ნაწარმოებები



ავტორი: მელ.ზ.
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2017


ქვების და ხეების

ჯერ თებერვალში ჩამდგარი წყლები უნდა დაღვარონ.
შემდეგ დაიკვირტონ და სიფრიფანა სიცოცხლე იმშობიარონ-
ღია ვარდისფერი აფეთქება.
წესია ასეთი.
როგორ ორსულდებიან დამზრალი ხეები გაზაფხულობით?!..
ნეტავ მათ თუ ესმით სიკვდილის მელოდია
წელზე შემოხვეული სიცივისას..
სიბნელის წახნაგები კედლებს რომ შეაცოცდება,
კედლები კი არ ქრებიან ,
ხეებთან მიფრინავენ და სითბო მიაქვთ.
ორი ჩარჩო მრჩება მძინარე ქალაქით სავსე,
რომელი ერთი შემოვიშენო..
რომელში ჩაეტევა ლოდივით საფიქრალი.
ფარდები დაუშვი, ქარი მაშიშვლებს, ღმერთო!.
როდის გამიყვან გაფრენილი კედლების უფანჯრო ჩარჩოებიდან.
დანის დასმასავითაა ღამის სიცივე.
როგორი სუნი აქვს.
არაფრის.
როგორც სიკვდილს.
მაინც საით იწვდიან წყალჩამდგარი ხეები ხელებს,
ცისკენ თუ მიწისკენ?!
რომელია მათი მიწა, დედა რომ ქვია?!
დალოცვილია მიწიანი მუცლები..
მოსავლიანი..
რძე და თაფლი სდით ნედლი მკერდიდან.
მე რისგან შემქმენი, ღმერთო?!
სად მოაგროვე ამდენი სიპი ქვა - ამდენი ფერადი.
მიწა - თვალებში. სველი და შავი.
რატომ ვარ ასეთი გამჭვირვალე..
როგორც ქვებით სავსე შუშის ლარნაკი..
რატომ არ ვიმსხვრევი?!
ასე ლამაზად ვირეკლავ ბუნების ფერად მშობიარობას
გაზაფხულობით?!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები