ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2017


ხელოსანი (ნაწილი IV. საჩუქარი)


                                                                                                                                    საჩუქარი ბრიყვსაც გაუხარდება.
                                                                                                                                                             
                                                                                                                                                                                   
                                                                                                                                                                          ძველი ეგვიპტური ანდაზა 



                  დარბაზობა და ლხინი ეშხში იყო შესული, როცა  ტაძრის უკიდეგანო ეზოში ქაოსი ატყდა, გამრიგეებმა მესაჩუქრეები მათთვის გამოყოფილ ადგილებზე გაამწესეს.  ორიოდ საათში ყველა თავის საჩუქართან  მუხლმოყრილი იდგა და ქვეყნის მთავარი ხაზინადრის მოსვლას ელოდა. 

          - ფარაონი, მზისსწორი ფარაონი მობრძანდება!  ყველა საჩუქარს  პირადად ნახავს...  -  ხმამაღალმა ძახილი  ტაძრის კედელს  მთელი ძალით მიაწყდა, ექოდ დაიშალა და მთელ შემოგარენს მოედო. 

              ექოს გამოძახილი  ჯერ ჩამცხრალიც არ იყო,  ფარაონის პირადი დაცვა მწყობრად განლაგდა  მთელ შიდა პერიმეტრზე.    როგორც კი ტაძრის ფონზე მისმა ამალამ გაიბრწყინა, ყველას მიწაზე პირქვე გაწოლა  უბრძანეს.     

              ფარაონი მშვიდად მოაბიჯებდა. ოქროცურვილი სამოსი საოცრად იხდენდა გადახრილი მზის ბრწყინვალებას.  მისი  უნაკლო აღნაგობა და გამორჩეული  იერი ჰარმონიულად ერწყმოდა კარნაკის აუწერელ დიდებულებას.  მხარს მზეთუნახავი დედოფალი  უმშვენებდა. უკან პირადი ამალა მოსდევდა, ვეზირი ეიე, უზენაესი ქურუმი, საიდუმლო სამსახურის უფროსი რაიარი,  დაცვა,  სტუმრად ჩამოსული ელჩებობა  და ჟამთამწერლები.

              ამენჰოტეპი  კიბესთან შეჩერდა და ტაძრის თვალუწვდენელი გარემო  დაკვირვებით მოათვალიერა.  გადატანილი განსაცდელის შემდეგ,  სხვა თვალით ხედავდა გარესამყაროს,  მიწაზე გართხმულ ქვეშევრდომებს, ამ ტაძარს, გალავანს გადაღმა აზიდულ კლდეებს.  დიდხანს ელოდა ამ დღეს,  ცოლად და დედოფლად  ნანატრი  ქალი არგუნდა ბედმა.  დიდი ხანია  უყვარდა ნეფერტიტი, თუმცა დინჯად ელოდა მის სადედოფლოდ აღზრდას, დაქალებას. რამდენჯერ უფიქრია ამ დღეზე. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, სრულიად ბედნიერი იყო, ეგონა  საკუთარ ქორწილში გულიანად მოილხენდა,  მაგრამ  დატრიალებულმა ამბავმა მის სიხარულს ფრთები შეაკვეცა და სულში ეჭვის ბზარი გაუჩინა.  წამით დაფიქრდა და მიხვდა, რომ სამუდამოდ დაკარგა ყველაზე ღირებული რამ, - უდარდელობა,  ასე რომ უხდებოდა ახალგაზრდობას.  გალავანს მიღმა მოზეიმე ხალხის ჟრიამული მიწვდა ყურზე.  წამით შეშურდა უბრალო ადამიანების, მათი  ხალისის, გულწრფელი აღტაცების, მათი უდარდელობის შეშურდა.  ადრე ასეთი გრძნობა არასდროს ქონია, ან ვისი რა ჰქონდა შესაშური. ახლა კი შურმა გათანგა,  გუნება გაუფუჭა, სულში ლოდად ჩააწვა და ისედაც დინჯი ნაბიჯი კიდევ უფრო დაუმძიმა. 

        "  - რაც უფრო ძლევამოსილია კაცი, მით უფრო დაუცველია  ღალატისგან. ყველაზე ბედნიერი  დღე მომიშხამეს.  რომ არა ეიე და რაიარი, ჩემს ტახტზე ახლა  უზენაესი ქურუმი იჯდებოდა.  ასეთ მუხთლობა, ასეთ დღეს...  მხოლოდ ეჭვია სანდო მეგობარი, მოდუნების უფლებას აღარ მომცემს." - ავმა ფიქრმა ჩრდილად  გადაუარა სახეზე ფარაონს.

            ვეზირმა  ეიემ მაშინვე შენიშნა ფარაონის გუნების შეცვლა. არც უზენაეს ქურუმს გამოპარვია ფარაონის მზერაში ჩარჩენილი მძიმე ნისლი. ქმარმა ნეფერტიტს გადახედა, თვალი ვერ მოსწყვიტა მის გედივით მოღერებულ ყელკისერს.  შეეცადა ნაღველი მოეცილებინა,  ნაძალადევად გაიღიმა და ეზოში ჩამავალი კიბე ჩაიარა.                                         
                                                                                   
          ნელა მიაბიჯებდა და საჩუქრებს გულდაგულ ათვალიერებდა, თუ რამე განსაკუთრებით მიიტაცებდა მის თვალს, ნიშანს აძლევდა ხაზინადარს, ისიც ვერცხლით სავსე ქისას  აწვდიდა ფარაონის ნებართვით მუხლზე წამოჩოქილ სოფლის თავკაცს და საჩუქარს ფარაონის ბეჭდს ასვამდა.   

          მარცვლეულით სავსე კალათასთან შეჩერდა ამალა.  ფარაონმა კარგად იცოდა რა კულტურები ითესებოდა მის ქვეყანაში, რა მოსავლიანობა იყო, როგორც იკვებებოდა ხალხი, მუდმივად აწვდიდნენ სინჯებს პირველ ვეზირს, ისიც დაუყოვნებლივ მოახსენებდა ხოლმე.  თვალდახუჭული ცნობდა ნებისმიერ კულტურას  აღმოცენების და ზრდის სტადიაზე, დამტვერვისას და მწიფობისას.  ეუცნაურა დიდრონი მარცვალი.  სოფლის თავკაცის წამოყენება ბრძანა. ეიემ მაშინვე იკითხა რა ჯიშის ხორბალიაო. მუხლზე დადგა ჭარმაგი გლეხი,  თავაუწევლად ამოილუღლუღა:  ამ ჯიშის ხორბალი წელიწადში ოთხჯერ იძლევა მოსავლს,  ჩემი გამოყვანილია,  ვერც ხოჭო ერევა და ვერც მავნებელი, ვერც კალია აკლებს რამეს, წყალმაც რომ წარეცხოს ყანა, რამდენიმე დღეში ფეხზე ადგება და მოსავალს მაინც იძლევაო... მინდა  ხვავი და ბარაქა იყოს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მოგართვითო... - ენა დაება გლეხს.

გაოცდა ფარაონი, ისევ ანიშნა ხაზინადარს, ისევ გაიწკრიალა ვერცხლით სავსე ქისამ.   

        " - გონიერი  და ნიჭიერია უბრალო ხალხი. გამოცდილი, წინდახედული და ყაირათიანი. არ მიკვირს მათგან რომ აირჩია მეთაურები ქურუმმა. ზოგი რამ მტრისგანაც უნდა ისწავლო. " - გაიფიქრა ფარაონმა და გზა გააგრძელა.

          ამალა კიდევ რამდენიმე ადგილზე შეჩერდა.  ერთგან ქვამარილის  ალმასივით დაწმენდილი, გამჭირვალე კრისტალები მოიწონა, მეორეგან  ფირუზი და კრიალა მარჯნები. მესამეგან  რკინისგან ნაჭედი ცხენის ნალები.  მეოთხეგან საბრძოლო ეტლის ახალმა კონსტრუქციამ მოხიბლა,  თიხის წყალსადენმა მილებმა ძალიან გააკვირვა,  ახდენილი ოცნებასავით მოლაპლაპე ხალიბური ფოლადის მახვილიც  სიამოვნებით გაზომა თვალით. თვალდათვალ უჩვენეს ფარაონს ჩალასავით როგორ გადაჭრა ჰიქსოსური ხმალი იშვიათმა საჩუქარმა.

ტაძრის ეზოში შემოფრენილმა ნიავმა  მსუბუქად ნაქსოვი აბრეშუმი ააფრიალა, ათასფერ ცისარტყელად გაიშალა ქსოვილი. ჩინურზე უკეთესი ნახელავი მოეტანათ სამხრეთელ ქალებს. მოიწონა ნეფერტიტმა ნიავის სხეულზე მოკვართული აბრეშუმი, ნაზად გაიღიმა, სიამე მოეფინა ლამაზ სახეზე.  ხაზინადარი ფარაონის ნიშანს არც დალოდებია, ვერცხლით სავსე ქისა უბოძა გახარებულ ფეიქრებს. 

            რაც უფრო უახლოვდებოდა ფარაონი, -  მით უფრო ღელავდა ინენი.
ფილაქანზე მთელი სხეულით პირქვე გართხმული, ქმარს ვერ ხედავდა. წუხანდლიდან სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. ტემუ დილის აღლუმის შემდეგაც არავის გამოლაპარაკებია.  საქორწინო სუფრიდან მხოლოდ  მოხარშული თხის ხორცის მცირე  ნაჭერი და ხილი მოიხილა, წყლის გარდა სხვა სასმელი არ მიიკარა. არც საამონს და სარას მისცა უფლება თრობას შეყოლოდნენ. მეზობლები უკმაყოფილოდ ბუზღუნებდნენ, თუმცა კარგად ესმოდათ  ტემუს თხოვნის მართებულობა.  უნდოდა, როგორმე შეხებოდა ქმარს, გაემხნევებინა, მაგრამ განძრევას ვერ ბედავდა. პირდაპირ თავზე ადგა შეიარაღებული მცველი... წამსვე შუბით დაასობდა  იატაკს. 

            უკვე ახლოს იყო სამეფო ამალა, ისევ რომ  შეჩერდა ფარაონი. შესანიშნავი სანდლები გამოეფინა ხელმარჯვე ოსტატს, ნატიფად ნაქსოვ-ნაკერი ფეხსაცმელი მართლაც მხოლოდ დედოფლების შესაფერი დახვეწილობით იწონებდა თავს. ხაზინადარმა ბეჭედი დაასვა საჩუქარს.  ვერცხლიანმა ქისამ ისევ შეიცვალა მფლობელი. 

            ფეტვის  პირგახსნილ ტომარასაც მოხვდა ხაზინადრის ბეჭედი.  კრიალა მარცვალი ძვირფასი თვალივით იტაცებდა თვალს.  ეიემ  იკითხა რა ღირსებით გამოირჩევაო.  ქერს ჯობია, პატარა ფართობზე დიდ მოსავალს იძლევა,  მიწაც ნაყოფიერებას ინარჩუნებს, მისი დასვენება და სხვა რამის თესვა საჭირო არ არის, გვალგამძლეა,  მაწიერია, ფქვილადაც კარგია და ბურღულადაც,  ლუდიც გამოვხადე და კარგი გამოვიდაო. - მოკრძალებით უპასუხა სოფლის თავკაცმა.  ეიე ჯერ კიდევ აგრძელებდა საუბარს მასთან,  როცა ფარაონი ჩუმმა, უცნაურმა კნავილმა  რომ შემოაბრუნა ინენის მხარეს.

              დაფრთხა  ინდურ სამოსში გამოწყობილი მესაჩუქრე, უკვე მოხუცი მონადირე. უმალ კისერზე იგრძნო შუბის წვერი. სულ მოიკრუნჩხა შიშისგან. 

        "- მზისსწორის საჩუქარიაო..." - ჩუმად წაიჩურჩულა.

ჭილის კალათს დაცვის უფროსმა  სწრაფად გადახადა თავი.  ვეფხვის წყვილ ბოკვერს  მშვიდად ეძინა,  ძილში ხანდახან წამოიკნავლებდნენ, დედის სითბოს ისაკლისებდა.  გაეღიმა ფარაონს,  უზომოდ მოეწონა მძინარე ბოკვრები, ძლივს შეიკავა თავი რომ არ მოფერებოდა.  კალათა მაშინვე გაიტანეს მსახურებმა.  ვერცხლის ქისა კრუნჩხვის წამალი გამოდგა მონადირისთვის, ბედნიერებისგან  ხელფეხს ერთად ვეღარ უყრიდა თავს მოხუცი. 

            ინენიმ  ათიოდე ნაბიჯში დაინახა  ოქროს სანდლები. სხეულში  ჟრუანტელმა  უცნაური  სიცივით დაუარა,  მალე  მშვენიერ,  პაწია ტერფებზე ამოცმული ვერცხლის სანდლებიც გამოჩნდნენ... გუმანით იგრძნო, თვით  ნეფერტიტი იდგა მისგან სულ რამდენიმე ნაბიჯში. 

ოცნება აუხდა ინენის, ასე ახლოს იდგა ნანატრი დედოფალი, მაგრამ აღტაცების ნაცვლად რაღაც გაუგებარი იგრძნო. თითქოს გარშემო ყველაფერი ქვად იქცა, ტაძრის ფილქანს და სვეტებს შეერწყა, სულიერი აღარვინ იყო, აღარც მიწა, აღარც ცა... მარტო ქვა... ქვა... ძალას ართმევდა ეს ქვა, მთელი სიმძიმით სერსდა და ჭყლეტდა... მიწა მოუნდა, მიწაზე მობღაუჭება.  ირგვლივ ისეთი სიჩუმე იდგა,  თითქოს ინენის მეტი აღარვინ იყო. საკუთარი გულის ბაგუნი  გაიგონა და  შიშმა შეზარა,  უნდოდა წამომხტარიყო, ტემუსთან ერთად გაქცეულიყო, ახლა აღარც თავზე მდგარი დაცვის ეშინოდა, აღარც სიკვდილის,  ოღონდ გაქცეულიყვნენ და აქაურობისთვის თავი დაეღწიათ...მაგრამ გულმა უთხრა  რომ ახლა, ზუსტად ამ წუთში წყდებოდა ტემუს ბედი... ვერა, ვერ მიატოვებდა  ტემუს... დაიძაბა... მთლად შეიკუმშა.

      " - ტემუს რამე რომ დაუშავონ, ჩემი ხელით გამოვთხრი თვალებს ფარაონს! მერე  თუნდაც მიწაზე დამხობილა ეს ტაძარი!.." - კარიჭაში გამოცრა და სიმწრით  მოფხაჭნა ფილქანი. მიწის სიგრილე  მოედო ხელზე, ბზარიან ქვაში  გამოჩრილიყო პატარა ძარღვი.    ფრჩხილებით მოპოტნა მიწა და მუჭებში მობღუჯა.  ძალის უცნაური მოზღვავება იგრძნო, ახლა მართლა შეეძლო გაუგონარი ჩაედინა, ოღონდ კი ტემუ გადაერჩინა.   

დუმილი თანდათან იკრებდა ძალას. ასეთი  ხმაურიანი დღის შემდეგ, საშინლად გაუსაძლისი აღმოჩნდა სიჩუმე.
ფარაონი ფეხსაც არ იცვლიდა, თითქოს მიწაზე უძრავად დასობილ ტაძრის  სვეტზე მიხატულ  ფრესკად იქცა. 
   
          მთელი ამალა,  დაზგაზე გაჭიმულ  ვეებერთელა პაპირუსს შესქეროდა, ზარნაცემივით იდგნენ ნახატის წინ. 

          ეიემ ტაძრის მთავარ  მხატვარს უხმო.  მცველებმა  ბადრუ მიჰგვარეს.

მუხლზე დადგა პატივცემული მხატვარი, ავის  მოლოდინში გაირინდა. 

          -  რა არის ამ პაპირუსზე მხატვარო? - იკითხა ვეზირმა ეიემ. 

ბადრუმ ნახატს შეხედა.  თვალს არ დაუჯერა,  დააკვირდა  და შიშისგან ლამის ენა ჩაუვარდა. კარგად დაათვალიერა მთელი პაპირუსი და  აკანკალებული ხმით ჩაიჩურჩულა:

          - ეს ქალაქია დიდო ვეზირო. 
          - ქალაქი? 
          - ის  არ არსებობს, ეს მხოლოდ ფანტაზიაა, მხოლოდ ნახატი...  - ჩვეულმა სიბრძნემ არც ახლა უღალატა ბადრუს.
          - ეს  ადგილი,  ტა-კემეტში ნამდვილად არსებობს. ეს ჰაპის სანაპიროა, ცარიელია თვით კლდეების მიჯნამდე... მაშ გამოგონილი ქალაქი?
ვინ გამოიგონა? ვინაა მხატვარი?   

ხაზინადარი პაპირუსს მიუახლოვდა, კუთხეს დახედა და ხმამაღლა წაიკითხა:

            - თუტმოსი, მხატვარი და მოქანდაკე!

    პირქვედამხობილ ტემუს, მცველმა მხრებში ხელი წაავლო  და მუხლზე წამოაჩოქა:
   
            - შენ დახატე? - კითხა ეიემ.
            - დიახ დიდო ვეზირო. - ჩაილაპარაკა ტემუმ. 

            - ქალაქების შექმნა და შენება მხოლოდ ღმერთების უფლებაა!  ღმერთებს უტოლებ თავს?!  როგორ გაბედე ასეთი გაუგონარი საქციელი?!  გაათრიეთ თავხედი, ოჯახიანად მონად  გაყიდეთ, ამონაგები ტაძარმა მიიღოს! - გაიჟღერა უზენაესი ქურუმის წივანა ხმამ. 

              გულისწვერი და  ყურთასმენა ერთად მოაჭრეს ინენის. როგორ ეშინოდა ამ სიტყვების, ამ დღის და ამ წამის... უმოწყალოდ მოკლე ეჩვენა ტემუსთან ერთად სოფელში გატარებული დრო. ქვეყნის უმაღლესი პირი  თვალწინ უნგრევდა თავის პატარა ბედნიერებას. აუხდა სიზმარი, ავი წინათგრძნობა გაუმართლდა.  ცარგვალი შავად მოიგრაგნა მის თავზე, ნაფლეთებად დაიხა და ძონძებად დაეკიდა.
         
              დაცვას  ორი კაცი გამოეყო, ერთი სარას ამოუდგა გვერდით დადგა, მეორე საამონს. შუბები დაუმიზნეს  მიწაზე გაწოლილებს. 
შიშმა ფრთა შეისხა და ცივი ნიავით გადაუარა არემარეს. ვერავინ ინძრეოდა,  ყველა ფარაონის სიტყვას ელოდა.
            გარინდული ამენჰოტეპი კი  ნახატს  მონუსხული  შესცქეროდა, დუმდა და პაპირუსზე გაშლილი ქალაქის  მიღმა ფიქრობდა,
გარეშემომყოფებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა და ვერც ამჩნევდა  რა ხდებოდა მის გარშემო.

ეიე  ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ქურუმის აღშფოთება ნამდვილად სამართლიანი იყო, მართალია ამდენი  სტუმრის  და ელჩობის წინაშე  ვიღაც უსახელო,  ვიგინდარა  მხატვრის დასჯა არცთუ რამეს დააკლებდა სამეფო კარს მათ თვალში, მაგრამ ხალხის თვალში ნამდვილად არ შემატებდა ღირსებას.  უბრალო ხალხში, ზღვად რომ ღელავდა ტაძრის გალავანს მიღმა, წამში  ცუდ  ხმად  გავარდებოდა  ეს ამბავი,  უბრალო ხელოსანმა  თავისი ნახატი ფარაონს ქორწილში გულით უძღვნა,  მას კი საჩუქარი არ მოეწონა და  ოჯახიანად მონად აქციაო, აბა უბრალო ხელოსანს სად ექნებოდა ფარაონის საკადრისი საჩუქარიო... დღეს მომკილი ხალხის სიყვარული ფარაონისთვის ყველაზე დიდი ძღვენი იყო, არცერთ მის წინამორბედს  არ ღირსებია ასეთი სახალხო აღიარება.  არა, დღეს არ უნდა მიდგომოდა ჩრდილი ფარაონის კაცთმოყვარეობას, ხვალ და ზეგ შეიძლებოდა, მაგრამ დღეს არა... სხვა გზა აღარ ჰქონდა ეიეს, ისევ ხერხი მოიშველია  და  ნეფერტიტს გადახედა. 

            გონიერი ქალი უმალ მიუხვდა მამობილს.  საჩუქრებს თვალი მოავლო. მსახურს ანიშნა ის უცნაური ამფორა მიეწოდებინა, თავზე წაკვეთილი კონუსი რომ ეხურა.  მოწიწებით მიართვეს საჩუქარი. ნეფერტიტმა  გარედან დაათვალიერა ჭურჭელი  და თავი მოხადა.

საოცარი სურნელი გადმოიფრქვა, ნამდვილი ნეტარება იღვრებოდა ყელყარყაყა ამფორიდან. 

          -  რა შესანიშნავი სურნელია?  ინენი... რომელია? - ჩაიწკრიალეს ვერცხლის ზარებმა.

          -  ბრწყინვალე დედოფალო,  ნელსაცხებელი მე მოვამზადე, ჭურჭელი კი ჩემმა ქმარმა... ტემუმ... მცირედია,  არ არის თქვენი საკადრისი, მაგრამ მიიღე გულით მოძღვნილი, დაგვინდე და შეგვიწყალე,  - აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა ინენიმ და  ძლივს მოასწრო კალთის ნაოჭში  მიწით ამოვსებული მუჭების დამალვა. 

            -  შესანიშნავი  თავსახური აქვს, როგორი უცხოა და ლამაზი,  ფუნჯიც რა ოსტატურია,  მან მოიფიქრა ???   

დაჩოქილი ტემუ დასტურის ნიშნად წელში უფრო მოიხარა და მიწას დააცქერდა. 

          -  კარგი ხელოსანი ყოფილხარ თუტმოს. ასეთი არასდროს მინახავს, ქალის პაწია ქანდაკება სურნელოვანი ნელსაცხებლისთვის, შესანიშნავი მოფიქრებულია, ლამაზია და მოხერხებული... - ვერცხლის ზარივით გაიწკრიალა დედოფლის ხმამ.
     
            ყველა აღტაცებულ ნეფერტიტს მიაჩერდა, მხოლოდ ფარაონი იდგა უძრავად, ვერაფრით გამოდიოდა ნახატით მოგვრილი ხიბლიდან. დედოფალმა მეუღლეს შეხედა და "უნებლიედ" ხელი უშვა ჭურჭელს, წკრიალით დაასკდა თხელი თიხა ფილაქანს, ნამსხვრევებად გაიფანტა იატაკზე ამფორა, დაღვრილმა სურნელებამ იმძლავრა და ყველას ყნოსვა გამოაცოცხლა. 

          მხოლოდ მსხვრევის ხმამ  გამოარკვია ფარაონი.  სწრაფად მობრუნდა ცოლისკენ და მის შეწუხებულ სახეს დააცქერდა.

          - აჰ, შემთხვევით გამიცურდა ხელიდან!... გატყდა!...  როგორ მენანება!.. მხოლოდ ესღა დარჩა... -  დედოფალმა გაბუტული  გამომეტყველებით  შეატრიალა ხელში წაკვეთილი კონუსი.  ხაზინადარმა  ფარაონის ნიშანზე უსიტყვოდ ჩაუგდო კალთაში ინენის ვერცხლიანი ქისა.
     
          ეიემ ფარაონის ყურადღება იგრძნო თუ არა, მაშინვე ქურუმს მიუბრუნდა:
      -  მართალია მხოლოდ ღმერთების ნებაა ახალი ქალაქის აშენება,  მაგრამ ეს მხოლოდ ნახატია, არ არსებული ქალაქის ნახატი. ღმერთები ხალხის ღმერთებიც არიან,  ფარაონიც მთელი ხალხის მფარველია.  მათი სახება ყველა ეგვიპტელის გონებაშია ჩასახლებული. მათი სურვილი შეიძლება ბევრმა იხილოს, მაგრამ დახატვა ერთია, აშენება კი მეორე.  უბრალო კაცი იყო პირამიდების მაშენებელი  ამენჰოტეპი, მაგრამ დიდებული  არქიტექტორი. მას შემდეგ  ათასწლეული გავიდა, ის კი დღემდე ფარაონებთან ერთად მოიხსენიება.  - მშვიდად თქვა ვეზირმა ეიემ და რაიარს ანიშნა მუხლზე წამოეჩოქებიანთ ახალგამოჩეკილი მოქანდაკე თუ მხატვარი. 

        ეიეს ნათქვამზე ფარაონმა  ნახატს თვალის მოაშორა და  ტემუ შეათვალიერა.   

                " - ეს გამოსავალია, ნამდვილად ღმერთების ნიშანია. ქალაქს ნახევარ-მზის ფორმა აქვს, ქუჩები სხივად ჩამოდის მდინარისკენ,  შუაგულში მშვენიერი ტაძარია, ბევრი სამსხვერპლოთი, სიმეტრიულად განლაგებული სახლებით და  შენობებით, ფართო ნავმისადგომებით,  როგორ უხდება გზის პირებს კიპარისების მწკრივი. დედაქალაქზე ლამაზია,  უფრო დიდია და დიდებული. ტაძარიც სწორად დაუგეგმავს, უამრავი სამსხვერპლოა... მეტ ხალხს დაიტევს და მოიზიდავს, ერთდროულად ბევრი  შეძლებს მსხვერპლის შეწირვას. შენობის და ხიდების კონსტრუქციაც კარგად მოუფიქრებია.  გონიერი, ნიჭიერი კაცის ნაფიქრია, დიდი შრომა ჩაუდვია. მართლა შესანიშნავი საჩუქარია, მოულოდნელიც...აქამდე როგორ არ მომივიდა აზრად ახალი ქალაქი?! ამ ქურუმს ხომ აქამდეც დავაღწევდი თავს...ეს ხომ ასეთი ადვილი იყო...ძალიან ადვილი!.."

          ფარაონმა ისევ  დააცქერდა  ტემუს, თავდახრილმა ხელოსანმა წამით თავი ასწია და მზერა გაუსწორა ფარაონს. 

        " - ნამდვილად ეს იყო იმ უცნაური მზერის პატრონი. "  -  გაახსენდა დილანდელი ამენჰოტეპს. 

მთელი თავით მაღალი იყო ფარაონი,  მზისფერ სამოსში გამოწყობილი, მხარგაშლილი, ლაღი და ამაყი, მზის შვილი და მზის სწორი. უმდიდრესი ქვეყნის დიადი ხელმწიფე,    ტემუ კი,  სოფლურ, ხამის ტილოს სამოსში ჩაცმული,  მუხლზე დაჩოქილი, შიშით შეძრწუნებული, წელში მოხრილი, ქედმოხრილი,  ფარაონის  მაღალი წყალობის მომლოდინე  ერთი უბირი გლეხი.
ფარაონის გასაოცარი დიდებულებით და ბრწყინვალებით თვალმოჭრილი ტემუ,  ძალაუნებურად მაშინვე პირქვე დაემხო. 
       
        "-დიახ...მტრისგან უნდა ვისწავლო უბრალო ხალხის დაფასება,"- ქურუმის წაწვეტებულ სახეს თვალი აარიდა ფარაონმა,  კიდევ ერთხელ შეათვალიერა მის წინ დამხობილი კაცი  და ხაზინადარს ანიშნა...

        " - არ მეშლება, დილითაც არ შემშლია... ზუსტი ასლია... წარმოუდგენელია ასეთი მსგავსება, თანაც იმდენად აშკარაა, რომ..."  - ფიქრის გაგრძელებაც ვერ გაბედა ტემუმ.

        " -  თუ  ფარაონი ამ ქალაქს მოშორდება, ეს თავისუფლებაა. ასი ტაძარიც რომ ააშენოს, კარნაკს ვერცერთი ვერასდროს გაუტოლდება. მე  აქ დავრჩები.  სარფიანი გამოსავალია!  დიდძალ ოქროსაც  მივაშველებ ქალაქის ასაშენებლად, ოღონდ აქედან წავიდეს. არც ისე  ძნელი ამოსაცნობია  რას ფიქრობს...  ღმერთების უარყოფას  ვერ გავუჩუმდებოდი, თუმცა ამ თავხედმა კარგი საქმე გამიკეთა. აზრი ჩაწვეთებულია, ახლა მხოლოდ მისი გაღვივებაა საჭირო." -    ნახატს მიჩერებულმა ქურუმმა  კარგად დაინახა როგორ დააჯილდოვა ფარაონმა  მხატვარი ვერცხლის ქისით. მაგრამ თვალი ოსტატურად აარიდა და არც შეიმჩნია ისევ  უარყოფილი და დამცირებული რომ აღმოჩნდა  ამდენი სტუმრის და ხალხის წინაშე.

        " - ფარაონმა რელიგიას გადააბიჯა?! რა ჩაიფიქრა?.." -  გაოგნებული ეიე მორჩილებით მოიხარა ფარაონის წინაშე.

        " - შეგარჩენ ამენჰოტეპ ღმერთების  უარყოფას, ოღონდ მეც უნდა  შემარჩინო  დღევანდელი დღე... ეიე, აი შენ კი, არასდროს გაპატიებ ჯოხით დაგებულ მახეს! "-  ფიქრი  ირონიას ამოაფარა  ქურუმმა,  ავად გახედა პირველ ვეზირს, წელში მოიხარა და მოწიწებით ანიშნა ფარაონს  რომ  "დიდსულოვნად გადაიფიქრა" უბირი მხატვრის დასჯა.

            ერთ წამში სამჯერ შებრუნდა ტემუს ბედის ბორბალი,  მაგრამ მესამე არავის შეუჩმნევია ერთის გარდა.

იმ წამს, კიდევ ერთი მოულოდნელი რამ მოხდა.  როცა დაჩოქილმა ტემუმ თავი ასწია და ფარაონს შეაცქერდა,  ნეფერტიტის ყურადღება უცბად მიიპყრო უცნაურმა სხივიანმა სილურჯემ.  ეს გაცისკროვნებული ფერი, უცხო მოქანდაკის თვალებიდან მდინარესავით იღვრებოდა. დედოფლის  მზერა  უკიდეგანოდ მოლივლივე სილურჯეში ისე ჩაიძირა,  თითქოს ცაში გაცურა ქალმა. სულ დაავიწყდა ვინ იყო, სად იყო, ვის გვერდით იყო...  ამ  საოცარმა ფერმა ყველა და ყველაფერი მოიცვა,  ის ყველგან იყო,  მის გაშემო, ფეხქვეშ, თავსზემოთ... ვერ მიხვდა რა გრძნობა დაეუფლა... რა იყო ეს საოცარი, უსასრულო,  ყოვლის მომცველი, ფაქიზად მოლივლივე ლურჯი სინაზე, მთლიანად რომ დაიმორჩილა.  უცხო იყო ნეფერტიტისთვის მორჩილება, მოუნდა, ამ შეგრძნებას როგორმე მორეოდა,  რაღაც მიწიერი, ძლიერი ეგრძნო. თვალი ძლივს მოაცილა ტემუს და საკუთარ ხელებს დახედა.  ამფორის სახურავი ჯერ კიდევ ხელში ჰქონდა შერჩენოდა.  მსახურს უჩუმრად გაუწოდა და  ფარაონისკენ  შებრუნდა.  წამიერი სიმსუბუქე ისევ მიწიერმა სიმძიმემ შეცვალა, თითქოს  ლურჯად მოლივლივე ციდან მოგლიჯეს  და მიწას დაანარცხეს. ისევ ძველ ადგილას დააბრუნეს, ფარაონის ცოლად და დედოფლად. შედარებაც არ შეიძლებოდა იმ  ცის და ამ მიწის... და... მესამე ინატრა...

        " - წყალი... ჰაპის წყალი...მოვატანინებ... ძალას დამიბრუნებს ჩემი მდინარე."

            ფარაონმა  გვიან, მაგრამ მაინც შენიშნა ნეფერტიტის ფერნაცვალი სახე და სასახლეში სასწრაფოდ დაბრუნება ბრძანა. ამალამ ტაძარი დატოვა, სამეფო დაცვაც მიეფარა თვალს.  ხალხი ფეხზე წამოიშალა და ვიწრო გასასვლელებს ჟრიამულით მიაწყდა.  მესაჩუქრეებთან მხოლოდ ხაზინადარიღა ტრიალებდა თავისი მსახურებით. ნახატი ჩამოხსნეს, დაგრაგნეს, ბუდეში მოათავსეს, სხვა საჩუქრებთან ერთად მალემსრბოლს ჩააბარეს და სასახლეში წაღება უბრძანეს. 

            ტემუ, ბადრუ, საამონი და სარა ჯერ კიდევ ვერ მოსულიყვნენ გონს. ტეფია და ეფირი ფერდაკარგულები მიკვროდნენ ერთმანეთს. ორივე ერთად იფიცებოდა რომ მათი ფეხი აღარ იქნებოდა ამიერიდან დედაქალაქში.   

            ყველას, ყველას  გამოეპარა ის ერთი წამი....  რაიარს,  გველივით ბრძენ ეიეს,  უზენაეს ქურუმს, ფარაონს... ბადრუს, საამონს, სარას, თვითონ ტემუსაც...   
     
            მხოლოდ ინენის არ გამოპარვია არაფერი. 
დამუხლულმა და თავდახრილმა, გულით იგრძნო  როგორ შესცქეროდა მის ტემუს - დიადი ქვეყნის  ღვთაებრივი დედოფალი... სიმწრისგან შეკრული მუშტები ისე ეკინა,  თითქოს მაჯებს  უმტვრევდნენ.  ძლივს გაშალა გაქვავებული თითები და  ხელისგულებში ჩატკეპნილი მიწა, მიწას დაუბრუნა.  რაღაც უშნო, უჩვეულო სიმძიმე იგრძნო კალთაში. ეს ფული იყო, დედოფლის ნაჩუქარი ვერცხლი.  ძლივს წამოდგა ფეხზე ინენი, მკერდში რაღაც ეტკინა და წაბარბაცებულმა  შეფრიალებულ გულზე ხელი იტაცა.

            მთელი სიმძიმით დაენარცხა ქვის იატაკს გვირისტით ნაკერი ტყავის ქისა, პირი მოერღვა და  გადმოცვენილი ვერცხლის ფული ფილაქანზე გაიფანტა...   

                                                                                                             
                                                                                                            (გაგრძელდება)
________

* ჰაპი - ნილოსი,
** უასეტი - თებე.
________
იხილეთ ილუსტრაციები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები