ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2016


* * *

უკანასკნელი დღეებია, რაც მარტო ვებრძვი
უუშენობით გამოწვეულ დღეთა სიმრუდეს,
თავიც ყველასგან გავირიყე და შევიზღუდე:
წერილის წერა, მოკითხვები და თითქოს ბერწი
დედაკაცივით დავტრიალებ ჟანგიან საწოლს,
რაოდენ მძაფრად მაქვს გამჯდარი მისი ჭრიალი
სხეულში, ტვინში, ფრჩხილებშიც კი, როცა ვწრიალებ
ძილდაკარგული და ჩემ ოთახს არავინ არწევს,
რომ თავბრუსხვევით მომეგვაროს ძილი, როგორმე,
სასმელიც მორჩა, მასაც ვეღარ მოვიშველიებ...
ვეღარც სიზმრებში გავერთობი, მშვიდ და მშვენიერ,
უცხო ასტრალში. მაგიდაზე მრჩება მალარმე,
იქვეა ბროდსკიც, თუმც ორივე კარგა ხანია
შემომეღეჭა, უკეთ რომ ვთქვათ, დავიზეპირე
მძიმე სიტყვების სიმსუბუქე, მსგავსად ზეფირის,
მაგრამ სიზმარი ვერ ვიხილე ჰარამხანიდან,
ძილის ღმერთების სამყოფიდან, სადაც ჰიპნოსი,
ანგელოზივით ღამეს მითევს ისევ საძილე
არტერიაზე და მოკლდება ყველა მანძილი
გაღვიძებამდე, ცხელ ყავამდე და პაპიროსის
ნელი მოწევით მიღებული, ასგზის მოგვრილი
სიამოვნებით, სიამაყით, კიდევ ათასი
მსგავსი შეგრძნებით, უჩვეულოდ კარგი პათოსით-
ამ ყველაფრამდე, წერტილამდე და გადმოღვრილი,
უძილობიდან წინა ღამის, დამღლელ ხმაურით,
რომელიც უკვე წლებია, რომ ყურში ჩამესმის...
შემოვიჩვიე ეს ხმები და უწინ ამრეზად
რომ მივიჩნევდი, შევიყვარე, ჰო, უცნაურად,
უფრო სათუოდ, უფრო რთულად, უფრო ეჭვითაც,
დამეჯერება ასეთი რამ, მეტადრე პოეტს,
რომელმაც შვება გონის ამშლელ ბგერებში ვპოვე,
რაც მარტო დავრჩი, მაგრამ უკვე ვეღარ შევწყვიტე
ამაზე ფიქრი, რა ხანია უშენოდ ვებრძვი
უუშენობით გამოწვეულ დღეთა სიმრუდეს,
თავიც ყველასგან გავირიყე და შევიზღუდე:
წერილის წერა, მოკითხვები და თითქოს ბერწი
დედაკაცივით დავტრიალებ ჟანგიან საწოლს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები