ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2017


"შენთან გასაგზავნი წერილი"

უკვე შობაა. შობამდე კი როგორ ვფხიზლობდი,
როცა ტაძარში ირგვლივ მყოფებს ჩამოეძინათ,
ეს შემთხვევითი არ ყოფილა, უფრო მიზნობრივ
სახეს იძენდა და ვიფიქრე, რომ მე მეტწილად -
ვაცალკევებდი მოგონებებს, მტერთა, მოყვასთა,
შემდეგ კი როცა სახარებამ ღამე გარინდა,
ტაძრიდან შენი საგალობლის ხმა გამომყავდა,
როგორც იესო გამოჰყავდა დედას ბაგიდან.
და სანამ მკერდზე, ფრესკასავით ამოგკაწრავდე,
საკუთარ თავში გავერკვიო უნდა სრულებით,
ჩემი ყველა გზა დღეს იმიტომ მოდის ტაძრამდე,
რადგან ტაძარში, ფერფლისფერო, შენ მეგულები.
არ მიპოვნიხარ, შენ ყოველთვის ჩემში იყავი,
რას მომისჯიან ძილისპირზე ნეტავ ღმერთები?
საკმარისია თვალი მოგკრა და შემიყვარდე.
წვიმიან ღამით, ელვის შუქზე როცა ენთები...
ხოლო ეს ღამე, ტკივილების შავი მამონტი,
მემილიონედ იცვლის პოზას, კბილებს სარძევეს,
მე ისე მინდა შენთან ყოფნა და არ გამომდის,
როგორც სიზმარში გვინდა ყველას თავის დაღწევა -
როცა მოგვდევენ, ანდა კიდევ როცა ვვარდებით
უფსკრულებისკენ, სიმაღლიდან, შენ კი უბიწო
თეთრი ტაძრიდან გამოდიხარ, ტაძრის ფარდები,
დაშვებულია და მე მინდა გამოვუღვიძო -
საკუთარ სხეულს, საკუთარი ძილის ეტაპი,
სანამ სიკვდილის ქარიშხლები დამიბერავდნენ,
მოვიდე შენთან და მაგ გულის სათუთ ზედაპირს,
მოვხსნა თავი და ჩავიძირო შენში ფსკერამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები