ნაწარმოებები



ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
13 თებერვალი, 2017


გ ა ო რ ე ბ ა (III თავი)

  14 ოქტომბერს გიორგი მორიგე იყო, მთელი ღამე არ იქნებოდა სახლში, თეოს მარტო ყოფნა არ უნდოდა, გამოფენაზე წასვლას აპირებდა. უცნაური გრძნობა არ შორდებოდა, თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა. ჯოისთან საუბრის შემდეგ თავის თავს გარედან უყურებდა, როგორი იყო, როგორ დადიოდა, როგორ გამოიყურებოდა. თითქოს ჯოი უყურებდა. კარადის წინ დიდხანს იდგა და ბევრი იფიქრა რა ჩაეცვა. კაბა თუ შარვალი, ვერ გადაწყვიტა. ოხ, ნეტავ ვინმესთვის აზრის კითხვა შეძლებოდა. ბოლოს წითელ კაბაზე შეაჩერა არჩევანი. შავ პიჯაკს თუ ჩაიცვამდა, გამომწვევიც აღარ იქნებოდა. ღია ფერის კოლგოტი და მსუბუქი მაკიაჟი შეურჩია, ტუჩსაცხიც ისეთი წაისვა, ტუჩს ოდნავ ყავისფერს რომ აძლევდა. პატარა ხელჩანთა გამოიღო, სარკეში რომ ჩაიხედა, რაღაც არ მოეწონა და გადაწყვიტა ჩანთის გარეშე წასულიყო. თმა ჩამოიშალა, ტალღებად დაიყარა მხრებზე, სამაგრი არ გაუკეთებია, თავისუფლად მიუშვა მბზინავი, მოლივლივე მსხვილი თმის ღერები. გაწეწილი თავისი თავი ძალიან მოეწონა სარკეში.
ამასობაში დრო გამოეპარა. საათს რომ გახედა, განსაზღვრულ დროს 15 წუთით გადაჭარბებული ჰქონდა, დააგვიანა სახლიდან გასვლა. - ჯანდაბა, ახლა სირბილი მომიწევს.- გავიდა სახლიდან, კარი ჩაკეტა და ლიფტის მოსვლისთვისაც კი არ დაუცდია სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა კიბეები.- კიდევ კარგი მსხვილი ქუსლი აქვს ამ ფეხსაცმელს, თორემ რა ივლიდა. - გაიფიქრა.
  საგამოფენო დარბაზში რომ შევიდა, კართან გაჩერდა და ნაჩქარევად მოათვალიერა დამთვალიერებლები, ცდილობდა დაეჭირა ვინმეს მზერა, ის ვინც მის მისვლას შეამჩნევდა. ასეთი არავინ იყო. თეომ მაგიდაზე დალაგებული ჭიქებიდან თეთრი ღვინით სავსე ბოკალი აიღო და იქვე კუთხეში დადგა. სწრაფად სიარულის გამო გული ჯერ ისევ ამოვარდნაზე ჰქონდა. ერთი ყლუპი ღვინო მოსვა და ისევ დარბაზს მიაპყრო მზერა. ყველა სტუმარს სათითაოდ აკვირდებოდა. არც ორგანიზატორი ჩანდა სადმე. თავად სოფიო კი ღიმილიანი, ბედნიერი სახით ყველა მომსვლელს ესალმებოდა. მცირე საუბრის შემდეგ სტუმრიდან სტუმარზე გადადიოდა. თეოს მოსვლა იქ არავის შეუმჩნევია. მეტიც, ყველა თავისი კომპანიონით იყო გართული. მარტო მდგომი თეოთი არავინ დაინტერესებულა. ნელ-ნელა დაძაბულობა მოიხსნა, ღვინომაც სითამამე შემატა, მარცხენა კედელს გაუყვა და სათითაოდ გაჩერდა ყველა ნახატთან. მხატვრობის ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ თვალიერებამ მაინც გაიტაცა. სოფიო ნატურალისტი მხატვარია. მისი ნახატები ძალიან ფერადი და თბილია. სასიამოვნო სანახავია, ინდივიდუალური ხედვა აქვს. აი მაგალითად, ერთ ნახატში დიდი ხეა დახატული, რომლის მთლიანი ტანი ფუღუროდ არის ქცეული, თითქოს გამხმარი და მკვდარი უნდა იყოს, მაგრამ ისეთი მწვანე ფოთლები აქვს, ახალგაზრდა ხესავით ძლიერი და თავმომწონეა. დიდხანს იდგა ამ ნახატთან თეო და აკვირდებოდა. ეს იმედი იყო, ძალა და რწმენა იყო, სიცოცხლისწყურვილს და შეუპოვრობას გამოხატავდა. იმდენ ხანს იდგა თავად მხატვარი დაინტერესდა მისი რეაქციით, მიუახლოვდა და ჰკითხა:
- მოგეწონათ? - თეო შეკრთა მოულოდნელობისგან.
- დიახ.
- მიხარია რომ მოგეწონათ. რას ხედავთ მასში?
- რას ვხედავ? - დაიბნა თეო, ასეთ კითხვას არ ელოდა. ისევ შეხედა ნახატს. - ალბათ... სიცოცხლის წყურვილს და ბრძოლისუნარიანობას.
- მე მას „სურვილი“ დავარქვი - გაიცინა სოფიომ.
- ძალაინ ლამაზია და ძალიან აზრიანი.
- მადლობა.
- ყიდით?
- არა.
- რატომ?
- ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნახატია. საოცარ ძალას მაძლევს.
- ასლებს რატომ არ ხატავთ?
- არა, ასლი გამორიცხულია. ასლს დედნის ენერგეტიკა მიყვება, თუ იგივე მხატვარი ხატავს. მერე რამდენი ამას შევხედავ, იმდენი ის გამახსენდება, რომ სადღაც ამის მსგავსიც არის. მე კი არ მინდა რომ ის დავანაწევრო.
- საინტერესოა - გაიღიმა თეომ, - შეიძლება ფოტო გადავუღო?
- კი, რა თქმა უნდა. მე დაგტოვებთ. - სოფიო წავიდა, თეო კი ცოტა ხანს ისევ იდგა ნახატთან და აკვირდებოდა.  - სურვილი, ნეტავ რატომ სურვილი და არა თუნდაც იმედი?! კარგი იქნებოდა მეკითხა.  - მიმოიხედა, სოფიო დარბაზის მეორე მხარეს ვიღაც ორ შუახნის ქალს ესაურებოდა. - მართლაც საოცარი ნახატია... „სურვილი“ - გაიფიქრა თეომ. - რატომ სურვილი? „სიცოცხლის წყურვილი“ უფრო მოუხდება ან „ბრძოლა სიცოცხლისთვის“. მაგრამ არა, ასე ბანალური იქნებოდა. რამე ისეთი... „იმედი“ მაგალითად, ან „ყოფნა“, ან... „სურვილი“ „სურვილი“... რათქმაუნდა „სურვილი“ სიცოცხლის, „სურვილი“ ბრძოლის, „სურვილი“ იმედის, „სურვილი“ ყოფნის. ყველაფრის არსებობას სურვილი სჭირდება. რომ არა სურვილი, არაფერიც არ იქნებოდა. საოცარია. - მერე რამოდენიმე ფოტო გადაუღო და სხვა ნახატების დათვალიერება განაგრძო. არც ერთი არ იყო ისეთი ძლიერი შინაარსის, როგორიც ეს „სურვილი“, ეს მისი საუკეთესო ნახატი იყო, ამიტომაც არ ყიდდა ალბათ.
  სულ გადაავიწყდა თეოს რომ დარბაზში ჯოი მოეძებნა. თან უკვირდა, ეგონა მივიდოდა მის გასაცნობად, უცნაური ადამიანიაო დაასკვნა საბოლოოდ და სახლში წავიდა.

  მეორე დილას, ისევ მარტო იყო სახლში, ისაუზმა, ყავას სვამდა და თან ფეისბუქს ათვალიერებდა, ამ დროს ტელეფონზე კონვერტი დაფიქსირდა. თეომ მაშინვე შეამოწმა ფოსტა. გაოცდა. ჯოის წერილი იყო.

______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Subject: გამოფენა
Date: Oct 15, 2015 09:13
დილა მშვიდობისა თეო.
სასიამოვნო დღეს გისურვებ.
როგორ მოგეწონა გამოფენა?
______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Subject: გამოფენა
Date: Oct 15, 2015 09:14
დილა მშვიდობისა.
შენც/თქვენც სასიამოვნო დღე გქონოდეს/თ.
_____________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Subject: გამოფენა
Date: Oct 15, 2015 09:15
გაიხარე დიდი მადლობა.
ადრიანად შესულხარ ფეისზე.
საქმის დაწყება ჯერ ადრეა და ყავას წრუპავ ახლა :)

პ.ს. „შენც“ ჯობია მე მგონი, თუნდაც 107 წლის ვიყო :))
_______________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Subject: გამოფენა
Date: Oct 15, 2015 09:15
546 23 27 23  ეს შენი ნომერია?
______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Subject: გაბრაზებული მე
Date: Oct 15, 2015 09:16
ჩემი ნომერი?
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Subject: გაბრაზებული?
Date: Oct 15, 2015 09:17
არა?
დამიჯერე, არ დაგჭირდება ჩემთან გაბრაზება არასოდეს.
მოიშორე გაბრაზება. :)
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Subject: გაბრაზებული
Date: Oct 15, 2015 09:19
გამებუტე?
ნუ გამებუტები, შენს ფეისბუქს ვესტუმრე, დავათვალიერე, ძალიან  ლამაზი და მოხდენილი გოგო ხარ და საოცარი ღიმილი გაქვს.
ჰო, წითელი საცურაო კოსტიუმიც ძალიან გიხდება.
ნომერიც მანდ ვნახე. იმიტომ გითხარი, რომ დავრწმუნებულიყავი მართლა შენ იყავი თუ არა ის ვინც მე ვნახე.
გაიღიმე თეო, ღიმილი ძალიან გიხდება.
______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Subject: გაბრაზებული
Date: Oct 15, 2015 09:20
არა. არ გაგებუტე.
მართალია ეგ ყველაფერი.
დილას ყავის სმის დროს ვამოწმებ ხოლმე ჩემს ინტერნეტ მოვლენებს.
მივხვდი ტელეფონის ნომერი ფეისბუქიდან გაქვს.

______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Subject: ყავა
Date: Oct 15, 2015 09:21
გამოდის ერთად ვსვამთ ახლა ყავას.
მე კარტენუარს, შენ ალბათ იაკობს მონარქს.

______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Subject: ყავა
Date: Oct 15, 2015 09:22
არა მე ნესკაფე კლასიკს ვსვამ.

______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Subject: ყავა
Date: Oct 15, 2015 09:23
ნესკაფე კლასიკი მწარეა, მე არ მომწონს.
შემჯდარი ვერ ყავაზე. დღის განმავლობაში 4-5 ჯერ ვსვამ. თუ არ დავლიე, მგონია რომ რაღაც მაკლია. :)
______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Subject: ყავა
Date: Oct 15, 2015 09:23
მე მწარე მიმწონს, თან უშაქრო, ისეთი როგორიც არის,
დამოკიდებულებას სრულად ვაკონტროლებ, ყავისასაც და სხვა რაცეებისასაც. :)
ყავა + სიგარეტი?
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Subject: ყავა
Date: Oct 15, 2015 09:44
არ ვეწევი.
უფრო სწორად აღარ ვეწევი.

გაბრაზებამ გაგიარა?

______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Subject: ყავა
Date: Oct 15, 2015 10:12
გაბრაზებან გადაინაცვლა თავის სულელად აღქმაში, რომ მე ასე ნაცნობი ვარ,
შენ/თქვენ კი არა.

პ.ს. უსიამოვნო კონტაქტებისგან მარტივად ვთავისუფლდები ხოლმე.

_____________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Subject: საუზმე
Date: Oct 15, 2015 10:30
ვისაუზმებ და მოვალ.

______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Subject: საუზმე
Date: Oct 15, 2015 10:32
ახლა საუზმობ/თ, ან მარტოხელა ხარ, ან დიეტაზე, ან არეული ცხოვრების წესის და გაუკუღმართებული დღის განრიგის. :) :) :)
სახალისოა ეს ყველაფერი, ვერაფერს იტყვის კაცი :) :) :)
ისე, თემუკა იქნები, ლაშუკა, თუ ჯაბუკა, საქმე სახელში კი არა სიმართლეშია. :) :) ;) ;)

პ.ს. ქალური ლოგიკა.
_______________________________________________________________________
  თეო გახალისდა, გაღიმებული წამოდგა მაგიდიდან და სამზარეულო მიალაგა, მერე ავეჯზე მტვერი ღიღინით გადაწმინდა. ასეთი ურთიერთობა მისთვის უცხო იყო, აქამდე არასდროს მოსწონებია ანონიმთან მიმოწერა. ერთი - ორი ესემესი გაუგზავნია ვიღაცეებთან, მაგრამ მასში ინტერესი არავის აღუძრავს. ახლა კი უაზროდ გაღიმებული დადიოდა. მალე გიორგი დაბრუნდებოდა სამსახურიდან. აქამდეც უნდა მოსულიყო. თავისი თავის უკვირდა, რომ არ ბრაზობდა მის დაგვიანებაზე. საქმით გართულს ფოსტაზე წერილის წკარუნის ხმა შემოესმა. გაეღიმა, აქამდე ეს ხმა ყოველთვის აღიზიანებდა, ძირითადად სარეკლამო წერილებს უგზავნიდნენ სხვადასხვა კომპანიები. მოუთმენლად გახსნა ჯოის წერილი, აინტერესებდა ახლა რას მოწერდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები