ნაწარმოებები



ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
7 თებერვალი, 2017


გ ა ო რ ე ბ ა (I თავი)

                                                                                                                                               
                                                                                                                                           

  თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის მრავალსართულიანი კორპუსის უკანა მხარეს, პირველ სართულს პანდუსიანი მისასვლელი ჰქონდა გაკეთებული. იქვე, ორ ოთახიანი ბინის შესასვლელს კი ყავისფერი რკინის კარი ება, რომლის მიღმა საოცარი ამბები ხდებოდა. თითქმის ყოველ მეორე საღამოს მოგუდული სიცილი, კივილი და ვნებიანი კვნესის ხმა გამოდიოდა. ამ ბინაში მარტოხელა ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც თავისი პროფესიიდან გამომდინარე სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. საქმიან შეხვედრებსაც სახლში მართავდა. სახლშივე ასრულებდა შეკვეთებს და ასე ცხოვრობდა წლების განმავლობაში.
  ეს მამაკაცი, 39 წლის, SEO მარკეტინგის სპეციალისტი იყო. თავის საქმეს შესანიშნავად ფლობდა. ბევრი კლიენტი ჰყავდა და ბევრ საიტსაც აწყობდა. მისი ხედვა, ზუსტად გადმოსცემდა დამკვეთის სურვილს. მარკეტინგულ გათვლებსაც აკეთებდა და თავისი პროგნოზებითაც განთქმული იყო. ბევრ სხვა პროექტზეც მუშაობდა, ყველაფრის შექმნა, დაგეგმვა და განხორციელება შეეძლო. მხოლოდ ამ ყველაფერს ვირტუალურად აკეთებდა. სოციალურ ქსელშიც ძალიან აქტიური იყო, ოღონდ ანონიმურად. ამ ერთ ადამიანში ბევრი განსხვავებული პიროვნება იყო გაერთიანებული, თითქოს ნიღბის მორგებით სხადასხვა ადამიანი ხდებოდა. იმდენად იყო დაოსტატებული, არასდროს ერეოდა ეს გამოგონილი პერსონაჟები, შეცდომას არ უშვებდა. ბევრი ქალი ჰყავდა, სხვადასხვა საიტებიდან გაცნობილი, ყველა კატეგორიას მიკუთვნებული, ყველანაირი აღწერილობის, ექსპერიმენტებს და ექსპრომტებს არ უშინდებოდა, არც კომპლექსები ზღუდავდა და თავისუფლებით ტკბებოდა. ყველა ურთიერთობას უპრობლემოდ ამთავრებდა. ვნების მორევიდან ყველთვის „მშრალი“ ამოდიოდა. ის პრობლემებს არავის უქმნიდა და არც თავის თავს აყენებდა საფრთხის თუ საშიშროების წინაშე. მოსწონდათ ის ქალებს, მალევე უყვარდებოდათ და ურთიერთობის ახალ ეტაპზეც თავად გადადიოდნენ. მასთან კარგი იყო, ადვილი იყო, სისუფთავე და სიმშვიდე იყო მის სულში, ნდობას ადვილად აღძრავდა და სიტყვით შეეძლო ქალისთვის დიდი სიამოვნების მინიჭება. გამოცდილი იდეალური მამაკაცი იყო, მაგრამ...
  მის სახლში წინა ღამე ნინიმ სასიამოვნოდ გაატარა, ორი დღის წინ კი თაკო იყო აქ. ბოლო დროს ეს ორი დადიოდა რიგრიგობით, რა თქმა უნდა თავად არ იცოდნენ ერთმანეთის არსებობა, წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა ხდებოდა მათ თავს. ნინის დრო უკვე იწურებოდა, ის მალე შეწყვეტდა აქ სიარულს. თაკოს ტემპერამენტმა, დააჩქარა მოვლენები, თორემ ამ ორი ადამიანის სასიყვარული თამაშები ერთმანეთს არ დაემთხვეოდა ამ საძინებელში. ის ადამიანი, რომელთანაც ისინი მოდიოდნენ, მათთვის უცხო იყო, არ იცოდნენ მისი ნამდვილი სახელი და გვარი, არც ასაკი. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ არც აინტერესებდათ ეს ყველაფერი. ვირტუალურ სივრცეში ყველაფერი პირობითია, ამიტომ ნაკლებად მნიშვნელოვანია ისეთი რაღაცეები, რასაც ჩვეულებრივ ყოფიერებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე, ვირტუალურ სამყაროში დაწყებულ - განვითარებული ურთიერთობა, საძინებელში მგზნებარედ გძელდებოდა და უმტკივნეულოდ მთავრდებოდა. ასე იყო წლების განმავლობაში.
  ახალი გატაცება თეო გელაშვილი, შემთხვევით გაიცნო, უფრო უპრიანი იქნება, თუ ვიტყვი რომ აღმოაჩინა ან გადაეყარა. არც ახლა უღალატა ჩვეულმა ინსტიქტმა და თეოს სატყუარა გადაუგდო. ერთი შეხედვით არ იყო ჩვეულებრივი გოგო, არც სტანდარტულად ჩამოგავდა სხვა ქალებს. მასში ერთდროულად გამოცანაც იყო და გამოცანის პასუხიც. საინტერესო პიროვნება ჩანდა. ტელეფონის ნომრით ადვილად იპოვა ფეისბუქზე და მისი ფოტოების ნაწილი დაათვალიერა. დაოჯახებული თეოს, მეუღლე არსად ფიგურირებდა, არსად იყო ფოტოებში, ეს ეჭვი იყო და საკმარისი საბაბი იმის, რომ მცდელობად ნადვილად ღირდა. ახლა საჭირო იყო მიზეზის მოგონება, რის საფუძველზეც თეო საუბარზე წამოვიდოდა. ერთ კვირას იფიქრა და აკვირდებოდა მის ფეისბუქ პროფაილს, ეძებდა მიზეზს და ფრთხილობდა. ბოლოს მომწიფდა იდეა მასში და პირველი ონლაინ წერილიც გაამზადა.

______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Subject: მოსაწვევი
Date: Oct 12, 2015 14:58

მოგესალმებით, გიწვევთ მხატვარ სოფიო გაგუას პერსონალურ გამოფენაზე.
14 ოქტომბერს 19:00 სთ-ზე.
გთხოვთ მობრძანდეთ, დაათვალიეროთ და შეაფასოთ.
საღამო გაფორმებული იქნება კლასიკური მუსიკით.

გთხოვთ დაადასტუროთ მონაწილეობა.

______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Subject: მოსაწვევი
Date: Oct 12, 2015 15:08

მადლობა მოწვევისთვის.
გიდასტურეთ მონაწილეობას.


______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Subject: მოსაწვევი
Date: Oct 12, 2015 15:12

სასიამოვნო საღამოს გისურვებთ.

პატივისცემით - ჯოი

______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Subject: მოსაწვევი
Date: Oct 12, 2015 15:17

მადლობა ჯოი.
თქვენც ასევე.


  ჯოი ეს მისი ვირტუალური ფსევდონიმი იყო. სოფიოს პერსონალური პორტალი -  მისი ბოლო ნამუშევარი და საპრეზენტაციო საღამო მისი დაგეგმილი იყო. შესაბამისად მოწვეული სტუმრების სიის ნაწილიც მან შეადგინა. გასაფორმებელი მუსიკის ჩამონათვალიც თავისივე გემოვნებით შეარჩია.

  თეო გელაშვილი 29 წლის უიღბლო მოდელი და როლის გარეშე დარჩენილი მსახიობი იყო, ერთ დროს კარგად ცეკვავდა ლათინოამერიკულ ცეკვებს, მაგრამ თავი მიანება და მოდელობა გადაწყვიტა. თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და მალევე გათხოვდა. დაოჯახების შემდეგ კი მისი არშემდგარი კარიერა სრულად უპერსპექტივო გახდა. აღარც ჩვენებაზე გამოსულა, აღაც როლი ღირსებია თეატრში. სრულად მოიცვა ოჯახურმა გარემომ. მეუღლეს იმდენი დრო და ენერგია სჭირდებოდა სხვა ვეღარაფერს ასწრებდა. შვილი არ ჰყავდა. 6 წლის გათხოვილი იყო და შვილი არა და არ გაუჩნდა. ბევრი იწვალა ამის გამო, ბევრი დამცირება და მის „ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა“ მოითმინა. იმ იმედით, რომ ყველაფერი დალაგდებოდა, გამოსწორდებოდა, ითმენდა და ელოდა შვილი როდის ეყოლებოდა რომ მისი პრობლემები მოეგვარებინა. ხშირად გამოდიოდა ქუჩაში და ფეხით დადიოდა. დეპრესიაც ჰქონდა და თავად ცდილობდა გამკლავებოდა. ქმარს მისი არ ესმოდა, დაქალს მისთვის არ ეცალა. მოკლედ ყველას თავისი საქმე ჰქონდა, ის კი მაშინ იყო მარტო, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდით ვინმე. წიგნებში საათობით იკარგებოდა, ქუჩებში საათობით დაბოდიალობდა და მუსიკას უსმენდა. მერე კი სახლში ბრუნდებოდა და ყოველდღიური რუტინით გულშეღონებული მეუღლის დაბრუნებას უცდიდა. მისი ქმარი გიორგი პოლიციელი იყო. კარგი ბიჭი, ნამდვილი ტრადიციული ქართველი ვაჟკაცი. მისთვის ცოლი სამზარეულოსთან და საუთოებელ მაგიდასთან ასოცირდებოდა. უყვარდა თეო ძალიან. ძალიანზე ძალიანაც უყვარდა და მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა. მაგრამ მისი არ ესმოდა, რა ექნა თუ ბევრ რამეში ვერ უგებდა ცოლს, სხვადასხვა აზრი და გაგება ჰქონდათ ყველაფერზე. იშვიათად რომ მათი შეფასება ერთმანეთს დამთხვეოდა. მაგრამ ერთად მაინც კარგად იყვნენ. ეს ორი ადამიანი ერთი მედლის ორი მხარე იყო, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები, იზიდავდნენ და განიზიდავდნენ კიდეც ერთურთს. თეოსაც ძალიან უყვარდა გიორგი. ის ძალიან ერთგული და მზრუნველი ადამიანი იყო, ყველაფერს აკეთებდა ქმრის სიამოვნებისთვის, ცდილობდა ისეთი გამხდარიყო, როგორიც მას უნდოდა რომ ყოფილიყო. თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ როცა ისე იქცეოდა, როგორც გიორგის სურდა ეს მას აღიზიანებდა. მოკლედ ვეღარ გაეგო საბრალო ქალს როგორ მოქცეულიყო. ეს უცნაური ურთიერთობა ერთი შეხედვით წარმოუდგენელს გავდა, მაგრამ მათ დიდი სიყვარული აკავშირებდათ და ერთი ტკბილი დღე მთელი კვირის უკმაყოფილებას სძლევდა. ბედნიერი დღეებით სულდგმულობდა მათი თანაცხოვრება. ორ განსხვავეულ ადამიანს იმხლა სიყვარული აკავშირებდა, რომ ცალკ-ცალკე მშვიდ ცხოვრებას გამუდმებულ დავას ამჯობინებდნენ. ორივე მათგანი დარწმუნებული იყო, შვილი რომ ეყოლებოდათ, ყველაფერი დალაგდებოდა. თეოს სამსახურის შოვნა გულით უნდოდა, დამოუკიდებლობა და სიძლიერე ეწადა. თუ თავისი თავის იმედი ექნებოდა და სხვაზე დამოკიდებული არ იქნებოდა, უფრო გაძლიერდებოდა და ადვილად ხელს ვეღარავინ „წამოკრავდა“. მაგრამ სამსახური ასე ადვილი საშოვნელი არ იყო. პოლიციელ ქმარს მუდმივად მოეძებნებოდა მყარი არგუნემტი შემოთავაზებული ადგილის დასაწუნებლად. საბოლოოდ ისიც და მისი მშობლებიც ასკვნიდნენ, რომ თეომ არაფერი იცოდა და როგორ უნდა ემუშავა?! თან ბავშვი ჰყავდა გასაჩენი და რა დროს სამსახური იყო. ბოლო - ბოლო ამდენი წელი მათ ოჯახში იყო და ერთი ბავშვი ვერ გააჩინა. ცნობისმოყვარე ნათესავები გაფართოებული თვალებით ინტერესდებოდნენ იყო თუ არა ორსულად თეო, ან რატომ არ ორსულდებოდა. ვერა და ვერ გაეგოთ მიზეზი ჯანმრთელ გოგოს შვილი რატომ არ უჩნდებოდა. თეოს დედამთილს უკვე სოფელში ჩასვლაც კი ეზარებოდა, ყველა ამას ეკითხებოდა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ბოლო წელს უკვე აღარ ეკითხებოდნენ, ეტყობა ჩაიქნიეს ხელი და თეოსგან ბავშვს აღარ ელოდნენ. ეს კი დედამთილს იმაზე მეტად აგიჟებდა, ვიდრე ის კითხვები და რჩევები, რომლებსაც მანამდე ეუბნებოდნენ.
  გამხდარი, საშუალო სიმაღლის გაწეწილთმიანი თეო თავის თავში სულ უფრო და უფრო იკეტებოდა. ოცნებებით სულდგმულობდა და სხვადასხვა საღამოზე, გამოფენასა თუ შეხვედრაზე დაუღალავად დადიოდა. რაღაცას დაეძედა, მაგრამ რას დაეძებდა ეს ზუსტად არც თვითონ იცოდა. თითქო ელიოზივით „ნატვრის თვალს“ ეძებდა. სჯეროდა რომ იპოვიდა - ხოდა ეძებდა.
  ფერმკრთალ თეოს ღიმილი უყვარდა, სულ იღიმოდა. მიუხედავად ყველაფრისა, გაღიმების უნარი წუთით არ დაუკარგავს, ბავშვობას და სიხალასეს ამ ღიმილის საშუალებით ინარჩუნებდა. ის ბედნიერი იყო, როგორც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, მასზე ბევრად მეტად იყო ბედნიერი, ნეგატივს გულში დიდხანს არ იტოვებდა. ასე ამბობდა, ყველაზე კარგი რამ, რაც დედამ მასწავლა გაღიმებააო. ლამაზი სახე და კბილები ჰქონდა, ღიმილი ძალიან უხდებოდა, ამ დროს თვალებიც უციმციმებდა. მართლაც კარგი სანახავი იყო. გიორგიმ იცოდა რა ფუნქციაც ჰქონდა მის ცხოვრებაში თეოს, მაგრამ მისი კუთვნილების იქით ვერაფერს ხედავდა. არ უფრთხილდებოდა.

  მეორე დღეს თეომ ახალი წერილი მიიღო.


                                                                                                                                                                                                             
                                                                                                                                                                                                                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები