ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2009


XXX

ამეკვიატა ახლადნაშობ ჩვილის ტირილი,
ასლუკუნდება... გადაფარავს ქალაქის ხმაურს.

და რადგან ჩემს მეტს ხმა არ ესმის
მწარე ტირილის,
თავს ვეკითხები - რამე ხომ არ გადამავიწყდა?
შეშინებული, სულს ვიქექავ, როგორც ღრმა ჯიბეს
თან ხმის კანკალით ვეკითხები ტირილს ახლიდან -
ხომ არაფერი დაგიშავე, შვილო, შემთხვევით?
ხომ არ დაგტოვე სიცივეში თბილი სახლიდან?

იქნებ ოდესმე მოღალატე დედა ვიყავი,
იქნებ ოდესმე მოგიგლიჯე თბილი გულიდან,
ან სადედინაცვლოდ გადაგიგდე ჭუჭყიან ქალაქს,
ალბათ, პატარავ ჯერ არ იცი სიტყვები თორემ,
ტირილის ნაცვლად, საცოდავად დამიძახებდი,
რომ შენი წილი მოგეთხოვა სიყვარულიდან!

ამეკვიატა ახლადნაშობ ჩვილის ტირილი...
ხალხი არა ხართ? უპატრონეთ!!!
მოგიკვდა დედა...
ნეტავი მართლა ჩემი სისხლის ნაწილი იყო,
ნეტავი მართლა ჩემი ხორცის ნაწილი იყო,
ნეტავ, ღმერთს ასე ვუყვარდე, ნეტავ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები