ნაწარმოებები



ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
16 მარტი, 2017


გ ა ო რ ე ბ ა ( XIII თავი)

  შემდგომ დღეებში აღარ გამოჩენილა თეო, მთელმა კვირამ ისე გაიარა, არც მიუწერია, არც მისულა. ჯოი უცდიდა, ელოდა. გამორიცხული იყო, ის მას არ უბიძგებდა გადაეწყვიტა რა ექნა, არც ზეგავლენის მოხდენა უნდოდა. უბრალოდ იცდიდა. დრო კი ნელა გადიოდა. ისე გაიწელა ეს ერთი კვირა, თითქოს მთელი თვე ყოფილიყო. დაიძაბა ჯოი, მოლოდინმა ნერვიული გახადა, ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა. განსაკუთრებით იმ დღეებში უჭირდა, როცა მისი გამოთვლით თეოს ქმარი მორიგე უნდა ყოფილიყო. ამ დროს ფანჯრიდან ქუჩას გასცქეროდა. აივანზე დიდ დროს ატარებდა, მანამდე ასე არასდროს მოქცეულა. ელოდა და აღარ იცოდა თავისთვის როგორ ეშველა.
  ამ დროს კი თეო ფიქრობდა. არ იცოდა რა ექნა. თითქოს ჭაობში იძირებოდა, რაღაც უხილავი ძალა ჯოისკენ ექაჩებოდა. არც წასვლა უნდოდა და წაუსვლელობასაც ვერ ეგუებოდა. იმდენად იყო მიჩვეული ჯოის არსებობას მის ყოველდღიურობაში, რომ თითქოს რაღაც აკლდა და სიცარიელის შეგრძნება ჰქონდა. ბევრი ფიქრი და განცდა იყო ისეთი რისიც მისთვის გაზიარება უნდოდა, მაგრამ  - არა! არ მივწერ! - ამას გამუდმებით იმეორებდა გულში. სხვა რამეზე უნდა გადავიტანო ყურადღებაო ფიქრობდა. ტელეფონს აღარ ეკარებოდა. გაზაფხული იწურებოდა და ყვავილების გადარგვისთვის კარგი პერიოდი იქნებოდა. წავიდა და ქოთნები იყიდა, გიორგის სთხოვა და ახალი მიწა მოატანინა. მცენარეების გადარგვა და განახლების ენთუზიაზმმა სრულად მოიცვა. მაგრამ ამ გატაცებამ ხუთ დღეს გაუძლო მხოლოდ, შემდეგ ისევ დაცარიელებული და მოწყენილი დარჩა. მეექვსე დღეს ქმარი რომ გააცილა, სამზარეულოს მიაშურა. გამოაღო მაცივარი, საჭმელი გაკეთებული ქონდა, ანუ სამზარეულო გამოირიცხა, სხვა საქმე უნდა მოეძებნა. ცოტა ხანს სახლში უაზროდ იბოდიალა, ვერც წიგნს დაუდო გული. ქსოვა მაინც ვიცოდეო ერთი ეგ გაიფიქრა და მაშინ გაახსენდა მეგობარი ქეთი, დიდი ხანია აღარ მინახავსო. გადაწყვიტა სიურპრიზად მისულიყო სამსახურში. ისევ აივსო ენთუზიაზმით, ქეთი მის გამხნევებას კარგად შეძლებდა და საერთოდაც, ამ ყველაფერს მოუყვებოდა და ეგ იქნებოდა. გულზე ხომ მოეშვებოდა. ადრე, წლების წინ უთხრა ქეთიმ, გაზიარებული დარდი ნახევარი დარდიაო. ხოდა გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა მისთვი. მისი რეაქციაც კი წარმოიდგინა, ჯერ გაიცინებდა და ეტყოდა, - გააფრინე შენ გოგო? რა ამბავში ხარ?! - მერე კი ბევრ ჭკვიანურს ეტყოდა, დაარიგებდა კიდეც და მხოლოდ მას რომ შეუძლია  ისე შეაჯანჯღარებდა, გამოაფხიზლებდა. რა არის ამ ჯოის გამო მეგობრები სულ დავივიწყეო, ბრაზობდა თავის თავზე. იმ დღეს არ ეწერა თეოს საიდუმლოს გამჟღავნება, ქეთი მივლინებაში წასული დაუხვდა. რაღას იზამდა, სახლში წასვლა არ უნდოდა და ისევ დედასთან ავიდა. დედას მალე დაქალები ესტუმრნენ და თეოსთვის ძალიან მომაბეზრებელი საუბარი გააბეს. ჭორაობდნენ და განიხილავდენენ სხვების ცხოვრებას.
- დალი, რომ იცოდე რა ამბავი მოხდა, ჩემი მეზობელი რომაა ბექა, მაგის ცოლს თურმე საყვარელი ყოლია. წარმოგიდგენია ქალო?! ახალგაზრდა გოგოს რა გაუჭირდა სამაგისო, უსირცხვილო. არადა რა ბიჭია ეს ბექა. სანთლით საძებარი პირდაპირ. - უფ! გაუელვა ფიქრი თეოს, ესღა მაკლდაო. დაფეთებული წამოდგა სავარძლიდან და სამზარეულოს შეაფარა თავი. მაგიდაზე კომპიუტერი იდო. ჩართო და დას დაურეკა სკაიპით.
- რაღაც ცუდად გამოიყურები, რა გჭირს თეე?
- არაფერი, რა უნდა მჭირდეს, დედას დაქალები ყავს და მაგათი ნერვი არ მაქვს.
- რა უნდათ, ჭორავენ მეზობლებს?
- ხო, აბა, ეგენი კარგს ხომ არაფერს იტყვიან.
- სამსახური არაფერი გამოჩნდა თეო?
- არა, არც მიძებნია. რავიცი. შევეშვი.
- რა შეეშვი, რას ამბობ. გამოჩნდება რამე.
- ჩემს ქმარს მაინც არაფერი მოსწონს და მაგის მოსაწონს მე ვინ მომცემს.
- გუშინ დედამ მითხრა, გიორგისთვის უთქვამს შენთვის რამე სამსახური მოძებნოს.
- დედამ უთხრა გიორგის?
- ხო, ასე მითხრა.
- უცნაურია. მერე?
- მერე აღარ ვიცი. შენზე ნერვიულობენ, რაღაც ხდება და არ მეუბნები?
- არა, რა უნდა ხდებოდეს საიდან მოიტანე.
- მე არაფერი „მომიტანია“, გიორგი იყო მოსული რამდენჯემე და ხშირად ურეკავს ხოლმე დედას. შენზე თუ არ ლაპარაკობენ, რა აქვთ აბა სხვა სალაპარაკო?!
- არ ვიცი, არაფერი არ უთქვამთ ჩემთვის.
- თეო, ჩამოდი ჩემთან ამ ზაფხულს. ფულს მე გამოგიგზავნი.
- არ მგონია ეთო, გიორგი არ გამომიშვებს.
- ეგეც წამოიყვანე. მართლა გეუბნები, იფიქრე მაგაზე. ტურისტული კომპანიით ადვილად წამოხვალთ.
- არ უყვარს გიოს ეგეთი რამეები ხომ იცი, ადრეც ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ არ უნდა ცოცხალი თავით.
- კიდევ სცადე, შენი რა მიდის.
- მაგასთან ერთად სადმე წასვლა, ახლა მე აღარ მინდა.
- რა გჭირს შენ გოგო, მართლა სხვანაირი ხარ.
- აუ კაი რაა, შეენც... - სამზარეულოში ხმამაღალი სიცილით შემოვიდნენ დალი და მისი დაქალები. თეო ადგა და ადგილი დაუთმო, მერე დედას უთხრა რომ მიდიოდა და დას არც კი დამშვიდობებია, ნაჩქარევად გავიდა გარეთ. კიბეებს ფეხით ჩაუყვა, მერე ცოტა გაიარა კიდეც... ფიქრი მაინც არ მოშორდა. მარტო როგორც კი დარჩა საკუთარ თავთან, მაშინვე ჯოი წარმოუდგა თვალწინ. - გელოდება. - თითქოს ხმაც კი ჩაესმოდა. - ალბათ მელოდება. - ეს „ალბათ“ იყო მთელი დღის წვალება რომ წყალში ჩაუყარა. ტაქსი გააჩერა და ჯოის გარეუბნის მისამართი უკარნახა.
  ჯოი, შუადღის მერე აფორიაქებული ადგილს ვერ პოულობდა. თითქოს გული უგრძნობდა, აივანსა და მისაღების ფანჯარას შორის მიმოდიოდა. ვერც სამუშაოს დაუდო გული. სცადა ყურადღება შეკვეთის შესრულებაზე გადაეტანა, მაგრამ არ გამოუვიდა, იმდენად იყო აფორიაქებული, გააფუჭა გასაკეთებელი და სანამ უფრო გაირთულებდა საქმეს, დროზე შეშვებოდა ამჯობინა.
  უკვე საღამოს ექვსი საათი იყო. საათის ისრები თითქმის რომ აღარ მოძრაობდნენ, ჯოის მეტის ატანა აღარ შეეძლო, ეს გაურკვევლობა და უაზრო მოლოდინი უფრო ტანჯავდა. დაურეკავს და გაარკვევს საბოლოოდ, რას გადაწყვეტს ეს გოგო, ასე ხომ არ შეიძლება. როდემდე უნდა ელოდოს, იქნებ ის საერთოდ არ აპირებს მისთვის რამის ახსნას. ან საერთოდ რა უნდა მოსთხოვოს მას ჯოიმ, რა უნდა ჰკითხოს, რა უფლება აქვს. არა ვერ დავურეკავო ბოლოს გასაწყვიტა. უკვე გიორგის მესამე მორიგეობა იყო, თუ მოსვლა უნდოდა აქამდეც უნდა მოსულიყო. იმედი გადაიწურა ჯოიმ, აღარ მოვაო ხელი ჩაიქნია. სიგარეტი მაინც მქონდეს სადმე მოვწევდიო გაიფიქრა და უჯრების გასინჯვა დაიწყო, იქნებ სადმე ერთი ღერი მაინც ეპოვა. ამ დროს კარზე ზარი გაიმა. ჯოის თითქოს თავზე ცეცხლი წაეკიდა ისე გაუხურდა მთელი სახე... ზარი ისევ განმეორდა. ეს უკვე ნიშანი იყო, ასე სულწასულისვით სხვა არავინ რეკდა ზარს, ნამდვილად თეო იყო...
- გამარჯობა.
- გამარჯობა თეო.
- ჩაი გაქვს?
- კი.
- დავლიოთ.
- მოდი. - ჯოიმ გაუღიმა. სიხარული, რომელსაც გულში ვეღარ იტევდა, სახეზე ღიმილად ეფინა. - თეომ ნამცხვრებიანი ყუთი მაგიდაზე დადო და მისახმარებლად გაემართა. - მე თვითონ თეო, მე თვითონ. - შეაჩერა ჯოიმ და სთხოვა რომ დამჯდარიყო. ჩაიდანი დაადგა და დიდ თეფშზე ყუთიდან უზარმაზარი შუები ამოალაგა.
- გიყვარს შუ?
- რავიცი, დიდად არა, მაგრამ ახლა რაღაც მომინდა და მაგიტომ ვიყიდე. შენ ხომ გიყვარს შუ?
- კი, მე ყველაზე მეტად შუ მიყვარს. - თეომაც გაიღიმა და მორცხვად შეხედა. ორივეს ღიმილმა, თეოს მორცხვმა გამოხედვამ და შექნილმა განწყობამ, ბოლო დროინდელი დაძაბულობა გაფანტა. თითქოს ყინული გალღვა მათ შორის, წყენა გაუნელდა თეოს, მადლიერების გრძნობა იყო ყველაზე დიდი, რასაც ჯოი გრძნობდა. თან უხაროდა, თან სწყინდა. მარტო შეცოდების გამო რომ მოსულიყო მასთან თეო, ეს ძალიან არ უნდოდა.
  მოხერხებულად დიასახლისობდა ჯოი. მასში უნარშეზღუდულობა საერთოდ არ იგრძნობოდა. ჭიქები მოხერხებულად დაალაგა მაგიდაზე და ჩაი დაასხა. მერე თვითონაც მიუახლოვდა მაგიდას.
- გამიხარდა რომ მოხვედი. - თეომ პასუხად მხოლოდ გაუღიმა - მინდოდა რომ მოსულიყავი. - თეომ არც ახლა უპასუხა. უბრალოდ რა უნდა ეთქვა არ იცოდა. შუ აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა. მოუხერხებლად დიდი ნამცხვრიდან შაქრის პუდრი ცხვირზე დაეყარა. ჯოიმ თითი მისკენ გაიწვდინა და თითქოს ნებართვას დაელოდა ისე ნელა მიუახლოვდა. - მოგაშორებ. - და ცხვირზე თითი გადაუსვა. ჟრუანტელმა დაუარა. პატარა ნაპერწკლებით აევსო მთელი ტანი... მართლა ძალიან უყვარდა ეს გოგო.
ერთი საათის მერე, წასასვლელად წამოდგა თეო. ჯოიმ კარებამდე მიაცილა. გაუბედავად, ისე სხვათა შორის ჰკითხა:
- მოხვალ კიდევ? - თეო შემობრუნდა მისკენ და მცირე პაუზის მერე უპასუხა,
- არ ვიცი. - მის ფეხებთან ჩაიმუხლა და ლოყაზე, გამომშვიდობების ნიშნად აკოცა.
  წამოვიდა, სითბო და სიმშვიდე წამოიღო მისგან. ბევრი არ ულაპარაკიათ, არც არაფერი გაუკეთებიათ ისეთი რაც მას შვებას მოჰგვრიდა, მაგრამ მაინც დაეუფლა სიმშვიდის და სიმსუბუქის განცდა. ჯოის კი შვება დაუტოვა განწყობად და თბილი ღიმილი. მისი მოსვლით, ნამდვილად უკეთ იყო. ბევრად უკეთ... სულ მთლად უკეთ... ჯოი ბედნიერი იყო...
შემდეგ ორ დღეს მიზეზს ეძებდა თეო, რაღაც რომ ეთქვა, რატომ მოვედიო, მიზეზი ერთი იყო მხოლოდ, მას მისვლა უნდოდა.

  21 მაისი, შაბათი.
  სამსახურში წასვლის წინ,  გიორგიმ ისე - სხვათაშორის, უთხრა თეოს:
- ორშაბათისთვის ექიმთან ჩამწერე და გამოკვლევები გავიკეთოთ. - გაოცებისგან პირი დააღო თეომ. - ალბათ განმეორებითი მისვლა დამჭირდება და ბარემ შემდგომი ორი ვიზიტიც დაგეგმე სადაზღვევოსთან.
- შენ გინდა გამოკვლევების გაკეთება?
- ხო რაა. ერთად გავიკეთოთ, შენც და მეც.
- რატომ გადაწყვიტე?
- შენ ხომ გინდოდა?! - სარკეში თმები უდარდელად გადაივარცხნა გვერდზე გიომ.
- ხო მაგრამ, შენ არ გინდოდა.
- ახლა მინდა. - მიუახლოვდა ცოლს და ყელში აკოცა. - ხვალამდე. არ მოიწყინო. - კარი გამოაღო და გასულმა მოაძახა - მიყვარხარ! - გიომ, კარი მიიხურა, თეო კი გაოგნებული ისევ იმავე ადგილზე იდგა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები