ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
1 მარტი, 2017


ცის სახლი - 4. პაპარაცი

  ცის სახლი - 4. პაპარაცი
  (გაგრძელება)

  ღამით პაპარაცს ძილი არ მიეკარა, მხლოდ მცირე ხნით ჩასთვლიმა და ძილშიც ის დაესიზმრა, რაზეც მანამდე მთელი არსებით ფიქრობდა - ტელევიზია, სტუდია, ეთერი, ჟურნალისტის პროფესია, რომელიც ასე ერთბაშად გაითავისა. მართალია, ყოველივე ჩამონათვალი ფანტაზიის ნაყოფი იყო, როგორც მისი ფოტოაპარატი, მაგრამ პაპარაცისთვის ის უფრო რეალური და შეგრძნებადი გახდა, ვიდრე ირგვლივ არსებული ხელშესახები სამყარო. პალატაში საწოლზე მწოლიარე მოუთმენლად ელოდა გათენებას; საათი არ ჰქონდა და თვალი ერთთავად ფანჯრისკენ გაურბოდა. როცა ირიჟრაჟა საწოლიდან წამოდგა, ტანისამოსი ჩაიცვა - სვიტრი, დაჭმუჭნული პიჯაკი, მუხლებ გამობერილი სპორტული რეიტუზი და ორი ზომით დიდი ჩინური კედები, და ბოლთის ცემას მოჰყვა. პალატის კარი ღია იყო, შეეძლო დერეფანში გასვლა, მაგრამ არ გასულა - იქ, შესაძლოა, ვინმე არასასურველ სანიტარს გადაჰყროდა; და ესეც რომ არა, დერეფნის იქით გზას ვერ გაიკვლევდა - ეზოში გასასვლელი კარი ღამით იკეტებოდა. ასევე დაკეტილი დაუხვდებოდა სასადილოც, სადაც „მუყაოს ყუთი“ დატოვა, ყუთი, რომელიც მის თვალწინ „ტელევიზიად“ გარდაისახა. მზარეული ბოქლომით ჩარაზულ კარს რვა საათაზე ადრე არ გახსნიდა. შესაძლოა, მზარეული საერთოდ არც მისულიყო... ასეთ შემთხვევაში, კარი კიდევ უფრო გვიან გაიღებოდა, მას ან დამლაგებელი ქალი გააღებდა, ან სანიტარი.
  პაპარაცს ერთი პატარა საქმე ეზოშიც ჰქონდა: საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამეურნეო შენობა იდგა, რომლის ერთ-ერთი ფარდულის გასაღები (გარკვეული დამსახურების გამო) პაპარაცს ებარა; იქ თავის ცალთვალა ურიკას ინახავდა, და კიდევ, სამალავი ჰქონდა მოწყობილი - ფულის შესანახად; დანაზოგიდან ნაგროვებ თანხას ორმოცი ლარისთვის გადაეჭარბებინა. წინასწარ არ იცოდა, თუ რაში დახარჯავდა ფულს, მაგრამ ახლა, როცა „ტელევიზიად“ გარდასახული „მუყაოს ყუთი“ მის ცხოვრებაში შეიჭრა, მიხვდა რაში უნდა გამოეყენებინა - როგორც „ჟურნალისტი კაცი“, თანხას საკუთარი იმიჯის შეცვლას მოახმარდა; და კიდევ, „ტელევიზიისთვის“ რაღაც ნივთს (ან ნივთებს) შეიძენდა. საქმე იმაშია, რომ პაპარაცის აზრით, იმიჯის შესაცვლელად მისი პირადი გარდერობის ჰალსტუხით გამდიდრება საკმარისი იქნებოდა; ოღონდ ჰალსტუხი თვალშისაცემი უნდა ყოფილიყო - განიერი, ალბათ, კოპლებიანი. ხოლო რაც შეეხება ტელევიზიის აღჭურვილობას - ძველმანების ბაზრობაზე ბომბორა მიკროფონს შეიძენდა, (იაფად, მწყობრიდან გამოსულს). სულ ეს იყო და ეს, იმ ნაგროვები თანხიდან ნაწილი დარჩებოდა კიდეც. ყველაფერ დანარჩენს თავისი უსაზღვრო ფანტაზიით გამოიგონებდა და შემოიკრებდა.

  დერეფანში ხმაური გაისმა - მორიგე ექიმი სანიტართან ერთად პალატების დილის დათვალიერებას ახდენდა. „გათენდა...“ - გაიფიქრა მან და მოვლენათა მოლოდინში სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. მაშინვე საწოლზე მიწვა და რატომღაც, თავი მოიმძინარა. როცა ექიმი მის პალატას გასცდა, წამოდგა, დერეფანი ფეხაკრეფით გაიარა, ეზოში გავიდა და ერთ წუთში უკვე იმ თავის პატარა ფარდულში იდგა - ურიკა შეათვალიერა... განვლილი დღე „ტაქსაობაში“ ისე დაასრულა, რომ სამუშაო მომდევნო დღეზეც გადმოჰყვა - გარემონტებულ ოფისს სამშენებლო ნარჩენებისგან სწმენდდა... მაგრამ ამ საქმისთვის ახლა აღარ ეცალა. სამალავს მისწვდა, გახსნა, ამოიღო ცხვირსახოცში გადახვეული ფული და გადათვალა - ორმოცდასამი ლარი! კმაყოფილმა ფული შარვლის ჯიბეში ჩაიდო, მაგრამ მერე, იმის შიშით არ დაჰკარგვოდა, პიჯაკის შიდა (ღრმა) ჯიბეში გადაიტანა. სხვა საქმე ფარდულში აღარ ჰქონდა და იქაურობა დატოვა.
  ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა სასადილოს - შიშობდა, რომ მუყაოს ყუთი ადგილზე აღარ დაუხვდებოდა. მართალია, მას დამცავი ნიშანი დაადო - წააწერა, რომ ტელევიზია იყო და პოლიცია იცავდა, მაგრამ ეს ხომ იუმორი იყო და ამიტომ, ის დაცვის სხვა, რეალურ მექანიზმს საჭიროებდა - მზარეულისგან, დამლაგებლისა და რამოდენიმე სანიტრისგან ყუთის დარბაზში დატოვებაზე ნებართვა უნდა მიეღო. მზარეული მალე გამოჩნდა, მას ფეხდაფეხ დამლაგებელიც მოჰყვა. მზარეულმა კარებთან ატუზული პაპარაცი რომ დაინახა, უტიფრად მიახალა:
  - რაო, მოგშივდა?!
  პაპარაცს მზარეულის უკბილო ხუმრობა არ ეპიტნავა და შეეძლო ხუმრობის ფარგლებშივე საკადრისი პასუხი გაეცა, მაგრამ თავი შეიკავა, გაუღიმა და მოწიწებით მოიკითხა. როცა ზევით ავიდნენ, სამზარეულოში შეჰყვა, გამურული ტაფა გაუხეხა, პურის დაჭრაში დაეხმარა, (სხვათა შორის, პურთან დაკავშირებით მზარეულის შენიშვნა მიიღო - მტრის ოჯახში ხომ არ ხარ, ასე სქლად რომ ჭრიო!) და კიდევ, რაღაც სხვა საშუალებებით მოახერხა მისი კეთილგანწყობის მოხვეჭა. რაც შეეხება დამლაგებელს, ცოცხი გამოართვა და დარბაზი მის მაგივრად დაგავა. ბოლოს, როცა ამ ორს „მუყაოს ყუთთან“ დაკავშირებული სათხოვარი გაუმხილა, მათგან დაცინვაც იგემა, მაგრამ ესეც მოითმინა და ყოველივე ამის ფასად, ყუთის დარბაზში დატოვების უფლება მიიღო. ამის მერე, „მუყაოს ყუთს“ ფარულად მიეალერსა და გეზი ძველმანების ბაზრობისკენ აიღო.

  ძველმანების ბაზრობა დედაქალაქში რამოდენიმეგან იყო, მაგრამ ის ბაზრობა, რომლისკენაც პაპარაცი გაემართა, ფასთა სიიაფით გამოირჩეოდა. იქ ოღონდ რაიმე გეყიდა და გამყიდველი საქონელს თუნდ ერთი თეთრის მოგებით გამოგატანდა. თუმცა, საქონელიც ისეთი იყო, მისი გასაყიდად გამოტანა, მნახველს რომ გააცინებდა. სხვათა შორის, პაპარაცმა ის წითელი ოყნა, რომლისგანაც თავისი ურიკის საყვირი დაამზადა, სწორედ იქ იყიდა. როცა ყიდულობდა, გამყიდველმა უთხრა: მაქსიმუმ ხუთჯერ ან ექვსჯერ თუ იქნება ნახმარიო... და როცა შეიტყო, პაპარაცს ეს ნივთი არატრადიციული დანიშნულებისთვის სჭირდებოდა, დააიმედა კიდეც - „კაკ მინიმუმ“, ათ წელიწადს „კაჩესტვენნად“ იმუშავებსო(!), რის დასტურადაც, ოყნაზე დატანებული წარწერა აჩვენა - Сделано в СССР. და აი, ახლა, ბაზრობაზე მისული პაპარაცი, ჰალსტუხისა და მიკროფონის ძებნაში, სწორედ იმ გამყიდველს გადააწყდა, ვისგანაც წინათ ოყნა იყიდა. გამყიდველმაც იცნო პაპარაცი - როგორ არ მახსოვხარ, ჩემგან ოყნა იყიდე, „დუდუკის“ გასაკეთებლად გჭირდებოდაო!
  - „დუდუკის“ კი არა, „საყვირის“ გასაკეთებლად მჭირდებოდა! - იუხერხულა პაპარაცმა.
  - მერე, „დუდუკი“ და „საყვირი“ ერთი და იგივე რამ არ არის?
  - მე იმ ოყნისგან ურიკისთვის საყვირი დავამზადე, (სიგნალს რომ გამოსცემს), მუსიკალური ინსტრუმენტი კი არა!
  - ძმაო, მე „მუზიკანტი“ მეგონე, შენ „მეტაჩკე“ ყოფილხარ! სად „ტაჩკაობ“, ვაგზალზე?
  - ზოგჯერ ვაგზალზეც მიწევს გასვლა...
  - ვაგზალზე თუ გადიხარ, „ბარაშკა“ და „კურო“ გეცოდინება, სტაჟიანი „მეტაჩკეები“ არიან.
  - „ბარაშკა“ და „კურო“?
  - კიდევ, „ზახარა“!
  - „ზახარა“? - პაპარაცმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს მართლა იხსენებდა, - ეგ „ტიპები“ რამდენ ბორბლიან „ტაჩკას“ აგორავებენ?
  - როგორ თუ რამდენ ბორბლიანს, „ტაჩკა“ „ტაჩკაა“ - ზოგს ოთხი ბორბალი აქვს, ზოგს სამი.
  - გასაგებია... სამ ბორბლიანი და ოთხ ბორბალიანი „ტაჩკა“ პროფესიონალურ კლასში გადის! ჩემ „ტაჩკას“ მხოლოდ ერთი ბორბალი აქვს, სამოყვარულოა - ამიტომაც არ ვიცნობ მაგ ტიპებს.
  გამყიდველი იუმორს ვერ მიუხვდა პაპარაცს და ლაპარაკად გაკრეფილი ათას სისულელეს მიედ-მოედო, მაგალითად, თუ რაოდენ წესიერი ადამიანი იყო თვითონ და რაოდენ უწესო ადამიანთა გარემოცვაში უხდებოდა ცხოვრება. მის „ჭიკჭიკს“ მიზნად ის ედო, რომ პაპარაცი რაიმე ნივთის ყიდვაზე დაეყოლიებია, შესთავაზა ყველაფერი, რაც დახლზე გაეშალა - სახელურ მოტეხილი ტაფა, ძველი უთო, კენჭებიანი საანგარიშო და სხვა. პაპარაცი მას უსმენდა, თუმცა სხვა რამეზე ფიქრობდა: ჰალსტუხი და მიკროფონი, რის საყიდლადაც ბაზრობას ეწვია, უკვე საქმისთვის გამოუსადეგარ ნივთებად ეჩვენა - ტელევიზია, სტუდია, გადაცემა და ის დანარჩენი, „მუყაოს ყუთი“ მის ფანტაზიაში რადაც გარდაისახა, გამონაგონი იყო და მასში რაიმე მატერიალური (ხელშესახები) ნივთების ჩართვა მწვავე დისონანსს გამოიწვევდა, მითუმეტეს ისეთი ნივთებისა, რასაც ეძებდა -  ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდი მიკროფონი, სირცხვილით როგორ უნდა გამოეჩინა, როცა წარმოდგენაში მისი სტუდია (და მთლიანად ტელევიზია) აღჭურვილი იყო უძვირფასესი აპარატურით(!), და ან რაში გამოადგებოდა იმავე ბაზრობაზე შეძენილი გაქუცული ჰალსტუხი, როცა მისი სტუდიის გარდერობი კოსტუმთა უნიკალურ კოლექციას იტევდა! შინ დაბრუნება დააპირა... მაგრამ მერე უცბად გადაიფიქრა, დარჩა და თავის იქ მისვლას სხვა შინაარსი მოარგო - ბაზრობის სიუჟეტზე ტელე-გადაცემას მოამზადებდა. ოცნებას ფრთა შეასხა და, თითქოს გადამღები ჯგუფი თან ახლდა, გამყიდველს უთხრა:
  - კარგი კაცი ხარ, მაგრამ შენზე ტელეგადაცემას ვერ მოვამზადებ!
  გამყიდველი გაშრა... პაპარაცმა შეატყო, რომ გუნებაში მან ის შეშლილად შერაცხა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია - დახლებს გაუყვა... რიგი უსწორმასწორო იყო, ზოგან მოვაჭრეებს საქონელი პირდაპირ მიწაზე გაეშალათ, თუმცა პაპარაცი საქონელს აღარ უყურებდა - ადამიანს ეძებდა(!), ვიზეც გადაცემას მოამზადებდა; ის ასე ფიქრობდა: ყველა ადამიანი უნიკალურია. არსებობენ დიდი ადამიანები, მაგრამ პატარებიც ისეთივე დიდები არიან, როგორც ის თვალშისაცემი დიდები. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის გამოარჩევდა, მთავარია სიუჟეტი გემოვნებით მოემზადებინა, მიეზიდა ტელემაყურებელი. და აი, აქ პაპარაცი იმ აზრმა დააბრკოლა, რომ ტელევიზიაში ყველაფერი უკვე ნაჩვენებიც არის და გაშუქებულიც. მას რაღაც განსხვავებული უნდა ჩაექსოვა გადაცემაში, ისეთი, რის დეფიციტსაც განიცდიდა საზოგადოება.
  ხეტიალისას მისი ყურადღება ერთმა ნივთმა მიიპყრო... აკი ვთქვით, დახლებს აღარ უყურებდაო, მაგრამ გამონაკლისი იმიტომ მოხდა, რომ აღნიშნული ნივთი არა თუ იმ დახლზე, მთელ ბაზრობაზე გამოირჩეოდა - ახალი, თექის ჭრელი ჩუსტები! ამ ჩუსტების დანახვაზე პაპარაცს „ჩუსტიკა“ გაახსენდა და სპონტანურმა გადაწყვეტილებამ მთელ იმ თავის საფიქრალზე პასუხი გასცა - სითბო, აი, რა აკლდა ტელეგადაცემებს! ცხოვრებამ ადამიანებს ერთმანეთის პრობლემების დაფიქსირება ასწავლა, და არა, გაზიარება! რაღა თქმა უნდა, პაპარაცის მიერ მომზადებული ტელე-გადაცემა საქველმოქმედო ხასიათისა იქნებოდა - „ჩუსტიკას“ ჩუსტებით დაჯილდოება!
  - რა ღირს ჩუსტები? - ჰკითხა მოხუც გამყიდველს.
  - ათი მანეთი.
  - ათი მანეთი, თუ ათი ლარი?
  - ხო, ლარი - ჩემ დროს ფულს მანეთი ერქვა...
  - ლარს რომ მანეთი ერქვა, ეგ არც ისე დიდი ხნის წინ იყო...
  - ახალი ჩუსტებია, უხმარი, შვილმა მოსკოვიდან გამომიგზავნა... გამიჭირდა და ვყიდი.
  პაპარაცი მოხუცს არ შეევაჭრა, ფული გადაუხადა და ჩუსტები გამოართვა. საავადმყოფოს გზას დაადგა, უფრო სწორად, საავადმყოფოს კი არა, „ტელევიზიისკენ“ გასწია - ტელეკომპანია „მირაჟი“, სტუდია „პაპარაცი“, ობიექტი, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავდა.

  ტელეკომპანია „მირაჟის“ ტერიტორიაზე უნებართვოდ ბუზიც ვერ შეფრინდებოდა - დაცვა, სათვალთვალო კამერები... შესასვლელში პაპარაცს, როგორც ტელეკომპანიის ხელმძღვანელს და რეიტინგულ ჟურნალისტს, დაცვის თანამშრომლები ფეხზე წამოუდგნენ. პაპარაცმა მათ თავი დაუკრა და ჩქარი ნაბიჯით ჩაუარა - სადაცაა საქველმოქმედო შოუ-კონცერტის ჩაწერა დაიწყებოდა, რომლის წამყვანიც თავად იყო. სტუდია „პაპარაცი“, რომელშიც მან ფეხი შედგა, ბევრად მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი სტუდია, საჭიროების შემთხვევაში მისი საკონცერტო დარბაზად გამოყენებაც შეიძლებოდა, რადგან უამრავ სტუმარს იტევდა და ბრწყინვალე სცენა ჰქონდა. შესვლისთანავე თანამშრომლები გარს შემოეხვივნენ - მიმდინარე გადაცემასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალების დაზუსტება სურდათ. უკანასკნელი მითითებების მიღების შემდეგ, ყველამ თავისი ადგილი დაიკავა; სცენის კიდეში მოწყობილ, ყვავილებით მორთულ ლოჟაში „ჩუსტიკა“ იჯდა.
  - ბატონო პაპარაცი, „ჩუსტიკა“ ყვავილებით რატომ შევამკეთ? - ჰკითხა ასისტენტმა ქალმა, რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა.
  - ყვავილებით იმიტომ შევამკეთ, რომ მას დღეს იუბილეს ვუხდით!
  - რამდენი წლის გახდა?
  პაპარაცმა მხრები აიჩეჩა და კითხვა უკან დაუბრუნა:
  - მისი წლოვანება არც თქვენ არ იცით?
  - საიდან უნდა ვიცოდე, მას პირველად ვხედავ! თქვენ თქვით, იუბილეს ვუხდითო...
  - რადგან ვთქვი, გადავუხდით კიდეც! არაფერი დაშავდება, თუ ასაკს არ მივუთითებთ...
  პაპარაცს ეგონა ასისტენტი მეტ შეკითხვას აღარ დაუსვამდა, მაგრამ შეცდა.
  - მაინცა და მაინც მას რატომ ვუხდით იუბილეს?
  - იმიტომ ვუხდით, რომ ახალი ჩუსტებით მისი დაჯილდოების საბაბი გვქონდეს; მთელი ეს ცერემონია და კონცერტი, რომელიც უნდა შესდგეს, ეძღვნება პირადად მას, ერთს, და იმიტომ ეძღვნება, რომ ცხოვრებაში მისთვის არავის არაფერი არ მიუძღვნია!
  - გასაგებია... - ჩაილაპარაკა ასისტენტმა და ცხვირზე ჩამოცურებული სათვალე შეისწორა.
  რამოდენიმე წუთიც და, პაპარაცმა კონცერტი გახსნილად გამოაცხადა.
  მომღერლები და მოცეკვავეები სცენაზე ერთი მეორეს ცვლიდნენ. შუალედში პაპარაცი სიტყვით გამოდიოდა, იხსენებდა შემთხვევებს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად „ჩუსტიკას“ ნათელ ცხოვრებას უკავშირდებოდა - „ჩუსტიკა“ იღიმებოდა... კონცერტის ბოლოს, როცა დრო დადგა „იუბილარის“ დაჯილდოებისა, საზეიმო მუსიკის ფონზე ცქრიალა გოგომ ხავერდის ბალიშზე დალაგებული თექის ჭრელი ჩუსტები შემოიტანა.
  - მოგწონს? - ჰკითხა პაპარაცმა.
    „ჩუსტიკამ“ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.
  - დღეიდან ეს ჩუსტები შენია!
  „ჩუსტიკა“ გაშრა, გაიყინა, მაშინაც კი გაუჭირდა მოძრაობა, როცა პაპარაცმა ჯილდო ხელებში ჩასჩარა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, კაცი ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდა. ერთხანს ასე გასტანა და მერე, „ჩუსტიკა“ შეირხა - ათრთოლებული ხელით ჩუსტები გულისკენ მიიზიდა და ჩაიხუტა. ფეხზე წამომდგარმა დარბაზმა „ჩუსტიკა“ მქუხარე ტაშით დააჯილდოვა.
  - ძვირფასო „ჩუსტიკ“, - მიმართა პაპარაცმა, - სიტყვა გეძლევა, ალბათ, გაქვს რაიმე სათქმელი.
  მომღიმარი „ჩუსტიკა“ პაპარაცს მიაჩერდა და სთხოვა:
  - ხელში ამიყვანე...

  მუყაოს ყუთში მოკუნტულმა პაპარაცმა იმავე ყუთში მოკუნტულ ჩუსტიკას ხელი გამოართვა, გულში ჩაიხუტა და როგორც დედა ახალშობილს ეალერსება ხოლმე, ღიღინით დაარწია - „ჩუსტიკამ“ თვალები მინაბა და მიიძინა...

  (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები