ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“. ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნექსთ
ჟანრი: პროზა
14 მარტი, 2017


შობა და შოთიკია

                                                                                                          შობა და შოთიკია
          მოვიდა. მოვიდა და როგორ.  იმ წელს ისე დადო თოვლმა , ისე დადო,  ყველაფერი გადათეთრდა. ჩვენი სოფლისთვის რომ ზევიდან, ძაალიან შორიდან დაეხედა ვინმეს,  ერთი დიდი გუნდა ეგონებოდა. ჩვენი სახლი და კიდევ რამდენიმე  მეზობლად, ერთ გორაზე იყო მოქცეული. ხანდახან მეგონა,  კიდე თუ მოთოვა,  ჰა და ჰა ჩაგვიტანს სახლებიანად  ქვევით,  სოფლის შარაზე, ერთ გუნდაში მოგვაქცევს და ასე ტრიალით ჩავალთ მეთქი. დაუმძიმდა ხეებს ტოტებიც. ზაფხულში თუ  შორიდან მივრბოდი და ვხტებოდი ხილზე მისაწვდენად,  ახლა ყველაფერი ერთი ხელის აწვდენაზე იყო, მაგრამ გადათეთრებული. ბაბუას რეზინის ჩექმებში გავუყრიდი დილაობით ფეხებს. მუხლებამდე კი მწვდებოდა და დაცული ვიყავი , მაგრამ რამის ასაღებად დახრა ჭირდა. გავიდოდი ეზოში ,მერე გავუყვებოდი  შუკას და ამ გადათეთრებულ არემარეზე ვტოვებდი  ნაფეხურებს . მივდიოდი ქვევით ბირჟისკენ. სოფლის ბიჭები და კაცები  ისხდნენ ხოლმე. გავერეოდი.  რა ხდება თბილისშიო მკითხავდნენ. გეგონება ბევრი რამე გამეგებოდა. სკოლა –  სახლი , სკოლა – სახლი. არდადეგებზე გამომიშვებდნენ ხოლმე ზაფხულობით და საშობაოდ კიდევ. მიყვარდა ბირჟაზე ჩასვლა , ჩამოვჯდებოდი კაცებთან ერთად. არ აშინებდათ  სიცხე ზაფხულში და  ყინვა ზამთარში. ისხდნენ და ისხამდნენ პირში არაყს. ჩემი ტოლიც  ერია ერთი–ორი. ავეყუდებოდი თავდახრილი ამ თითქმის ჩემს სიგრძე რეზინის ჩექმებით,  „ვალინკებს“ რომ  ეძახდა ბაბუაჩემი,  ისედაც დამცინოდნენ -  ქალაქელი, ქალაქელი , ასფალტის ბიჭიო და ეს ჩექმები მთლად სასაცილოს მხდიდა. რა ხდება ბიჭო ქალაქშიო რომ მკითხავდნენ და ხელით ქუდს ჩამომიფხატავდნენ შუბლზე, რავი ისევ ისეა მეთქი ვპასუხობდი  და მივეყუდებოდი იქვე მდგარ მაღაზიას . ხანდახან შემაგზავნიდნენ,  მიდი ერთი ასმათის პური გამოართვიო და შევდიოდი მეც . პური მინდა იმათმა გამომაგზავნეს მეთქი , თავის გაქნევით ვანიშნებდი .  ასმათიც გაიქნევდა თავს,  რომლის სახელზე ჩავწეროო , მოავლებდა თვალს, რომელიმეს ამოარჩევდა და მიუწერდა –  „+ 50 თეთრი“ . თან ბუტბუტებდა –  რო არც ბეზრდებათ ამ დილაუთენია, ამინდი მაინც იყოს, დარი მაინც იყოს საქმეზე წავიდოდნენო. სანამ გამოვიდოდი მომაძახებდა ხოლმე  ჩემსას დაუძახე , შემოვიდეს ერთიო . კი ვიცოდი „ჩემსას“ – ქმარს რომ ნიშნავდა. ისიც იქვე იჯდა.  გადავცემდი  ერთი სიტყვით გეძახის მეთქი და  აითრევდა წელს , შებანცალდებოდა. კი ვიცოდი რაც მოხდებოდა მაგრამ მაინც ვაყოლებდი თვალს. ახალი რა უნდა მომხდარიყო,  ასმათს გუგები უფართოვდებოდა, ჰა და ჰა გადმოცვივდებაო იფიქრებდი კაცი და ჩქარა , ძალიან ჩქარა რაღაც სიტყვებს ამბობდა , უფრო სწორად გეგონება კბილებიდან ცრისო. მეღიმებოდა სულ. სულ ერთი და იგივე .       
      მაღაზიასთან ხიდი იყო. ამათთან  რომ მომბეზრდებოდა,  გადავიდოდი ხიდზე. იქვე ერთი სახლი მეგულებოდა . ჩემი ტოლი  ან ჩემზე ცოტა დიდი ბიჭი ცხოვრობდა,  ასე 15 წლის. ზურიეს ბიჭი იყო. შოთიკიე  წკვინტლიანს ეძახდა სოფელი. სულ ჩამოსველებული ქონდა ცხვირთან და  ქსუტუნით დადიოდა. ან მაჯას მიაშველებდა ხოლმე. ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა , დედა მკვდარი ყავდა . ზურიე კიდევ  სადღაც საზღვარგარეთ მეგულებოდა. შოთიკიე  არ მენახა რაც ჩამოვედი და მივაკითხავ მეთქი იმ დღესაც ვიფიქრე. იმ წელს ბაბუამ ტირის თოფი მაჩუქა,  ჰოდა გადავიკიდე მხარზე  და  ტყვიების შეკვრაც გავაყოლე ხელს.  ბირჟაზე დამცინოდნენ არ გაგივარდესო.  შოთიკიასთვის მინდოდა მეჩვენებინა . ჯიბე მანქანის „ნაკლეიკებით“ მქონდა გამოტენილი.  ვითამაშებთ  ცოტას , მერე გავუყოფ ან დავუტოვებ მეთქი ვგეგმავდი. ჭიშკარს რომ მივუახლოვდი,  დავიძახე და გამოყო თავი კარებიდან  შოთიკიამ , ერთი დაკვირვება დამაკვირდა მოჭუტული თვალებით და მოიო დამიძახა . შევედი,  სანამ ხელი ჩამომართვა, ჯერ ცხვირიზე გაისვა მაჯა , ერთიც დაიქსუტუნა და  ეგრევე – როის ჩამოიო მკითხა. ორი დღეა აქ ვარ, არ ჩანდი მეთქი და ჰოოო საქმე მაქ ბევრიო . დაჯეი, რას დგახარო  მიმითითა პატარა ხის სკამზე და თვითონ შეშის ღუმელს  დაუწყო  ჩხიკინი. მეორე ოთახიდან ბაბუამისის ხმა გავიგე –  ვინაა შოთიკიაო ეკითხებოდა  და ლაშაიეს ბიჭი ჩამევიდაო გასძახა ამანაც. დიდი ბიჭი იქნებაო,  ივარაუდა ბაბუამ და კიო დაუდასტურა შოთიკიამ. ჩამოწვა სიჩუმე. ცოტა ხანში ბაბუამისის ოთახისკენ გაიქნია თავი  – ჩაწვა ისო და მივხვდი ბაბუა არ გამოვიდოდა შესახვედრად. არც დღეს.  არც ხვალ. როის ბრუნდებიო ცოტა ხნის მერე მკითხა. მალე, რამდენიმე დღეში , შობა ჩაივლის  და წამიყვანენ მერე მეთქი. კაიაო დააქნია თავი. შენ რა შვები, საშობაოდ ჰო ელოდი მამაშენს მეთქი.  ამომხედა, დამაკვირდა , გვერდულად ჩაიღიმა და  სადღაა  ბიჯო ზურიეო მითხრა . ავხედე . წარბი არ შეხრია. რას იჩხრიკები მაგ ჯიბეშიო, მაშინვე შეცვალა თემა. კითხვა ვერ დავსვი . ვერაფერით დავუბრუნდი ზურიას. როგორ  ვერ გავიგებდი რომ მომკვდარიყო , სახლში გავარკვევ რომ ავალ მეთქი ვიფიქრე და ჯიბიდან „ნაკლეიკები“ ამოვაცურე. დავყარე მაგიდაზე, ახლა არა და ხვალ ვნახოთო მითხრა . კაი მეთქი. არც მე მქონდა მაგის  ხასიათი . ახლა მარტო ზურიაზე ვფიქრობდი. შოთიკიამ  შეშა მაქვს დასახერხი, წამოი გამიწიე ხერხი თუ გცალიაო . ავაყუდე ეს ჩემი ტირის თოფი კარებზე და გავყევი. უკანა ეზოში ვხერხავდით. მე აქედან ვექაჩებოდი ის იქიდან. რამდენჯერაც  გავიფიქრე რომ ზურიე ცოცხალი აღარ იყო,  უფრო მაგრად  ვექაჩებოდი ხერხს ჩემკენ . არ ვიცი რას ფიქრობდა შოთიკიე, მაგრამ მიყურებდა თვალებში და ის მისკენ ექაჩებოდა. გადახურულში ვიდექით . ნახერხი ძირს ცვიოდა და მიქონდა დამდნარ თოვლს და ჭყაპს . არ მახსოვს რამდენი დავხერხეთ. არც გვციოდა. რომ მოვრჩით,  შოთიკიამ  თქვა ,  ეს ბიჯო 1 კვირას გვეყოფაო და შევედით სახლში. ისევ მარტო მაგის ქსუტუნი ისმოდა. ვერ გავჩერდი დიდი ხნით. ავდექი წამოსასვლელად ,  შენ იციო მომაძახა,  გადავიკიდე ჩემი თოფი მხარზე და გაუვუყევი გზას სახლისკენ. რომ მივედი ბაბუას  ამბავი გამოვკითხე. მართლა მკვდარი ჩამოუტანიათ ზურიე შემოდგომაზე. ოქტომბერში  დავასაფლავეთო . ამარიდეს ცუდი ამბავი ვითომ. შოთიკიას ვკითხე მამამისზე  და შევრცხვი ამხელა ბიჭი მეთქი ვუთხარი ბაბუას და აღარ გავაგრძელე, გადამეკეტა ყელში რაღაც.  ბაბუამ კისერში მომკიდა ხელი, მიმიწია მისკენ,  როგორც იცოდა თავით  მიმიკრა მუცელთან და არ იყო სხვა გზა,  სანამ თავს ავწევდი უნდა მომესწრო ყველა ცრემლის მოშორება.ვიდექი ასე ცოტა ხანს . მერე ,  წადი ღორს საჭმელი დაუყარეო, ამაწევინა თავი და ვედრით გამატანეს რაღაც.  გზაში ვფიქრობდი,  რას აჭმევენ ამ ღორს ხვალ კლავენ მაინც საშობაოდ მეთქი. 
  მეორე დღეს  მთელი  სოფლის კაცები შეიკრიბებოდნენ ერთად. საშობოდ გამოზრდილ ღორებს დაკიდებდნენ ფეხებით და გამოფატრავდნენ მუცლებს . ჯერ ერთის სახლში მერე მეორის. მერე ერთმანეთს გადაიპატიჟებდნენ და იწყებოდა ქეიფი. ჩვენთანაც იკვლებოდა. მეზარებოდა ამ დღის დადგომა . კიდებდნენ ამ ღორებს ფეხებით. დაუსვამდნენ დანას, მოდიოდა სისხლი და ზოლად მიდიოდა დაღმართში ამ თეთრ თოვლზე . მორჩებოდნენ ამათ  წამებას, წაიღებდნენ და წურწურით გადიოდა სისხლი ოთახში შეტანამდე ხორცს. თუ დაათოვდა ჰო კაი,  თუ არა და იყო წითლად დაწინწკლული ეს გადათეთრებული ეზო  და აღარ მინდოდა აღარც ჭამა და არაფერი იმ დღეს.  არ მიყვარდა ეს დღე. ძალიან არ მიყვარდა.
      გათენდა და იმ დღეს  ორმაგად მეზარებოდა თბილი  საბნიდან ფეხის გამოყოფა და ადგომა.  დილით ბაბუაჩემი შემოვიდა ოთახში და მითხრა, წადი  შოთიკიე დაპატიჟე,  ბაბუამისი მაინც ვერ ამოვა,  ის ამოვიდეს და თან გავატანთ კიდეც ხორცსო. გამიხარდა. წამოვხტი , ჩავხტი ისევ „ვალინკებში“ , ჩემი ტირის თოფიც მოვიკიდე , იქნება და ჩიტი შემხვდეს , თუ შოთიკიას მოუნდა მაგასაც ვასროლინებ მეთქი ფიქრობდი  და დავუყევი თავდაღმართს. რომ მივედი ისევ შეშის ღუმელს  უჩხიკინებდა. კიდე  შეშის დაჩეხვა შევთავაზე  და იუარა , არა გუშინდელი კაი ხანს გვეყოფაო. ბაბუამისმა ისევ დაიძახა ვინაა შოთიკიაო და ამანაც ისევ იგივე უპასუხა – ლაშაიეს  ბიჭი ჩამოსულაო, ბაბუამ პირვანდელივით ისევ ივარაუდა – დიდი ბიჭი იქება უკვეო და დაეთანხმა შოთიკიეც  თავიდან .
      ჩემთან დავპატიჟე. შობაა , დღეს იქ ჩემი ტოლი არავინაა და ერთად ვიყოთ მეთქი.  იქსუტუნა ცოტა ხანი და მერე თავი გააქნია,  არაო. არ ვიშლიდი ჩემსას. მაინც არ დამთანხმდა. მარტოა ბაბუაჩემი  და მაგ თოფს რას დააათრევ იქით –აქეთო , გადაიტანა უცებ თემა , როგორც ჩვეოდა.  მერე სანადიროდ წასვლა შევთავაზე და  და  ეგ კი შეიძლებაო მითხრა. გავუდეგით მალევე ტყისკენ გზას. მეგონა გული ამომიხტებოდა საგულიდან. ჩიტის მოკვლა არც მანამდე მეხალისებოდა , ეს თოფიც ბირჟაზე თავის მოსაწონებლად მქონდა გადაკიდებული თავიდან მაგრამ ახლა ვიცოდი, შოთიკიე არსავისთან  მიმსვლელი არ იყო ამ შობა დღეს . გულში ბუტბუტი  დავიწყე, რამე მოგვაკვლევია ნეტა, ნეტა რამე დაგვაჭერინა  მეთქი. მოვიყვანთ , გავპუტავთ , დავსხდებით და სულ არ მინდა იმათი ღორი, კიდევ რაღაცებს გამოვართმევ ბაბუაჩემს და დავსხდებით მე და შოთიეკიე ამ შობას , არ შემეზიზღება არც სისხლი და არაფერი, ოღონდაც რამე დამაჭერინა მეთქი. 
    ვერაფერი ვქენით.  აცდა ყველაფერს რასაც ვესროლეთ, ერთმაც და მეორემაც. წამოვედით ტყიდან .მე გაბრაზებული ყველაფერზე. ეს თოფი მეტად როგორ უნდა გამომადგეს,  რაღად მინდა მოვისვრი მეთქი ვფიქრობდი. შოთიკიე – მშვიდი ამ ზამთარივით. ვერცერთს რაფერ ვერ გავარტყითო იღიმოდა. მოვდიოდით და აღარ ვიღებდით ხმას. შოთიკიე ქსუტუნებდა ისევ და ამ სველ ქურთუკს ისვამდა ცხვირზე. ამის შემყურე შემცივდა და ვქსუტუნებდი მეც.  ჩამოვედით სოფლის გზაზე. გამოვიარეთ სახლები.  გადავწყვიტე,  არ წავალ მე იმ ღრეობაში. ამასთან  ვიქნები , ავალ თოფს დავტოვებ და  რასაც გამომატანენ , გამომატანენ მეთქი. გზის გასაყართან  მისვლამდე ორი სახლი გვქონდა გასავლელი. ერთში ნათელა ბებია ცხოვრობდა. ჭიშკარს რომ ჩავუარეთ,  გარეთ ქათმები დავინახე. წამებში  აზრმა გამიელვა, ყველაფერი ერთიანად გავიფიქრე , ჩავჯექი ცალი ფეხით  და დავუმიზნე თოფი ერთ ქათამს .  ვფიქრობდი,  ახლა ეს მომაკვლევინა და ნათელას მე ავუხსნი დილით ყველაფერს მეთქი. რას შობი ბიჯოო დამკრა იმან ხელი მხარზე და ამ დაწყევლილ ქსუტუნსაც არ ეშვებოდა. სამიზნისთვის თვალი არ მომიშორებია,  რამე გყავს დასაკლავი მეთქი? ვკითხე. მყავს თუ არ მყავს  რას დაეძებ შენო  გაბრაზებულმა მითხრა.  ჰოდა  და გამოვკარი თითი . მოხვდა ბიჯოო იყვირა და მეც თვალები გადმოცვივდა კინაღამ . ქათამმა ფართხალი დაიწყო . მივვარდი,  ავიყვანე  და ქურთუკში ჩავიტენე. მეშინოდა ნათელას არ დავენახე. მივრბოდი და მომსდევდა შოთიკიე . არ უნდა გექნაო მეძახოდა თან და ამ სველი ქურთუკის მკლავს ისვამდა ცხვირზე გამწარებული. მივრბოდი და მომსდევდა. შევვარდი ოთახში. ქათამი ახლა იღლიაში მქონდა ამოჩრილი,  ქვაბი ავავსე და დავდგი ღუმელზე. სანამ არ ადუღდა ვიჯექი ჩუმად და არ ვუშვებდი ამ ქათამს. რომ ადუღდა,  სახერხთან გამოტანა ვთხოვე შოთკიას.  ადგა ქსუტუნით ,გამომიტანა.  ქათამს ნაჯახით თავი წავაცალე და ძლივს რომ გაჩერდა ეგრევე მდუღარე წყალში  ჩავდე. ასე იპუტება მეთქი გავუცინე შოთიკიას . ამოვიღე და დავიწყე პუტვა, სველ ხელებზე მეწეპებოდა ბუმბული და ვეღარც ვიშორებდი. ვიქნევდი ხელებს .  გამდნარ თოვლს, ჭყაპს  და ნიაღვარს მიქონდა დარჩენილი ნახერხიც, სისხლიც და ბუმბულიც.წყლიდან  და ქათმისგან ამოსული ორთქლი სუნთქვას მიკრავდა. არ მეზიზღებოდა. არაფერი მეზიზღებოდა. თითქმის გაცლილი მყავდა ბუმბულისგან  რომ კარი გაიღო და ნათელა ბებია  დავინახეთ . დამინახა მეთქი გავიფიქრე . დამინახა მის ქათამს რომ ვესროლე და მერე წამოვიყვანე მეთქი. წამართმევს ახლა  შოთიკიამეთქი ვფიქრობდი  და  უკან უკან ვდგამდი ნაბიჯებს.  ეს თითქმის გაპუტული ქათამი ჩავიხუტე , სველ ქურთუკზე ამის სისხლიანი ბუმბული მეწეპებოდა  და თვალებში ვუყურებდი ნათელას , არ მოგცემ მეთქი თავს ვაქნევდი. ხმა არ ამომიღია. გვიყურა ნათელამ ცოტა ხანს. გახედა თავდახრილ შოთიკიას, გამომხედა მე , დახედა ამ ქათმის წაცლილ თავს, მერე ნელა  გატრიალდა და გავიდა ეზოში.
        შოთიკიე იქვე კუნძზე  ჩამოჯდა ნაჯახთან. მე ძალა აღარ მქონდა , გავუშვი ქათამს ხელი და დავაგდე  ძირს. ჩამოვჯექი მეც . ხვალ მოვუყვან მაგას ქათამს შოთიკია მეთქი ჩავილაპარაკე,  თვალები დავხუჭე და დედამიწაზე  არაფერი მინდოდა , არაფერი მინდოდა ბაბუაჩემის მუცელზე თავის მიდების მეტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები