყოველი, თუ გინდა დალოცვილი იყო!
ნუ დაწყევლი ნურავის, თუ არ გინდა დაწყევლილმა იარო!
გიყვარდეს ირგვლივ ყოველი, თუ გინდა უყვარდე ყველას!
რასაცა გასცემ, - შენია!
რასაც გასცემ, ის არის შენი მხოლოდ!
სიყვარული სულს არგუნე და არა სხეულს! სული მრავალ სიყვარულს იტევს და რაც მეტია სიყვარული, მით უფრო ბრწყინავს იგი!
სხეულს პირიქით ემართება! რაც უფრო მეტი უყვარს, მით უფრო კი არ ივსება, არამედ იცლება! „ცარიელი სხეული” კი არავის უყვარს! ამიტომ, გიყვარდეს სულით და არა სხეულით!" 

დაფიქრდა თეო.
საოცარმა შეგონებამ სულის ყველა სიმი ერთად აახმიანა. მიხვდა, რომ ეს იყო ის, რასაც ამდენ ხანს ელოდა! ხომ თითქოს ყველასთვის ნაცნობია ის, რაც მას ახლახანს უთხრეს?!
რამხელა ძალაა ამ სიმარტივეში?!...
და ჭეშმარიტებაც ხომ სიმარტივეშია?!!!

(გაგრძელება აქვს!...)


P.S.  ვინც დაინტერესდა ამ რომანით, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობისაა, შეუძლია შეიძინოს წიგნი, მღაზიაში "საუნჯე +",  რომელიც მდებარეობს რუსთაველზე, ყოფილი "ლაღიძის წყლების" ეზოში.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს