ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2017


ცის სახლი - 8. გავძეხი, ახლა ცოლი უნდა შევირთო!

  გავძეხი, ახლა ცოლი უნდა შევირთო!

  (გაგრძელება)

  გათენებისთანავე საავადმყოფოში ხმა დაირხა _ მზარეულს გემრიელი საუზმე მოუმზადებია, ხოლო სადილს, დესერტსაც მოაყოლებსო! გახარებულმა პაციენტებმა სასადილოსთან მოიყარეს თავი, მოუთმენლობისგან ერთმანეთს აწვებოდნენ, კარებთან ტევა არ იყო; სამზარეულოდან მადის აღმძრელი სურნელი გამოდიოდა... პაპარაციც ამ ხალხში გაერია, უფრო სწორად, მათ სიახლოვეში დადგა; გვარიანად იყო მოშიებული... ხან სასადილოს კარს მისჩერებოდა, რომელიც წუთი-წუთზე უნდა გაღებულიყო, და ხანაც, პაციენტებს აკვირდებოდა _ მეცნიერას, მხატვარ გაიოზს და სხვებს, ვისაც ერთხელ მაინც უმასპინძლა „პაპარაც-ცენტრმა“; მათ თვალებში ჩამყურე ცდილობდა, გამოეკვლია თვითეულის უნიკალური ბუნება, რომელიც „ცენტრში“ სტუმრობისას მათში ასე მკაფიოდ გამოიკვეთა, მაგრამ ისინი ახლა სხვა ადამიანებად ქცეულიყვნენ, ისეთებად, ვისთვისაც ერთადერთი ამქვეყნიური საფიქრალი გემრიელად დანაყრება არის. ყველაზე მეტად მეცნიერას ქცევამ გააკვირვა - გვერდში ისე გულგრილად ჩაუარა, თითქოს მათ ურთიერთობაში გასული დღე არ ყოფილიყოს - „პაპარაც-ცენტრში“ ლექცია რომ წაიკითხა, სამყაროს წარმოშობის თემაზე; არ მისალმებია, მხოლოდ ეს მიაძახა - რა სტუმარივით განზე დგახარ, წინ წამოიწი, თორემ მშიერი დარჩებიო! წინ წაწევის ნაცვლად, პაპარაცმა უკან დაიხია, რადგან ამის შემდეგ, ძალზედ უხერხულად იგრძნო თავი.
  შორს არ წავიდა, ხუთიოდე ნაბიჯით უკან მდგომ ხეს ამოეფარა; ეს მოძრაობა ისე შეასრულა, თითქოს კი არფერს გაერიდა, უბრალოდ, რაღაცაზე მიყრდნობის სურვილი ჰქონდა და ამისთვის ხე შეარჩია; თუმცა, თვალი მაინც სასადილოსკენ გაექცა... ერთხელ აარიდა თვალი სასადილოს, ორჯერ აარიდა, მაგრამ ფიქრით ვერა და ვერ მოსწყდა მას. ფიქრის გარდა, ფეხებიც თავისით ექაჩებოდნენ სასადილოსკენ, საიდანაც მადის აღმძვრელი სურნელი გამოდიოდა! და აქ, პაპარაცი თავის თავს გამოუტყდა, რომ პიროვნული ცვლილება, რომელიც მეცნიერას, მხატვარ გაიოზს და სხვებს შეამჩნია, მეტნაკლებად მასაც შეხებოდა, ანუ - გემრიელი საუზმე (და ის სადილი, რომელსაც დესერტი უნდა მოჰყოლოდა) მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი გამხდარიყო, ვიდრე „პაპარა-ცენტრი“! - ამ აღმოჩენის შემდეგ, მან დაირცხვინა; რაღა თქმა უნდა, სასადილო დარბაზში შესული, „მუყაოს ყუთს“ თვალს ვეღარ გაუსწორებდა...
  დაკეტილი კარი გაიღო და პაციენტები წინ შხუილით დაიძრნენ. კიბეზე ასვლისას ერთმანეთს ლამის თავზე ახტებოდნენ. თუმცა სასადილო დარბაზში შესულებს, სანიტრების ჩარევით, არნახული წესრიგით მოუწიათ მაგიდებთან მისხდომა; მათდა გასახარად, გემრიელ საუზმესთან ერთად, იქ ახალი ჭურჭელიც დაუხვდათ - მეტალის ბრჭყვიალა კოვზები, ჭიქები და ჯამები. ამ განსაკუთრებული მოვლენის დასაფიქსირებლად საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ტელევიზია მიიწვია, და კიდევ, რაც დარბაზში უჩვეულოდ თვალს სჭრიდა - შავ კოსტუმში გამოწყობილი ვიღაც ორი ოფიციალური პირი იყო, მაღალი, მსუქანი, გაბღენძილი მამაკაცები; ჟურნალისტმა ერთ-ერთს მოკრძალებით ჩამოართვა ინტერვიუ. რაღა თქმა უნდა, სწორედ ამ ხალხის ორგანიზებული იყო ეს ღირშესანიშნავი დღე, ასე რიგად რომ გაახარა საავადმყოფოს „რიგითი შემადგენლობა“. მათი ვინაობის დადგენას პაციენტები ერთმანეთში გაკითხვ-გამოკითხვით ცდილობდნენ - თუ ისინი ქართველი ბიზნესმენები იყვნენ, ან დეპუტატობის კანდიდატები, მათი ქველმოქმედება ხანმოკლე იქნებოდა... ხოლო უცხოელთა შემთხვევაში, ხანგრძლივი, რადგან მათ უკან, როგორც წესი, რომელიმე მძლავრი საქველმოქმედო ორგანიზაცია იდგებოდა.
  პაპარაცი სასადილოში ყველაზე ბოლო, თავდახრილი შევიდა. სანიტარმა დარბაზის კიდისკენ გაგზავნა, სადაც ერთი მაგიდა თითქმის მთლიანად თავისუფალი იყო, მაგრამ სანამ იქამდე მივიდა, მხატვარი გაიოზის ძახილი შემოესმა - „პაპარაცი, მოდი აქ, ადგილი შეგინახეო!“ - პაპარაცი არ ელოდა ამ „ყურადღებას“ და იმდენად ეამა, რაც კი რამ გულზე დარდი ჰქონდა, ერთბაშად შემოეფანტა; მაგიდას მიუჯდა და მადლობის ნიშნად, გაიოზს მხარზე ხელი მოუთათუნა.
  - ფლავი გასინჯე, ისეთი გემრიელია, ღირს ამის ფასად ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებად ვირიცხებოდეთ! - მომღიმარმა გაიოზმა კოვზიანი ხელით ტუჩი მოიწმინდა; მეორე ხელში ჩაით სავსე ჭიქა ეჭირა.
  - მართალი ხარ... - პირველივე კოვზის გასინჯვისთანავე დაასკვნა პაპარაცმა.
  - შენ თუ იცი, ვინ არიან ეს შავებში გამოწყობილი კაცები? უცხოელებს გვანან, მაგრამ ერთმა მგონი ქართულად დაილაპარაკა... - გაიოზი პასუხს არ დაელოდა, ისე გააგრძელა, - გემრიელი სადილიც გელოდებათო... ნეტა, ვახშამი თუ გვექნება? ეჰ, ხვალაც მოგვშივდება... ესაა ცხოვრება!
  გაიოზს, პაპარაცს და მათ სიახლოვეში მჯდომ ერთ (იუმორის მქონე) პაციენტს სიცილი მოერიათ. სხვებმა გაიკვირვეს, აქაოდა, რაზე ეცინებათო? თუმცა მალე ისინიც გამხიარულდნენ, რადგან ერთმა პაციენტმა (მეტსახელად, სიძე) თავისი ქცევით მთელი დარბაზი აახარხარა - ფეხზე წამოდგა და სრული სერიოზულობით წამოიძახა:
  - გავძეხი, ახლა ცოლი უნდა შევირთო!
საერთო ხარხარმა ისეთებიც ჩაითრია, ვინც ვერც კი მიხვდნენ, თუ რაზე იცინოდნენ. გაიოზს ამ დროისთვის ფლავის ჭამა დაემთავრებინა და ჩაის შეექცეოდა, ისეთი სიცილი წასკდა, პირზე ხელის აფარება რომ ვერ მოესწრო, ჩაგუბებული ყლუპით სუფრას მორწყავდა. პაპარაციც გულიანად იცინოდა, თან იხსენებდა, თუ წინათ გაიოზი რამდენად გულჩათხრობილი ადამიანი იყო და მას შემდეგ, რაც „პაპარაც-ცენტრში“ გამოფენა მოაწყო, რაოდენ შეიცვალა, გაიხსნა - მაგიდასთან მჯდომს ენა არ გაუჩერებია, ლაპარაკობდა ათას რამეზე, საჭმელზე, სასმელზე, კაი ცხოვრებაზე... თუმცა ხელოვნებაზე სიტყვა არ დასცდენია, არც გამოფენაზე უთქვამს რაიმე, არც ნახატებზე, მხატვარი კაცის ბუნება მასში თითქოს გამქრალიყო. ამ ვითარებამ პაპარაცი თავიდან დააბნია (ეს არა მარტო გაიოზის მიმართებაში მოხდა, სასადილოს შესასვლელთან „მეცნიერას“ ქცევამაც გააკვირვა), მაგრამ შემდეგ, როცა საკუთარ თავშიც დააფიქსირა მსგავსი პროცესი - „შემოქმედებითი დაცხრომა“, მიხვდა, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო, ანუ, შემოქმედი კაცისთვის სრულიად ბუნებრივი მდგომარეობა.
  ყოველივე ამასთან დაკავშირებით პაპარაცს გაახსენდა ერთი მხატვარი (საავადმყოფოში მოხვედრამდე მას საკმაოდ ახლოს იცნობდა), ხიბლავდა მისი შემოქმედება, თვლიდა, რომ ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ძლიერი მხატვარი იყო, თუმცა... მიუხედევად ასეთი სიმპათიისა, მას რაღაც ისეთიც შეამჩნია, რაც ამ მხატვრის ერთგვარ სისუსტეს წარმოადგენდა - ის საკუთარი შემოქმედებით (და ზოგადად, თავისი თავით) განუსაზღვრელად იყო მოხიბლული, უბრალოება თავის თავში იმდენად ამოიძირკვა, რომ შემოქმედებაში ჩაფლულს კი აღარ ჰგავდა, შემოქმედების მიერ შეპყობილი (თუ უფრო, შებორკილი) გახდა. რადგან პაპარაცი მას თავის ახლობლად თვლიდა, ერთხელ ასეთი კითხვით მიმართა: ნუთუ, შენს თავში არასდროს შეგპარვია ეჭვი?! ის, რაც შენ მთელი ძალისხმევით შეჰქმენი - შენი შემოქმედება, თუ სხვების შემოქმედებაზე მეტია, ხომ არის ირგვლივ რაღაც ისეთიც, რასთან მიმართებაშიც ის არაფერია?! - და ხელოვანს (მომღიმარი სახით) „ჯანსაღი პესიმიზმით“ მკურნალობა  გამოუწერა! მხატვარს ეწყინა პაპარაცის შენიშვნა, მაგრამ როგორც ახლობელს, მიუტევა... თუმცა ვინ იცის, იქნებ არც მიუტევა?! - პაპარაცმა ეს ისტორია ახლა იმიტომ გაიხსენა, რომ მისი მეშვეობით მხატვარი გაიოზის პიროვნების შეცნობა გაადვილებოდა, და მასთან ერთად, თავისი თავისაც; საქმე იმაშია, რომ „მუყაოს ყუთის“ გამოჩენის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - თავად პაპარაცი შეიცვალა, შეიძლება ითქვას, პიროვნულად გაიზარდა! მაგრამ ამ „ზრდამ“ მასში სხვა რაღაც ძალზედ მნიშვნელოვანის დაქვეითება გამოიწვია, (დაახლოებით ასეთი რამ მოხდა: მცენარე სიმაღლეში რომ გაიზარდოს, ხოლო ძირი, დაუსუსტდეს). ეს დაქვეითებული (თუ დასუსტებული) რამ, არც მეტი, არც ნაკლები, მისი უბრალოება იყო - პაპარაცი განა ამპარტავანი გახდა, თავმდაბლობა შეინარჩუნა, მაგრამ „დიდ კაცად“ ქცევით, მისი არსებიდან „უბრალო კაცი“ გამოიდევნა; („დიდ კაცობაში“ მის მიერვე დაარსებული „პაპარაც-ცენტრის“ ხელმძღვანელობა იგულისხმევა). ვინ იყო მისგან გამოდევნილი „უბრალო კაცი“? ვინ და ის, ვინც ცალთვალა ურიკას ქალაქში ტაქსივით დააქროლებდა - ვის მაღაზიაში გაეგზავნებოდა კარტოფილის საყიდლად, ვის ცემენტის ტომარას (ან რაღაც ამდაგვარს) მიატანინებდა სახლში, არც საყოფაცხოვრებო ნაგვის გადაყრაზე იძახდა უარს... აღარ იკითხავთ, რის საფასურად აკეთებდა ამას? საფასური ის იყო, რასაც გაიმეტებდნენ. ჰოდა ახლა, „გადიდკაცებულმა“ პაპარაცმა  იმ „უბრალო კაცის“ დეფიციტი იგრძნო თავის თავში; დეფიციტი ტიპიურ ნოსტალგიაზე ბევრად უფრო მძაფრი შეგრძნება გამოდგა და გარკვეული სულიერი დისკომფორტი შეუქმნა. გარდა სულიერი დისკომფორტისა, პრობლემა მას სოციალური კუთხითაც შეექმნა - ურიკით „ტაქსაობა“ ხომ მისი საარსებო წყარო იყო! - და აი, ყოველივე ამის გააზრებამ, პაპარაცი წარსულის კიდევ ერთ მოგონებებში გადაისროლა:
  ყმაწვილობაში ძლიერ უყვარდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ცქერა - რა არის ვარსკვლავების იქით? - ეკითხებოდა თავის თავს, თუმცა იცოდა, რომ ვარსკვლავების იქით სხვა ვარსკვლავებია, იმათ იქით სხვა და ასე გაუთავებლად. მაგრამ სადღაც ხომ უნდა დასრულებულიყო ეს „ვარსკვლვთა უსასრულობა“? რა იყო იმის იქით? - პასუხი ამაზე, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა, მაგრამ ფიქრი საშუალებას აძლევდა გაეცნობიერებინა თუ რამდენად უკიდეგანოა სამყარო და მასთან მიმართებაში, რაოდენ არარაობას წარმოადგენდა თვითონ. ოღონდ, არარაობის შეგრძნება სულაც არ თრგუნავდა, პირიქით, ასე უფრო სრულფასოვან ადამიანად ესახებოდა თავისი თავი, რადგან გათავისუფლებული იყო ყოველივე იმ პირადული გრძნობისა თუ ამბიციისგან, რაც უსასრულობის შეცნობაში მის გონებას წინ ეღობებოდა. ჰოდა ახლა, ყმაწვილობაში ჩაკარგულ მოგონებასთან წლებით დაშორებულმა პაპარაცმა მსგავსი რამ განიცადა - საკუთარი თავის წინაშე ამბიციებისგან დაცლილი წარსდგა: იმ დროს, უსასრულობა თუ ვარსკვლავებზე შემყურემ შეიცნო, ახლა უსასრულობა „მუყაოს ყუთთან“ გააიგივა - „ყუთში“ რაღაც იდუმალი ძალა იყო ჩაბუდებული. ამ ჯადოსნურმა სივრცემ სხვა პაციენტებიც შეიფარა თავის წიაღში, ანუგეშა ისინი. ყოველივე სიკეთესან ერთად, „მუყაოს ყუთს“ თერაპიული თვისებაც გააჩნდა, დასტურად ამისა, მხატვარი გაიოზის მძიმე დეპრესიული მდგომარეობიდან გამოყვანის შემთხვევაც კმარა! თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ „ყუთის“ კარი ყველასთვის არ იყო ღია - მის წიაღს ვერ ეზიარებოდა ქედმაღალი ადამიანი! ასეთ ადამიანს „ყუთი“ ან უბრალო მუყაოს ნაგლეჯად წარმოესახებოდა, ან მთელი თავისი სიდიადით გაბრწყინებული დასწვავდა მას, სულიერად დააბრმავებდა - არა ერთი და ორი ადამიანი ემსხვერპლა უსასრულობასთან (ანუ, მარადიულობასთან) შეხებას! ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი პაპარაცის ახლობელი მხატვარი იყო, მან თავისი შემოქმედება უსასრულობას აზიარა, მაგრამ პიროვნულად სუსტი ადამიანი აღმოჩნდა და ამ მიღწევამ დასწვა, სულიერად დააბრმავა! ჰოდა ახლა, „მუყაოს ყუთის“ სახით უსასრულობის წინაშე მდგარ პაპარაცს იგივე საფრთხე დაემუქრა, რაც ერთ დროს მის მეგობარ მხატვარს, ოღონდ განსხვავებით იმ მხატვრისგან, პაპარაცი აცნობიერებდა, რომ ასეთ დროს თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება საკუთარი არარაობის გააზრება არის, გააზრება არა ფორმალური, არამედ ცხოვრებაში ასახული.
  და აი, ყოფიერებაზე ჩაფიქრებულმა პაპარაცმა ცხოვრებას განსხვავებული თვალით შეხედა (ეს იყო წამი, როცა „გადიდკაცების“ შემდეგ, მან თავისი არსებიდან „უბრალო კაცის“ განდევნის ფაქტი ყველაზე მტკივნეულად შეიგრძნო), მთელი სიგრძე-სიგანით გაიაზრა ის დანაკლისი, რაც ამით მის პიროვნებას მიადგა - დაემსგავსა მცენარეს, რომელსაც სიმაღლეში უბადლო ზრდამ ძირი გამოუფიტა. - „დაბრუნდი, დაბრუნდი!“ - ათრთოლებული ხმით მოუხმო მან საკუთარი თავის დაკარგულ ნახევარს... და უეცრად, რაღაც სასწაულით, პასუხმა არ დააყოვნა: „პუპ! პუპ!“ - ყურში ჩაესმა იმ თავისი ცალთვალა ურიკის სიგნალი, (ურიკა მისგან შორს, საავადმყოფოს ტერიტორიაზე პატარა ფარდულში იდგა.). რაღა თქმა უნდა, ეს ნიშანი იყო იმისა, რომ „ცენტრში“ მოღვაწეობის პარალელურად, პაპარაცი დამდეგი დღიდან „ურიკით ტაქსაობას“ გააგრძელებდა! რატომ დამდეგიდან და არა იმავე დღიდან? რატომ და იმიტომ, რომ იმ დღეს პაციენტებს წინ კიდევ გემრიელი სადილი ელოდებოდათ, რომელსაც ვერ გამოტოვებდა... იქნებ, ვახშამიც შემდგარიყო! ჰო, ვახშამიც შესდგა. თუმცა ვახშამს დაეტყო, რომ შავ კოსტუმში გამოწყობილ მამაკაცთა ქველმოქმედება ხანგრძლივი არ იყო, ანუ ისინი ქართველი ბიზნესმენები ყოფილან, ან დეპუტატობის კანდიდატები.

  ფიქრში ჩაფლულმა პაპარაცმა უცაბედად გაიოზის მეგობრული მუჯლუგუნი იგრძნო; როგორც სჩანს, მან მანამდე რაღაც ჰკითხა და პასუხი რომ ვერ მიიღო, ამ სახით გამოაფხიზლა:
  - ფიქრს ფლავის ჭამა სჯობს... იჩქარე, საცაა აგვშლიან!
  ჯამს დახედა, თან გაიოზისკენ გააპარა თვალი - კიდევ ერთხელ გადაამოწმა ამ კაცის „პიროვნული მონაცემები“, და დაასკვნა: იმ ცნობილი მხატვრისგან განსხვავებით, გაიოზი იმდენად მაღლა იდგა საკუთარ შემოქმედებაზე, რომ ძალა შესწევდა საჭიროების შემთხვევაში შემოქმედება მიევიწყებინა კიდეც! მერე დარბაზში მზერით „მეცნიერა“ მოძებნა, (მასთან მიმართებაშიც რაღაც დარჩა გამოსაკვლევი), უკეთ რომ დაენახა იგი, სკამიდან წამოიწია და სწორედ იმ დროს, უცნაური დამთხვევით, ამ უკანასკნელმა მისკენ გამოიხედა - პაპარაცის დაკვირვებული მზერა რომ შეამჩნია,  გაეღიმა... მერე, ჩაიანი ჭიქა, თითქოს ღვინიანი იყო, მაღლა ასწია, თითით ანიშნა, რომ ცას (ანუ, უსასრულობას) ადღეგრძელებდა და დალია. უსასრულობის სადღეგრძელებლად პაპარაცმაც წამოსწია ჩაიანი ჭიქა... დალეული არ ჰქონდა, რომ სადღეგრძელოს მხატვარი გაიოზი და იქვე მჯდომი (იუმორის მქონე) პაციენტიც შეუერთდნენ - შესვეს თავთავიანთი უკანასკნელი ყლუპი ჩაი, ის ჩაი, რომელიც ამ შემთხვევაში ღვინოზე მათრობელა აღმოჩნდა.
პაპარაცს სიამოვნებისგან გააჟრჟოლა - ასეთი თვალსაჩინო მეგობრები რომ ჰყავდა... მერე, გაბედა და „მუყაოს ყუთისკენ“ გააპარა თვალი, სასადილო დარბაზის შემაღლებულ ადგილზე (ყოფილ სცენაზე) მდგომი „ყუთი“ ვიღაცას კიდეში გადაეწია. „ეს უკეთესი ადგილიაო...“ - გაიფიქრა.
ისეთი გაბრუებული იყო, გაიოზის მორიგი მუჯლუნი რომ არა, მშიერ კუჭზე ფლავი შეუჭმელი დაურჩებოდა.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები