ნაწარმოებები



ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
6 აპრილი, 2017


გ ა ო რ ე ბ ა ( XVIII თავი)

  12 ივნისი.
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Subject: 12
Date: JUN 12, 2016 11:42
დილა მშვიდობისა თეო.
დღეს 12 - ია.
მერვე 12 - ია უკვე.
უნდა გნახო.

______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Re: 12
Date: JUN 12, 2016 11:58
გამარჯობა ჯოი. ვიცი რომ დღეს 12 - ია. პირველი 12 - ია როცა გიორგის მორიგეობა არ დაემთხვა. სამწუხაროდ დღეს ვერ გნახავ.
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Re: 12
Date: JUN 12, 2016 12:06
თუნდაც ერთი წუთით.
ძალიან გთხოვ.
______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Re: 12
Date: JUN 12, 2016 12:07
როგორ?
_______________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Re: 12
Date: JUN 12, 2016 12:09
სუპერმარკეტში შევხვდეთ, ისე, შემთხვევით, რომ შევეჩეხოთ.
რაღაც მინდა მოგცე.
გთხოვ.
______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Re: 12
Date: JUN 12, 2016 12:12
გიჟი ხარ ჯოი.
კარგი.
მოვიფიქრებ რამეს და მოგწერ.

  ბევრი არც უფიქრია თეოს, შესაძლებელი იყო შეხვედროდა სუპერმარკეტში, ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა. რადგან ასე ძალიან უნდოდა ჯოის მისი ნახვა, რატომაც არა. თან ძალიან აინტერესებდა რის მიცემას აპირებდა. გიორგის უთხრა პროდუქტების საყიდლად წასულიყვნენ. სანამ სახლიდან გავიდა ჯოის შეუთანხმდა სად და როგორ შეხვდებოდა.
ყველაფერმა მართლაც მარტივად ჩაიარა. თეომ და გიომ ურიკა რომ გაავსეს სასურველი პროდუქტებით და სალაროსთან რიგი დაიკავეს, თეოს მაშინ გაახსენდა, რომ რაღაცის აღება დაავიწყდა. ქმარს გადაუჩურჩულა:
- რაღაც დამავიწყდა, ავიღებ უცებ.
- რა?
- ჰიგიენური საშუალება.
- კაი, მიდი დროზე. - უკმაყოფილოდ უთხრა გიომ. - თეო სწრაფი ნაბიჯით წავიდა სასურველი დახლისკენ. ჯოი იქ უცდიდა. მაღაზიის კუთხე იყო და იმ ადგილზე მათ გარდა სხვა არავინ იყო. თეომ მიირბინა ზურგით გაჩერებულ ჯოისთან და სწრაფად აკოცა ტუჩებში. მერე გასწორდა, ვითომ არაფერი, დახლთან პროდუქციის დათვალიერება დაიწყო.
- მადლობა რომ მოხვედი. - უთხრა ჩუმად ჯოიმ და გასაღები გაუწოდა.
- ეს რა არის?
- ჩემი სახლის გასაღებია. მაშინ მოხვალ როცა მოგინდება და შემოხვალ შენი გასაღებით. ამიერიდან, ჩემი სახლი შენი სახლიცაა.
- რა საჭირო იყო ახლა ეს?! - თეომ აარჩია სასურველი ნივთი და გამომშვიდობების ნიშნად ისევ ტუჩებში აკოცა. პასუხისთვის არ დაუცდია, სწრაფი ნაბიჯით გაშორდა და უკან აღარ მოუხედავს. გასაღები შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიცურა და მაისური გადააფარა ზედ. ქმარს მადლობის ნიშნად ღიმილი შეაგება. თან სინდისი ქენჯნიდა, რომ მის კარგ განწყობას ჯოი ქმნიდა, ის კი ამ ხასიათს ქმართან ურთიერთობაში იყენებდა. ამიტომ შეიცვალა მათი ურთიერთობა. უფრო სასიამოვნო და თბილი გახდა. თეოც უფრო კეკლუცობდა, თვითონაც მოსწონდა ასეთი თავისი თავი და გიორგისაც აშკარად ეტყობოდა, რომ სიამოვნებდა...
  ერთ ხელში დიდი პარკი ეჭირა გიორგის, მეორე კი თეოსთვის მხრებზე გადაეხვია და მანქანისკენ მიდიოდნენ. ჯოი სუპერმარკეტის შესასვლელთან იდგა და უყურებდა მათ. მწარე განცდა იყო,  გული სწყდებოდა... ის ვერასდროს შეძლებდა საყვარელი ქალისთვის ასე გადაეხვია ხელი, მასთან გვერდით ევლო... თეოს ქმართან ერთად დანახვაც არ იყო ადვილი. თითქოს მისი გულის ნაწილი იყო, რომელიც სხვას ჰქონდა დასაკუთრებული... გიომ საბარგულში პარკი ჩადო და მანქანაში რომ ჯდებოდა, ერთი წამით ჯოის მზერას გადააწყდა. ეს იყო, მესაკუთრე, ამაყი მამაკაცის და ბედს მინდობილი, მორჩილი კაცის თვალი-თვალში გაყრა. მათ ერთი ქალი აერთიანებდათ. ამაყი გიორგი იყო, მაგრამ მეტი სიამაყის უფლება ჯოის ჰქონდა. ხოლო ბედს მინდობილს ჯოი გავდა, სინამდვილეში კი ბედს მინდობილი მესაკუთრე ქმარი იყო... 
  14 ივნისი თეოს დღე იყო. მთელი დღე სახლში გაატარა. წიგნი იკითხა, საოჯახო საქმეები გააკეთა, რომ დაღამდა, სახლიდან გამოვიდა, ღამის თბილისში ფეხით გაისეირნა. კარგი ამინდი იყო, სასიამოვნო საღამო. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. არაჩვეულებრივი ზაფხულის სუნი ტრიალებდა ირგვლივ. გვიანობამდე იარა, ბარათაშვილის ხიდიდან მტკვარს დიდხანს გადაჰყურებდა, მერე რიყის პარკში ჩავიდა და მშვიდობის ხიდით ისევ უკან ბარათაშვილის ქუჩაზე დაბრუნდა. თავისუფლების მეტრომდე ფეხით ავიდა და სახლისკენ გზა მეტროთი გააგრძელა. უკვე 11 საათი სრულდებოდა. ქუჩები დაცარიელებული იყო. სახლში დაბრუნებულმა თეომ, წყალი გადაივლო და დასაძინებლად დაწვა. მშვიდად იყო, თავს კარგად გრძნობდა. ფეხით სიარული მას ძალიან შველოდა.

  17 ივნისი. ქმარი სამსახურში გააცილა. წასვლის წინ გიოს ხანგრძლივი ჩახუტება და სასიყვარულო სიტყვების ბუტბუტი ჩვევად ექცა. მისი წასვლის მერე თეოც მალევე გავიდა სახლიდან. ჯერ დედას გაუარა, შემდეგ კი ჯოისთან წავიდა. კარი თავისი გასაღებით გააღო. სრულად აცნობიერებდა იმ პასუხისლგებლობას, რაც ჯოიმ ამ გასაღების ჩუქებით დააკისრა. სულ გადაირიენ ეს კაცები. ფიქრობდა თეო. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რაღაც უხილავი ბრძოლა გაემართათ თითქოს ერთმანეთთან. უფრო და უფრო ურთულებდნენ თეოს საქმეს.
  კარის ხმაზე ჯოის სავარძელი ნაჩქარევად მოშორდა კომპიუტერის მაგიდას. პირველად შემოვიდა აქ ვიღაც ცალკე გასაღებით. მიხვდა თეო იყო და შესაგებებლად გაემართა. მის დანახვაზე ბედნიერი ღიმილი აღებეჭდა და ხელები გაშალა. თეო ჩაიმუხლა როგორც ყოველთვის და მისკენ ლოყაზე საკოცნელად გაიწია. ჯოიმ ხელები შემოხვია და ჩაიხუტა.
- რა კარგ დროს მოხვედი?! ახლა ჭამას ვაპირებდი.
- როგორ ხარ ჯოი?
- კარგად.  შენ რომ გხედავ მგონია რომ ყველაზე კარგად ვარ.
- რა გაქვს საჭმელი? მეც მშია.
- შემწვარი კარტოფილი.
- შენ შეწვი?
- კიი.
- დაბრაწულია?
- კარგად დაბრაწულია.
- აზელილიცაა?
- კიი.
- კარგია. - თეომ ტაში შემოკრა. - მიყვარს, დაბრაწული და აზელილი კარტოფილი.
- ვიცი.
- წავალ ხელებს დავიბან და სულ მე შეგიჭამ. - ჯოი შებრუნდა და აბაზანაში შეასწრო. - რას აკეთებ, რა არაჯელტმენი ხარ ჯოი. - ჯოიმ გადაიხარხარა.
- ცდები ძვირფასო, მე სუფრას გავშლი თქვენს მოსვლამდე. - ტუჩები საკოცნელად გაიშვირა. - მანამდე კი ერთი კოცნა მიწყალობეთ. - თეო დაიხარა და აკოცა.
  ჯოიმ მაგიდაზე ყველი, პური და ტყემალი დააწყო, მერე კარტოფილი თეფშებზე გაანაწილა, ჩანგლები უჯრიდან ამოიღო და მაცივრიდან წვენი გამოდგა. ამასობაში თეო შემოვიდა და თავის ადგილზე დაჯდა. წვენის ჭიქები და ხელსახოცებიც რომ დაალაგა მაგიდაზე, თეოსთან ახლოს დაჯდა.
სადილის მერე თეომ ყვავილებს შეავლო ხელი, ჯოი მუშაობდა. ისეთი განწყობა იყო მათ შორის თითქოს მართლა ერთი ოჯახი იყვნენ. საღამოს ფილმის ყურება გადაწყვიტეს. ორივე დივანზე იჯდა. ჯოიმ კალთაზე ხელი დაირტყა და თეოს ანიშნა რომ თავი მის ფეხებზე დაედო. სახეზე მოფერება და თმაში თამაში დაუწყო.
- თეო, როდემდე გაუძლებ ასე? - თეო მიხვდა რასაც ეკითხებოდა. ასე ადვილად ვერ გასცემდა პასუხს, ამაზე თვითონაც ბევრს ფიქრობდა. ბოლოს ჩუმად, თითქოს ფიქრი ხმამაღლა გააგრძელა, თავისთვის ჩაილაპარაკა:
- არ ვიცი.
- მინდა ბედნიერი იყო თეო. მინდა... რა ვიცი, არ მინდა ჩემს გამო რომ დაიტანჯო. შენ რასაც გადაწყვეტ... შეიძლება ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყოს, მაგრამ... შენ როგორც უფრო ბედნიერი იქნები, ისე მოიქეცი.
- შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე ჯოი?
- არ ვიცი... ვცდილობ გაგიგო, მაგრამ არ გამომდის, ისე ძლიერ მიყვარხარ, უშენოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. - თეო წამოიწია, კალთაში ჩაუჯდა და კისერზე ხელები მოხვია.
- ჯოი, მინდა რომ კარგად იყო. ბედნიერი იყო. მინდა შენი ცხოვრება გქონდეს, საკუთარი გესმის?!
- შენ ხარ ჩემი საკუთარი ცხოვრება. - უთხრა და შუბლზე აკოცა. შიშველ მკლავებზე ხელი გადაუსვა, თეოს ჟრუანტელმა დაუარა. მის შეხებას აღარ განიცდიდა, მიეჩვია და მოსწონდა კიდეც. თავიდან კრთოდა ჯოი რომ ეხებოდა, კოცნას ცივად იღებდა და რობოტივით პასუხობდა, ახლა კი უკვე მისი სიახლოვე აღელვებდა, მისი მოფერება მოსწონდა. კოცნაც კი ენატრებოდა. ეს კიდევ ცალკე პრობლემას უქმნიდა. ორ მამაკაცს ეხვეოდა და კოცნიდა, ორივეს თანაბრად უნაწილებდა სიყვარულს. ასე არ გამოვიდოდა. დიდხანს ასე ვერ გაგრძელდებოდა. ფიქრი უსასრულოდ იკარგებოდა, სადღაც ჯურღმულში ჩადიოდა, არეული ფიქრები თავადაც არ მოსწონდა, თუ დანებდებოდა, ცუდ შედეგამდე მივიდოდა. თავი გააქნია, თითქოს ავბედითი ფიქრების გამოდევნას ცდილობდა. ჯოი თვალებში უყურებდა და ხედავდა როგორ აემღვრა და აერია გამომეტყველება. თითქოს მის საფიქრალსაც მიხვდა და სულსაც ჩაწვდა. შეეშინდა ჯოის. უმისოდ დარჩენის შეეშინდა. „დატკბი ყოველი წუთით“ - შინაგანმა ხმამ უკარნახა. ჯოიც დანებდა სურვილს და ვნებამორეული მის ტუჩებსა და ყელში ჩაიძირა, თეოც თან ჩაიყოლა და ავბედითი ფიქრებიანად თავი დააკარგვინა.

  შემდგომი სამი კვირაც ასე გაგრძელდა. გიორგი მკურნალობდა, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, ცოლთან მეტ დროს ატარებდა, სამსახურში წასვლის წინ კი მაგრად იკრავდა გულში და ეუბნებოდა რომ უყვარდა.
  თეო ხან სახლში რჩებოდა და საქმიანობდა, ხან ფეხით დასეირნობდა, ხან კი ჯოისთან მიდიოდა. ისევ გაორებული და არეული იყო. ფიქრობდა გამუდმებით და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდა.
  ჯოი ელოდა თავის დროს, თეო როდის მივიდოდა მასთან სახლში და თავის როლს მოირგებდა. ყოველი წუთით და წამით სარგებლობდა. თითქოს გული უგრძნობდა, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ამიტომ თავის წილ ბედნიერებას აგროვებდა. ალერსს იმარაგებდა და დიდი რაოდენობით ფოტოებს უღებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები