ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
3 მაისი, 2008


თავი 5. ჩამწარებული საღამო ("მაგდა")

ნინომ კარი გამოაღო და ნუკრის ოთახში შეუძღვა.
მაგდა ოთახში შემოსულ მეგობარ შეეგება, თან გაუკვირდა, - ასეთ დროს აქ რამ მოიყვანა, ეს ახლა ლიმონათებზე უნდა იყოს წასულიო, - მაგრამ კითხვით არაფერი უკითხავს.
- მაგდა, მზად როდის იქნები? მანქანით გამოგივლით მე და გია. შენ ჩაცმული დაგვხვდი, კარგი?
- კარგი, ნუკრი... 6 საათისთვის მზად ვიქნები. ვისი მანქანით მოხვალთ?
- შენ, რა, არაფერი იცი? სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, გიას მამამისმა მანქანის მართვის მოწმობა ააღებინა. გიას მამის მანქანით მოვალთ...
- გია მანქანას მართავს? ჩემთვის რომ არაფერი უთქვამს? - სიხარულში ფარული წყენაც გამოსჭვიოდა. მაგდას მხოლოდ ის სწყინდა, რომ გიამ მას, მაგდას დაუმალა ასეთი, არც თუ უმნიშვნელო ამბავი.
- მაგდა, შენი ჭირიმე, გია მომკლავს, შენ რომ გითხარი ეს ამბავი! დღეს მთელი დღეა, იმას ამბობს, მაგდას სიურპრიზს ვუმზადებო. არ წამოგცდეს, რა, გეხვეწები?! თან, რაც შეიძლება გაიოცე, კარგი?
- კარგი, ნუკრი, კარგი... - გაეცინა მაგდას.

. . . . .

- უკვე შვიდის ნახევარია! სად წავიდნენ ამდენ ხანს? - მერამდენედ გადიოდა მაგდა აივანზე, მაგრამ ბიჭები არსად ჩანდნენ.

გახდა 19:00... 19:30... 20:00...

- დედა, რაღაც ცუდს მიგრძნობს გული! სად არიან ამდენ ხანს?!- კითხულობდა თეთრ კაბაში გამოწყობილი და კაბასვით გაფითრებული მაგდა.
- დამშვიდდი, დაწყნარდი! რა მოგდის, მაგდა?! ნუ ნერვიულობ... აი, ნახავ, თუ არ მოვლენ. კიდევ ნახევარი საათი დაველოდოთ... - აწყნარებდა მაგდას არანაკლებ შეშინებული ნინო.

მაგდა ტელეფონის გვერდით სავარძელში ჩაჯდა და გაყუჩდა.
გავიდა 15 წუთი. ბიჭები არ ჩანდნენ.
მაგდამ გიასთან დარეკა. ტელეფონი დაკავებული იყო. ორიოდე წუთის შემდეგ კვლავ დარეკა... შემდეგ ისევ... ისევ... ყურმილში ჯიუტად ისმოდა ხაზის დაკავების მანიშნებელი წყვეტილი ზუმერი.

მაგდამ ნუკრისთან დარეკა, - ყურმილს არავინ იღებდა, სახლში არავინ იყო...

საბანკეტო სუფრა რადგან თემურის სახლში იშლებოდა, მაგდამ ახლა თემურთან დარეკა. ყურმილი თემურის დედამ აიღო.
- ციალა დეიდა, მაგდა ვარ. თემური სად არის? - იკითხა მაგდამ და მექანიკურად ფეხზე წამოდგა. შემოსასვლელის სარკეში საკუთარ ორეულს მოჰკრა თვალი...

სარკიდან ფერია შემოჰყურებდა... თეთრი ფერია და არა ცისფერი, როგორც გია ეძახდა მას: თეთრი გრძელი კაბა, თეთრი ფეხსაცმელები... თეთრი ყვავილები ნახევრად აკეცილ და შემდეგ ოქროსფერ ტალღებად გადმოღვრილ თმაში და დიდი, ჩვეულებრივზე უფრო დიდი, შიშჩამდგარი ზღვისფერი თვალები...
- მაგდა, შვილო, ხუთი წუთის წინ ზურამ მოირბინა, თემურს რაღაც უთხრა და შემდეგ ყველანი სადღაც გაიქცნენ. ზურა შენთან წამოვიდა. მე მეტი არაფერი ვიცი… რა მოხდა?! სად წავიდნენ?! - ამბობდა ციალა, მაგრამ მაგდას უკვე აღარაფერი ესმოდა, ყურები უწიოდა, თვალთ უბნელდებოდა...

სადღაც შორიდან ზარის ხმა მოესმა, შემდეგ კარი გაიღო და ბურუსში ზურას სილუეტი დალანდა... შემდეგ, თითქოს ისიც გაიგო, როგორ თქვა ზურამ "ნუკრი და გია ავარიაში მოყვნენო" და... გულწასული იატაკზე ჩაიკეცა.

გონს რომ მოვიდა, თეთრხალათიანი ქალი დაინახა, რომელსაც მისი ხელი ეჭირა ხელში და მაჯისცემას ითვლიდა. ქალმა თვალგახელილ მაგდას გაუღიმა, თავზე ხელი გადაუსვა და ფეხზე წამოდგა.
- ახლა უკეთ იქნება, ნუღარაფრის გეშინიათ, ქალბატონო... - უთხრა ექიმმა ნინოს, კიდევ ერთხელ გაუღიმა მაგდას, - ყოჩაღად იყავიო, - უთხრა და კარებისკენ გაემართა.
ნინო უკან გაჰყვა, თან ოთახის კარი გაიხურა  და ჯიბეში ათმანეთიანი ჩაუცურა.
- აბა, ეს რა საჭირო იყო?! - "იუარა" ექიმმა, თუმცა ფულის უკან დაბრუნებაზე არც უფიქრია, - მთავარია, არ ააღელვოთ... ის ახლა მშვიდად უნდა იყოს.
- ექიმო, არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე, როგორ შევატყობინო მაგდას... მისი თანაკლასელებს ავტოავარია მოუხდათ. ერთი შედარებით კარგად არის, მაგრამ მეორე... ჯერ ცოცხალია, მაგრამ მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია... ექიმებს მისი გადარჩენის არავითარი იმედი არ ჰქონიათ... ეს რომ მაგდამ გაიგოს... არ ვიცი, როგორ მოვიქცე... მირჩიეთ რამე!
ექიმმა მხოლოდ მძიმედ ამოიოხრა, თავი გადაიქნია, "უბედური ბიჭიო", - ჩაილაპარაკა და წავიდა.

- დედა! - მოისმა ოთახიდან. ნინო მაშინვე მაგდასთან შევიდა და საწოლთან ჩამოუჯდა.
- გისმენ, მაგდა... - ნინო ცდილობდა, რომ მღელვარება დაეფარა, თუმცა არ გამოსდიოდა.
- მე ყველაფერი გავიგე... რომელია ცუდად, ნუკრი? თუ გია?!  დედა, გთხოვ, არაფერი დამიმალო, ასე სჯობია! - მაგდამ ისეთი თვალებით შეხედა, რომ ნინოს ცრემლები მოადგა.
- ნუკრი დამტვრეულია, მაგრამ კარგად არის...
- ესე იგი გია?! - მაგდამ თვალები დახუჭა და ცრემლები ჩამოუგორდა ფერდაკარგულ ღაწვებზე. უცებ ბალიშში ჩარგო თავი და მწარედ ატირდა.
- მაგდა, რას შვები?! ცოცხალი ადამიანის ტირილი ვის გაუგია?!  მძიმე მდგომარეობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს არაფერს. მე, შენს ადგილზე, საავადმყოფოში წავიდოდი,  თუკი შენ მართლა გიყვარს ის...

ეს ბოლო წინადადება თითქმის ჩურჩულით იყო ნათქვამი, მაგრამ მაგდასთვის დედო-ზარივით დაიგუგუნა... უცებ წამოხტა, ცრემლები მოიწმინდა. მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ კვლავ საბანკეტო კაბა ეცვა. თმებიდან ამოცვენილი თეთრი ყვავილები ლოგინზე ეყარა...

სწრაფად გაიხადა ტანზე, ზღვისფერი კაბა გადაიცვა, თეთრი მაქმანებით გაწყობილი, რომელიც ასე უყვარდა გიას და კარებისკენ გაემართა.
- მაგდა, თერთმეტის ნახევარია... მარტო ხომ ვერ წახვალ? მოიცა, მე წაგიყვან, შვილო... - ეს მალხაზის ხმა იყო.
- მალხაზ, როდის მოხვედი?! არც გამიგია...
- ახლახანს მოვედი... მიდი, შენც ჩაიცვი... მე წაგიყვანთ.

გაფითრებული მაგდა შემოსასვლელში კედელთან იდგა და უხმოდ იცრემლებოდა.
მალე თავისი საძინებლიდან წასასვლელად გამზადებული ნინო გამოვიდა და მაგდას მკლავზე წაეტანა.
- დაწყნარდი, გაიგე? ცრემლები შეიშრე... ნერვიულობით ვერაფერს უშველი... ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება...

საავადმყოფოში მნახველებს აღარ უშვებდნენ. მთავარი ექიმიც წასულიყო. მორიგე ექიმს გამოუძახეს.
მორიგე ექიმმა, პირველად რაც იკითხა, ეს სახელი იყო.
- მაგდა!...
- მაგდა?! აი, თურმე ვის სახელს აბოდებდა ავადმყოფს...

ექიმმა მაგდას თეთრი ხალათი მოახურა და პალატისკენ გაუძღვა. ნინო და მალხაზი მოსაცდელში დარჩნენ.

დერეფანში აღარავინ დადიოდა...

"რეანიმაციის განყოფილება"... წაიკითხა მაგდამ პალატის აბრა და ტანში გააჟრჟოლა, - აქ ხომ მხოლოდ მძიმე ავადმყოფებს ათავსებდნენ!...
ფრთხილად გააღო პალატის კარი. პალატაში მკრთალი სინათლე ენთო. თვალი რომ შეაჩვია, დაინახა, რომ პალატაში ორი საწოლი იდგა.ერთზე ლოგინი აკეცილი დაუხვდა და კინაღამ ჩაიკეცა, მაგრამ ექიმმა ხელი შეაშველა და მეორე საწოლისკენ მიაბრუნა.

საწოლში თვალდახუჭული გია იწვა... გია, რომელიც ისე იყო დოლბანდებში გახვეული, რომ მაგდამ ძლივს იცნო. იქვე იდგა შტატივი წვეთოვანი ინექციისათვის, ზედ ჩამობმული წამლით... შტატივის გვერდით ექთანი გოგონა იდგა და წამლის რაოდენობას ამოწმებდა. პალატაში მძაფრი სუნი იდგა, წამლების, სპირტის... მაგდამ ვერ გაარკვია, რას შეიძლება ჰქონოდა ასეთი მძაფრი სუნი.

გიას ეძინა... ან უგონოდ იყო...
მაგდა თითქოს იატაკს შეეზარდაო, - ფეხი ვერ გადადგა წინ. და უცებ... "მაგდა... მაგდა..." - გაისმა პალატაში გიას ხმა.
მაგდა საწოლთან მივიდა...  მივიდა კანკალით, ბარბაცით და მუხლებზე დაეშვა, შემდეგ ხელი გაიწვდინა და ფრთხილად, ძალზე ფრთხილად ჩამოუსვა გიას სახეზე.
გიამ მძიმედ ასწია ქუთუთოები, ნისლში გახვეული მაგდას სახე რომ დაინახა, "ისევ მეჩვენებაო" - იფიქრა, თავის "ცისფერ ფერიას" გაუღიმა და თვალები დახუჭა.
მაგდამ გიას ხელი ტუჩებთან მიიტანა, აკოცა და მდუღარე ცრემლები გადმოსცვივდა.
გიამ თვალები გაახილა და ახლა უკვე აშკარად დაინახა თავის საწოლთან მდგარი და მის ხელს ჩაფრენილი მაგდა.
- მაგდა... - უღონოდ ამოიჩურჩულა გიამ.
მაგდამ გიას ხელს ლოყა დაადო და თვალები დახუჭა.
- მაგდა... - შემოესმა ხმა და მხოლოდ მაშინ ასწია თავი.
გიას თვალები დაინახა, მომაკვდავი,დაბინდული თვალები კი არა, ცოცხალი, ღიმილიანი და ალერსიანი თვალები, რომლებიც ასე უყვარდა მაგდას.
- მაგდა... ჩემო ცისფერო ფერია, ჩემო სიცოცხლე!... ახლა აღარაფერი მომკლავს... ახლა უნდა ვიცოცხლო, რომ შენ გიყურო!... ახლა...
- გია, შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება! გთხოვ, მაგდა, ახლა წადი და ხვალ მოდი, კარგი?! - გაიგო მორიგე ექიმის ხმა.
- დიახ, ახლავე წავალ, მხოლოდ ერთი წუთი... კიდევ ერთი წუთი... გია, მე შენ მიყვარხარ, გესმის? მე შენ მიყვარხარ და შენ უნდა იცოცხლო, გია!... - მაგდა დაიხარა, ტუჩებით სულ ოდნავ შეეხო გიას ტუჩებს და სწრაფი ნაბიჯით გავიდა პალატიდან.


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები