ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
16 იანვარი, 2009


და ცა გალობდა სიყვარულის ჰიმნს

      მაყრიონის ხმაური იკლებდა ირგვლივ ყოველივეს. ყველა აღფრთოვანებით მოელოდა პატარძლის გამოჩენას და ისიც გამოჩნდა. პატარძალი - ამაყიც და მორცხვიც, და ეს ისე იყო ერთმანეთთან შეხამებული, რომ კიდევ უფრო მეტ სილამაზეს მატებდა ისედაც ლამაზ ქალს. ცისფერ თვალებში სევდა მოუჩანდა და არ ეტყობოდა ის სიხარული, რაც აუცილებლად უნდა ჰქონოდა თვალებში. ყველა ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა და მოწონების ნიშნად  იღიმებოდნენ. ნეფის თვალებში კი მხოლოდ სიყვარული იგრძნობოდა, ირგვლივ მყოფთ მადლობას უხდიდა და ხანდახან პატარძალს თავმომწონედ გადახედავდა, თითქოს ამბობდა: "აი, რა ლამაზი ცოლი მეყოლებაო." თუმცა ქალის სახეზე ღიმილი მაინც არ ჩანდა, ის ღიმილი, რომელიც ძლიერ დაამშვენებდა მის თეთრ, მომხიბლავ სახეს. რაკი პატარძალი მოწყენით დაინახეს, გაიხსენეს მისი ძველი სიყვარულიც, თან ერთმანეთს აჩუმებდნენ, არ გაგვიგონო, თუმცა ყველამ იცოდა, რომ გოგონას სიყვარული დიდიხანია მიწაში იდო და ახლა მას უსიყვარულოდ ათხოვებდნენ მშობლები...
        არ უნდოდა...მხოლოდ ერთი წელი იყო გასული მისი სატრფოს გარდაცვალებიდან და როგორი მოღალატე აღმოჩნდა ახლა ქალი, როგორ ვერ შეინახა სიყვარული, ვის უნდა გაუყოს გრძნობა, გრძნობა, რომელიც ერთი წელია დამარხა. ნუთუ ისიც ასე მოიქცეოდა, ნუთუ ადამიანებს მართლა ყველაფერი შეუძლიათ. სად წავიდა დაპირებები და ფიცი, ნუთუ ახლა უნდა გატეხოს ის ფიცი, რომელსაც ასე წმინდად ატარებდა გულში. ვისი შვილის დედა უნდა გახდეს? ვისი მეუღლე უნდა დაერქვას? "ვიღაცის, ვიღაცის..." იმეორებდა არეული ტვინი. ახლა "ვიღაცაა" მისთვის ყველა და არც აინტრესებს ეს "ვიღაცა" ის იქნება ვისაც ცოლად მიჰყვება თუ ვინმე სხვა. გული შეეკუმშა, კიდევ უფრო აფორიაქდა, ირგვლივ ვერავის ამჩნევდა, მხოლოდ მისი სახე წარმოუდგა, რომელიც გაბუტულივით უყურებდა.
        უცებ მოეგო გონს. საქმროსთან ერთად უკვე მანქანაში იყო და საყდრისკენ მიეშურებოდა. პატარძალმა ნეფეს სასაფლაოზე წაყოლა სთხოვა. ვაჟი დაიბნა, მაგრამ არ უნდოდა მისთვის პირველივე სურვილზე უარი ეთქვა და ამიტომ შეუსრულა თხოვნა.
      ქალი მარტო გადავიდა, სთხოვა არავინ გაყოლოდა. უცებ დამშვიდდა, დაძაბულობა მოეხსნა. ახლა თეთრ, საქორწინო კაბაში გამოწყობილი მასთან მიდის, მისთვის სანატრელთან...
      აი, საფლავის ქვაც...რამდენჯერ დაუნამებია მის ცრემლებს საფლავის მკაცრი ქვები, რამდენჯერ შებინდებია აქ, უყვარს ეს საფლავი, უყვარს მისი ქვები და სატრფოს გულზე დაყრილი მიწა ქალისთვის ყველა ცოცხალზე უფრო ძვირფასია.
    თვალებში შეხედა ვაჟის სურათს. "მღალატობო"-ეუბნებოდნენ თვალები. დაიძაბა, თითქოს ცხადად ხედავდა მის გულისწყრომას, თავის მართლებაც სცადა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ძალიან აირია, ფიქრი ფიქრს მისდევდა...
    მაყრიონი ლოდინით დაიღალა და ვაჟი იმ მხარეს გაიმართა, სადაც საცოლე ეგულებოდა. ხმაური უცებ მიწყნარდა, ნეფის გაბმული ღრიალი ისმოდა სასაფლაოდან... ყველა გაშეშდა, ვაჟს მკლავზე გადასვენებული მოჰყავდა პატარძალი, რომელსაც სამუდამოდ დახუჭვოდა ლამაზი, ცისფერი თვალები...
      საქორწინო სუფრა ქელეხის სუფრად გადაექცათ გაუბედურებულ ჭირისუფლებს. გოგონა თავისი ერთადერთი სიყვარულის გვერდით დაკრძალეს... ახლა მათ უკვე საერთო ბინა ჰქონდათ და იდგა მათ საფლავზე გულდამწვარი ნეფე, რომელიც თავის სიყვარულს ტიროდა...
    სასაფლაოზე შაშვების გალობა ისმოდა. მზე საამურად ანათებდა, სიო კი კრძალვით დაჰქროდა ცადაწვდილ კიპაროსებს შორის, თითქოს ამბავს უყვებაო. მშვიდად ეძინა სასაფლაოს და ცა გალობდა სიყვარულის ჰიმნს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები