ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
14 იანვარი, 2017


აუხსნელი ქარაგმა (გაგრძელება)

            გველის ტყავი გველის მაგივრად



  ერთხელ ყვავილოვან მდელოზე დავსეირნობდით მე და ჩემი პაწია მზეები. მე მათ ვასწავლიდი, თუ როგორ უნდა დაეკრიფათ ყავილები და მერე როგორ შეეკრათ თაიგულებად. მეცინებოდა, როცა ვხედავი, რა უგერგილოდ მბაძავდნენ თავიანთი პატარა ხელებით... უცბად გველის ტყავი დავინახე, ბოლოსკენ ოდნავ დაკლაკნილი გაწვართულიყო ყვავილებით მოჩითულ ველზე. ჯერ კიდევ არ გაკრთობოდა ფერი, წყლის ჭავლივით ლაპლაპებდა. ეს კი იმის ნიშანია, რომ გველი ეს-ესაა ამოძვრა საკუთარი ტყავიდან.
მაგრამ თვითონ გველი სადღაა?
  ყურადღებით მოვათვალიერე იქაურობა, გველის ჭაჭანებაც კი არსად ჩანდა.
ერთბაშად თავში ნამდვილი ქარაშოტი დამიტრიალდა: რამდენი რამ გამახსენდა, რაც გველისთვის უნდა მეკითხა. ჯერ იმაზე დავფიქრდი, ამდენ ხანს რატომ იყო ასე მიმალული, ერთხელაც კი არ დამენახვა. მე ხომ კარგად ვიცი მისი ბუნება, ვერასდიდებით ვერ შეამჩნევ, თუნდაც იქვე შენს ცხვირწინ თვლემდეს და ეფიცხებოდეს მისთვის მეტად სასურველ მზის მცხუნვარე სხივებს.
  არადა, რამდენი რამ დამიგროვდა მისთვის სათქმელი.
  თუნდაც ის საოცარი, სინათლისმიერი ღიმილი ვთქვათ, რომელიც ჩემი პაწიების ბაგეზე ვიხილე და რომელსაც სინათლის ქარაგმა ვუწოდე, მისი სხივმოსილებით გაოგნებულმა. უწინარეს ყოვლისა, სწორედ მის შესახებ შევეკითხები, თუ გველს თვალი მოვკარი სადმე.
მაგრამ... არსად ჩანს გველი, აღარ ნებავს საკუთარი თავის გამჟღავნება, არა და არა.
ჩემი პაწიები კი ძალიან გაართო გველის ჭრელმა ტყავმა, ხელები ჩაავლეს და აქეთიქით დაარბენინებენ. ერთხანს ვაცადე, ხელი არ შევუშალე მათ ხალისიან თამაშს. როცა გული მოიჯერეს, გველის ტყავი იქვე მდელოზე მიაგდეს, ახლა ცისფერ ჩხიკვს გამოუდგნენ, მასთან ერთად ჭყლოპინებენ გახარებულები.
  მე ავიღე გველის ტყავი, დავაცქერდი მასზე გამოყვანილ უცნაურ ფიგურებს. მახსენდება გველის სიტყვები: ჩემს ტყავზე გამოსახული ქარაგმებისკენ ყველამ თვითონ უნდა გაკვალოს ბილიკიო. ვიცი, ამაოდ ვირჯები. თვალს მაინც ვერ ვაშორებ ამ ჭრელ საოცრებას, მზის სხივებზე წყლის ჭავლივით მოლაპლაპეს, ლამაზია და მეტად იდუმალი. ეს განსაკუთრებით ახლა გახდა ჩემთვის ცხადი, როცა გველი მგონი სამუდამოდ მიეფარა თვალს.
  ისიც გამახსენდა, თუ როგორ ვცდილობდი როგორმე ჩავმძვრალიყავი გველის ახლადგამოცვლილ ტყავში. მაშინ მხოლოდ თავს ვიქცევდი ამით, ვეთამაშებოდი გველის ტყავს. ახლა სათამაშოდ მაინცდამაინც არ მიმიწევს გული, ჩემი პაწიების თამაშს რომ შევყურებ, იმითაც კმაყოფილი ვარ. ამ ჭრელ ტყავთან განშორება კი ძალიან მეძნელება. რა ვიღონო?
  ვიფიქრე, ვიფიქრე და ასეთი რამ მოვიფიქრე: გველის ტყავი წელზე შემოვიხვიე, კუდი მხარიღლივ გადმოვატარე და წელში ჩავიმაგრე. ასე სჯობია, იყოს ჩემთან განუყრელად. იქნებ ოდესმე ამეტყველდნენ მასზე აღბეჭდილი ქარაგმები...



                              ახალი აღმოჩენა



  ისეთი მოსახერხებელი გამოდგა ჩემთვის გველის ტყავი, რომ ამას წინასწარ ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი. ხილის კუნწულებს მშვენივრად ვამაგრებ წელზე შემოხვეულ მკვრივ რგოლებში, ამავე დროს ხელები თავისიუფალი მაქვს და ხილის ახალ-ახალ კუნწულებს ვწვდები. ყველანი ერთად ჩავიგემრიელებთ პირს, ერთ გზობაზე იმდენ ხილს ვეზიდები.
ჩემს პაწიებსაც ძალიან მოეწონათ გველის ტყავი. ჭრელ რგოლებზე მებღაუჭებიან, როცა სიარულით დაიღლებიან, მე კი თავისუფალი ხელით ისევ მათ ვუკაფავ გზას, ანდა სულაც ხელში ავიტაცებ ერთ მათგანს, უმეტესად აბელს. ის უფრო პატარაა და უფრო მალე იღლება...


                                  ადამის სიტყვა


    როგორ გაოცდა ადამი, როდესაც გველის ჭრელი ტყავი დაინახა ჩემს ტანზე შემოხვეული. ხმა არც კი ამოუღია, ისე მიყურა კარგა ხანს. მერე აიღო თავისი უცნაური ნაკეთობები, ზოგი წვეტიანი ქვისა, ზოგიც კიდევ წვერწამახული ხისა და სადღაც წავიდა.
კარგა ხანს არ გამოჩენილა. ისიც კი ვიჭიქრე, გზა ხომ არ დაებნა-მეთქი.
როგორც იქნა, დაბრუნდა ბოლოს, მაგრამ რა ყოფით... ნაირნაირი ნადირის ტყავები მოიტანა. სანამ არ მოგვიახლოვდა, ვერც კი ვიცანით, ისე იყო იმ ტყავებით დატვირთული. მე და ჩემს პაწიებს ასე გვეგონა, რაღაც უცხო ბანჯგვლიანი არსება მოიწევდა ჩვენზე.
    ერთი იყო იმ ტყავებში მაინც, ძალიან ლამაზი და პეწიანი. სხვებზე მეტად რბილი და მოქნილიც იყო. წინკლებით ვიცანი, ნუკრს ეკუთვნოდა ის ალბათ ოდესღაც. ადამმა იგი შუაზე გაჰყო წვეტიანი ქვებით (მეც წავახმარე ხელი), და ჩემს პაწიებს შემოახვია ტანზე. ო, როგორ მოუხდათ წინწკლებიანი რბილი ტყავი... კიდევ უფრო გალამაზდნენ ისედაც ლამაზები, უცხო სანახავნი გახდნენ. მიხაროდა მათი ჭვრეტა, თუმცა გულში ათასგვარი ფიქრები მიტრიალებდნენ.
    ჯერ არ მინახავს, რომელიმე ნადირს ტყავი გამოეცვალოს. ასე მხოლოდ გველი იქცევა, მხოლოდ გველი იცვლის ტყავს. არც ნუკრისთვის შემიმჩნევია რაიმე ამის მსგავსი. არცერთი ნადირი  თავისი ნებით ტყავს არ გაიხდის, აქ მგონი ადამის ხელი ურევია...
მინდოდა მეკითხა ადამისთვის, მაგრამ ვეღარ მოვიცალე, ჩემს პაწიებს ვეღარ ვწყვეტდი თვალს, მაინც როგორ დამშვენდნენ ამ ახალ ტყავში... მართლაც მზესავით ანათებდნენ, მათ ყურებას არაფერი სჯობდა. მგონი თვითონ ნუკრს არ უხდებოდა ისე თავისი საკუთარი ტყავი, როგორც ჩემს პაწია მზეებს მოუხდათ.
    არც ადამს ცხელოდა ჩემთვის, დანარჩენი ტყავებით იყო გართული. ზოგს ჭრიდა, ზოგს პირიქით, ერთმანეთზე ამაგრებდა, თვითონაც მშვენივრად შეიმოსა თავისივე ნახელავით. თან მშვენიერი კარავიც გამართა უფრო ფართო ტყავებისგან. ძალიან მოხერხებული სადგომია, თავს შევაფარებთ უამინდობის ანდა დიდი სიცხის დროს.
მერე კი ერთად დავანთეთ დიდი კოცონი და ნაკვერცხლებზე შემწვარ მწვადებს გავუსინჯეთ გემო... ეს სიტყვა ადამს ეკუთვნის, მან უწოდა მწვადები ამ ახალ საჭმელს. ძალიან, ძალიან გემრიელი იყო...



                              ნუკრის თვალები



  ადამმა მართლაც მარჯვედ შეკრა ტყავებისგან კარავი, მყუდროა და მოხერხებული. მე და ჩემმა პაწია მზეებმა კარავში მოვიკალათეთ დასაძინებლად, ადამი ჯერ ვერ შორდება ღადღადა ნაკვერცხლებს, მგონი კიდევ რაღაცის მოფიქრებას თუ გამოგონებას ცდილობს.
სანამ ჩამეძინებოდეს, ღამის ხმებს ვაყურადებ.
  ჩემმა პაწიებმა უკვე მიიძინეს.
ყურს ვუგდებ მათ სუნთქვას, რაიმე ხომ არ აწუხებთ ძილში.
მშვიდად ფშვინავენ პაწიები, რაც იმის ნიშანია, რომ ტკბილი და უშფოთველია მათი ძილი.
  სიმშვიდე სუფევს ირგვლივ, არაფერი არღვევს ღამის მყუდროებას.
ახლა უკვე შეიძლება მეც დავიძინო. ადამი მინავლულ ცეცხლთან თვლემს.
თვალი ერთხელ კიდევ მოვავლე ირგვლივ, სანამ თვლემას მივეცემოდი და...
უცბად ნუკრის თვალები დავინახე, ფართო, ნამიანი თვალები.
დავინახე საოცრად ცხადად, ისე რომ ვიფიქრე, ნუკი ასე უჩუმრად კარავში როგორ შემოვიდა-მეთქი.
  თავი წამოვწიე, რათა ნუკრი უფრო კარგად დამენახა და... გაქრა კიდეც.
კარავი მოვათვალიერე, ნუკრის ჭაჭანებაც არაა.
  როგორც ჩანს, ნუკრის სიზმარეულმა ჩვენებამ შემოაღწია კარავში, და არა თვითონ ნუკრმა.
    აკი ამბობდა გველი, სიზმარსა და ცხადს შორის უამრავი წვრილი ბილიკია გაბმულიო.
ჰოდა, აი სიზმარმა შემოაბიჯა ცხადში.
    ნეტავი გველი რას იტყოდა ამის შესახებ?
    მაგრამ გველი არსადა ჩანს, მის ტყავზე აღბეჭდილი ქარაგმები კი მე არაფერს მეუბნებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები