ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
22 თებერვალი, 2017


ცის სახლი - 2. ბაზარ-ბაზრობა

(გაგრძელება)

ვერცხლისფერმა „ოპელმა“ წინ გაუსწრო ბაზრისკენ ლასლასით მიმავალ „ტურისტებს“. ბაზარი საავადმყოფოდან ნახევარი საათის ფეხით სავალ გზაზე მდებარეობდა, ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში; იქვე იყო რკინიგზის ცენტრალური სადგური და ქვეყნის ღირსება - ეროვნული სტადიონი; თუმცა ეს ორი სტრატეგიული ობიექტი - სადგური და სტადიონი, ქვეყანაში არსებული უმწვავესი პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე, უფუნქციოდ (თითქმის უფუნქციოდ) დარჩენილიყო; ბაზარი კი ყვაოდა, იზრდებოდა, ფართოვდებოდა და, ვინ იცის, სუნთქავდა და პულსიც ესინჯებოდა; იმიტომ, რომ ქვეყანაში ეპიდემიურად მოდებულმა უმუშევრობამ შიმშილის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას წვრილმანი ვაჭრობისკენ უბიძგა - ყიდდნენ ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, და იმასაც, რისი გაყიდვაც არ შეიძლებოდა; ბაზრის დახლებზე თავისუფალი ადგილი რომ აღარ დარჩა, მოვაჭრეებმა ტროტუარები და სკვერები დაინაწილეს - რკინიგზის სადგური და ეროვნული სტადიონიც კი წვრილმანი ვაჭრობის ცენტრებად გადააქციეს. ასე და ამგვარად, საავადმყოფოდან ბაზრამდე არსებული ფეხით სავალი გზა, ბაზრის საზღვრების გაზრდამ - „ბაზარ-ბაზრობად“ გარდასახვამ, საგრძნობლად შეამცირა.

„ოპელი“ იმ ადგილას გაჩერდა, საიდანაც ბაზრის „ბაზარ-ბაზრობად“ გარდასახული ტერიტორია იწყებოდა. „ტურისტების“ გამოჩენამდე ჯერ ადრე იყო და ივანიჩმა, როგორც თავად თქვა - დროის მოსაკლავადო, ალექსი ჯიგრის ცხელ-ცხელ ღვეზელზე დაპატიჟა.
- ამ საცხობის ნაწარმი, განსაკუთრებით ჯიგრის ღვეზელი, ქალაქში განთქმულია; ლუდიც დიდებული აქვთ!
- გმადლობთ, ღვეზელისა რა მოგახსენოთ და, ერთ ბოთლ ლუდს სიამოვნებით დავლევ.
- ნება თქვენია.
საცხობი, რომელიც ივანიჩმა გამოირჩია, იქნებ, მართლაც განთქმული იყო, მაგრამ ვიზუალურად არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან, სოკოებივით რომ მომრავლებულიყვნენ ირგვლივ; პროდუქციაც ყველას ერთნაირი ჰქონდა - ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი, ჩებურეკი, ჰამბურგერი, ჰოთ-დოგი... და კიდევ რაღაც. გარდა იმისა, რომ საცხობების ვიტრინები სავსე იყო ნაწარმით, იმავე პროდუქციას დამტარებლებიც ჰყიდდნენ - „რეკი, რეკი, ჩებურეკი!“ - გაჰკიოდა თეთრ, დალაქავებულ ხალათში გამოწყობილი ჭკუამხიარული მამაკაცი, რომელსაც მხარზე ჩებურეკით სავსე ყუთი გადაეკიდა და მყიდველის მისაზიდად - „გარანტიით ვყიდიო“, ამასაც გაიძახოდა. ალექსმა ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ჩებურეკის გამყიდველს რამდენიმე კადრი გადაუღო. ალექსის შემყურე ივანიჩს გაეცინა:
- ეგ მეჩებურეკე „ჩვენებურს“ კი გავს, მაგრამ ჩვენი არ არის!
- მეჩებურეკე პირადი კოლექციისთვის მჭირდება.
- გაუგო ხელოვან კაცს, ოილი საქმე როდია... - დასძინა ივანიჩმა და ალექსს ლუდის ბოთლი გაუწოდა.
თავისთვის ლიმონათი აიღო, ორი მოზრდილი, ცხელ-ცხელი „ჯიგრის“ ღვეზელი ერთიმეორეს გადაადო და ღრმად ჩაკბიჩა; პირში შხუილით იწყო ლუკმის გაციება.
ალექსმა ლუდი მოსვა... არ უნდოდა, ივანიჩისთვის ჭამის დროს შეეხედა, მაგრამ თვალი მაინც გაექცა, რადგან ეს უკანასკნელი ყბის მოძრაობით არასასიამოვნო ხმას გამოსცემდა.
- დიდებული ღვეზელია!
ალექსს ღვეზელი კი არა და, ლუდიც შეზიზღდა; ბოთლს სინათლეზე გახედა და მოეჩვენა, თითქოს შიდა კედელზე რაღაც ლაქები ჰქონდა; უკანასკნელი ყლუპი ხომ მთლათ საზიზღრობად ეჩვენა; ერთხანს ხელში ატრიალა და მერე, მიწაზე დადგა. წუთიც არ იყო გასული, ბოთლს ხნიერი, სახე ალეწილი ქალი მიუახლოვდა, დაავლო ხელი და წაიღო; რამდენიმე ნაბიჯის იქით, მიიყუდა და ჩარჩენილი ლუდი სულმოუთქმელად დალია; ბოთლი დიდ, ჭუჭყიან ჩანთაში ჩადო, რომელშიც სხვა მინის ტარაც ეყარა. ზუსტად იმ დროს, ალექსს ივანიჩმა რაღაც ჰკითხა, ალბათ უმნიშვნელო რამ, რადგან მან ვერ გაარჩია რა, და იმასაც, აღარ გაუმეორებია.

„ტურისტები“ თუ მანამდე გაწელილ, მაგრამ მაინც ერთ ჯგუფად მიაბიჯებდნენ, „ბაზარ-ბაზრობას“ მიახლოებულნი გაიშალნენ და ხალხს შეერივნენ - სამათხოვროდ მისულებმა თავ-თავიანთი ადგილი დაიკავეს, ხოლო საჭმლის ნარჩენების მაძიებლებმა საცხობების სიახლოვეში განლაგებულ ნაგვის ურნებსა და ბუნკერებს ჩამოუარეს. ყველაფერი ეს იმდენად დამთრგუნველი და ამაზრზენი იყო, რომ ივანიჩის წაქეზების გარეშე ალექსი ერთ კადრსაც ვერ გადაიღებდა. დაახლოებით, ერთ საათს „იმუშავეს“, რომელიც ალექსისთვის საუკუნე აღმოჩნდა. როცა ივანიჩმა ჩათვალა, რომ ყველა საჭირო სცენა დააფიქსირეს, მადლიერების ნიშნად ალექსი იქვე, ახლოს მდებარე სახინკლეში დაპატიჟა - დიდებულ ხინკალს ამზადებენო, უთხრა. „დიდებულ ხინკალზე“ ალექსს „დიდებული ღვეზელი“ გაახსენდა, უარი უთხრა და დაემშვიდობა.

ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, რკინიგზის სადგურის უკანა ტერიტორია იყო - ხალხმრავალი, გაჩაღებული გარევაჭრობის ინტენსიობით ერთ-ერთი გამორჩეული, რადგან იქვე მეტროს სადგურში ჩასასვლელი მდებარეობდა და ფეხით მოსიარულელთათვის რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი. ხიდი მთელი სიგრძე-სიგანით გარემოვაჭრეებს დაეკავებინათ და სიმჭიდროვის გამო, გავლა ჭირდა; ჯიბგირების სათარეშო ადგილად ქცეულიყო. ალექსი ხიდზე ავიდა, შინისკენ მიმავალი უმოკლესი გზა მასზე გადიოდა; შეეცადა სწრაფად ევლო, მაგრამ არ გამოუვიდა - თავზე ხომ ვერ გადაახტებოდა გამვლელებს! ჯიბგირთა ჯგუფის მოგერიებაც მოუხდა და ერთხელ, ვიღაც ქალს, თვითონ ეგონა ჯიბგირი, როცა მასზე გასწრებას ცდილობდა.
ხიდის თავიდან კარგად მოსჩანდა ვაგზლის მოედნის მთელი ტერიტორია, ადგილი, სადაც სრული უწესრიგობა და ანტისანიტარია სუფევდა - ყოველ კუთხე-კუნჭულში ვაჭრობდნენ საკვებით, პირველადი მოხმარების საგნებით, ახალი და გამონაცვალი ტანსაცმლით, საკუთარი სხეულით, ნარკოტიკით და კიდევ, ვინ იცის რითი... იქაურობა დიდ, ნასუფრალ მაგიდას დამსგავსებოდა, რომელსაც მწერები და მღრღნელები შესეოდნენ. და, სამწუხაროდ, ვაგზლის მოედანი თავისი იერით იყო სახე დედაქალაქისა, დედაქალაქი, ქვეყნისა... თუმცა სადღა იყო ქვეყანა?!
ტრანსპორტში ასვლის ნაცვლად, ალექსმა ფეხით გავლა არჩია, მოედანი გადაჭრა და შემოვლითი ქუჩებით წავიდა; ხეტიალმა გრძნობები დაუამა, და ამასთანავე, ფიქრის საშუალებაც მისცა. იქ, ხალხის სიხალვათე იყო... თუმცა, არც იქაურობას ჰქონდა ის სახე, რომელიც დედაქალაქს ეკადრებოდა; ჯერ კიდევ მძაფრი ემოციის ქვეშ მყოფს მოეჩვენა, რომ შეაბიჯა დიდი, უკიდეგანო, ღია საწყობიში, რომელიც მონსტრად ქცეულ „ბაზარ-ბაზრობას“ ზურგს უმაგრებდა. ყველაზე უსახო სანახავი მინის ტარის ჩასაბარებელი პუნქტები იყო, სადაც არა მარტო მინის ტარას ყიდულობდნენ და ყიდდნენ, ვინ იცის რისთვის, პოლიეთილენის ბოთლებიც დაეხვავებინათ. შენობაზე დატანებული აბრა იუწყებოდა, რომ ქუჩა დიდი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის, სახელს ატარებდა. კარგა ხანია, ამ გზაზე არ გაევლო ალექსს. აი, გამოჩნდა ეზოც, სადაც მხატვარი ცხოვრობდა, ცხოვრობდა კიბის ქვეშ და იქვე გარდაიცვალა. არადა, არც ეს ეზო გამოირჩეოდა სხვებისგან... ამჯერად ნიკო ფიროსმანმა მიიტაცა მისი ფიქრი, თუმცა რა, მიტაცებაც არ ერქვა ამას - ფიროსმანის წინაშე სათქმელი რომ არაფერი ჰქონდა, ეზოს თავდახრილმა ჩაუარა.
თანდათან არე-მარე „ბაზარ-ბაზრობის“ ელემენტებისგან დაიწმინდა. „ნეტავ, ოდესმე თუ ეშველება ამ დაუძლურებულ, დაჭაობებულ ქალაქს?!“ - გაიფიქრა ალექსმა და ხელი უიმედოდ ჩაიქნია. ახლა უკვე აუჩქარებლად მიაბიჯებდა. ერთ-ერთ ქუჩაზე რომ გადაუხვია, უცნაური გარეგნობის ხანში შესულ მათხოვარ ქალს გადააწყდა - ტროტუარზე მოკუნტულს, ჭინჭებით სავსე პოლიეთილენის პაკეტები გარშემო შემოეწყო და ფიქრით სადღაც შორს მყოფი, სათნოდ იღიმებოდა. შესაძლოა, ეს ქალი არ იყო სულიერად ჯანმრთელი, ან ჯანმრთელი იყო, მაგრამ გარკვული შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფ ალექსს ასე მოეჩვენა; აღნიშნული ეჭვის საფუძველს მისი ღიმილი იძლეოდა, რომელიც ყოვლად შეუთავსებელი იყო მის მძიმე ფიზიკურ ყოფასთან. ალექსმა ჯიბე მოიჩხრიკა, ხურდა ფული ჰქონდა, მაგრამ არჩია, ქალისთვის ხუთლარიანი გაეწოდებინა. ქაღალდის ფულის დანახვაზე მათხოვარი ფიქრიდან გამოერკვა, ალექსს მადლობა თვალებით გადაუხადა - არაბუნებრივად მეტყველი თვალები ჰქონდა... ეს იყო კადრი, რომელიც ალექსმა დასაკარგად ვერ გაიმეტა; თუმცა იგრძნო, რომ გადაღების უფლება ქალისთვის უნდა გამოეთხოვა და ეს ანიშნა კიდეც. ფოტოაპარატის დანახვაზე ქალს სახე შეეცვალა, პირქუში გაუხდა, ხუთლარიანი, რომელიც ჯერ ისევ მუჭში ჰქონდა, ალექსს მიაჩეჩა - დაიბრუნეო!
შეწუხებული ალექსი უხმოდ გაეცალა მათხოვარს; რა თქმა უნდა, ფული არ გამოართვა და თავის დახრით, ბოდიშიც მოუხადა. დამძიმებულ გულზე სურვილი გაუჩნდა, იმ დილით რაც კი რამ მასალა შეაგროვა, ფოტოაპარატიანად ნაგვის ურნაში მოესროლა. მაგრამ ფოტოაპარატს რას ერჩოდა! და გადაწყვიტა, შინ მისვლისთანავე აპარატის მეხსიერება გაეწმინდა და ამ გზით, საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან სამუდამოდ გაეწყვიტა კავშირი. თუმცა ისიც იგრძნო, რომ ეს დღე ასე მარტივად ვეღარ ამოიშლებოდა მისი ცხოვრებიდან.
ნაბიჯი ისევ აუჩქარდა, და თანაც, ხმამაღალი ლაპარაკით თავის თავს ჩხუბი გაუბა, თითქოს სულში ვიღაც მტრულად განწყობილი არსება ჩაუსახლდაო. გამვლელ-გამომვლელის ყურადღება რომ არ მიექცია, თავს ძალისძალად იშოშმინებდა, მაგრამ ეს დროებითი იყო, ორიოდ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, მრისხანება ისევ ეძალებოდა. მთელი გზა ასე იარა, ბობოქრობაში. ვერც შინ მისულმა მოიპოვა სიმშვიდე - ხან სავარძელში ჩაფლულმა, ხან დივანზე მწოლიარემ მთელი დარჩენილი დღე და ღამის დიდი ნაწილი ფიქრში გაატარა; ათასი ურთიერთგამომრიცხავი აზრი უტრიალებდა თავში; ვეღარ წარმოედგინა, რომ იმ დღის შემდეგ მისთვის ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდებოდა - ტკბილს ექნებოდა ისეთივე სიტკბო, თბილს ისეთივე სითბო! უდავოა, უმწეო ადამიანებს რაღაცით უნდა დახმარებოდა - მაგრამ რითი? თავისი ავლადიდება მათთვის გაენაწილებინა? განა რა ჰქონდა იმდენი? თანაც, არ იყო სულიერად ისეთი ძლიერი, რომ ასეთი გმირობა ჩაედინა.
საკუთარი თავის გაკიცხვის გარდა, თავის მართლებასაც ცდილობდა; ბოლოს, დაასკვნა - რადგან კომფორტზე უარის თქმა არ შეეძლო, მისი რაღაც ნაწილი მაინც უნდა მოეკლო; მოეკლო სხვის სასარგებლოდ, და ამ „მოკლებულის“ დოზა, რაღა თქმა უნდა, მისი სინდისის პირდაპირპროპორციული იქნებოდა. ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, მერე, უცებ შედგა და ტელევიზორს შეხედა - თვალწინ წარმოუდგა ის გამოსახულებადაკარგული ტელევიზორი, რომელიც ფსიქიარტიული საავადმყოფოს სასადილო დარბაზში იდგა; ეს იყო ბრწყინვალე აზრი - პაციენტებს ისე არაფერი გაახარებდათ, როგორც ტელევიზორი! არც თვითონ დარჩებოდა ტელევიზორის გარეშე; ახლის ყიდვას გეგმავდა, ამისთვის ფულიც კი ჰქონდა გადადებული. მაგრამ ერთმა გარემოებამ შეაყოყმანა: მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორს ბრწყინვალე ჩვენება ჰქონდა, ვიზუალურად შელახულიყო, და თანაც, მცირე ზომისა გახლდათ, დარბაზში დასადგმელად ნაკლებად გამოდგებოდა. იქნებ, საავადმყოფოში ის ტელევიზორი მიეტანა, რომლის ყიდვასაც გეგმავდა? - ამ აზრმა თავიდანვე გაჰკრა გონებაში, მაგრამ მისი მიღება არც თუ ეიოლა.
ბოლთისცემა განაგრძო...  ახლა იმაზე დაფიქრდა - ახალ ტელევიზორს მისთვის ექნებოდა თუ არა ის ლაზათი, რომელიც უნდა ჰქონოდა?! ალბათ, არ ექნებოდა! ჰო, არ არ ექნებოდა! - დაასკვნა და სახეზე ღიმილი მოერია... ღიმილი გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავდა - ახალი ტელევიზორი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების კუთვნილება გახდებოდა! ცოტათი მაინც არ დაენანა? არა, არ დაენანა, რადგან იგრძნო, ამ გაცემით რაოდენ მნიშვნელოვანი რამ შეიძინა - სიმშვიდე!

უკვე გვიანი ღამე იყო... ალექსს ჩაეძინა იმ დღის მოლოდინით, რომელიც უნდა გათენებულიყო.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები