ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2016


და ჩვენ რა გვერგო?

ცაზე,ასტროლოგების ასწლეულობით
ნანატრი კომბინაცია.
ჩვენ კი,მინდორში მხარშექცევით მწოლიარენი,
შვილების სახელებს ვარქმევთ ვარსკვლავებს.
შვილების,რომლებიც არასოდეს გვეყოლება
ან მხოლოდ ცალ-ცალკე,
რადგან ხელისგულზე დამჩნეული
ხაზები არ იკვეთება.
ის ხაზები ამეტყველდება
ჩვენს დროებითობაზე,
ზეშთაგონებით, გვიქადიან კენტად სიარულს,
იმ კიბეებზე,
რომლის ბოლოშიც, კმაყოფილებაა ჩაფიქრებული.
ჩვენ კი ცალ-ცალკე დავდივართ,
ბედნიერების და
იმ ბედნიერი ერების კვალს აცდენილები,
რომლებიც იშვნენ უჩვენოდ,
იშვნენ მარტოობის ასწლეულებში,
გამორჩეულებად,
მილიონებში ერთეულებად,
პროცენტების მეასედების გათვლით.
და ჩვენ რა გვერგო?
მთვარის შუქზე ბანაობა,
მინორულ გამებზე ცეკვა თუ
ლანდების დევნა სარკეში,
და არც ისინი გახდნენ ჩვენები, ჩვენიანები,
მხოლოდ გვეძახდნენ,
ძლივს გასაგონი შეძახილებით,
დაჟანგულ ხმებით.
მხოლოდ მათი დამახინჯებული სახეები გვახსოვს,
იარებად ამოტვიფრული პიქტოგრამებით,
შეუცნობელი სიმბოლოებით,
პირთან აკრული ალიკაპებით,
გაწეწილ თმებში მიწის სურნელით,
და ჩვენ რა გვერგო?
სიზმრიდან გამორკვეულები,
უკუნეთში თვალებს ვაცეცებთ,
საკითხავად გარდაცვლილ წინაპართა
დაგვრჩა დღიურები,
ირიბი ხელწერით,
აქა-იქ გაცრეცილი ფოტო-სურათებით,
გადახაზული თარიღებით.
ჩვენ ახლაც
ზურგშექცევით ვდგავართ,
შეუსაბამო გულისცემებით,
ვერშეწყობილი ხასიათებით.
ის მაინც ვიცით,
რომ კიდევ ბევრია,
ვინც ხელის გაშვება არჩია,
კიდეც მიიღო მოგება.
ის მაინც ვიცით,
რომ ზოგჯერ ბედის არსებობასაც უნდა შეეგუო,
რომ ერთხელ ვერ აირჩევ ამინდს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები