ნაწარმოებები



ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
7 იანვარი, 2017


მელანოMANia

,,ჭეშმარიტი კაიფი სიფხიზლეა“
ირაკლი ჩარკვიანი
თავი ოცდამეორე
ამასობაში ორი კვირაც გაილია. ეს იყო ყველაზე უინტერესო და არაფრისმთქმელი პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, რომ შემეძლოს ამ დღეებს ერთიანად ამოვშლიდი ჩემი გონებიდან და ამ წიგნიდანაც ამოვხევდი ფურცლებს, სადაც ის მოთავდებოდა.
განუწყვეტელი თამაში, დალევა, ბორდელებში სიარული და ბოლოს კანაფიც კი, რომლის მოწევაზეც უარი წლების უკან ვთქვი, მაგრამ ყველა სიტყვას და პირობას გადავუხვიე, რაც თავთან ან უფრო მეტი, ღმერთთან დავდე.
აზარტული თამაშებისა და ბორდელის ისტორია წინა თავებში გაგიმხილეთ მკითხველსაც და მელანოსაც. ის ყველაზე მეტად ინტერესდება ჩემი ცხოვრების ბნელი მხარეების „გამონათებით“. ახალი და განსაკუთრებული „იქით“ არაფერი მომხდარა. ამ თავში კანაფთან დაკავშირებით მოგიყვებით, რაც თავს გადამხდა.
ის დღე ჩვეულებრივზე უკეთ დაიწყო.
ბულგარეთის საკონსულოს თანამშრომლის მანქანა დავაზღვიე. დიდი არაფერი, მაგრამ მაინც, ნდობის მომენტია, რადგან ის კაცი უკვე მესამეა, ვინც „ოქროს ქვიშებიდან“ საქართველოში გადმოცხოვრებულთა ან სტუმრად მყოფთა  შორის მანქანა ჩემთან დააზღვია. ისიც არ დამვიწყებია, რომ სადაზღვევო ისტორიების მოყოლას შეგპირდით და ვინძლო, შემდეგი თავები მათ ერთად აღწერას დავუთმო. მკითხველთან მაინც არ დავარღვევ დადებულ პირობას.
დღე თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდებოდა, უკვე დაწოლას და დაძინებას ვაპირებდი, რომ არა მეგობრის, ვიქტორის იგივე ვიტოს ზარი. საუკუნე არ ჰქონდა დანარეკი და ამიტომ გამიკვირდა მისი სახელი რომ დაეწერა მობილურის ეკრანს. მოვალეობის გამო მოხდილი, ერთფეროვანი მოკითხვების შემდეგ, პირდაპირ მკითხა:
-ბართლომე, „მწვანე ბოტასები“ რომ შევიძინე ჯერ არ გინახავს?
-არა, საიდან უნდა მენახა, მეთქი. რა თქმა უნდა მივხვდი ვიტოს კითხვის ნამდვილ აზრს.
მკითხველისათვის კი განვმარტავ, რომ „მწვანე ბოტასებით“ გადატანით მნიშვნელობაში მოიხსენიებენ კანაფს და ეს სლენგი, თუმცა გაცვეთილი და მრავალგზის ნაცადია, ხშირად მიმართავენ ხოლმე პირად (უფრო ხშირად სატელეფონო) საუბრებში კანაფის მწეველთა საზოგადოების წევრები, მათ შორის მეც და ვიტოც.
ისე დაემთხვა, რომ სახლში მარტო ვიყავი და ვიტოს ვუთხარი, რომ ჩაეცვა მისი ახალი „მწვანე ბოტასები“ და ისე ამოსულიყო ჩემ სანახავად. თან გამახსენდა, რომ ლინდასაც შევპირდი „მოსაწევით“ გამასპინძლებას და ვიფიქრე, ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავ, მეთქი.
ლინდა ჩემი მეზობელია. მხოლოდ მაშინ ვეკონტაქტებით ერთმანეთს თუ „მწვანე ბოტასების“  ახალი, შემოდგომა-ზამთრის კოლექციას უნდა გავეცნოთ. სწორედ ამიტომ, არასოდეს მიხსენებია აქამდე, შესაძლოა აღარც ვახსენო სხვაგან,  ყოველ შემთხვევაში კანაფთან მიმართებაში, რადგან წინასწარ ვიცი მთელი ამ ტექსტების დასასრული  და მიმიხვდით, რომ კანაფის ისტორიას აღარ მოვყვები.
თემას დავუბრუნდეთ. ლინდამაც ზედმეტი ფიქრის გარეშე გაიაზრა „მწვანე ბოტასების“ საკითხი და სანამ ტელეფონზე საუბარს მოვრჩებოდით, უკვე კარზე მიკაკუნებდა, რადგანაც, ჩემს ქვევით ცხოვრობს, მესამე სართულზე.
კუბოკრული პლედით, ზოლებიანი მაისურით, ჯინსის შორტით და „კოკა-კოლას“ შლიოპანცებით მეახლა მონატრებული მეზობელი. ყავა დავლიეთ და რამდენიმე წუთში ვიტოც მოგვადგა „სოფლის ნობათით“.
ეტყობა გზაში ვერ მოითმინა და მოწია, მისი ჩაწითლებული თვალები უტყუარი საბუთი იყო იმისა, რომ ვიტო უკვე „კარგად იყო“.
მოკლედ, შეიკრა „ბერმუდის სამკუთხედი“, ბერმუდის იმიტომ, რომ მოწევის შემდეგ ისე უგზო-უკვლოდ დავიკარგეთ, როგორც „Discovery“-ზე -ნანახ გადაცემებში, რომელიც ზემოთ ხსენებულ გეოგრაფიულ ადგილზეა.
„დაბოლილებმა“ Lana Del Rey-ს მოსმენა დავიწყეთ.
მე საშინლად „დავიგრუზე“, რადგან ხშირად ამ  სიმღერების ფონზე  მელანოს ვეფერებოდი ან ვეცეკვებოდი ხოლმე, აქაც კი მასთან მივყავდი ყველაფერს, რაც კიდევ უფრო მაფიქრიანებდა...
ვიტომ და ლინდამ ნარდის თამაში დაიწყეს. მე კი სოციალურ ქსელში შევიხედე და „Candy Crush Saga“-ს გადაულახავი ტურის თამაშით ვიჯერე გული და იმ დღეს ყველა „Facebook“ მეგობარს  გავუსწარი, როცა 1574-ე ეტაპზე აღმოვჩნდი.
მოწევიდან 15-20 წუთის გასვლის შემდეგ, ვიტო შეუძლოდ გაგვიხდა, რადგან ორგზის მოწეულ კანაფს, არაყიც მიამატა და მოკლედ, რომ ვთქვათ, აი მაშინ დაიწყო ნამდვილი „კაიფი“.
ლინდა და მე მომენტალურად გამოვფხიზლდით და ხელთ, გონების წასვლამდე მისული ვიტო შეგვრჩა, რომელიც მეორე ბოთლ „ნაბეღლავს“ სვამდა, პირში მომდგარი ზედმეტად უსიამოვნო სიმშრალის, ე.წ. „სუშნიაკის“ გამო.
რამდენიმეჯერ სახეში ხელი გაულაწუნა ლინდამ, მაგრამ გონზე ვერ მოიყვანა ვიტო.
მე ძალიან დავიბენი, არ ვიცოდი რა მექნა და ინსტიქტურად სასწრაფოში დავრეკე.
საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, მართებულად მოვიქეცი, რადგან სასწრაფოს მოსვლამდე ვიტო ვერ მოვიყვანეთ გონზე და გვეგონა, რომ უკვე იმ ქვეყნად იყო.
ჩვენ ბედზე სასმელიც გვქონდა დარჩენილი, რადგან გვეშინოდა სასწრაფოსთან ერთად პატრულიც არ მოსულიყო მსგავს გამოძახებაზე, როცა ახალგაზრდა ბიჭს გული უმიზეზოდ ან თუნდაც დალევის გამო წაუვიდა, მთავარი იყო, კანაფზე არავის მიეტანა ეჭვი.
არცერთს არ მოგვაფიქრდა, რომ ნიშადურით შევძლებდით ვიტოს მოფხიზლიანებას. სასწრაფოს ექიმმა კი, პირდაპირ ხალათის ჯიბიდან ამოიღო ის, როცა სახლში შემოვიდა, უბნის ინსპექტორთან და ასაკოვან მედდასთან ერთად.
საბედნიეროდ, ვიტო იმ წამსვე გამოფხიზლდა და როცა ყველანი დაგვინახა, მიხვდა, რაშიც იყო მდგომარეობა და დანანებით აღნიშნა, ამდენი არ უნდა დამელიაო...
მოკლედ, ექიმების დატოვებულ ფურცელზე, სადაც ვიტოს დიაგნოზი ეწერა, ამოვიკითხეთ ექიმებისთვის დამახასიათებელი, გაკრული ხელით ნაწერი წინადადება:
„პაციენტს აღენიშნება ძალიან ნელი გულისცემა, პულსი თითქმის არ ესინჯება და საჭიროებს პერმანენტულ მკურნალობას, რადგან მსგავსი შემთხვევის განმეორების შემთხვევაში, ვითარება შეიძლება ფატალური გამოდგეს“.
მათი წასვლის შემდეგ, ვიტომ გვითხრა, რომ გზაში ძალიან ბევრი მოწია და სწორედ ამიტომ შეიქმნა შეუძლოდ. ვეჩხუბეთ, რადგან მსგავსი საქციელი აქამდეც ჰქონდა გაკეთებული. ის საღამო, ნაცვლად მხიარულებისა და განტვირთვისა, ერთმანეთის ლანძღვა-გინებით და უხასიათოდ დავამთავრეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები