ნაწარმოებები



ავტორი: მელ.ზ.
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2016


La Poésie

ჩემს მყუდრო ფიქრში შემოხვედი,
როგორც ამინდში მძაფრი ყინვა,
ყინვა - სამყაროს შემზარავად ჩუმი ხმაური.
ტკივილი ბოლო ზამთარივით, ძვლებში დარჩა და გაიყინა..
რა ტრაგიკულად მშვიდი ხარ და რა უცნაური-
ყოველი ჩვევით,
უხმო ღელვით,
ბასრი სიმშვიდით,
ქარის დუდუნით,
გაფითრებულ დღეთა ზამთრობით..
როგორ უხდება მეცხრე ცაზე განცდებს სიშიშვლე,
მძაფრ ემოციებს - შეგრძნებების პიკთან დათმობა.
აღელვებს ისევ თეთრ თებერვალს მკვდარი ბეღურა.
უსაზღვრო ლოდინს - გაცრუების მკვეთრი მახვილი.
მოხუცებულა დრო და სულიც მოხუცებულა,
დაბერებულან თარიღები,
გზები,
სახლები..
გაუსაძლისი სიმშვიდე დგას, მოჩვენებითი.
შენ სახლობ ჩემში, როგორც ყინვა ზამთრის ბექობზე.
მესაუბრება ღამის ქარი - მორზეს შეგირდი,
დუმილის სანდო ჟღერადობა დავიმეგობრე.
ფერმკრთალი მთვარე მორცხვად ცურავს ღრმა ცის ძარღვებში,
შვება სულ უფრო შორია და უცხო ჩრდილებით
ყოველი ღამის იდუმალი გაჩირაღდნება
წინათგრძნობაა -
სუნთქვასავით გამიხშირდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები