ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2017


ცის სახლი - 6. არაფერი, რომელიც ყველაზე მეტია

  არაფერი, რომელიც ყველაზე მეტია

  (გაგრძელება)

  რამოდენიმე დღემ განვლო მას შემდეგ, რაც „მუყაოს ყუთი“ ჯერ ტელევიზიად, ხოლო შემდეგ, მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად (ანუ პაპარაც-ცენტრად) გარდაისახა. ცნობისმოყვარე პაციენტები „ცენტრთან“ იკრიბებოდნენ. შეკრებილთა შორის ზოგჯერ ვინმე მედ-პერსონალიდანაც გამოერეოდა ხოლმე - ყველას აინტერესებდა თუ რას წარმოადგენდა „პაპარაც-ცენტრი“, რომელიც ვიზუალურად უბრალო მუყაოს ყუთი იყო. პაპარაცი სტუმრებს სიხარულით ეგებებოდა, ზოგი მათგანი „ცენტრში“ შეჰყავდა, აცნობდა იქაურობას და გამომშვიდობებისას, თავისი უხილავი ფოტოაპარატით სამახსოვრო სურათებს უღებდა - „ჩხაკ-ჩხუკ“!
  დღის განმავლობაში ისეთი შუალედებიც იყო, როცა სტუმართა ნაკადი წყდებოდა. ასეთ შემთხვევაში პაპარაცი დროს ან „ცენტრში“ ატარებდა, ან „ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განმარტოვდებოდა ხოლმე - ანუ, სასადილო დარბაზში ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდებოდა და ქვემოთ გამავალ, ხმაურიან ქუჩას გადასცქეროდა. ქუჩა გარკვეულწილად სევდას ჰგვრიდა მას, რადგან ის მის ყოფიერ ცხოვრებასთან კავშირში იყო და ყოველივე ყოფიერთან შეხება, ფანტაზიას უდუნებდა, ანუ „პაპარაც-ცენტრს“ თავის პირვანდელ სახეს, მუყაოს ყუთს ამსგავსებდა. საქმე იმაშია, რომ რაც მის ცხოვრებაში „მუყაოს ყუთი“ გამოჩნდა, იგი თავისი ცალთვალა ურიკით მოსახლეობაში ფულის საშოვნელად აღარ გასულა, არადა, სახარჯი ფული გამოელია. ფულის გარეშე გაძლებდა კიდეც, მაგრამ ძველ ნაცნობებს ასე ერთბაშად რომ აქცია ზურგი, ეს აწუხებდა... ადრე თუ გვიან, „სატაქსაოდ“ ისევ მოუწევდა გასვლა, მაგრამ ამ დღეს რამდენადაც შეეძლო, წელავდა - ვითომ, ავად ვარ, გრიპი შემეყარაო... - იმშვიდებდა თავს.
  ერთხელაც, ფანჯრის რაფაზე მჯდომს თვალი ქუჩისკენ რომ ჰქონდა მიპყრობილი, ხოლო გული, „პაპარაც-ცენტრისკენ“, ერთი პაციენტი მიუახლოვდა. ამ  პაციენტს პაპარაცი შორიდან იცნობდა, ძალზედ გულჩათხრობილი კაცი იყო.
  - მიცანი? - ჰკითხა მან.
  - გიცანი, გაიოზი ხარ.
  - გაიოზი რომ ვარ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ მე მხატვარი ვარ!
  - მხატვარი? კარგი პროფესია გქონია...
  - შენ პირველი ხარ, ვინც ამის შესახებ შეიტყვე!
  პაპარაცმა იგრძნო, თუ რაოდენ ფაქიზი ბუნების ადამიანი მიუახლოვდა; რადგან ის მხატვარი იყო, „პაპარაც-ცენტრის“ საგამოფენო დარბაზი (არტ-გალერეა) გაახსენდა, მაგრამ შეთავაზება არ იჩქარა, რადგან ეს კაცი ჯერ უნდა გამოეკვლია.
  - გადაწყვიტე შენი საუნჯით სხვებიც დაატკბო?
  გაიოზმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და საჩვენებელი თითი შუბლზე დაიდო:
  - ნახატები აქ მაქვს, შეგიძლია ჩაიხედო?
  - შენი ნახატები შენს ფიქრებში ცხოვრობენ?
  თანხმობა გაიოზმა ამჯერადაც თავის დაქნევით გამოხატა და დაელოდა, რას ეტყოდა პაპარაცი. პაპარაცმა მას „მუყაოს ყუთზე“ ანიშნა.
  - „ცენტრის“ საგამოფენო დარბაზმა რამდენიმე დღის წინ ცნობილ ფოტოხელოვანს უმასპინძლა!
  - ვიცი, თქვენი ლაპარაკი მოვისმინე... შორიახლოს ვიდექი.
  - თუ ასეა, საუბარი საგამოფენო დარბაზში განვაგრძოთ.

  „ცენტრში“ შევიდნენ, კერძოდ - არტ-გალერეაში.

  - ჩემ ნახატებს სხვაგვარი დარბაზი ვერ დაიტევდა... - თქვა გაიოზმა.
  პაპარაცმა იგრძნო, რომ მას თვალზე ცრემლი მოადგა.
  - ხატვა სიზმარმა დამაწყებინა!  სიზმარი ვნახე, რომელშიც მე ერთდროულად ყრუ, მუნჯი და ბრმა ვიყავი - სულის მხუთავი შეგრძნება იყო... მაგრამ, როცა გამომეღვიძა და ჩემი ყოველდღიური ცხოვრების პირისპირ ავღმოჩნდი, იმ სიზმრისეულ მდგომარეობას გამოვეტირე - მიჭირს ცხოვრება... თავის მოკვლის არ მეშინია, მეშინია მხოლოდ იმ ქვეყნად შესვლის, რადგან სიკვდილით საკუთარ თავს თავს ვერ დავაღწევ! - გაიოზი დადუმდა, თავი მუხლებში ჩარგო; მალე ისევ ალაპარაკდა, - ჩემი სიზმარი დავხატე და ამ სახით ის სამუდამოდ დავაფიქსირე. ექსპოზიცია აღნიშნული ნახატით გავხსნათ.
  მეორე ნამუშევარს ეწოდება - „ბუშტის მბერავი“: ადამიანი დავხატე, რომელიც ბუშტს პოულობს და იწყებს ბერვას, ბერავს, ბერავს, მაშინაც კი ვერ ელევა ბერვას, როცა ბუშტს გახეთქვამდე აღარაფერი აკლია - მაცდურია ბუშტის ვიზუალური მხარე... და მბერავს სჯერა, რომ ის მისი სილამაზის მფლობელია. ნახატის ბოლო ეპიზოდში ხდება ის, რაც გარდაუვალი იყო: ბუშტი სკდება და გახეთქვის ტალღა მბერავს უფსკრულში ისვრის! - გაიოზმა მძიმედ ამოისუნთქა, - „ბუშტის მბერავში“ ჩემი თავი არ ვიგულისხმე, თუმცა მეც „მბერავი“ ვარ... ოღონდ, სხვა „მბერავებისგან“ განსხვავებით, მე თავიდანვე გახეთქილი ბუშტი მხვდა წილად - შეუძლებელია მისი გაბერვა! როცა ეს შევამჩნიე, იცი რა ვქენი - ბუშტს ბერვა დავუწყე! თურმე, ბერვაზე უარის თქმა ადამიანის ძალებს აღემატება...
  „ბუშტის მბერავის“ შინაარსში ჩემი პოზიცია იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მე ის ნახატში სიტყვიერად ჩავწერე. ალბათ, ვინმე დამთვალიერებელი მისაყვედურებს: ფერწერულ ნამუშევარში წარწერას რა უნდა, ნახატმა თავის თავზე ფერით და ფორმით უნდა ილაპარაკოსო! აი, რას ვუპასუხებ: წინადადება სტრიქონია, სტრიქონი კი ხაზია და თუ ხაზს ადგილი არ აქვს ნახატში, მაშინ... - გაიოზმა სათქმელი ხელის ჩაქნევით დაასრულა, - ოდესღაც, კრიტიკოსებმა მხატვრობაში იმპრესიონიზმს ვერ მიუჩინეს ადგილი.
  ახლა, ნადირობის თემაზე შესრულებულ ნამუშევარს წარმოვადგენ, სათაურიც შესაბამისი აქვს - „ნადირობის თემაზე“. ის რამოდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეპიზოდისგან შედგება, თუმცა, ყველა ამ ეპიზოდს ერთი საერთო თემა აერთიანებს - სიკვდილი! რამეთუ ნადირობა სიკვდილისაგან განუყოფელია. სურათის ცენტრში ცელზე ამხედრებული სიკვდილი გამოვსახე, გარს თავისი ანგელოზები ახვევია - ის ყველგანაა...  ქვეყანად ხომ თვით უსულოც კი მომაკვდავია - თავის დროზე ყველა სახლი დაინგრევა, პატარა თევზს დიდი შეჭამს, დიდს მასზე დიდი... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანებს შორის გავრცელებული ნადირობაა - ერთმანეთზე „განადირება“! ერთხელ, ერთ მეომარ ბიჭს შევეყარე, „კარიფანი“ ერქვა, ომამდე სკოლაში მასწავლებელი იყო - ხუმრობა უყვარდა და უცებ, წამოიძახა: რას წარმოვიდგენდი ოდესმე ადამიანებზე თუ მომიწევდა ნადირობაო! - ჩემს ნახატში თავისი წამოძახილით კარიფანმაც დაიდო ბინა.
  პირველი ადამიანის ადამიანზე „განადირების“ ფაქტს ბიბლია გვამცნობს - ეს კაენი იყო! კაენმა შეხედა სიკვდილს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იცნობდა მას და გაიფიქრა: ესაა ძლიერი?! იქნებ ის მხოლოდ დაბალი რანგის ჩინოსანია?! - და თავის თავზე იტვირთა მისი ფუნქცია. რამდენად გამოუვიდა? პასუხი იქვეა მიწერილი და ეძღვნება იმ ამაყ ბიჭებს, ჯიბით ბასრ დანასა და გადატენილ პისტოლეტს რომ დაატარებენ: ესვრი და ისეთს გესვრის, იმ ქვეყანაშიც ვერ მოხვალ გონს!!!  იქიდან მსროლელში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანო არ მიგულისხმია.
  ნახატი საკმაოდ მძიმე გამოვიდა და ამიტომ მასში მცირე დოზით იუმორი ჩავურთე: ხატია სპილო და აწერია - „მასა 4-5 ტონას აღწევს; ძვალიც ვარგისი აქვს და რბილიც“ - ცოდოა... გამიგონია, რომ სადღაც სპილოს ხორცს ჭამენ. აი, მარტორქასთან კი ასეთ რამეს ამოიკითხავ: „არ ვიცი, იჭმევა თუ არა!“
  პაპარაცი, შენ თუ იცი, მარტორქა იჭმევა?
  - არც მე ვიცი. - ღიმილით უპასუხა პაპარაცმა და ნახატს თავისი უხილავი ფოტოაპარატით სურათი გადაუღო - „ჩხაკ-ჩხუკ“, - სურათი უნებართვოდ რომ გადავუღე, ამისთვის ხომ არ დამძრახავ?
  გაიოზსაც გაეღიმა... ეს იყო ღიმილი, რომელიც მის სახეზე ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოისახა.
  - მე მადლობელი ვარ შენი... - უთხრა მან.
  - მადლობელი ჩვენ ვართ, დამთვალიერებლები, ხედავ რამდენმა მოვიყარეთ თავი!
  - ვხედავ... - გაიოზმა დარბაზს თვალი მოავლო და ცრემლი მოიწმინდა, - ალბათ, დროა შემდეგ ნამუშევარზე გადავინაცვლოთ: ჩემს შემოქმედებაში მეტწილად მძიმე, იუმორისგან დაცლილი თემები ფიგურირებს. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ცხოვრება მქონდა ასეთი - ძაღლური! და მეც ძაღლი გავხდი - ოღონდ, არ ვიკბინები, მხოლოდ ჩემს თავს ვუღრენ... რაღაც დოზით იუმორი თუ არ შევინარჩუნე, მთლად შევიშლები. ახლა გამოსაფენად იმ ნამუშევრის ჯერი დადგა, რომლის სახელწოდებაცაა - „წითელი ბუშტის დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი“. ტილოზე ბუშტის ჩვიდმეტი ცხოვრებისეული ეპიზოდი გამოვსახე (თავისივე კომენტარებით): „ბუშტი“ თავიდან ერთი ციცქნაა და ნელ-ნელა იზრდება, უფრო სწორად, იბერება; როცა ხცოვანი ხდება პირიქით, პატარავდება და იჭმუჭნება:
  I (ეპიზოდი) პირველი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ბუშტის ცხოვრებაში, მისი გაჩენა იყო - ის მოევლინა ქვეყნიერებას ამა და ამ წლის, ამ თვის, ამ რიცხვში.
  II სულ მალე, ბუშტმა ფეხი აიდგა...
  III შემდეგ, იგი ბაღელი გახდა!
  IV კიდევ ცოტაც და, საშუალო სკოლის წკრიალა ზარმა ჩამოჰკრა მის ცხოვრებაში.
  V თუმცა, სულ რაღაც ათიოდე წლის გასვლის შემდეგ, სკოლის ბრწყინვალე წლებიც გადაიხვეწა მოგონებაში... და ბუშტმა, გამოსათხოვარ საღამოზე, თანაკლასელ ფერად ბუშტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათი გადაიღო.
  VI ბუშტი აბიტურიენტი გახდა, შემდეგ სტუდენტი და აქ, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა მის ცხოვრებაში - თანაკურსელი, ახოვანი, ნარინჯისფერი ბუშტი შეუყვარდა; სწორედ ის ბუშტი, რომელიც მასზე ჭკუას კარგავდა.
  VII ბუშტი გათხოვდა... მზითვების სახით მან თავისი პირადი ნივთები  მეუღლის სახლში გადაიტანა - წიგნები, საკერავი მანქანა, ხალიჩა, ლარნაკი და გრამაფონი.
  VIII ბუშტი არაპროპორციულად გაიბერა... და სამი პატარა, ლამაზი - ცისფერი, ზღვისფერი და მზისფერი ბუშტი დაბადა.
  IX ოჯახის მატერიალურად უზრუნველსაყოფად ბუშტი მეუღლეს რომ წაშველებოდა, უმაღლეს სასწავლებელში საბუთები დაუსწრებელ ფაკულტეტზე გადაიტანა და ბავშვთა ერთ-ერთ გასართობ ცენტრში ბუშტის მოვალეობის შემსრულებლად დაიწყო მუშაობა.
  X ...ბუშტი გადაიღალა!
  XI ერთხელ, იგი ძალიან ავად გახდა - სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომელმაც ის სავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოში ბუშტი დეტალურად გამოიკვლიეს, რის შემდეგაც, პროფესორმა მისი მეუღლე (ნარინჯისფერი ბუშტი) გააფრთხილა: შენი მეუღლე გამოიფიტა!!!
  XII შემდეგ, ბუშტი გამოჯანმრთელდა. თუმცა, ამ შემთხვევის შემდეგ იგი საგრძნობლად მოტყდა.
  XIII თვე თვეს მისდევდა, წელი წელს... ბუშტი ხცოვანი შეიქნა - სამსახურს თავი ანება; პენსიაში გავიდა; ფოსტალიონმა პირველი პენსია მიუტანა და ჟურნალში ხელი მოაწერინა.
  XIV ბუშტი ბებია გახდა - თითოეული შვილი-ბუშტისგან სამ-სამი შვილიშვილი-ბუშტი შეეძინა - შვილიშვილებმა ნათელი ფერებით ააბრდღვიალეს მისი ცხოვრება.
  XV ასაკის გამო, ბუშტს დამოუკიდებლად გადაადგილება გაუჭირდა - მთელ დღეს ან მწოლიარე ატარებდა, ან ფანჯარას მიეკრობოდა და ეზოს გადასცქეროდა.
  XVI დრო გადიოდა... ბუშტი სულ უფრო მოტყდა. მოწვეულმა ექიმმა მისი გასინჯვის შემდეგ ერთმნიშვნელოვნად დაასკვნა, რომ მდგომარეობა უიმედოა... ბუშტი ახლო ნათესავებმა უკანასკნელად მოინახულეს.
  XVII ბუშტი გარდაიცვალა... მის გასვენებაში უამრავი მგლოვიარე ბუშტი მივიდა.
  P.S. წარწერა ქვაზე: დაბადებული ამა და ამ წლის, ამ თვის, ამ რიცხვში, გარდაიცვალა ამა და ამ წლის, ამ თვის, ამ რიცხვში.
  - „წითელი ბუშტის დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი“ მხატვრობაც არის და მხატვრული ლიტერატურაც! - წამოიძახა აღფრთოვანებულმა პაპარაცმა, - „ცენტრში“ გამომცემლობა ფუნქციონირებს - აუცილებლად ჟურნალში დავბეჭდავ! - და ამ ნამუშევარსაც გადაუღო სურათი - „ჩხაკ-ჩხუკ“.
  - გადავიდე შემდეგ ნამუშევარზე? - იკითხა გაიოზმა.
  - რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა! - დაიგუგუნა დარბაზმა.
  - მაშ ჯერი „კერპთაყვანისმცემლობის თემაზე“ შესრულებულ ნახატზე მიდგა, (თუმცა ეს სურათი კულტთაყვანისცემის თემასაც მიესადაგება): ნათურა სინათლესთან ასოცირდება. სინათლისგან განსხვავებით, არსებობს ნათელი, სრულიად განსხვავებული რამ - ნათელი ჭეშმარიტებაა, ანუ, უზენაესი. კერპებს გარეგნული (მოჩვენებითი) მსგავსება გააჩნია უზენაესთან; ჩემი სურათის შემთხვევაში კერპის სახედ ნათურა ავარჩიე, ნათურა რომელიც ნათელთან გარეგნულ მსგავსებას გამოყოფს - სინათლეს. ლექსიც კი მივუძღვენი ამ ნახატს:
  „ყველა ნათურა ანთია,
  მაგრამ არცერთი ანათებს...
  სულის სიბინდეს ვერ სწვდება,
  ის მხოლოდ ოთახს ანათებს!“
  სურათის ცენტრში კერპია - ექვს ხელიანი დიდი ნათურა. მის მრევლს (უკლებლივ ყველას) გულზე სექტის სიმბოლო - პატარა ნათურა ჰკიდია. სექტა მოქცეულია ჩაკეტილ სივრცეში, რადგან ის არ შეიძლება უსასრულობაში არსებობდეს. თვალში საცემია ის ფაქტი, რომ მრევლის არცერთ წევრს არ გააჩნია თვალები - რომ დაინახონ თავიანთი მდგომარეობა! არც ყურები - რომ გაიგონონ რაიმე! და არც ცხვირი - ყნოსვით მაინც რომ შეიგრძნონ საკუთარი მდგომარეობის სიმყრალე! აქვთ მხოლოდ პირი - რომ იხმაურონ!
  თავში ვთქვი, ეს ნახატი კულტთაყვანისცემასაც მიესადაგება მეთქი - ადამიანთა გარკვეული კატეგორია გამოჩენილ ადამიანთა გავლენაში თავდავიწყებით ეფლობა. ნიჭიერი ადამიანი დასაფასებელია (მითუმეტეს, თუ ის საკაცობრიო მასშტაბისაა), მაგრამ ეს დაფასება ისეთი არ უნდა იყოს, რომ მისი (დაფასებულის) გადანანერწყვი ვინმემ ალოკოს! რომელიმე მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის ნაქონ ცხვირსახოცს ვიღაც სათუთად ინახავს და იმით ამაყობს, რომ მას წილად კუმირისგან დასვრილი (ლორწოიანი) ერგო, სხვას კი, განარეცხი! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს; საზოგადოებაში სიბრძნე ამოიწურა, ესეიგი - სიცოცხლე მოკვდა!
  გაიოზი დადუმდა.
  - სიცოცხლე სადღაც კვდება, - თქვა პაპარაცმა, - მაგრამ, ამით ის არ ამოიწურება, რადგან სიცოცხლის თვისებაა ერთგან მოკვდეს და სხვაგან დაიბადოს - იფიქრე სიცოცხლეზე!
  - სიცოცხლეზე ფიქრი მიჭირს...
  გაიოზმა მძიმედ ამოისუმთქა, კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა, მცირე ხანს მდუმარემ დაჰყო და მერე, მორიგი ნამუშევარი წარადგინა; თუმცა არც თუ პირვანდელი ხალისით - „პიროვნების გაბევრების ფაქტი“:
  - გაორებული კაცის მდგომარეობა ხომ გაგიგია, ჰოდა წარმოიდგინე „გაბევრებული“ რა დღეში იქნება! ასეთი კაცის სახის გადმოსაცემად გარკვეული მხატვრული ხერხი გამოვიყენე - ის მკერდს ქვემოთ ჩვეულებრივი დავხატე, ხოლო ზემოთ, საიდანაც ხელები ეწყება, ორ ტოტად გავყავი. ორივე ტოტი ადამიანის ახალ სხეულს ქმნის და საწყისი სხეულის მსგავსად ისინიც იყოფიან - ერთისგან წარმოიშვა ორი, ორისგან ოთხი. „გაბევრების“ პროცესი ამით არ სრულდება და ყოველი ორად გახლეჩილი ახალი სხეული სხვა ორ ახალს შობს, ესე იგი - გაორდა, გაოთხდა, გარვავდა, გათექვსმეტდა და ასე შემდეგ. ეს ხეს დამსგავსებული ადამიანი კვირტებით დავაბოლოვე, რომ გაბევრების პროცესის დაუსრულებლობისთვის ხაზი გამესვა. აი, რა მივაწერე ნახატს: „თავიდან ჩვეულებრივი იყო; მერე რაღაც დაემართა და - გაორდა! მერე უფრო დაემართა... უფრო! უფრო! და ბოლოს ისე გაბევრდა, თვლა აერია.“
  ამ პიროვნების დასახასიათებლად ნახატში კიდევ ერთი კომენტარი მოიძებნება: „ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფიქრი და ლაპარაკი არ ეზარებოდა, გაიძახოდა: დავიღალე... მომბეზრდა...“ - აღნიშნული ფრაზით თითქოს, მისი წარსულისეული მდგომარეობა იკვეთება, სინამდვილეში ეს აწმყოს მინიშნებაა - ირკვევა, რომ დღეს უკვე ამ კაცს ფიქრი და ლაპარაკი ეზარება.
  გაიოზი ისევ დადუმდა. პაპარაცი კარგა ხანს ელოდა, რომ რაიმეს იტყოდა, მაგრამ ამაოდ.
  - რაღაც მოხდა? - ჰკითხა მხატვარს.
  - დავასრულოთ გამოფენა...
  - რატომ, ნამუშევრები გამოგელია?
  - ნამუშევრები დამრჩა გამოსაფენი, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ ცუდი მხატვარი ვარ! ჩემს შემოქმედებაში სიხარულის მწვავე დეფიციტია - დამთვალიერებლებზე აღარაფერს ვამბობ, შენც მოგაბეზრე თავი!
  - შენ ცდები, მე აღფრთოვანებული ვარ შენი შემოქმედებით! მხატვრობაში მსგავსი არაფერი მინახავს!
  - შენ უკანასკნელ ორ ნამუშევარს სურათი არ გადაუღე...
  - მე შენი ყველა ნამუშევარი კადრში დაფიქსირებული მაქვს, ისინიც კი, რომელიც ჯერ არ გამოგიჩენია, რადგან ვთვლი რომ უდიდესი ქართველი მხატვარი ხარ!
  - უდიდესი ქართველი მხატვარი ერთია - ნიკო ფიროსმანი!
  - ნიკო ფიროსმანი? მას დარბაზში მოვკარი თვალი.
  - როგორ, ის დამთვალიერებელთა შორისაა?
  - ხო, აი, შენსკენ მოემართება...
  მათთან მისულმა ნიკო ფიროსმანმა გულით მიულოცა გაიოზს გამოფენა, წარმატება უსურვა და უთხრა, რომ ვერც კი წარმოედგინა, თუ მხატვრობას თავის თავში ამდენი რამის დატევის უნარი გააჩნდა. გაიოზი დაიბნა, ენა ისე დაება, მადლობაც ვერ გადაუხადა და როცა ფიროსმანმა წასვლა დააპირა, მაშინღა ალაპარაკდა:
  - ნიკალა, ყველას ყველაფერი გვაპატიე!
  ნიკალას გაეღიმა, თან გაიკვირვა კიდეც გაიოზის ბოდიში.
  - გვაპატიე, შიმშილში რომ აღმოგხდა სული!
  - სულიერი საზრდოთი ვიყავი მაძღარი...
  - გვაპატიე, შენ საფლავს რომ ვერ გავუფრთხილდით!
  - ცოცხალ კაცს საფლავი არ სჭირდება...
  - გვაპატიე, დაფასების მაგიერ რომ დაგამცირეთ!
  - წყენა თან არ წამიღია... ყველა ის მხატვარი თუ ხელოვნებათმცოდნე, ვინც ჩემ დროს მოღვაწეობდა, დღემდე მოდიან და პატიებას მთხოვენ; მე მესმის მათი - უცხოეთში მიღებული განათლებით თავს იმდენად იწონებდნენ, რომ ვერ დაუშვეს „გაუნათლებლის“ თავიანთ გვერდში დგომა!
  - ერთი მარცვალი ნიჭი ერთ ბეღელ მოხვეჭილ ცოდნაზე მეტია! ნიკალა, აი, რა თქვა ერთმა მხატვარმა: თვითნასწავლი მხატვარი არ არსებობსო, ის ვერც სხვის ნასწავლი იქნებაო, მხატვარი მხოლოდ ღვთის ნასწავლი შეიძლება იყოსო!
  - ეგ მეც ვთქვი... ისტორია მეორდება.
ნიკალა გაიოზსა და პაპარაცს დაემშვიდობა და დამთვალიერებელთა შორის გაუჩინარდა.
  - გამოფენის დასრულებას ვაპირებდი, მაგრამ ახლა სურვილი გამიჩნდა ექსპოზიციას ახალი ნამუშევრები შევმატო!
  - ჩვენ მოუთმენლად ველით შენს ახალ ნამუშევრებს!
  - ცუდი დრო დაუდგა საქართველოს - ქალაქი ქალაქს აღარ გავს, სოფელი სოფელს. ამ თემაზე ნამუშევარი შევქმენი, სახელწოდებით - სავსე მთვარე ოთხმოცდაათიანი წლების თბილისის თავზე: ჩანს უზარმაზარი მთვარე - სავსე, სასტიკი და იმავდროს, ჩამქრალი და სრულიად ცივი; სინათლის ნაცვლად ის ჩრდილს გამოყოფს და ამ ჩრდილში გახვეულია მთელი ქალაქი. ჩრდილი თუმცა მთვარისგან მოდის, მთვარის წიაღში არ წარმოიშვა - ის ადამიანების სიცრუე და ორპირობაა, რომელიც მთვარემ ღრუბელივით შეისრუტა და შემდეგ, უკანვე გადმოაფრქვია. სურათზე (მთვარის ქვეშ) აღბეჭდილია ქალაქის პატივაყრილი ღირშესანიშნაობანი: მეტეხზე გორგასლის ძეგლი მხედრის გარეშე დგას - მეფემ ფეხით დატოვა ქალაქი... იქვეა ქართლის დედის ძეგლიც - მტრისა და მოყვრის მუდამ სათანადოდ დამხვედრს, მახვილი და ღვინის ფიალა ძირს დაუშვია... მოსჩანს დიდი აკაკის ძეგლიც, რომელიც ქუჩის ბაზრობამ შთანთქა - ქნარი აღარ აქვს და ცრემლიან თვალებს ხელის გულებში მალავს... ქალაქი ჭაობად გადაქცეულა - ქუჩებში ძარცვა, გლეჯვა, უსამართლობა, შიმშილი და სასოწარკვეთილება... იმიტომ, რომ ქვეყნის სადავეები მაიმუნებმა ჩაიგდეს ხელში!
  (გაიოზი დადუმდა... მცირე პაუზით მორიგი ნამუშევრის წარმოსადგენად შეემზადა.)
  - საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელიც ქაოსში გაეხვა, ამ საზარელმა სენმა მსოფლიო მოიცვა - ჩვენი დროის ადამიანები განა მარტო საკუთარ თავს, მთელ ადამიანთა მოდგმას ავუჯანყდით! მეოცე საუკუნე ყველაზე ბობოქარი აღმოჩნდა საუკუნეთა შორის. სიმშვიდით არც სხვა საუკუნეები გამოირჩეოდნენ, მაგრამ წინათ ადამიანებს არ შესწევდათ უნარი ისეთი მასშტაბური ბოროტების დატრიალებისა, როგორც ახლა. ჩემს უკანასკნელ ნამუშევარს თემად სწორედ, მეოცე საუკუნე დავუდე: ძველ ადამიანებს ეგონათ, რომ დედამიწა ბრტყელია და უკიდეგანო ზღვაში სამ ვეშაპზე დგას... ჰოდა, მეც ვეშაპებზე შემდგარი გამოვსახე ის - წყალზე მოტივტივეს ვარსკვლავებით მოჭედილი უცნაური ცა დაჰყურებს თავზე. ცის უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ თანავარსკვლავედები ადამიანებმა გამოდევნეს ციდან - დიდი დათვი, პატარა დათვი, მერწყული თუ მშვილდოსანი, უკლებლივ ყველა(!) და ისინი ჩაანაცვლეს ახალი, მათი ხელით შექმნილი თანავარსკვლავედებით. ეს ახალი თანავარსკვლავედები წარმოადგენენ ყოველივე იმის სიბოლოს, რითიც მეოცე საუკუნე გამოირჩევა წინამორბედთაგან. პირველ რიგში, მეცნიერული მიღწევები ასახეს ცაში - ატომის თანავარსკვლავედი; კოსმოსის ათვისების, ანუ, კოსმოსური ხომალდის თანავარსკვლავედი; „მთვარემავალის“ თანავარსკვლავედიც კი ჩასვეს სადღაც... - (გაიოზს გაეღიმა თავისავე იუმორზე) - თანავარსკვლავედთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერია მეოცე საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანთა სახეებს უკავშირდება - ლენინის თანავარსკვლავედი, სტალინის თანავარსკვლავედი და მათივე იდეოლოგიური სისტემის სიმბოლიკის - „ნამგლისა და უროს“ თანავარსკვლავედი. იქვეა ფაშიზმისა და მის იდეოლოგთა თანავარსკვლავედიც. ამერიკის ძლევამოსილების სიმბოლო „თავისუფლების ქანდაკების თანავარსკვლავედი“, რომელიღაც ძირძველ თანავარსკვლავედს (ან იქნებ ახალსაც) მოღერებული ჩირაღდნით  ემუქრება. და კიდევ სხვა უამრავი, ახალი თანავარსკვლავედი დაჰყურებს დაბეჩავებულ, სასოწარკვეთილებისგან  დაჭმუჭნულ მიწას.
  ძირძველ თანავარსკვლავედთა ციდან განდევნის ერთ-ერთი შთამბეჭდავი სცენაა თუ როგორ აიძულებს საბჭოელი, წითელ ყელსაბმიანი პიონერი ბიჭუნა (ანუ, პიონერის თანავარსკვლავედი) მოღერებული შურდულით ლომს (ლომის თანავარსკვლავედს) დატოვოს ზეცა. იქვეა, „დიდი დათვის“ ზოოპარკში გადაყვანის მცდელობის სცენაც. ამ ისტერიის შემყურე, დედამიწაზე შებჯენილი ერთ-ერთი ვეშაპი ცუდად ხდება - თვალებგადმოკარკლული გულაღმა გადაყირავდა და სულს ღაფავს... ვეშაპის მოსულიერებას ციდან განდევნილი „მერწყული“ ცდილობს - ტოლჩიდან წყალს ასხავს...
  (დარბაზმა გაიოზის ეს უკანასკნელი ნამუშევარი მქუხარე ტაშითა და შეძახილებით დააჯილდოვა. სიხარულისგან აცრემლებული გაიოზი დარბაზის წინაშე სიტყვით წარსდგა.)
  - ვფიქრობდი, რომ დღევანდელი გამოფენისთვის განკუთვნილი ყველა ნამუშევარი წარმოვადგინე, მაგრამ ახლა ექსპოზიციას კიდევ ერთ ნამუშევარს შევმატებ, რომელიც ეს ესაა შევქმენი: დიდი ხნის წინ დავხატე ნახატი, რომელსაც ეწოდება - „შავი, წყვეტილი ხაზი, რომელმაც დეპრესია გადაკვეთა“, მაგრამ დღეს აღნიშნული ნამუშევრის ნაცვლად ვფენ სხვას: „ ნათელი, უწყვეტი ხაზი, რომელმაც დეპრესია გადაფარა“!

  გამოფენამ იმაზე მეტ ხანს გასტანა, ვიდრე ეს გაიოზსა და პაპარაცს წარმოედგინა - ინტერვიუ, ავტოგრაფები... როცა ყველაფერი დამთავრდა, აცრემლებული გაიოზი პაპარაცს გადაეხვია და მადლობა გადაუხადა.
  - გაიოზ, აბა შენ იცი, არ დაიკარგო!
  - ვეღარ დავიკარგები... - თქვა მან.

  სულ ბოლოს, „ცენტრში“ მარტო დარჩენილმა პაპარაცმა გადაშალა „არტ-გალერეის“ შთაბეჭდილებების წიგნი და დიდი ასოებით ჩაწერა: „არაფერი, რომელიც ყველაფერზე მეტია!“

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები