ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
16 მარტი, 2017


ცის სახლი - 9. და ერთი ქილა შედედებული რძე

  და ერთი ქილა შედედებული რძე

  (გაგრძელება)

  საავადმყოფოში დილის საუზმისთვის საჭირო პროდუქტის მარაგი რომ აღარ დარჩა, პაციენტთათვის ეს წინა დღის საღამოთივე გახდა ცნობილი. თუმცა, სასადილოსთან მათ ერთმა ნაწილმა მაინც მოიყარა თავი - უმეტესობა ღრმა გონებრივი ჩამორჩენის მქონე პაციენტები იყვნენ. დაკეტილ კართან შექუჩდნენ და როცა ის გაიღო, დარბაზში აცვივდნენ.  პაპარაცმა ამ პაციენტებს შორიდან შეავლო თვალი; ის ამ დროს ფარდულისკენ მიემართებოდა, სადაც მისი ცალთვალა ურიკა იდგა - სევდიანმა ფიქრებმა მოიცვეს იგი... ოღონდ, ამ ფიქრებს არ აჰყვა. ადგილზე მისულმა, კარებს ბოქლომი მოხსნა, წამით შეიცადა, თითქოს მხნეობას იკრებდა და მერე, ისე ომახიანად შედგა იქ ფეხი, გეგონებოდათ იქაურობა გამართული ავტოფარეხი იყო და შიგ ძვირადღირებული ავტომობილი იდგა.
  „ძვირადღირებულ ავტომობილის სადარ“ ცალთვალა ურიკას, გამოცდილი მძღოლივით, ბორბალი ფეხის მირტყმით შეუმოწმა, გარშემო შემოუარა, მისი უჩვეულო სიგნალიდანაც დაასიგნალა - „პუპ! პუპ!“ - (რომელიც ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდი წითელი ოყნისგან ჰქონდა დამზადებული) და მერე, ურიკა გარეთ გამოაგორა - გეზი საავადმყოფოს ცენტრალურ გასასვლელისკენ აიღო.  გზად, სასადილოს კართან მოუწია გავლა და გაიფიქრა: ყურადღების მიზნით „მუყაოს ყუთს“ თვალს შევავლებო... - მაგრამ დარბაზში არ ასულა, რადგან გაახსენდა, რომ აღნიშნული ობიექტი დაცვის პოლიციის მიერ საგულდაგულოდ იყო დაცული(!) და გზა განაგრძო. ალაყაფის კართან მიახლოებულმა სვლა შეანელა - ვახტიორ გოგიას შორიდან შეავლო თვალი; ეს კაცი უხასიათოდ ჩანდა და ამან დააბრკოლა - რამოდენიმე დღის გაუპარსავი გოგია უზურგო სკამზე ბაყ-ბაყ დევივით იჯდა. გოგიამაც შეამჩნია პაპარაცი და უტიფრად მიაჩერდა.
  - გოგი, რა მოხდა, ხო მშვიდობაა?
  გოგიმ თავიდან ხმა არ გასცა, მერე კი ჩაიბურტყუნა:
  - მშვიდობა არა, მაგათი .....! - მწარედ შეიგინა.
  - ვინა, გოგი, ვინ გაგაბრაზა?
  - ახლა ამას უხსენი... - თითქოს თავიდან იშორებსო, პაპარაცს სახე აარიდა; თუმცა მალევე მიუბრუნდა, რადგან მოლაპარაკე სჭირდებოდა, რომ გულში ნადები ბოღმა გადმოენთხია.
  - მთავრობა მოგწონს?! მაგათი .....! - კიდევ ერთხელ შეიგინა.
  პაპარაცმა ვერ მოიფიქრა რა ეპასუხა და მხრების აჩეჩვით შემოიფარგლა.
  - სად მიდიხარ, საშოვარზე?!
  - ხო, ცოტას „წავიტაქსავებ“...
  - რა დროს „ტაქსაობაა“, ქართველი ხომ ხარ - მიტინგზე წადი!!! ჩვენ პრეზიდენტს, თავის მინისტრებიანად, მალე გავაპანღურებთ... შემოსვი ისინი ამ შენ „ტაჩკაზე“ და გადაუძახე ბუნკერში! - დაბღვერილი კი იყო, მაგრამ თავის ხუმრობაზე გულიანად გადაიხარხარა.
  - მთავრობა ბუნკერში?
  - მაგათი ადგილი იქაა!
  პაპარაცი შეიშმუშნა...
  - ბუნკერი იმისთვის არ არის, რომ ყველაფერი შიგ ჩავუძახოთ! - ჩუმად თქვა.
  - რა თქვი?
  - არაფერი, შენთვის სურათის გადაღება მინდოდა, მაგრამ გაუპარსავი ხარ... შთამომავლობას ასეთ კადრს ვერ დავუტოვებ!
  გამძვინვარებული გოგია სკამიდან წამოიწია, მაგრამ სანამ გაფუებული სხეული დაიმორჩილა, პაპარაცი ალაყაფის კარს მიღმა გასხლტა - „პუპ“, „პუპ“! - შორიდან დაუსიგნალა გოგიას.

  ტერიტორია, სადც პაპარაცი „ტაქსაობდა“, ქალაქის ცენტრს არ განეკუთვნებოდა, თუმცა ის არც გარეუბანი იყო. ამ რაიონში ორ-სამ სართულიანი, ერთმანეთთან მჭიდროდ ნაშენი აივნიანი სახლები ძველი ქალაქისთვის ტრადიციულ, ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოებს“ ქმნიან, ვიწრო, კომფორტს მოკლებულ, ხმაურიან ეზოებს. აქ სხვადასვა რჯულისა და მოწოდების ადამიანებს ლამის ერთ ჭერქვეშ უწევთ ცხოვრება - ვინ რა მოხარშა, ვინ რა მიირთვა, ვინ ვის ესტუმრა და ვინ... ყველაფერი არ ითქმის, ჩანს, მაგრამ არ ითქმის! ვისაც რა უნდა ის თქვას, და ასეთ ეზოებში ცხოვრებას აქვს თავისი ხიბლი. აბა, ისაა საქმე, მრავალსართულიან, იზოლირებულ სახლებში მობინადრენი ერთიმეორეს სახეზე რომ ვერ სცნობენ?! და არა მარტო ასეთ სახლთა მობინადრენი ვერ სცნობენ ერთიმეორეს... ჩვენი დრო ადამიანებს შორის ცნობადობის მწვავე დეფიციტით გამოირჩევა! მხედველობაშა ცნობადობის დეფიციტი არა გამოჩენილი ადამიანებისადმი, არამედ რიგითი, შეუმჩნევლად მცხოვრები პირების მიმართ - ცნობადობა გამოჩენილი ადამიანებისადმი შურს უფრო ეფუძვნება, ვიდრე სიყვარულს! რა თქმა უნდა, ეს, ცოტა არ იყოს, სადავო მოსაზრება - ამიტომ, სიტყვაზე პასუხისმგებლობის ჩამოხსნის მიზნით დავსძენ, რომ ეს „მოსაზრება“ პაპარაცის ფიქრებიდან გადმოვიწერე. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, განსაკუთრებულს არაფერს ვამბობ - „იტალიური ეზოების“ ავ-კარგიანობაზე ვლაპარაკობდი: ჰოდა, ის უნდა ვთქვა, რომ პაპარაცი ამ ეზოებში მიღებული სტუმარი იყო, იქ მას არა მარტო მოსახლეობა, მაწანწალა ძაღლებიც კი სიხარულით (კუდის ქიცინით) ეგებებოდნენ. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ პაპარაცს კეთილი გული ჰქონდა და გარდა გულისა, გამოსადეგი კაციც იყო: რაში აღარ იყენებდნენ მას - პაპარაცი ეს წაიღე, პაპარაცი ის მოიტანე, გადაიტანე, გადმოიტანე... ერთხელ, ვიღაც ქალმა პაპარაცს ეზოში თავისი მცირეწლოვანი შვილი სამეთვალყურეოდ დაუტოვა; ამან, ჩასვა ეს ბავშვი ურიკაში და ისე გააქროლ-გამოაქროლა, დიდი ატრაქციონიდნ გადმომყურე სხვა ბავშვებს შეშურდებოდათ.
  და აი, პაპარაცი მიაგორებდა თავის ურიკას ამ ეზოებისკენ და ფიქრობდა, ფიქრობდა ათას რამეზე - პირველ რიგში იმაზე, გარკვეული ხნით რომ მოუწია თავისი ძველი საქმიანობის „ტაქსაობის“ მიტოვება. მისგან მომსახურებას ჩვეულმა ადამიანებმა, ალბათ რა აღარ იფიქრეს მასზე - უბედურება შეემთხვა, ავადაა, ან იქნებ, მოკვდა კიდეცო... ჰოდა ახლა, ცოცხალს და საღ-სალამათს რომ დაინახავდნენ, რაღაცით უნდა ემართლებინა თავი - „მუყაოს ყუთის“ შესახებ მათ ვერ მოუყვებოდა, რადგან საავადმყოფოს წიაღს მიღმა ადამიანებს გაუჭირდებოდათ იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლებოდა გარდასახულიყო ჩვეულებრივი მუყაოს ყუთი კულტურის ცენტრად - ტელევიზიად, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზად, მეცნიერებათა აკადემიად და კიდევ სხვა რამეებად! ამიტომ, გაუჩინარების ყველაზე ოპტიმალურ მიზეზად ავადმყოფობის ვერსია ეჩვენა - გრიპი, ვირუსი, გაციება... - და ამ ფიქრებში მყოფმა ისე ოსტატურად დაახველა, გაუკვირდა კიდეც საკუთარი არტისტობისა; რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო.
  გზად პაპარაცი იმაზეც ფიქრობდა, ქვეყანაში ხელახლად რომ დაიძაბა პოლიტიკური ვითარება და ამ დაძაბულობის ნიშნებს ირგვლივ ეძებდა - ხალხში, მოძრავ ავომობილებში, შენობებშიც კი... თუმცა ამ კუთხით ქალაქს განსაკუთრებული ვერაფერი შეატყო, თუ არ ჩავთვლით რომელიღაც პოლიტიკური პარტიის დროშააფრიალებულ ავტომობილს, ქუჩაზე როგორც მექორწინემ, სიგნალით რომ ჩაიქროლა. კიდევ, კედლებზე პოლიტიკური შინაარსის მოწოდებები ამოიკითხა, მაგრამ ეს შესაძლოა, კარგა ხნის წინადაც იყო მიწერილი. რაც შეეხება ხალხს, ვერც მათში ნახა რაიმე ცვლილება - უპერსპექტივო ცხოვრებისგან დაღლილ-დაქანცული ადამიანები უკვე დიდი ხანია ემოციებისგან დაცლილი იყვნენ. შეჰყურებდა მათ პაპარაცი და ვახტიორ გოგიას სიტყვები ახსენდებოდა - „ქართველი ხომ ხარ, მიტინგზე წადი!“ - ეჰ...
  ვერც მიტინგმა უშველა ქვეყანას, ვერც ხელისუფლების შეცვლამ და ვერც ვერაფერმა! ამიტომ პაპარაცი მიტინგზე არ აპირებდა წასვლას, პროტესტის ასეთი ფორმა მიუღებელი იყო მისთვის. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოუწია აღნიშნულ „ღონისძიებაზე“ დასწრება და ეს შემთხვევაც, ინციდენტით დასრულდა - მიტინგზე ვიღაც აქტივისტმა ჰკითხა: შენ ვის მხარეს ხარო? პაპარაცმა ჯერ მხრები აიჩეჩა, მერე კი უპასუხა: მე ერთი უბრალო, დაღლილი კაცი ვარ... რომელიმე მხარეს ჩემნაირებისთვის მოიძებნება აგილი? - კითხვის ავტორმა ის აათვალიერ-ჩაათვალიერა (ეტყობა მანამდე ყურადღებით არც შეუხედავს) და მერე, დამცინავად ზურგი აქცია; მგონი, შეაგინა კიდეც. ამ კაცზე განაწყენების ნაცვლად, „დაღლილმა პაპარაცმა“ შვება იგრძნო - რომ მიტინგზე მისთვის ადგილი არ მოიძებნა! ზურგი აქცია მიტინგს და შინ (საავადმყოფოში) დაბრუნდა.

  ურიკა უეცრად ქვას წამოედო, შეხტა და პაპარაცს ფიქრი გააწყვეტინა - ეს ის ადგილი იყო, საიდანაც „სატაქსაო“ ზონა იწყებოდა. ცოტა კიდევ გაიარა და პირველი „კლიენტი“ გამოუჩნდა - ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრემ რამოდენიმე ტომარა კარტოფილი ერთი ობიექტიდან მეორეზე გადაატანინა. შემდეგ, ახლადგარემონტებული მაღაზია სამშენებლო ნარჩენებისგან დაასუფთავებინეს, (ამ უკანასკნელ საქმეს კარგა ხანს მოუნდა და არც თუ ურიგოდ გადაუხადეს). კიდევ რაღაც წვრილმანი სამუშაოები შეასრულა და დღის ბოლოს, როცა შეგროვილი თანხა გადაითვალა, კმაყოფილი დარჩა. რაც შეხება გაუჩინარების მიზეზის ახსნას, მის არყოფნაში ვიღაცას ხმა დაუგდია - პაპარაცი ავად არისო... ასე რომ, ვერსია შეთხზული დაახვედრეს; პაპარაცმა ის მხოლოდ მოირგო, რაც იმაში გამოიხატა, რომ შიგა და შიგ მსუბუქად წამოახველებდა ხოლმე.
  საღამო ხანს, როცა საქმეს მორჩა, პაპარაცმა შეისვენა - მყუდრო ადგილი იპოვა, ჩამოჯდა და საცხობში ნაყიდი ღვეზელით მსუბუქად დანაყრდა კიდეც. ღვეზელი მხოლოდ ერთი იყიდა და ისიც, პატარა, რადგან წინ უკეთესი საცხობი ეგულებოდა... ასეთ ნებივრობაში ცოტათი „მუყაოს ყუთის“ ნოსტალგია შემოეპარა, მაგრამ ამ გრძნობას გაღვივების უფლება არ მისცა, რადგან მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ რამოდენიმე დღე გადაბმულად უნდა „ეტაქსავა“; ფიქრი დამდეგი დღის დაგეგმარებისკენ მიმართა. ასე დაჰყო რამოდენიმე ხანს და მერე, საავადმყოფოსკენ გასწია.
  რადგან კარგ ხასიათზე იყო, წინ თუ ვინმე ნაცნობი შეხვდა, (და ზოგიერთ უცნობსაც) დაუსიგნალა - „პუპ, პუპ...“; მათგან რამოდენიმეს თავისი უხილავი ფოტოაპარატით სურათიც გადაუღო - „ჩხაკ-ჩხუკ“. სანამ საავადმყოფოსკენ მიმავალ ცენტრალურ ქუჩაზე გადაუხვევდა, ერთ-ერთი იტალიური ეზოდან აკარდიონის ხმა შემოესმა; მიხვდა ვინც უკრავდა - მოქეიფე სერგო. კარგად იცნობდა მას - ეს კაცი ეზოში გაშლიდა სუფრას (თუნდაც ღარიბულს, ოღონდ ღვინო არ შემოკლებოდა) და აკარდიონის თანხლებით ქეიფობდა; თანაც, გამვლელ-გამომვლელის მიპატიჟება უყვარდა. ერთი-ორჯერ მიპატიჟების პატივი პაპარაცსაც ერგო, როცა სამუშაოს ძებნაში მოქეიფეს უცაბედად თავს წაადგა.
  ამჯერად, პაპარაცმა სცადა ეზოს წინ შეუმჩნევლად გავლა, მაგრამ ურიკა უსაშველოდ ჭრიალებდა და სერგოს ყურადღება მიიქცია. მან შორიდან ანიშნა პაპარაცს - მომიახლოვდიო. პაპარაცი ეზოში შევიდა. სერგოს გარდა სუფრას კიდევ ორნი უსხდნენ - იმავე ეზოში მცხოვრები ბორია (სამეგრელოდან) და სომეხი რაფიკა. პაპარაცი სამივეს მიესალმა, მოიკითხა მათი ამბავი, თავისი უთხრა და ჩამოჯდა. ღვინო დაუსხეს. სერგო და მეგრელი ბორია ასაკით პაპარაცის ხნისანი იყვნენ, ხოლო სომეხი რაფიკა მათზე ათი-თხუტმეტი წლით უფროსი. როგორც სჩანს, კარგა ხნის დამსხდარნი იყვნენ, რადგან სამივეს სიმთვრალე შეჰპარვოდა და ბევრს ლაპარაკობდნენ. პაპარაცი ზუსტად იმ დროს მივიდა, როცა სომეხი რაფიკა თანამოსუფრეების წინაშე თავს იქებდა:
  - რო, მე ეხლა ჰარიფი რაფიკა ვარ, სულ ეგრე კი არ იყო, თავის დროზე დაფასებული კაცი ვიყავი, მამის სახელით მომმართავდნენ - რაფიკ არწიომოვიჩ! პირველი შავი „ვოლგა - გაზ 24“ მე შემოვიყვანე თბილისში!
  - საიდან შემოიყვანე, ერევნიდან?! - აგდებულად ჰკითხა სერგომ.
  - რატომ ერევნიდან, რუსეთიდან შემოვიყვანე - „ვოლგის“ ქარხანა გორკშია... ნატურში მახსოვს - 1971 წელი იყო.
  - მოიცა, მოიცა, მაგ წლებში „ვოლგის“ ქონების უფლება ვინ მოგცა, თანაც, შავის?! ვინ იყავი ამისთანა - ცკ-ს მდივანი თუ რესპუბლიკის პროკურორი?
  - ვაჰ, გამოიცანი - პროკურორს ვატარებდი!
  სერგომ ჰაერში ხელი გაასავსავა...
  - სად პროკურორი, სად მისი მძღოლი?!
  - მძღოლს გააჩნია... პროკურორიც მამის სახელით მომმართავდა(!) და ის შავი „ვოლგა“, როცა ჩამოიწერა, მე შევისყიდე!
  სერგოს და ბორიას სიცილი წასკდათ.
  - რატომ იცინით? - განაწყენდა რაფიკ არწიომოვიჩი.
  - რაფიკ-ჯან, - მხარზე ხელი ჩამოადო ბორიამ, - შენზე არ ვიცინით. ძველი კაცი ხარ, მოდი, ერთი გემრიელი სადღეგრძელო გვითხარი.
  - სადღეგრძელო? რატომაც არა, ვიტყვი: ჩვენ თბილისს გაუმარჯოს! ყველა კარინოი თბილისელს ვადღეგრძელებ!
  და ჭიქა მისაჭახუნებლად პირველად ბორიას გაუწოდა, შემდეგ პაპარაცს და ბოლოს, ნიშნად იმისა, რომ გაუნაწყენდა - სერგოს. ყველამ მიუჭახუნა, მაგრამ სანამ შესვამდნენ, ბორიამ სადღეგრძელოში თითქოს რაღაც იწყინაო, სიტყვაში ჩაეძია (რა თქმა უნდა, ხუმრობით, რადგან დანარჩენებს მალულად თვალი ჩაუკრა).
  - თბილისში ათი წელია ვცხოვრობ, დანარჩენი დრო რაიონში გავატარე... ოღონდ დაბადებული თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში ვარ - მეხება თუ არა „კარინოი თბილისელების“ სადღეგრძელო?
  - ბორიას ვენაცვალე, როგორ არ გეხება - ათი წელი კაი სტაჟია! ეგეც რომ არა, მე „კარინოი თბილისელებში“ ისინიც ვიგულისხმე, ვისაც აქ შენზე ნაკლები ხანი უცხოვრია, მაგრამ ჩვენი დედაქალაქი ჩვენსავით უყვარს! გთხოვთ, ეს სადღეგრძელო ბოლო წვეთამდე მიირთვათ!
  შესვეს თუ არა, რაფიკ არწიომოვიჩმა ჭიქები ისევ ღვინით შეავსო და სუფრის წევრებს მორიგი სადღეგრძელო შესთავაზა:
  - სადაც თბილისი ვადღეგრძელეთ, იქ მთელი საქართველოს სადღეგრძელო უნდა ვთქვათ - მე სომეხი კაცი ვარ, მაგრამ ჩემი სამშობლო აქ არის, საქართველოში! ჩემი პაპაც აქ დაიბადა... და თუ საჭირო იქნება, საქართველოსთვის თავს გავწირავ!
  - ვაა... - აღმოხდა სერგოს.
  - რა, ვა?! - ღვინიანი ჭიქა მუშტივით მოიღერა არწიომოვიჩმა.
  - ესე იგი, რო რამე იყოს, საქართველოსთვის თავს გასწირავ?
  - გამიწირავს კიდეც!
  - ეგ როდის?
  - როდის და პოსტზე - ქართულ მიწას ავტომატით ხელში ვიცავდი!
  გაოცებისგან ყველა გაირინდა, იფიქრეს - ალბათ, ამ კაცმა იმ ავად სახსენებელ „აფხაზეთის ომში“, ან „ცხინვალის ომში“ იომაო! მაგრამ, როცა გაერკვნენ თუ სად მდებარეობდა ის „პოსტი“, საიდანაც იგი ავტომატით ხელში ქართულ მიწას იცავდა, გამხიარულდნენ:
  - სარფში ეხლა გამშვები პუნქტი როა, მაგის ზემოთ (მთაში), ჩვენი „პაგრანიჩნი“ ნაწილი იდგა - საქართველოს თურქებისგან ვიცავდით! ერთი თურქი პაჩტი ჩტო, მოვკალი! - და არწიომოვიჩმა მოჰყვა ისტორია - საბჭოთა ჯარში სავალდებულო სამსახურის გავლისას, ვიღაც თურქმა საზღვრის იქიდან როგორ აჩვენა სამი თითის კომბინაცია... არწიომოვიჩმა სცადა მისი საზღვრის აქეთ გადმოტყუება, მაგრამ არ გამოუვიდა, ხოლო საზღვრის იქით მყოფისთვის რომ დაეჭედებინა ტყვია, ეს საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა - საბჭოთა კავშირი და „ნატო“-ს ბლოკი იმ დროს ისედაც ომის ზღვარზე იდგნენო! - თქვა მან.
  - ეე, რაფიკ, შენ კინაღამ მესამე მსოფლიო ომი წამოგიწყია და ჩვენთან თავმდაბლობ - ჰარიფი ვარო?! - ჩაიცინა ბორიამ.
რაფიკამ ხელი ჩაიქნია...
  სამშობლოს სადღეგრძელომ სერგოს და ბორიას პოლიტიკაზე კამათის საღერღელი აუშალა - ბორია ქართველების საშველს რუსეთთან ურთიერთობის დათბობაში ხედავდა, ხოლო სერგოს პირიქით, რუსული გარდაუვალი აგრესიისგან თავდასაცავ ერთადერთ საშუალებად ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ესახებოდა. სომეხმა რაფიკამ მეგრელი ბორიას პოზიცია გაიზიარა - გაიხსენა ის დრო, როცა მოსკოვის რეისზე თვითმფრინავის ბილეთი ოცდაჩვიდმეტი მანეთი ღირდა და იქ, ადგილზე, რუს შველივით გოგოებთან ღამის გატარება, კიდევ უფრო იაფი! მან ისიც დასძინა, რომ რუსეთთან არა მარტო ურთიერთობის „დათბობა“ იყო საჭირო, არამედ საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრიობის აღდგენაც! რაც შეეხება პაპარაცის პოზიციას, ამ უკანასკნელმა სუფრაზე გადაბმულად სულ ათიოდე სიტყვა თქვა, და ისიც, არა პოლიტიკაზე; მეტწილად ან თავს აქნევდა, ან მხრებს იჩეჩდა... ხო მართლა, სუფრაზე პაპარაცს ერთი საქმე გამოუჩნდა - გარს შემოხვეულ ბეღურებს პურის ნამცეცებით გაუმასპინძლდა. – „აი, ვინ არიან „კარინოი“ თბილისელები, მშვიდი, ძირძველი თბილისელები...“ - გაიფიქრა მან ბეღურებზე და ჭიქაში ჩარჩენილი ყლუპი ღვინით მათი სადღეგრძელო საიდუმლოდ დალია; თუმცა, მალე ბორია და სერგო ისე აბობოქრდნენ, ბეღურები დაუფრთხეს.
  - შენნაირების გაყიდულია ქვეყანა! - შეუტია სერგომ ბორიას.
  - ჩემნაირებმა კი არა, შენნაირებმა მიჰყიდეს ის მასონებს!
  - „მასონები“ ვინღა ჯანდაბები არიან?!
  ნუ, ასეთი ფორმის კამათი (განსაკუთრებით სუფრაზე), როგორც წესი, ხელჩართული ბრძოლით არ ბოლოვდება ხოლმე, თუმცა ის შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს... მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. კამათის განელება ეზოში ერთ-ერთი მეზობლის - ბატონი ქართლოსის გამოჩენამ განაპირობა. ქართლოსი ფრიად პატივცემული ადამიანი იყო - გაწონასწორებული, ინტელიგენტი, არცთუ დიდი ხნის წინ, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობდა... მაგრამ მერე, როცა ქვეყანა აირია, ის ყველასგან მივიწყებული დარჩა. სამოცი წლისაც არ იყო, მაგრამ ცხოვრებამ ისე მოტეხა (განსაკუთრებით უკანასკნელმა წლებმა), სამოცდაათზე მეტისას ჰგავდა - ფერმიხდილი, სიფრიფანა, გულზე ერთთავად ხელს იფარებდა, თითქოს აკავებდა ამ ორგანოს, რომ მკერდიდან არ ამოვარდნოდა. სულ ახლახანს, მწვავე ფორმის ინფარქტი გადაიტანა. ეზოში შესული მაგიდასთან მსხდომთ მიესალმა და პირი თავის ბინისკენ იბრუნა, მაგრამ შიგ შესვლის საშუალება მას არ მისცეს:
- ბატონო ქართლოს, შემოგვიერთდით! - ფეხზე წამოუდგნენ სუფრის წევრები.
  ქართლოსმა თავიდან იუარა - გული მაწუხებს, წამლებსა ვსვამო... მაგრამ მერე, მოეხათრა - მოქეიფეებს შეუერთდა და ცოტაოდენი ღვინოც დალია. გაჩაღებული ცხარე კამათი, როგორც უკვე ვთქვით, შეწყდა, თუმცა პოლიტიკა სუფრაზე კიდევ კარგა ხანს დარჩა აქტუალურ თემად; ჯერ ერთი, რომ „ბედკრული საქართველოს“ სადღეგრძელოს შესმა პოლიტიკურ შეხედულებათა სხვადასხვაობის გამო გაუჯანჯლდათ და მეორეც, თავის დროზე ქართლოსს ქვეყანაში განვითარებულ ბევრ ისეთ პოლიტიკურ მოვლენასთან ჰქონია შეხება, რომელსაც ამა ქვეყნის ძლიერნი არ ასაჯაროებენ ხოლმე - რა აღარ გაახსენეს მას... ზოგი ისეთი ამბავიც, რაც მისგან ბევრჯერ მოუსმენიათ და მაინც საინტერესოდ ეჩვენებოდათ; ყველაზე დიდი ინტერესი ქვეყნის გაპარტახების მიზეზთა გამოკვლევისადმი (თუ გახსენებისადმი) გამოიჩინეს.
  - ბატონო-ჯან, მაშ შენ ბრძანებ, ქვეყანა რომ დაინგრა, ამაში ყველა ჩვენთაგანის წილი დანაშაულიც არის? ჩვენ რა შუაში ვართ, ვერ გავიგე?! - შეიცხადა რაფიკამ ქართლოსის შეხედულება.
  ქართლოსმა მძიმედ ამოისუნთქა... იგრძნო, რომ სუფრის წევრებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა მისი მსჯელობა და შეეცადა სათქმელი უფრო მარტივად აეხსნა:
  - „წინ წასული თხაო, უკან ჩამორჩაო...“ - ეს ანდაზა ჩვენზეა ნათქვამი! საქართველოში დატრიალებულ ყველა უბედურების მიზეზს გარეშე მტრების სიმრავლეს ვაწერთ, არადა, თავს რაც დაგვატყდა, ჩვენივე დაუდევრობის შედეგი იყო. ორი აზრი არაა იმაში, რომ ეროვნულმა მოძრაობამ ქვეყანა ხანგრძლივი ძილისგან გამოაფხიზლა, მაგრამ მოძრაობას ჩასახვის დღიდან ერთი მავნე სენი დაჰყვა - სულსწრაფობა, პირველობის დაუოკებელი ჟინი; ოღონდ სხვას არ დაესწრო და თავი შევწირეთ იმ კარების შემტვრევას, რომელიც მალე ძალდატანების გარეშე გაიღებოდა, ანუ - საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი მოვლენა იყო, ოღონდ დაშლის პროცესს თავისი თანმიმდევრობა ჰქონდა და მასში რაიმე არაკორექტული შტრიხის ჩართვა ფატალურ შედეგს გამოიღებდა. თვით დასავლეთიც კი, რომელიც საბჭოეთის დაუძინებელ მტრად მოიაზრება, ამ ქვეყნის გეგმაზომიერი დაშლის მომხრე გახდა, თუნდაც იმიტომ, რომ კონტროლის ქვეშ მოქცეულიყო ის აურაცხელი იარაღი (პირველ რიგში ბირთვული), რომელიც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე იყო გაფანტული. საქართველომ მსოფლიოს საბჭოთა იმპერიის დაშლის საკუთარი, ალტერნატიული ვერსია შესთავაზა და ვინც ის არ გაიზიარა, უკლებლივ ყველა დემოკრატიის „მტრობაში“ დაადანაშაულა! ამის მერე, რაღა გასაკვირია, რომ მოკავშირის გარეშე დავრჩით!
  საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში, ქართველებმა მთავარი შეცდომა მაინც რუსეთის როლის გააზრებაში დავუშვით, რაც იმაში გამოიხატა, რომ რუსეთი ერთსახად იმპერიასთან გავაიგივეთ, არადა, იქაც მოიძებნებოდნენ ძალები, ვისაც საბჭოთა იმპერიის დაშლა სურდა. ამაზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ როცა დაშლის პირას მდგომმა საბჭოთა კავშირმა `პუტჩის~ სახით კუდი მოიქნია, აღნიშნულ მოვლენას წინ (ელცინის მეთაურობით) თავად რუსეთი აღუდგა - შეებრძოლა, დაამარცხა და იმ დღიდან მოყოლებული, წერტილი დაესვა საბჭოთა სახელმწიფოს არსებობას.
  რა ხდებოდა იმ პერიოდში საქართველოში? „პუტჩელებმა“ (ანუ, საბჭოთა სახელმწიფოს ახალმა ხელმძღვანელობამ) გამოსცა ბრძანებულება: ცალკეულ რესპუბლიკებში შექმნილი ეროვნული სამხედრო ფორმირებები დაუყოვნებლივ უნდა განიარაღებულიყვნენ! ჩვენმა მაშინდელმა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გააცნობიერა საფრთხე და სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიუღებლი აღმოჩნდა თავდაცვის მინისტრისთვის და ამ ორს შორის გაღვივებული დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა. რაც შეეხება „პუტჩს“, როგორც უკვე ვთქვი, რუსეთის გარკვეული ძალების ჩარევით ის მალევე ჩაიფარცხა - დამოუკიდებლობა ისეთ რესპუბლიკებსაც ერგო, ვინც მასზე ფიქრსაც ვერ ბედავდა. დამოუკიდებლობა ჩვენც გვერგო... მაგრამ სასიხარულოდ ვიღას ეცალა, ერთმანეთს ზარბაზნებს ვესროდით!
  - რუსებთან ჩხუბით საქართველომ ბევრი დაკარგა... - კვერი დაკრა ბორიამ ქართლოსს, - ეს ქვეყანა ჩვენ არა მტრად, არამედ მოკავშირედ გვჭირდება: ნახევარი საქართველო საკურორტო ზონაა - რომელი ტურისტი ჩამოგვივა აქ, თუ არა, რუსი?! ღვინო, ციტრუსი და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი სად უნდა გავიტანოთ გასაყიდად, თუ არა, რუსეთში?! და ბოლოს, ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების გასაღები რუსების ხელშია!
  - ტერიტორიული კონფლიქტებით უნდა წამოგეწყო ეგ შენი ჩამონათვალი! - საუბარში გაბრაზებული სერგო ჩაერთო, - ვინ მოგვახვია კონფლიქტები თავს, თუ არა, რუსეთმა?! დაგვანგრია, დაგვაქცია და კიდევ მას შეჰყურებ იმედის თვალით?!
  ბორიამ სერგოს მჟავედ გაარიდა სახე, თუმცა პასუხი მაინც გასცა:
  - ტერიტორიულ კონფლიქტებამდე ბევრად ადრე, ჩვენ (საქართველომ) რუსეთი ერთი-ერთზე ჩხუბში გამოვიწვიეთ და რა გასაკვირია, ცხვირ-პირი რომ დაგვამტვრია?! იტყვი: რა ჩხუბი, რის ჩხუბიო? აი, რას გეუბნები: ნავთობითა და გაზით ვაჭრობა რუსეთის ეკონომიკის ხერხემალია! ის განა მარტო საკუთარი ნედლეულით ვაჭრობს, გაზს აზიაში ყიდულობს (იაფად), თავის ტერიტორიაზე ატარებს და ევროპაში ძვირად ყიდის. ჩვენ რომ ევროპისკენ ალტერნატიული გაზსადენის გაყვანის ინიციატივით გამოვდივართ, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით რამოდენიმე ქვეყანაზე (მათ შორის, საქართველოზე) გაივლის, როგორ ფიქრობ, ამას ის შეგვარჩენს?! არა, ძმაო, არ შეგვარჩენს - დაგვანგრევს, დაგვაქცევს, არასტაბილური ქვეყნის იმიჯს შეგვიქმნის, რომ ეს მარშუტი ინვესტორებს სარისკოდ აჩვენოს! გარდა გაზსადენისა, სხვა „ახირებებიც“ გვაქვს ქართველებს, რაც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება - თუნდაც, ჩვენი „ნატოსკენ“ სწრაფვა: რუსეთი არ დაუშვებს, რომ ამერიკელებმა ჩვენი მიწიდან რაკეტები დაუმიზნონ! მაგრამ რაკეტების თემაც იქით იყოს... ეხლა, რუქას დახედე: რუსეთის ფედერაციის ყველაზე მწვავე რეგიონი ჩრდილოეთ კავკასიაა, რომელიც გვესაზღვრება - იცი თუ არა, რომ საქართველომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა! რუსების ამაზე მეტი გაღიზიანება, ანუ, ჩხუბში გამოწვევა, სხვა რაღა გინდა?!
  - ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა როდის ვაღიარეთ?! - გაიკვირვა სერგომ.
  - როდის და, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მმართველობისას.
  - მართალია, იყო ასეთი პრეცენდენტი... - გაიხსენა ქართლოსმა.
  - ბორია, შენ რას გვთავაზობ - ზურგი ვაქციოთ დასავლეთს და მოწყალების მოლოდინში რუსებს ფეხქვეშ გავეგოთ?! დაიხსომე: გამარჯვებული რჩება ის, ვინც დამარცხებას არ ეგუება! ქართველებს რუსების მოსარევი იარაღი არ გაგვაჩნია, სამაგიეროდ გული გვაქვს რკინის - „აბჯარი თუნდაც ხისაო“... მე მათ აკარდიონით შევებრძოლები!!! - ინსტრუმენტი მოიმარჯვა და ძარღვიანი, რუსის ჯარისთვის თავზარდამცავი მელოდია ააჟღერა!
  - ეჰ... - ამოიოხრა ქართლოსმა.
  - ბატონ ქართლოსს ვენაცვალე, - საუბარში რაფიკა ჩაერთო, - აი, მე ერთ რამეს დავაკვირდი: გვპირდებოდნენ, რომ როცა დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდებოდით, უკეთესად ვიცხოვრებდით! ვითომაო, საქართველოს მარტო ბორჯომის წყლის შემოსავალიც შეინახავსო, მაგრამ აჰა, დამოუკიდებელი გავხდით და უარესად ვცხოვრობთ - გვეშველება რამე?
  - სანამ რუსეთი არ დაემხობა, ჩვენი საშველი არ იქნება! - ქართლოსს პასუხი სერგომ დაასწრო.
  - რუსეთი არ დაემხობა - უძლეველი ქვეყანაა! - მუშტი, თუმცაღა მსუბუქად, მაგრამ მაინც დაჰკრა ბორიამ მაგიდას.
  - „უძლეველობა“ ამ ქვეყნად დროებითი მოვლენაა.  - თქვა ქართლოსმა, - შეიძლება ითქვას, რუსეთს ჩვენზე უარესადაც აქვს საქმე - დასავლეთთან ჭიდილს მან ვერ გაუძლო, გამოიფიტა და მალე, სხვისი ლუკმა გახდება - ოღონდ, არა დასავლეთისა! ამ ქვეყნის „უძლეველობას“ ჩინეთის გაძლიერებამ დაუსვა წერტილი. ჩინეთმა არა მარტო რუსებს, მთელ მსოფლიოს შეუქმნა საფრთხე - კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის წინაშე დადგა(!), რადგან მსოფლიო ომი სხვა არაფერია, თუ არა, დიდ სახელმწიფოებს შორის ტერიტორიებისა და გავლენის ხელახალი გადანაწილება. უკანასკნელი ასეთი „გადანაწილება“ მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა - რუსეთს იმ დროს ბევრი ერგოთ, ჩინეთს - არაფერი. ამიტომ იმდროინდელი „გადანაწილება“ დღევანდელ ჩინეთს არ აკმაყოფილებს და ახალი გადანაწილებისთვის ემზადება - რუსეთს თუ ტერიტორიას ჩამოაჭრის, სხვა ქვეყნებს ეკონომიკურად გამოფიტავს და თავზე წამოაჯდება!
  - ბატონო-ჯან, უკაცრავად, - შენიშვნით მიმართა რაფიკამ ქართლოსს, - რუსეთი და ჩინეთი არ იჩხუბებენ - მოკავშირეები არიან!
  - მაგათი კავშირი ძალიან ჰგავს რუსეთ-გერმანიის კავშირს, რომელიც  მეორე მსოფლიო ომის წინ გააბეს...
  - ვაა... - მძიმედ ამოიოხრა სერგომ და აკარდიონი გვერდზე გადადო, - თუ ეგრეა საქმე, ცუდია - რუსეთზე ახია, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო მენანება დასაღუპად! არ შეიძლება, რომ დიდი ქვეყნების პრეზიდენტები დასხდნენ, ილაპარაკონ, იკამათონ - კამათში ხომ ჭეშმარიტება იბადება და აგვაცილონ ომი!
  - მოახლოებულ ფართომასშტაბიან კონფლიქტს მსოფლიო ვერ აიცილებს თავიდან... - თქვა ქართლოსმა და ისე დაასრულა სიტყვა, ყველამ იგრძნო, რომ რაღაც კიდევ დარჩა სათქმელი; მერე დაამატა. - სიბრძნე არ გვეყო ქართველებს - ის ჯოხი, რომელიც ურთიერთდაპირისპირებულმა დიდმა ქვეყნებმა ერთი-მეორეს თავზე გადაატეხეს, საქართველო არის!
  სიჩუმე ჩამოვარდა...

  უეცრად, ცაზე გრუხუნით ვერტმფრენმა გადაიფრინა.
  - აჰა, იმდენი ვილაპარაკეთ ომზე, მგონი, გვბომბავენ... - ხელები ცისკენ აღმართა რაფიკამ.
  - ეგ ჩვენი ბედოვლათი პრეზიდენტის ვერტმფრენია. - აღნიშნა სერგომ.
  - ვა, როდის იყიდა?
  - ჰო, სულ თავისი ფულით აქვს ნაყიდი... მალე ოხრად დარჩება!
  - რატომ? რა, კვდება?
  - როგორც პოლიტიკოსი, უკვე მკვდარია!
  - სერგო-ჯან, მაგას ჯერ საპრეზიდენტო ვადა არ ამოსწურვია და უკვე „პანაშვიდს“ უწყობთ... მაიცა, ცოტახანი მართოს ქვეყანა - ეს „გამაძღარი“ მაინცაა, ვიღაც ახალი „მშიერი“ მოვა და ის მთლად გადაგვჭამს ყველას!
  რაფიკას უკანასკნელ სიტყვებს სუფრის წევრები დუმილით შეხვდნენ...
  - უბედურ დღეზე გაჩენილი ხალხი ვართ ქართველები... - მოგვიანებით დასძინა ბორიამ, - ერთი ხელისუფლება არ გამოგვადგა, ვერც მეორემ ივარგა, მესამე, მეოთხე... სადამდე უნდა ვცვალოთ ისინი?!
  - ცვლას რა აზრი აქვს, თუ ახლის არჩევაში სიბრძნე არ გვყოფნის?! - თქვა ქართლოსმა.
  - მართალია! - საუბარში ისევ რაფიკა ჩაერთო, - კი არ გეწყინოთ ქართველებს, მაგრამ თქვენ არჩევანის გაკეთება არ იცით: საპრეზიდენტო არჩევნები (და სხვა არჩევნებიც) თქვენთვის ლატარიაა - ჯერ ირჩევთ და მერე ფიქრობთ, არჩეული კაცი ქვეყნისთვის სახეიროა თუ არა?! - მან ნათქვამს ხუმრობის ელფერი მისცა, მაგრამ ვერავინ გააცინა და თვითონაც შეიკავა სიცილი.
  - ქართლოს, - (მიმართა სერგომ) - ოპოზიციის პროტესტი უკვე რევოლუციაში გადაზარდა! გუშინ ვიყავი მიტინგზე, დღეს არ წავედი, არ ვიცი ხვალ როგორ მოვიქცე - წავიდე, თუ არა? ეს ოპოზიციონერი ლიდერები ბევრ კარგ რამეს გვპირდებიან, მაგრამ ცოტა არ იყოს, გაურკვეველი ტიპები არიან - თავადაც ხელისუფლებაში იყვნენ, (თუ არ იყვნენ, მათთან შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდათ), მერე ერთმანეთში რაღაც ვერ გაიყვეს და გადაემტერნენ! ასეთ ხალხს უნდა ვენდოთ, თუ არა? ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ვინ იცის, რას იზავენ! ისე არ დაგვემართოს - „ვაის“ გავეყარეთ და „ვუის“ შევეყარეთო! ჩვენ ისეთი მთავრობა გვჭირდება, ვინც არა სხვების, არამედ, საკუთარი ხალხის ინტერესებს დაიცავს!
  - ეგეთი მთავრობა აღარ გვეყოლება... მითუმეტეს, თუ ეს მთავრობა „რევოლუციის“ გზით იქნება მოსული!
ქართლოსის ასეთი ერთსახად პესიმისტური პასუხი მოულოდნელი (და დამაბნეველიც)  აღმოჩნდა სუფრის წევრებისთვის, ისე უხერხულად გაირინდნენ, იგი იძულებული გახდა ნათქვამი განემარტა:
  - საქმე იმაშია, რომ რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსვლას მოხერხებულობა მეტად სჭირდება, ვიდრე სიბრძნე(!), განსაკუთრებით ისეთ პატარა, პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა; „მოხერხებულობა“, პირველ რიგში, ხალხის მხარდაჭერისა ფუჭი დაპირებების ხარჯზე; და კიდევ, რაც პირველზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - „მოხერხებულობა“ მსოფლიოს რომელიმე ზესახელმწიფოსთან სტრატრგიულ პარტნიორად მიტმასვნისა, ანუ მის პოლიტიკურ ინტერესთა სფეროში მოქცევა, რომ მისგან მხარდაჭერა მიიღოს. მაგრამ საუბედუროდ, ასეთი გზით მოსული ხელისუფლება გარკვეულ ვალდებულებათა წინაშე დგება: ვისიც რა მართებს, ის უნდა დაუბრუნოს - საკუთარ ხალხს დაპირებული კეთილდღეობა, ხოლო პარტნიორ ზესახელმწიფოს, ქვეყნის მისთვის მისაღები კურსით მართვა. და აი, არ გამოსდის ასე - ერთდროულად ორი „ბატონის“ სამსახურში დგომა! არ გამოსდის, რადგან ერთის სამსახური, მეორის იგნორირებას იწვევს. არჩევანის წინაშე დამდგარი ხელისუფლება კი, როგორც წესი, პრიორიტეტს არა საკუთარ ხალხს, არამედ „მოკავშირე ზესახელმწიფოს“ ანიჭებს ხოლმე, რადგან მისთვის ეს ხელსაყრელია...
  - ქართლოს, - (სიტყვა სერგომ შეაწყვეტინა) - კარგი, არ გვინდა რევოლუცია, არჩევნებს დაველოდოთ, მაგრამ ხომ არა ეჭვი იმაში, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზითაც იგივე ძალა მოვა, რაც ახლა რევოლუციით მოდის - რაღა აზრი აქვს ლოდინს?!
  - აზრი იმაშია, რომ ხალხის ხმით მოსულ ხელისუფლებას, ხალხისა მეტი მართებს, ვიდრე „მოკავშირე ზესახელმწიფოსი“, და აქედან გამომდინარე, ის იძულებული იქნება ხალხზე ცოტათი უფრო მეტად იზრუნოს!
  - რევოლუციას არც მე ვემხრობი... - თქვა ბორიამ, - ამ ფორმის პროტესტს მშვიდობა არ მოაქვს! როგორც ჩანს, დღეს საქართველო კიდევ ერთხელ ნაბიჯის უკან გადასადგმელად ემზადება... ქართლოს, შენ პრესაზე და ტელევიზიაზე მიგიწვდება ხელი - საზგადოება შეაგონე, რომ რევოლუცია კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას!
  - აღარც პრესაზე მიმიწვდება ხელი, აღარც ტელევიზიაზე და საერთოდ, ზედმეტი ადამიანი გავხდი! ხოლო, როცა ჩემ სიტყვას გარკვეული ფასი ჰქონდა, არაერთხელ გამოვიყენე ის - „რევოლუციონრებს“ პრესით მივმართე, ტელევიზიითაც, მათ მიერ ორგანიზებულ მიტინგზეც კი გავედი სიტყვით...
  - მერე?
  - მარტო წიხლი არა მკრეს, თორე სხვა არაფერი დამაკლეს - დამისტვინეს, გამლანძღეს, სუკი-ს აგენტი მაძახეს და ბოლოს, როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, უმაღლესი სასწავლებლიდან დამითხოვეს, სადაც წლების მანძილზე ლექციებს ვკითხულობდი!
  სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ბოლოს ისევ ქართლოსმა გაფანტა:
  - მშვიდობას გაუმარჯოს... და სიყვარულს! - ჩურჩულით თქვა და ჭიქაში ჩარჩენილი ღვინო გამოცალა.
  ამის მერე ის წამოდგა, მოიბოდიშა, რომ იძულებული იყო მიეტოვებინა სუფრა _ წამლის მიღების დრომ მოუწია... არავინ შეწინააღმდეგებია, რადგან რაც ის სუფრას შეუერთდა, ისედაც ღონემიხდილი, თვალსა და ხელს შუა მთლად მოტყდა. ადღეგრძელეს ქართლოსი და მისი წასვლის შემდეგ, მალე თავადაც დაიშალნენ.

  P.S.  იმ საღამოს, შემორიგების მიზნით, პაპარაცმა ვახტიორ გოგიას ერთი კოლოფი სიგარეტი უყიდა; და კიდევ, ნაშოვნი ფულით პაციენტებისთვის გაიყოლა კამფეტები, ნამცხვარი და ერთი ქილა შედედებული რძე.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები