ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2016


ტყუი


სიკვდილმისჯილებს ჰგვანან ქარში ძველი ნავები,
ზღვა ღელავს ერთობ უმიზეზოდ ,უმისამართოდ.
ალბატროსები ამ ქარს ფრთებით ახურდავებენ,
სასაცილოა,პოეტი რომ თავთან კამათობს,
მაგრამ როდესაც ვეღარ ითმენს სულის ფორიაქს,
როცა ღრუბელსაც ენანება პირველი თოვლი,
როცა სამყარო,ყალბია და მონაგონია,
როცა ძნელია ბნელ ქუჩებში იმედის პოვნა,
პოეტიც ძველი ნავია და სიკვდილმისჯილი,
და ყოველ ღამე ეშაფოტზე შვებას მოელის,
რადგან ჩვევაში გადაზრდილი მისი შიმშილი,
ნეკნებში ამტვრევს სინდისსა და უმანკოებას.
ღამე ქურდივით გადაევლო სახლის სახურავს,
და ჰორიზონზე მოჩვენებებს ჰგვანან ნაძვები,
ირონიაა,სიკვდილიც ვერ დაიმსახურო,
შენც სოროებში,ვირთხასავით ისე დაძვრები,
რომ საკუთარმა აჩრდილმაც კი გიუკადრისა,
ასე მარტოსულს,მარტოხელას არავინ გიმჩნევს,
სიყვარულიც კი ახლა შენთვის მძიმე ბარგია,
რადგან ნავი ხარ და ფრთებივით დაეძებ ნიჩბებს,
რომ ამ სამყაროს გაეცალო როგორც კეთროვანს,
რომ მარტოობა ერთი ტალღით დაასამარო,
ხვდები,ღამეც კი შიგადაშიგ შენით ერთობა,
არც პოეზია აღარ არის სულის წამალი...
სიკვდილმისჯილებს ჰგვანან ქარში ძველი ნავები,
ზღვა ღელავს ერთობ უმიზეზოდ ,უმისამართოდ.
ალბატროსები ამ ქარს ფრთებით ახურდავებენ,
სასაცილოა,პოეტი რომ თავთან კამათობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები