ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
16 მარტი, 2017


ფიზიკის გაკვეთილი

დედაჩემის ამბები
(ფიზიკის გაკვეთილი)

-მაღლაფერიძე, რას იღრიჯები შენ, ცოდნა არ გასვენებს ალბათ!
- გამოდი დაფასთან!
გავედი.
დავდექი.
-რა ქენი მაღლაფერიძე, დაამთავრე?
-
-გააკეთე ახლა დასკვნა!
-ვაი შენს პატრონს ბიძიკო( სტილი დაცულია) რო გამორბიხარ კუდოთის წვეროდან დილაუთენია და ხევ წუღებს,  ხელები მაინც დეიქნიე ეზოში და ქორი შეაშინე.!
-ჩემი ნახვა თუ გინდა ბიძიკო, ჩამომაკითხე სამ თვეში ერთხელ, თუ გინდა ორჯერ, თუ არა და ბებიაჩემი აგიხსნის ნორა ტუკვაძის ქალი...
- შეხედე რა შექნა კაცობრიობამ, ასათიანის ჭალაზე ერთი წისქვილი და ორი ძირი წიფელი იდგა, ახლა რამხელა რამეა წამოჭიმული(ჰესზე ამბობდა)
ისმის ბუზის ხმა...-
-ეჰეე.... აორთქლდა იობიძე...
-ამას ახლა  კვაწარახიანი ლობიო და ჭადი მთლა ურჩევნია ქვეყანას, რათ უნდა ფიზიკა?
- ისე ჩაგჭედავენ  ბიძიკო კუბოში,  ვერაფერს გეიგებ ამქვეყნისას -, მოსკოვში რო პირს დააფჩენ ქუთაისში გეიგონებ, მარა შენ ბებიაშენის დაძახება არ გესმის  აგერ ყურისძირში..
-რეზინის წუღები მეცვა მე მაქსიმია ძოწენიძის შეკერილი და ისე დავდიოდი სკოლაში, თქვენ გაცვიათ ნაირ- ნაირი სანდლები და დაფშტვიალობთ ზევით- ქვევით...
- მოვა წლის ბოლო  და ამეყუდებით მერე კარებზე მათხოვრის ჯოხებივით:-დამიწერე სამიანი, დამიწერე ოთხიანი...
-არ დაგიწერ, ბიძიკო, არა-
-ცხოვრებაში ის  არ გეცოდინება მეხი საიდან ჩნდება და წვიმა რატო გესხმება მა უტვინო თავზე და გევილანძღები მე ,ვინ იყო შენი ფიზიკის მასწავლებელიო...
-კაცი რო ფიზიკას არ ისწავლის მისგან ადამიანი არ დადგება!
ყოველი გაკვეთილი ასეთი და კიდევ უფრო ხატოვანი შეგონებებით იყო სავსე...
არ ვიცი თვითონ რაში გამოადგა ფიზიკის ცოდნა მიშა მასწავლებელს, თავის ცხოვრებაში ოფურჩხეთის მთებს არ გასცდენია და მის არცერთ მოსწავლეს ფიზიკა არ უსწავლია...
მასზე დაწერილი ლექსი კი თაოიდან თაობას გადაეცემოდა უცვლელად“
მიშაია ბიძია,
ჩემმა ცოდვამ გიწია,
რატომ დამიწერე ორები
შენ ამოგიწყდეს ღორები...
მხოლოდ დედაჩემმა თქვა ერთხელ დანანებით:
-ნეტავი ქე მესწავლა ეს ფიზიკაო...
-შენც ახლა მწვანედ არ ამოგეყვანა მზე ნამოხვანშიო- უთხრა მართებულად ჯაბულომ...
ის კი დანამდვილებით ვიცი მე,რომ დადის ამდენი ფიზიკაუცოდინარი ადამიანი  ამ მზისქვეშეთში და დედამიწის ბრუნვა კატაობა ჰგონია...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები