ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
26 თებერვალი, 2017


ცის სახლი - 3. დღე, რომელიც გათენდა

  3. დღე, რომელიც გათენდა
  (გაგრძელება)

  გათენებული დღე # იქს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩვეულ რიტმში დაიწყო - წივილი, კივილი, ლანძღვა... და რაიმე უჩვეულოს არავინ ელოდა, მაგრამ შუადღისკენ უჩვეულო რამ მაინც მოხდა - ალაყაფის კარს ავტომობილი მიადგა, რომელმაც ახალი, ყუთში შეფუთული ტელევიზორი მიიტანა. ყუთის თვალშისაცემი მოცულობა მიანიშნებდა იმას, თუ შიგნით რაოდენ დიდი ზომის ტელევიზორი იდო. მძღოლის გვერდში მჯდომმა ალექსმა გაოცებულ ვახტიორს, თეთრ ხალათმოსხმულ „სქელო გოგიას“ გაუღიმა და სთხოვა, გზა გაეხსნა; გზა გაბმული ჯაჭვით იყო გადახერგილი. სქელო გოგიას ალექსი ეცნო, მაგრამ იმას ვერ მიხვდა, თუ რატომ მიიტანა მან საავადმყოფოში ტელევიზორი - ტელევიზორი ავტომობილის ზედა, ღია საბარგულზე იდო.
  - ეს რა მოგიტანია, ჯიგარო?
  - ტელევიზორია...
  - უფროსობასთან მიგაქვს?
  - უფროსობასთან არა, ეს უმცროსების კუთვნილებაა!
  სანამ სქელო გოგია გაიაზრებდა, თუ ვინ იგულისხმა ალექსმა „უმცროსებში“, ინსტინქტურად ჯაჭვი დაუშვა. მძღოლმა ავტომობილი დაძრა და სასადილოს კარს მიაყენა. ალექსმა საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად მიიტანა ტელევიზორი და სურდა, იქაურობის დატოვებამდე მათ ამის შესახებ არ შეეტყოთ - ჯერ ერთი, წინა დღით გადაღებული ფოტომასალა დაუმუშავებელი დარჩა და არ მიუტანია, და გარდა ამისა, ხალისიც არ ჰქონდა მათი ნახვისა. თუმცა მოგვიანებით, ივანიჩთან შეხვედრა მაინც მოუხდა - ამბავი ახალი ტელევიზორის შესახებ საავადმყოფოს უცბად მოედო.
  საბარგულიდან ყუთის ჩამოღებასა და სასადილო დარბაზში ატანაში, ალექსს ერთი მაღალი, ბრგე პაციენტი დაეხმარა, მეტსახელად - „ბუდულაი“; ბუდულაი მივიდა მასთან და ტელევიზორის ამბავი გამოჰკითხა:
  - ეს რა არის, ტელევიზორია?
  - ხო, ტელევიზორია.
  - აჩვენებს?
  - კარგად აჩვენებს!
  - ჰყიდი?
  ალექსს გაეღიმა...
  - მომეხმარე, დარბაზში ავიტანოთ, ეს ტელევიზორი ამიერიდან საავადმყოფოს კუთვნილება გახდება!
  სასადილო დარბაზში ტელევიზორი ყუთიდან ამოიღეს და იმ დამცავ კარადაში შედგმა სცადეს, რომელშიც ძველი ტელევიზორი იდგა, მაგრამ ამაოდ, იმდენად დიდი იყო, არ შეეტია. ამიტომ, დარბაზიდან შედარებით მომცრო მაგიდა შეარჩიეს, კარადის გვერდით დადგეს და ტელევიზორი ზედ შემოდგეს; ჩართეს კიდეც - ბრწყინვალე ჩვენება ჰქონდა. გარს შემოხვეული პაციენტები ერთმანეთს არ აცდიდნენ, წინ მიიწევდნენ, ეკრანსა თუ კორპუსზე ხელით შეხება სურდათ.
  - ტელევიზორს მცველი სჭირდება! - თქვა „ბუდულაიმ“ და პასუხის მოლოდინში, ალექსს შეხედა.
  - რადგან სჭირდება... - სიტყვის გაწელვით, სათქმელი აწონ-დაწონა, - შენ იყავი მისი მცველი; რა თქმა უნდა, თუ წინააღმდეგი არ ხარ!
  ნიშნად იმისა, რომ ბუდულაიმ დაკისრებული მოვალეობა პატივად მიიღო, ალექსს ენერგიულად ჩამოართვა ხელი. შემდეგ, პაციენტებს მიუბრუნდა - მიმოფანტა, (ეტყობოდა, რომ ის მათში ავტორიტეტით სარგებლობდა); უბრძანა - შორიდან უყურეთო; თვითონ, სკამი მიიდგა და მოღერებული ყელით ეკრანს მიაჩერდა; ანიმაციური ფილმი გადიოდა - „მაუგლი“.
  ალექსმა თანდათან უკან დაიხია და იქაურობა შეუმჩნევლად დატოვა. კიბეს ჩქარი ნაბიჯით ჩაუყვა, ის იყო ეზოში უნდა გასულიყო, რომ სადარბაზოში შემოსულ ივანიჩს გადააწყდა.
  - ბატონო ალექსს, როგორ ბრძანდებით?
  - არა მიშავს, რა... თავად?
  - ამ ცხოვრების შემყურე, როგორ ვიქნები... გავიგე, ტელევიზორი მოგიტანიათ, ვინ შემოგვწირა?
  - ღმერთმა! - საჩვენებელი თითი ცისკენ აღმართა.
  - ღმერთმა? - ივანიჩს ეს სიტყვა თითქოს პირველად ესმაო, მხრები აიჩეჩა, თუმცა ორიოდ წამში პირჯვარი როგორღაც შემოკლებულად გადაიწერა.
  ალექსმა წასვლა დააპირა, მაგრამ ივანიჩი თავაზიანად წინ გადაუდგა.
  - ჩვენი საქმე როგორ არის, მოიტანეთ ფოტომასალა?
  - მასალას დამუშავება სჭირდება, უნდა მადროვოთ, მალე მოვიტან.
  - გვეჩქარება...
  - თუ ხვალისთვის ვერ მოვასწარი, ზეგისთვის მზად მექნება.
  - კეთილი.
  დამშვიდობებისას, ივანიჩს ხელის გაწვდა უნდოდა, მაგრამ ალექსმა ის თავის მსუბუქი დაკვრით მოიგერია.

  პაციენტთაგან ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც ახალი ტელევიზორის შესახებ ამბავი შეიტყო, პაპარაცი იყო; მთელი დღე საავადმყოფოს მიღმა „დატაქსაობდა“ - ურიკაზე დამაგრებული თვითნაკეთი, წითელი ოყნისგან დამზადებული საყვირით, ეზოებსა თუ ქუჩებში, ხალხს თავის გამოჩენას ატყობინებდა - პუპ! პუპ! საქმე სულ ჰქონდა - „არიქა“ პაპარაცი მოვიდა - შეშა მომიტანე! ნავთი მომიტანე! კარტოფილი! ცემენტი! ნაგავი გადამიყარე!“ და პაპარაციც, ერთგულად ემსახურებოდა ყველას, ვინც საზღაურითა თუ საზღაურის გარეშე რაიმეს დაავალებდა. საღამოხანს, როცა ის საავადმყოფში დაბრუნდა, ვახტიორ გოგიას ხელი აუწია და იმ ორიგინალური საყვირით დაუსიგნალა - პუპ! პუპ!
  - გოგი, მოვედი... სად გავაჩერო? - ურიკაზე ანიშნა.
  - პაპარაცი, ერთადერთი ჭკვიანი კაცი მეგულები საავადმყოფოში... შენც გაგირეკავს!
  - მართლა, ერთადერთი ჭკვიანი კაცი გეგულები?!
  - პო, მართლა.
  - არა და, მე ვთვლიდი, ჩვენ ორნი ვიყავით... - ეს პაპარაცმა ისეთნაირად უთხრა, რომ გოგია სიტყვის შინაარსს ვერ ჩამწვდარიყო.
  - საავადმყოფოს ახალი ტელევიზორი რომ აჩუქეს, თუ იცი?
  -  ვინ აჩუქა?
  - ვინ და, გუშინ ივანიჩთან ერთად კაცი დადიოდა, ალბათ, ბიზნესმენია ან ჟურნალისტი - სურათებს იღებდა.
  პაპარაცი მიხვდა, ვისაც გულისხმობდა და ღიმილთ უთხრა:
  - ეგ კაცი, ფოტოგრაფია.
  - ვაჰ, შენი კოლეგა ყოფილა.
  - მეგობარიცაა! - სიამაყით აღნიშნა.
  დამშვიდობებისას, პაპარაცმა მოიმარჯვა თავისი „უხილავი ფოტოაპარატი“ (ანუ, თითები) და სქელო გოგიას სურათი გადაუღო - „ჩხაკ-ჩხუკ“! გაუღიმა და სასადილოსკენ გასწია, სადაც ახალი ტელევიზორი ეგულებოდა. ურიკა სადარბაზოსთან დატოვა. გვიანი არ იყო, მაგრამ მისდა გასაკვირვად, დარბაზი ცარიელი დაუხვდა, მხოლოდ ერთი ადამიანი - სანიტარი ნიკო იყო იქ, და ისიც, დარბაზის დასაკეტად ემზადებოდა.  პაპარაცს და ნიკოს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.
  - ნიკო, რა ხდება, სად არის ხალხი?
  - დააგვიანე... სეირი დამთავრდა.
  პაპარაცმა ის ადგილი დაათვალიერა, სადაც ახალი ტელევიზორი უნდა მდგარიყო, მაგრამ იქ არც ახალი დახვდა და არც, ძეველი - ძველისგან მხოლოდ „დამცავი“ კარადა დარჩენილიყო და ირგვლივ მიმოფანტული მისი წვრილმანი ფრაგმენტები, („მსხვილმანი“ უკვე გაეტანათ); ხოლო ახლისგან - კუთხეში მიგდებული ცარიელი, შესაფუთი მუყაოს ყუთი.
  - კარგი ტელევიზორი შემოგწირათ იმ ღვთისნიერმა კაცმა, მაგრამ როგორც კი წავიდა, ბუდულაიმ დაიჩემა - ტელევიზორის მცველი ვარო(!), და კაციშვილი არ მიაკარა. მთელი დღე ხომ ვერ იჯდებოდა ტელევიზორთან, ტუალეტში გავიდა თუ არა, ვიღაცამ პულტი გააფუჭა, კლავიში მოწყვიტა. ჰოდა, რომ დაბრუნდა და ნახა რაც მოხდა, მხეცივით დაგვერია!
  - ახალი ტელევიზორი დაიმტვრა?
  - ახალი გადარჩა; მარტო ძველის დამსხვრევა მოასწრო!
  - თვითონ ბუდულაი სად არის?
  - ბლოკშია, გაკოჭილი წევს...
  - ტელევიზორი სადღაა?
  - მთავარი ექიმის განკარგულებით, ადმინისტრაციულ კორპუსში გადაიტანეს.
  - ადმინისტრაციულ კორპუსში გადაიტანეს... - ნიკოს სიტყვები გაიმეორა, - როგორ ფიქრობ, ტელევიზორს დააბრუნებენ?
  ნიკომ პასუხი არ გასცა.
  - არა უშავს, - თქვა პაპარაცმა, - ტელევიზორი თუ არა, მისი ყუთი ხომ მაინც დაგვრჩა!
  მუყაოს ყუთი ძველი ტელევიზორის „დამცავ“ კარადაზე შემოდგა.
  - ნიკო, რას გაგონებს კარადაზე შემოდგმული ყუთი?
  - მაგონებს ომს, რომელიც აქ მოხდა.
  - არა, ეს ბაბუაწვერაა - წვრილი ღერო და უშველებელი თავი... შეუბერავ და, გაიფანტება! მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, გაფანტვის ნაცვლად - გად-მო-ვარ-დე-ბა! - დამარცვლა და თან, გაიღიმა, - ამიტომ, ეს წვრილი ღერო (ანუ კარადა) ასეთ საოცარ ყუთს კვარცხლბეკად არ გამოადგება! ბუდულაის, ძველ ტელევიზორთან ერთად, კარადაც უნდა დაემტვრია!
  - დარბაზის დაკეტვის დროა...
  - ნიკო, რაღაც ხნით დამტოვე ამ ყუთთან ერთად! - ისეთნაირად სთხოვა, ნიკომ სიცილი ვერ შეიკავა, - დარბაზში მარტო ადრეც დაგიტოვებივარ; ბოქლომი გასაღების გარეშე იკეტება; როცა მომბეზრდება აქ ყოფნა, წავალ და დარბაზს დავკეტავ.
  - რატომ გიყვარს მარტოობა?
  - მარტოობა იმიტომ მიყვარს, რომ მარტოობაში მარტო არ ვარ!
  ნიკოს ბოქლომი გამოართვა და გასასვლელამდე მიაცილა. უკან რომ დაბრუნდა, ყუთი იატაკზე ჩამოდგა, შეაბრუნ-შემოაბრუნა, ის მხარე, საიდანაც გახსნილი იყო, თითქოს პატარა ქოხიაო, გვერდიდან მოაქცია და რამოდენიმეჯერ, კარებივით გახსნა და დახურა. თანდათან ისე გაერთო, ყუთს ბავშვივით უწყო ფერება, უფრო სწორად, მოეფერა რაღაც სხვას, რასაც ყუთის სახით შეეხო, და ეს რაღაც, მისი წარსული, შორეული ბავშვობა იყო - ხუთი-ექვსი წლისა მოიწყობდა ხოლმე ჩაკეტილ, მინიატურული ზომის სივრცეს ტილო გადაფარებული ჟურნალის მაგიდის ქვეშ, ან იმის მსგავს ყუთში, რომლის წინაც ამჯერად იდგა, შეიყუჟებოდა იქ და ოცნებას ეძლეოდა. რას ოცნებობდა? რას და, ხან მტერთან გააფთრებულ ბრძოლაში ჩაბმული ტანკის მეთაური იყო, და ხანაც, კოსმოსური ხომალდით ვარსკვლავებზე მოგზაურობდა. პაპარაცს ახლა სწორედ ის ბავშვობისეული გრძნობა შემოაწვა - პირში სული ჩაიგუბა, ყუთს ყური მიადო და ასე დაჰყო რაღაც ხანს. მერე, ყუთში თითქოს ვიღაც იჯდა, მოკრძალებით მიუკაკუნა და ჰკითხა - „ვიცი, მანდ რომ ხარ, რატომ მემალებიო?“ - ყუთში ვინ იჯდა? ვინ და, თავად იჯდა იქ, ოღონდ პატარა, ბავშვურ ასაკში მყოფი.
  - ხმა გამეცი, ნუ გეშინია ჩემი, ეს მე ვარ, ასაკში შესული შენი თავი!
  - შემოდი! - ყურში ჩაესმა პაპარაცს.
  ჩამუხლული მუყაოს ყუთში შეძვრა.
  ყუთი იმდენად დიდი იყო, პაპარაცი მართალია მოკუნტული, მაგრამ, მაინც თავისუფლად მოთავსდა; ახლაც ისე გაიტრუნა, როგორც ბავშვობაში იტრუნებოდა და... რომელ ვარსკვლავზე მოაწყო ექსპედიცია, ან რომელ ბრძოლაში გაიმარჯვა მისმა ტანკმა, ეს მხოლოდ მან იცის.

  რაღაც ხნის შემდეგ, იგი ყუთის შეზანზარებამ შეაკრთო.
  - პაპარაცი, ტელევიზორიდან გამოდი! გამოდი მეთქი, გითხარი!
  ხმაზე იცნო ის პაციენტი, ვინც ყუთს აჯანჯღარებდა.
  - იასონ, - გამოსძახა ყუთიდან, - „ტელევიზორიდან“ ვერ გამოვალ, გადაცემა მიმყავს, პირდაპირ ეთერში ვარ! გვიანია, წადი, დაიძინე!
  - რა მიგყავს, გადაცემა?!
  იასონმა ჩაიმუხლა და სცადა ყუთში თავი შეეყო, მაგრამ სწორედ ამ დროს პაპარაცმაც დააპირა თავის გამოყოფა და ერთმანეთს შუბლებით შეასკდნენ.
  - კინაღამ თავი გამიტეხე! - დაიღრიალა იასონმა.
  - ეგ მე კი არა, ტელევიზიის დაცვის თანამშრომელი იყო, არ შემოგიშვა! რომ შემოგიშვას, საშვი უნდა გქონდეს!
  - პაპარაცი, შემოსვლა მინდა... ძალიან მინდა! ვინ მომცემს საშვს?!
  პაპარაცმა შუბლი მოიქექა, რომელიც ჯერ კიდევ სტკიოდა... და მუყაოს ყუთის შიდა სივრცე თვალით გაზომა - იასონი ჩია აღნაგობის კაცი იყო და მის გვერდით დაეტეოდა.
  - იასონ, შენი გვარი მითხარი, საშვთა სიაში გადავამოწმებ!
  - ჩემი გვარი? გვარი - იასონი!
  - ეგ სახელია, გვარი მითხარი!
  - იასონი!
  - გვარი, მეთქი!
  - გვარი... დამავიწყდა.
  - აჰა, გასაგებია - ამიტომაა, შენზე დაშვებულ საშვს გვარი რომ არ წააწერეს; შემოდი!
  იასონი მუყაოს ყუთში შეძვრა.
  - დავეტიეთ... მეგონა, ვერ დავეტეოდით. - თქვა მან.
  - ტელევიზორში მარტო ჩვენ კი არა, მთელი მსოფლიო ეტევა!
  - აბა?
  - რა აბა?
  - სად არის მსოფლიო? - ირგვლივ მიმოიხედა.
  - მსოფლიო ახლა ჩვენ შემოგვყურებს - ტელევიზორში ვჩანვართ!
  - მართლა?!
  - დახუჭე თვალები და ამას დაინახავ!
  იასონმა თვალები დახუჭა. პაპარაცმაც დახუჭა თვალები.
  ალბათ, სულ რაღაც ერთი წუთი გავიდა...
  - პაპარაცი, - წაიჩურჩულა იასონმა, - მსოფლიოს ვხედავ... ჯერ ხმა, ხმა გავიგე ხალხის!
  პაპარაცმა შეამჩნია, რომ იასონს ცრემლები მოადგა და მალე, ასლუკუნდა კიდეც.
  - პაპარაცი, მადლობელი ვარ შენი, ტელევიზორში გამოჩენის საშუალება რომ მომეცი! და კიდევ, ტელემაყურებელს ბოდიშს ვუხდი - გაუპარსავი, დაუვარცხნელი და ჭუჭყიანი რომ წარვსდექი მათ წინაშე! მადლობა, პაპარაცი, მადლობა!
  იასონმა „მუყაოს ყუთი“ დატოვა.
  პაპარაცი კიდევ დიდხანს იჯდა იქ; იასონის წასვლის შემდეგ უჩვეულო გრძნობამ შეიპყრო - ის, რაც „მუყაოს ყუთში“ მოხდა, არ იყო უბრალო ფანტაზია, ის ალბათ უფრო ჰალუცინაციურ მდგომარეობას წარმოადგენდა, რომელიც თავისით წარმოიშვა და რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო მასში, თერაპიული თვისება გააჩნდა - იასონს სიტყვით აღუწერელი სიხარული მიჰგვარა! იასონის გარდა, „ხალხის ხმა“ პაპარაცსაც ჩაესმა ყურში და ამ უკანასკნელმაც დაინახა მათკენ მომზირალი უამრავი ადამიანი. იქნებ, ყუთს რაღაც მაგიური თვისება გააჩნდა! პაპარაცმა ეს ვერ ახსნა. თუმცა ამის ახსნა დიდად არც უცდია. პირველი და მნიშვნელოვანი რაც მან დაასკვნა, იყო ის, რომ ყუთი როგორმე უნდა შეენარჩუნებინა - მის არ ყოფნაში, დამლაგებელს ან სანიტარს ნაგავში არ გადაეგდო; რაღაც დამცავი ნიშანი უნდა დაედო მისთვის! აღნიშნული გადაწყვეტილებით იგი გარეთ გამოძვრა, ჯიბიდან მარკერი ამოიღო (მარკერი იმ დილით ნაგავსაყრელზე იპოვა) და ყუთს დიდი ასოებით დააწერა:

  ტელეკომპანია „მირაჟი“
  სტუდია „პაპარაცი“
  ხელი არ ახლოთ, ობიექტს იცავს დაცვის პოლიცია!!!

  ამის შემდეგ, დამშვიდებული დასაძინებლად წავიდა.

  (გაგრძელება იქნება)
  ნიკო ლეჟავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები