ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
29 ნოემბერი, 2016


მ ე ხ ა ნ ძ რ ე


...ცეცხლმოკიდებულ მრავალსართულიან სახლთან ვდგავარ და ზემოთ ვიყურები, ისეთი ძლიერი ხანძარია ყველა სართულის ფანჯრიდან ცეცხლი გამოდის. მიკვირს, რატომ არ მაქვს წყალი, რატომ არავინ არის გარშემო, მინდა ვიყვირო, მაგრამ ვერ ვყვირი... ამ დროს ცეცხლმოკიდებული ფანჯრიდან ბავშვი ვარდება... ვარდება და თითქოს ცაში ეკიდება ისე ნელა ეშვება. ჩამესმის ხმა :
- დაიჭირე ნიკო, დაიჭირე...
ვცდილობ გავიქცე ბავშვისკენ რომ იქნებ დავიჭირო. ვერ გავრბივარ... ძალიან ნელა და გაჭირვებით მივიწევ წინ. რატომ ვერ გავრბივარ?!.. ამ დროს შენობის მეორე მხარეს, ფანჯრიდან სხვა ბავშვი ვარდება, ისიც ცაში ეკიდება... სხვა ხმა ჩამესმის  - დაიჭირე ნიკო, დაიჭირე... ახლა ვცდილობ, მეორე ბაშვისკენ გავიქცე. მაგრამ მაინც ვერ გავრბივარ. მერე მესამე ბავშვი ვარდება და ისევ ხმა მესმის...
- დაიჭირე ნიკო, დაიჭირე...
ერთი, ორი, სამი ბავშვი...
ერთი ნაბიჯი, ორი ნაბიჯი, სამი ნაბიჯი...
სხვადასხვა ხმა ერთად ჩამძახის - დაიჭირე ნიკო, დაიჭირე... ქალის ხმა, კაცის ხმა, მოხუცის ხმა, ყველა ერთად დამყვირის:
დაიჭირე ნიკო, დაიჭირე...
ნიკო დაიჭირე...
დაიჭირეეეეეე...
მაღლა ვიყურები და ვითვლი, ერთი ბავშვი, ორი ბავშვი, სამი ბავშვი... ვცდილობ გავიქცე... დავიჭირო, რომელი დავიჭირო? ერთი, ორი, სამი. ერთი, ორი, სამი... მე კიდევ ვერ გავრბივარ, ამ დროს კიდევ ვარდება ბავშვი... ოთხი... მერე სულ ზედა სართულიდან... ხუთი... ნაბიჯს ვადგამ გაჭირვებით, ხელებს ვშლი, მაღლა ვიყურები და უცებ საიდანღაც წყალი მესხმევა თავზე.

- ნიკო. - შუბლზე ცივი ხელის შეხება მაღვიძებს. თვალებს ვახელ და ჩემს ცოლს, თინას ვხედავ. - გაიღვიძე ნიკო! - ამ ქალს სულ ცივი როგორ აქვს ხელები, გავიფიქრე და წამოვჯექი ლოგინში. - ისევ ის სიზმარი ნახე?
- ხო. - გონზე მოსასვლელად, სახეზე ხელები ავიფარე, მერე თმაზე გადავისვი.
- უკვე მეორედ ამ კვირაში.
- რომელი საათია?
- შვიდი. - თინა ადგა ლოგინიდან, ჯერ ისევ ხალათში იყო გახვეული. ოფლისგან მაისური სულ დამსველებოდა. - რაღაც უნდა ვიღონოთ ნიკო. - წამოვდექი, მაისური გავიხადე და სააბაზანოში გავედი. სახეზე ცივი წყალი შევისხი, ჩემს თავს სარკეში ვაკვირდებოდი. მერე შევიმშრალე სახე და ჩემდა უნებურად, თვალებზე ხელი ავიფარე. ისევ ის ხმა ჩამესმოდა, და იგივე სურათს ვხედავდი დახუჭული თვალებით. ორი წელი გავიდა და მაინც ვერ მოვახერხე გათავისუფლება. ხშირად ვდგავარ ასე, სახეზე ხელებაფარებული, ვცდილობ მოვერიო თავს. ვცდილობ, მაგრამ ამაოდ...
სამზარეულოში შევედი, ჩემი ჭიქა ავიღე, კარადიდან ყავა გამოვიღე და ახალი ჩვევის გამო კოვზით ჩავიყარე, ადუღებული წყალი დავასხი და მაგიდასთან მივიტანე. ყოველი დილა იწყება ასე, ყავით და უკვე ორი წელია ხანგრძლივი მორევის პროცედურით. ადრე არ ვიყრიდი ყავას კოვზით, არც არასდროს ვურევდი, ჭიქის ფსკერზე დაყრილ ყავას ცოტა წყალს დავასხამდი, ჭიქას შევანჯღრევდი, მერე ბოლომდე ვავსებდი და სულ ეს იყო. ახლა ასე აღარ ვიქცევი, ახლა ვურევ, ხანგრძლივად. მუსიკასავით ჟღერს კოვზის კაკუნი ჭიქაზე.  ვაკვირდები ქაფის ბუშტუკებს როგორ მოძრაობენ რიტმში. ერთად თავს როგორ იყრიან და ყავის მორევში ქვევით ეშვებიან, ყველა ერთად. ეს ბუშტუკები თითქოს მე ვარ, მეც და სხვებიც, ყველაზე მეტად კი საშა, ჩვენი ოცმეთაური. ჩვენ ორივე ასე პირქვე დავეშვით მორევში და ვეღარ ამოვყვინთეთ.
ჰო. ეს ჩვევა საშასგან გადმოვიღე. მას უყვარდა მორევის პროცესი. 4 კოვზ შაქარს იყრიდა ხოლმე და დიდხანს ურევდა. რამდენჯერ გავსულვარ ოთახიდან მას რომ ჩაის მორევა დაუწყია, ყურებზე ხელებიც ხშირად ამიფარებია, მაგრამ არასდროს მითქვამს გაჩერებულიყო. მართალია ახლო მეგობრები ვიყავით, მაგრამ მაინც უფროსი იყო და ზედმეტს არასდროს ვაკადრებდი. მე და საშას უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. ოთხი წელი ვიმუშავეთ ერთად, ყოველთვის დიდი იმედი გვქონდა ერთმანეთის. შემთხვევაზე ყოფნის დროს კი ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ბრიგადის ბიჭებიც ძალიან დიდი პატივით ეპყრობოდნენ, ის ძალიან კარგი მეთაური იყო. ეს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა და ჩვენც მისი ხათრით ვეგუებოდით, თუმცა პირდაპირ ტვინში გვირტყამდა კოვზის მონოტონური რაწკუნი.
რაც ერთად აღარ ვმუშაობთ მას მერე ყავას ხანგრძლივად ვურევ კოვზით. ხანდახან დროის შეგრძნებაც კი მავიწყდება, ვურევ და ვფიქრობ...
- ღვთის გულისათვის ნიკო, გააჩერე ეგ კოვზი! - თინას ხმამ გამომარკვია, ვერ შევნიშნე როდის შემოვიდა სამზარეულოში. ორი პატარა ტაფა დადგა ქურაზე, ზეთი ორივეგან დაასხა, მაცივრიდან კვერცხი გამოიღო, კარადიდან - მაკარონი. ერთბაშად აპირებდა ორივეს გაკეთებას. ღრმა თეფშში კვერცხები ჩაახალა, მერე ერთ - ერთ ტაფაზე მაკარონი დაყარა, ჩანგალი აიღო და კვერცხის თქვეფას შეუდგა. უცებ აურია და დაასხა მეორე ტაფაზე. მერე მაკარონს ამოურია, მერე კვერცხი გადააბრუნა, მერე ისვ მაკარონს ამოურია... კვერცხი თეფშზე გადმოიღო და კიდევ გატეხა, ათქვიფა და დაასხა ტაფაზე... ძალიან სწრაფი ხელი აქვს თინას და ლამაზი, თლილი გრძელი თითები, სიდიდის მიუხედავად საოცრად ნაზია, მაგრამ სულ ცივი.
- უნდა წამოხვიდე მაგ სამსახურიდან ნიკო. ასე გაგრძელება არ შეიძლება. - სამი ულუფა კვერცხი გაამზადა, ჩემთვის და ბავშვებისთვის. თეფშები მაგიდაზე დააწყო. - გამოჩნდება რამე სამსახური, მთავარია მაქედან წამოხვიდე. სულაც უმუშევარი რომ იყო, ჩემს ხელფასს ვიმყოფინებთ.
- კარგი რა თინა. არ გამოვა მასე.
- მაშინ ექიმთან მიდი ნიკო, იარე ფსიქოლოგთან.
- გეხვეწები თინა, ნუ დაიწყებ დილიდან...
- შენ რომ რამე მოგივიდეს, მერე?
- რა უნდა მომივიდეს?! კარგი რაა.
- თითქმის ყოველი მორიგეობის მერე კოშმარები გესიზმრება, გაგიჟდები ნიკო. ცოდო ხარ. - ზურგზე მომეკრა და კისერზე მომეხვია.
- ნუ გეშინია თინა კარგად ვიქნები. - ხელზე ხელი დავადე. მან კი კისერში კოცნა დამიწყო. ოხ როგორ არ მინდოდა ახლა მისი ალერსი, მაგრამ ვერ მოვიშორე, არ მინდოდა მეწყენინებინა. რატომღაც ჰგონია რომ მისი გადამეტებული მზრუნველობა და ყურადღება მჭირდება. თითქოს მიცავს ცუდი არაფერი ჩავიდინო. არადა პირიქითაა ყველაფერი, მარტო, ჩემთვის ყოფნა მირჩევნია. ისე მინდა ვიყო, არავინ რომ არ მიმჩნევდეს, ვითომ არ ვარსებობ.
- ნიკო...
- ნუ გეშინია, არაფერი მომივა. - გავუმეორე და წამოვდექი.

***
ორი წლის წინ, ჩემი მორიგეობის დროს, გამთენიისას ზარი შემოვიდა. კორპუსის მესამე სართულის ბინა იწვოდა. ცეცხლი დენის გამათბობელიდან ღამით გაჩნდა. გამთენიისას შეამჩნია მოპირდაპირე კორპუსის მცხოვრებმა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივედით, სრული შემადგენლობა, ორი მანქანით გავედით. ბრიგადის თერთმეტივე წევრი მობილიზებული იყო. რომ მივედით ადგილზე საშინელი მდგომარეობა დაგვხვდა, ძლიერი ხანძარი და გვიანი რეაგირება. შანსი თითქმის არ იყო... შიგნით მოხუცი ქალბატონი და 3 წლის ბავშვი იმყოფებოდნენ...
საშამ მითითებები მოგვცა. შლანგები გავშალეთ... მე დავალება მქონდა, კიბე მიმედგა და გარედან შემესხა წყალი...
საშა ბიჭებთან ერთად ზემოთ ავიდა. კარი შეამტვრიეს. შესასვლელი და მისაღები ოთახი სრულად ცეცხლში იყო გახვეული...
ბავშვი?..
დრო აღარ იყო...
არც შანსი...
საშა ცეცხლში შევარდა, გაიარა ყოველდღიური ოთახი სადაც ცეცხლის კერა იყო. სავარძელში მოხუცი ქალი ცეცხლში იყო გახვეული...  სუნთქვა შეუძლებელი იყო, საძინებლის კარს ცეცხლი ეკიდა, შიგნით ნოხსაც... საშა საძინებელში შევიდა...
ბავშვის საწოლი ცარიელი იყო.
სად არის?..
ბავშვი, სად არის...
კარადა... ბავშვები კარადაში იმალებიან. კარი გამოაღო, ბავშვი იქ იყო, მოკუნტული, კანკალებდა შეშინებული, არ ტიროდა. საშამ ფორმის ზედა გაიხადა, ბავშვი გაახვია და ხელში აიყვანა.
გავიდოდა?..
ვერ გავიდოდა. მეხანძრეების ძახილი და წყლის ხმა ესმოდა, მაგრამ ჰაერი აღარ იყო, ვეღარ სუნთქავდა.
ფანჯარა...


ორივე მანქანა კორპუსთან ახლოს მივაყენეთ, კიბე გავშალეთ და მივადგით, შლანგი მოვიმარჯვე და კიბისკენ წავედი. ის იყო ასვლა უნდა დამეწყო, რომ მაღლა ავიხედე... ფანჯარაში საშამ თავი გამოყო, ჩვენი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს და...
ღმერთო...
საშამ ბავშვი ფანჯრიდან გადმოაგდო...
- დაიჭირე ნიკო, დაიჭირე.
ღმერთო ჩემო...
სხვა გამოსავალი არ იყო...
მან ბავშვი გადმოაგდო... გადმომიგდო.
- დაიჭირე ნიკო, დაიჭირეეე...
მისი ხმა, საშინელი, სასოწარკვეთილი... მუდარა...
- დაიჭირე ნიკო, დაიჭირე...
შლანგის სახელური ხელიდან გამივარდა, გავიქეცი...
ერთი ნაბიჯი... ორი ნაბიჯი... სამი ნაბიჯი...
თითქოს დრო გაჩერდა, ისე გაიწელა, ბავშვი ჰაერში დაეკიდა...
ერთი წამი... ორი წამი... სამი წამი...
ხელები გავშალე. დავიჭერ და ჩავიხუტებ, გავიფიქრე... გაშლილ ხელებზე დამეცა ბავშვი. მძიმე იყო, წინ გადამძლია. ხელები მოვხარე, მკერდზე მივიხუტე, მუხლებზე დავეცი და შუბლით მიწას დავენარცხე.
საშას ხმა ზარივით ჩამესმოდა. ერთი ნათქვამი: „- დაიჭირე ნიკო, დაიჭირე“, გამუდმებით მეორდებოდა. წამები საუკუნეებად იქცა. დროის შეგრძნებაც დავკარგე და საკუთარი თავისაც. ვიღაცის ძლიერმა ხელმა წამომაყენა. ბავშვი გამომართვა ხელიდან და ზურგზე ძლიერად დამარტყა ორჯერ.
- ადექი ნიკო. გონს მოდი!
ვერ ავდექი... სხეულს ვეღარ ვგრძნობდი. ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ღმერთო, ეს რა იყო... წამოვიწიე, სახეზე ხელები ავიფარე... ღმერთო, საშა... ეს რა ქენი?! - დიდხანს ვიჯექი მუხლებზე, სახეზე ხელები მქონდა აფარებული, ისევ ხმა ჩამესმოდა და ბავშვს ვხედავდი...
ბავშვი გადარჩა, ქალს ვეღარ უშველეს, ცეცხლმოკიდებული საშა კი ბიჭებმა გამოიყვანეს, მაგრამ გვიანი იყო... იმ დღეს საშას აირწინაღი არ ეკეთა.
რატომ არ გაიკეთა? მას ხომ შეცდომა არასდროს დაუშვია. რაღა იმ დღეს არ გაიკეთა აირწინაღი... რაღა იმ დღეს არ გვახლდა სამაშველო ბრიგადა, გასაბერი ლეიბები რომ გვქონოდა... ან იქნებ რომ გადმომხტარიყო გადარჩებოდა.
მე ბოლო ვიყავი, ვინც ის დაინახა, ვისაც მან დაუძახა...
მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლა.
ღმერთო, რატომ არ ავდექი, რატომ არ ავედი მასთან მაღლა? რატომ არ შევვარდი მეც მასავით ცეცხლში მის საშველად? რატომ, რატომ, რატომ?..
საშა მკვდარია, მე კი ხშირად ვდგავარ სახეზე ხელებაფარებული და ვისმენ როგორ დამძახის და ვხედავ როგორ მესვრის სამი წლის ბავშვს...
ყოველი დილა იწყება იმ ერთი დღის დავიწყების მცდელობით და ყავის ხანგრძლივი მორევით.
ვერ წამოვალ სახანძროდან. ვერ წამოვალ! იმიტომ რომ, ასე მგონია, ეს საშას ღალატი იქნება. მე კი მას ვერ ვუღალატებ.
ახლა მარტო ნიკო არ ვარ, ახლა საშაც ვარ...
უკვე ორი წელია...

29.10.2016
02:30
ვუძღვნი დიმა მარგველაშვილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები