ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
10 მარტი, 2017


ცის სახლი - 7. Zippo

  Zippo

  (გაგრძელება)

  დასაძინებლად მიმავალი პაპარაცი დერეფანში კინაღამ თავის პალატას გასცდა - ემოციებისგან გაბრუებული იმის გააზრებას ცდილობდა, თუ რაოდენ გახალისდა მისი ცხოვრება „მუყაოს ყუთის“ გამოჩენის შემდეგ. ყველაფერი როგორღაც თავისით, მისგან დამოუკიდებლად დაიწყო. მართალია, „პაპარაც-ცენტრი“ თვითონ გამოიგონა, მაგრამ იდეა ამისა სხვამ მიაწოდა - ტელევიზორის შესაფუთ ყუთში შეყუჟულს იასონმა დაუძახა - „პაპარაცი, ტელევიზორიდან გამოდიო!“, - და ამანაც, ოღონდ ეს კაცი თავიდან მოეცილებინა, უპასუხა რაც ენაზე მოადგა - „ვერ გამოვალ, გადაცემა მიმყავსო...“ ასე და ამგვარად ყუთი ჯერ „ტელევიზიად“ გარდაისახა, ხოლო შემდეგ, მრავალფუნქციურ „კულტურის ცენტრად“. საკვირველი ის იყო, რომ ამ წარმოსახვით „კულტურის ცენტრს“ რეალური ადამიანები ესტუმრნენ, თუნდაც მხატვარი გაიოზი - თავისი ინიციატივით მივიდა, რომ  „ცენტრის“ გალერეაში გამოფენა მოეწყო. უფრო მეტიც, „ცენტრს“ ისეთი ცნობილი ადამიანი ეწვია (ანუ, ყუთში შეძვრა), როგორიც ფოტოხელოვანი ალექსია, სწორედ ის, ვინც საავადმყოფოს ტელევიზორი შესწირა. და ამის გარდა, კიდევ რამდენმა ადამიანმა მოიყარა იქ მუხლი... საავადმყოფოს მასშტაბით, ინტერესი ამ უცნაური ობიექტის მიმართ დღითი-დღე იზრდებოდა.

  პალატაში შესულ პაპარაცს ფიქრი მისმა თანაპალატელმა გააწყვეტინა. ოთხ საწოლიან ოთახში მის გარდა კიდევ ორი პაციენტი ცხოვრობდა - უკრაინელი მოხუცი ვალოდია და მშფოთვარე „კომანდო“. ვალოდია ღრმა გონბრივი ჩამორჩენის მქონე პაციენტი იყო, მიუხედავდ იმისა, რომ გამუდმებით რაღაცას ბუტბუტებდა, ის თავს არავის შეაწყენდა. რაც შეეხება „კომანდოს“, კეთილი გულისა იყო, მაგრამ ხასიათი ბრაზიანი ჰქონდა. „კომანდო“ იმიტომ შეარქვეს, რომ მისი თქმით იგი სპეც-დანიშნულების ბატალიონის რაზმელი იყო და სამხედრო დავალების შესრულებისას მიღებული კონტუზიის სამკურნალოდ იმყოფებოდა საავადმყოფოში. სწორედ, კომანდომ გააწყვეტინა პაპარაცს ფიქრი - საწოლში მწოლიარეს თავზე საბანი გადაეფარებინა და ვიღაცის მისამართით მწარედ ილანძღებოდა. პაპარაცმა იგრძნო, რომ კომანდოს ასეთი მდგომარეობა შესაძლოა უფრო ძლიერი ნერვიული შეტევით დასრულებულიყო და ამის თავიდან ასაცილებლად, მის დამშვიდებას შეეცადა - მოუყვა მხატვარი გაიოზის ანშლაგით ჩატარებული გამოფენის შესახებ, რომელსაც თვით ნიკო ფიროსმანი დაესწრო.
  - ნიკო ფიროსმანი? - იკითხა კომანდომ, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა ასეთი სახელისა და გვარის ადამიანი და დაინტერესდა, თუ რომელ პალატაში იწვა ის.
  - ნიკო ფიროსმანი პალატაში არ წევს; ის დიდი ქართველი მხატვარია!
  - გამოჩენილი ადამიანი ყოფილა... სხვა კიდევ ვინ იყო იქ ცნობილი ადამიანებიდან?
  მცირეოდენი ფიქრის შემდეგ, პაპარაცმა ჩამოთვალა სხვა ცნობილი ადამიანები, ვინც გამოფენას სტუმრობდა - კულტურის მინისტრი, ქვეყნის პრემიერი, პრეზიდენტიც კი თურმე ყოფილა გამოფენაზე... მაგრამ კომანდო ყველა ამ პირის მიმართ გულგრილი დარჩა.
  - გამოფენაზე თოვლის ბაბუა იყო?! - ბოლოს იკითხა.
  - ვინ?
  - თოვლის ბა-ბუ-ა! - დაუმარცვლა.
  - თოვლის ბაბუას იქ რა უნდოდა, ჯერ ხომ ახალი წელი არ დამდგარა?!
  - ახალი წელი რა შუაშია, მე გამოფენაზე გეკითხები, ნაძვის ხის ზეიმზე კი არა?!
  პაპარაცმა საჩვენებელი თითით კეფა მოიქექა...
  - თოვლის ბაბუა შესაძლოა იყო კიდეც გამოფენაზე და მე ვერ შევამჩნიე... რატომ მკითხე მასზე?
  - Zippo უნდა მაჩუქოს!
  - Zippo -ს სანთებელა? - გაიკვირვა პაპარაცმა.
  - ხო.
  - თოვლის ბაბუა სანთებელას რატომ გაჩუქებს, როცა ის ტრადიციულად ტკბილეულსა და სათამაშოებს ჩუქნის?!
  - ტკბილეული და სათამაშოები რა თავში სახლელად მინდა - სპეცნაზელი ვარ, ბავშვი კი არა! თოვლის ბაბუას დიდებიც უყვარს... მე Zippo -ს მაჩუქებს!
  - გასაგებია... სიგარეტს ეწევი?
  - არ ვეწევი. როცა მაჩუქებს, დავიწყებ მოწევას, Zippo -ს ხათრით დავიწყებ!
  - თოვლის ბაბუას ეს ეწყინება...
  - რა ეწყინება?
  - სიგარეტის მოწევას თუ დაიწყებ.
  - მაგაში რა არის საწყენი, თვითონაც ეწევა!
  - თვითონ არ ეწევა!
  - შენ რა იცი?!
  - მისი ბიოგრაფია წამიკითხავს... ტელევიზორშიც თქვეს ამის შესახებ.
  - შენ დამაბნიე...  - ახლა კომანდომ მოიქექა საჩვენებელი თითით კეფა, - მე ის სიგარეტით ხელში არ მინახავს, მაგრამ რომც არ ეწეოდეს, მაინც არ ეწყინება, თუ მე მოვწევ! ეს საწყენი რომ იყოს, საჩუქრად სანთებელას არ მომიმზადებდა!
  - სანთებელას იმიტომ გჩუქნის, რომ შენ სთხოვე ეს საჩუქარი!
  პალატაში სიჩუმე ჩამოწვა.
  - კომანდო, დაგეძინა?
  კომანდომ ხმა არ გასცა, ჩასძინებოდა.
  - კარგი, ახალ წლამდე ჯერ დროა - მოვიფიქრებთ რამეს... - გულში თქვა პაპარაცმა და თავადაც დასაძინებლად მიწვა.

  დილით, სასადილო დარბაზში შედგა თუ არა ფეხი, წინ ერთი პაციენტი გადაუდგა, მეტსახელად „მეცნიერა“:
  - გამარჯობა, პაპარაცი! სად ხარ აქამდე, დიდი ხანია გელოდები! მობილური ტელეფონი უნდა იყიდო, რომ ადვილად მოსაძებნი გახდე!
  - შენ რა, გაქვს მობილური ტელეფონი?!
  - არ მაქვს, ვერ დაგირეკავდი... მაგრამ თუ მეცოდინებოდა, რომ ჩემი მიზეზით ვერ გიკავშირდები, ნაკლებად ვინაღვლებდი ამას! რაც არის არის, მთავარია მოხვედი, საქმეზე გადავიდეთ: საჭირო კაცი ხარ, შენზე მთელი საავადმყოფო ალაპარაკდა - ბევრი რამ შეუძლიაო... სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ერთი კონკრეტული საქმისთვის მჭირდები: მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენა გავაკეთე და მინდა ამის შესახებ ყველას შეატყობინო!
  - რას შეეხება ეს აღმოჩენა?
  - მოიცა, ნუ მაწყვეტინებ! აღმოჩენა, ასტრონომიის სფეროა - სამყაროს წარმოშობის საკითხს ეხება.
  „მეცნიერას“ ის იყო აღმოჩენის შესახებ უნდა მოეყოლა, რომ პაპარაცმა ისევ შეაწყვეტინა.
  - თავად დამიგდე ყური! ასეთ სერიოზულ საკითხზე ღია ცის ქვეშ არ საუბრობენ, „ცენტრში“ შევიდეთ. - თითით „მუყაოს ყუთზე“ ანიშნა, - იქ ტელევიზიაა, კათედრა, პირდაპირი ეთერი... შენ ჩემი დღევანდელი „საპატიო რესპოდენტი“ იქნები!
  - ყუთში შევძვრეთ? - ფორმალურად იკითხა მეცნიერამ, რადგან სწორედ მასში შესაძრომად მივიდა იქ... - იმედია, შევეტევით...
  - როგორ თუ ვერ შევეტევით, შენ წარმოდგენა არ გაქვს თუ რა უკიდეგანოა ეს, ეგრედ წოდებული - „ყუთი“; მასში მე მთელი ჩემი ცხოვრებით ვეტევი!

  „ყუთმა“, პაპარაცთან ერთად, „მეცნიერაც“ მთელი თავისი ცხოვრებით დაიტია...

  - თავს როგორ გრძნობ? - ჰკითხა პაპარაცმა „საპატიო რესპოდენტს“.
  - კარგად...
  - თვალები დახუჭე!
  - ისედაც ვერაფერს ვხედავ... ბნელა.
  - განათებას რთავენ... სამი, ორი, ერთი, დავიწყოთ: კეთილი იყოს შენი მობრძანება სტუდიაში! ამ გადაცემას არა მარტო ქართველი ტელემაყურებელი, უცხოელებიც თვალს ადევნებენ - გაეცანი მათ და გადავიდეთ შენს მეცნიერულ აღმოჩენაზე.
  - სიამოვნებით! - მეცნიერამ თავი ისე თამამად დაიჭირა, თითქოს ტელევიზიის ცნობილი სახე იყო; თუმცა, ვინ იცის... ხმის დასაწმენდად, შეკრული მუშტი პირთან მიიტანა და ჩაახველა. - მე ვარ ტრაგიკული ბედის მქონე მეცნიერი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიაში ლექციებს უნდა ვკითხულობდე, მაგრამ ბედის უკუღმართობით საშუალო სკოლის პედაგოგიც ვერ გავხდი! ეს არ მაკმარა ცხოვრებამ - ერთ დღეს, თეთრ ხალათში გამოწყობილი „ჯალათები“ გამომეცხადნენ და მომახალეს: რომ მე ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი ვარ, რომ საშიშროებას წარმოვადგენ ირგვლივ მყოფთათვის(!), და აი აქ, ამ კედლებში გამომამწყვდიეს! ალბათ, მკითხავთ: რითი ვუპასუხე ამ აღმაშფოთებელ უსამართლობას? რითი და - მორჩილებით! ცხოვრებას დავემორჩილე, მორჩილება ნიშანია იმისა, რომ მე შეშლილი არ ვარ!
  (მეცნიერამ კიდევ ერთხელ მიიტანა შეკრული მუშტი პირთან, თუმცა ამჯერად არ ჩაახველა.)
  მეცნიერებაში გაბატონებული აზრის თანახმად, სამყარო წარმოიქმნა კოსმიური დიდი აფეთქების შედეგად. ჰო, სამყარო ოდესღაც, მართლაც არ იყო და წარმოიქმნა, მაგრამ აფეთქება არაფერშუაშია. აფეთქება, რომელმაც თითქოსდა სამყაროს გაშლა გამოიწვია, საერთოდ არ ყოფილა! მიუხედავად იმისა, რომ სამყარო მართლაც იშლება, ეს გაშლა სულაც არ ნიშნავს გაფართოებას. სამყარო არა მზარდი, არამედ რხევადია! ოღონდ ამ რხევის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის თავად სამყაროს სიდიდეს უტოლდება. აღნიშნული რხევა მუსიკალური ინსტუმენტის „გარმონის“ გაშლა-შეკუმშვის ანალოგიურია - მაშინაც კი, როცა ეს ინსტრუმენტი იშლება, მისი გარკვეული მონაკვეთი შეიძლება უძრავი დარჩეს, ან სულაც, იკუმშებოდეს კიდეც. დადგება დრო, როცა (გარმონის მსგავსად) სამყაროს საერთო კუმშვა საერთო გაშლას გადააჭარბებს და შემდეგ, ისევ პირიქით იქნება. სამყაროს უკიდეგანობის ხარჯზე მიჩნეულია, რომ ის რკალისებურია, ესე იგი, შეკრული გარმონის ფორმისაა. უნდა წარმოვიდგინოთ „გარმონი“, რომელსაც თავი და ბოლო არ გააჩნია.
  პაპარაცი, გაითვალისწინე! - მეცნიერა თუ აქამდე ტელემაყურებლის მისამართით ლაპარაკობდა, ახლა უშუალოდ პაპარაცს მიმართა, - მეცნიერთა ერთ ნაწილს, „გარმონის“ ხსენებაზე, დოლი და ღვინით სავსე ჭიქები გაახსენდება - ყურადღება არ მიაქციო ასეთებს! მეცნიერება სამყაროში სცნობს მხოლოდ მატერიას, არადა, არამატერიული სამყაროც არსებობს. ეს ორი სამყარო, რა თქმა უნდა, ერთი მთლიანობაა, მაგრამ ამ მთლიანობაში ორივეს როლი თანაბარი არ არის! ერთი მეორეზე იმდენად აღმატებულია, რომ მას დამოუკიდებლადაც გააჩნია სრულყოფილი სახე. ეს აღმატებული მხარე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არამატერიული სამყაროა. მატერიული სამყარო მასთან შედარებით უმნიშვნელო და უსუსურია. მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ არამატერიული სამყარო მატერიულის არა პარტნიორია, არამედ მისი მფლობელია, თავის წიაღში მოიცავს! აღნიშნული თეორია ადვილად გასაგები რომ გახდეს, ის ადამიანის აგებულების პრინციპს უნდა შევადაროთ, რადგან ადამიანი სამყაროს ანალოგიურადაა შექმნილი - იგი შესდგება სხეულისგან, რომელიც მატერიაა და სულისგან, რომელიც მატერია არ არის. სხეული ადვილად შესაგრძნობი რამაა, ხოლო სული - ბევრი ვერც ხვდება, რომ მას ასეთი რამ (საუნჯე) გააჩნია. არა და, სული ადამიანში ყველაფერია. ყველაფერია და სწორედ ამის ნიშანია ის, რომ სული სხეულში მხოლოდ დროის გარკვეულ ეტაპზე იბუდებს და შემდეგ, მისგან დამოუკიდებლად განაგრძობს არსებობას. და აი, როგორც ადამიანის შემთხვევაშია - სხეულს განაგებს სული, ასევე სამყაროშიც მატერია ემორჩილება უზენაეს ინტელექტუალურ ძალას - სამყაროს სულს! დიახ, სამყარო სულიერია და მისი გაშლა არა „დიდ აფეთქებად“ წოდებული უსულო ფიზიკური მოვლენაა, არამედ ის პულსია, ცოცხალი ორგანიზმის სუმთქვა, მოძრაობა! ამიტომ შევადარე სამყარო „გარმონს“ - ეს ინსტრუმენტი უსულო საგანია, მაგრამ სულიერის ხელში ის მოძრავი ხდება და ჟღერადიც! მაგრამ, როგორ უნდა ჩასწვდეს სამყაროს სულს ის მეცნიერი, რომელსაც საკუთარი სული ვერ შეუცვნია?!
  ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მეცნიერამ იკითხა:
  - გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა?
  - დროში შეზღული არ ვართ!
  - თუ ასეა, დავამატებ: ადამიანი მაიმუნისგან არ წარმოქმნილა, მაგრამ დიდი საშიშროებაა იმისა, რომ ამ არსებად ვიქცეთ!

  (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები