ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თორნიკე ხურციძე
ჟანრი: თარგმანი
16 ივნისი, 2017


  ჩამოტვირთვა

სიყვარულის წიგნი - ნიზარ კაბანი

სიყვარულის წიგნი

1

შენ ისევ აქ ხარ,
ჩემო ძვირფასო მწვანე ჩიტო,
მაშ... არსებულა ზეცაში ღმერთი...

2

მეკითხება ჩემი შეყვარებული:
რა სხვაობაა ზეცას და ჩემს შორის?
თქვენს შორის სხვაობა,
ჩემო ძვირფასო,
ისაა, რომ როცა იცინი,
ცა მავიწყდება...

3

სიყვარული ჩემო ძვირფასო,
მთვარეზე დაწერილი ლამაზი ლექსია,
სიყვარულია მოხატული
ხის ყოველ ფოთოლზე,
სიყვარულია ამოქარგული
ბეღურათა ბუმბულზე
და წვიმის წვეთებზე,
მაგრამ, თუ რომელიმე
ქალს შეუყვარდა,
ჩემს ქვეყანაში,
ჩაქოლილია ორმოცდაათი ქვით...

4

როცა შემიყვარდა,
შევიცვალე...
შეიცვალა ღმერთის საუფლო,
სიბნელემ ჩემს ქურთუკში ძილი დაიწყო,
და მზე დასავლეთიდან ამოვიდა...

5

უფალო გული ჩემი აღარ იკმარებს,
რადგან ვინც მიყვარს...
უდრის სამყაროს...
მკერდზე რომელმაც,
მკერდი მომადო,
რომ ქცეულიყო სივრცედ სამყაროს...

6

კიდევ მეკითხები ჩემი დაბადების დღის შესახებ,
მაშ, ჩაინიშნე, რისი ცოდნაც ასე გწადია,
შენი ჩემდამი სიყვარულია... ჩემი დაბადების დღე.

7

გამოძვრა ჯინი ლამპარიდან
და მითხრა: ბატონო,
გაქვს ერთი წუთი,
აირჩიე ყველაფერი რაც გენებოს,
იაგუნდის და ზურმუხტის ნატეხი,
მე კი, შენი თვალები ავირჩიე
დაუფიქრებლად...

8

ეგ შავთვალები...
შენი თვალები დაწმენდილი განაწვიმარი...
ღმერთს არასოდეს არაფერს ვთხოვ,
ორ რამეს გარდა,
რომ დაიფაროს ეგ ორთავ თვალი,
და მეც ორი დღით მეტი მაცოცხლოს,
რომ დავუწერე კვლავაც ლექსები,
მაგ ორ მარგალიტს...

9

ჩემო მეგობარო,
ჩემსავით გიჟი რომ ყოფილიყავ,
გადააგდებდი სამკაულებს რაც გაგაჩნია,
გაყიდდი სამაჯურებს რაც გაბადია,
და ჩემს თვალებში დაიძინებდი...

10

შენს თავს ცას ვუჩივი,
შენს თავს ცას ვუჩივი,
როგორ შეძელი მთელი სამყაროს
მოქცევა
ქალში...

11

რადგან ლექსიკონთა სიტყვები მოკვდნენ...
რადგან დაწერილი სიტყვები მოკვდნენ...
რადგან ნოველათა სიტყვები მოკვდნენ...
მსურს სიყვარულის ისეთი გზა აღმოვაჩნო,
სადაც უსიტყვოდ მეყვარები...

12

მე, შენს შესახებ, მათ არაფერს არ ვეუბნები,
მაგრამ ისინი,
შენს წასაშლელად თვალის გუგებს მირეცხავენ...
მე შენს შესახებ, მათთან სიტყვაც არ დამცდენია,
მაგრამ ისინი,
ჩემს მელანზე და ჩემს ფურცლებზე გკითხულობენ,
სურნელება აქვს სიყვარულს... და არ შეუძლია
არ მიმოიფრქვეს ატმის პლანტაციებივით...

13

მძულს, სიყვარული, როგორც ხალხს უყვარს,
მძულს, ისე წერა, როგორც ხალხი წერს,
ვისურვებდი, ჩემი პირი ეკლესია ყოფილიყო,
ხოლო ჩემი სიტყვები - ზარები...

14

შენს სიყვარულში დავაშრე კალამი,
ცისფერი... წითელი... თუ მწვანე...
ვიდრე სიტყვები არ დასრულდნენ...
მტრედის სამაჯურს გადავკიდე ეს სიყვარული,
და რა ვიცოდი, ძვირფასო, რომ
სიყვარული, მტრედივით ფრინავს...

15

თითებზე ჩამოვთვლი რა გამოვა:
პირველად: შენ ხარ ძვირფასი ჩემი,
მეორედ: შენ ხარ ძვირფასი ჩემი,
მესამედ: შენ ხარ ძვირფასი ჩემი,
მეოთხედ... მეხუთედ... მეექვსედ...
მეშვიდედ... მერვედ... მეცხრედ...
და მეათედაც... შენ ხარ ძვირფასი ჩემი...

16

შენი სიყვარული სიღრმისთვალებავ
ექსტრემიზმია...
სუფიზმია...
მორჩილებაა...
ეგ სიყვარული სიკვდილსა და დაბადებას ჰგავს,
ძნელია განმეორდეს...

17

ოცი ათასი ქალი მიყვარდა...
ოცი ათასი ქალი მყოლია...
მაგრამ, როცა შენ შეგხვდი ძვირფასო,
ვიგრძენი, რომ მაშინ დავიწყე...

18

უკვე დავჯავშნე მთვარის სახლზე,
ოთახი ორისათვის,
ჩემო ძვირფასო, კვირის ბოლოს იქ გავატარებთ,
დედამიწის სასტუმროებმა ვერ მომხიბლეს...
სასტუმრო, სადაც ცხოვრება მომწონს,
მთვარეა, მაგრამ იქ, ძვირფასო,
არ თანხმდებიან, ქალის გარდა სხვა მნახველებზე,
მაშ, წამომყვები მთვარევ,
მთვარისკენ?

19

ვერ გაიქცევი ჩემგან, შენი ბედისწერა ვარ,
ვერ მომიცილებ, ღმერთმა შენთან გამომაგზავნა,
თვალი მოვკარი ერთხელ შენს კურდღლის ყურებს,
თვალი მოვკარი ერთხელ შენს ხელზე ფირუზის სამაჯურებს,
ახლა კი, ზაფხული მოდის, ჩემო ძვირფასო,
და როგორც თევზები,
შენი თვალების ტბებში შემოვცურდები...

20

რომ გახსოვდეს ჩემი ყოველი სიტყვა,
რაც მითქვამს, ორი წლის განმავლობაში...
რომ გავხსნიდე მეათასე წერილს, რომელიც
დავწერე ამ ორი წლის განმავლობაში...
სიყვარულის ჰორიზონტზე
მტრედებივით ვიფრენდით,
და ბეჭედი შენს მარცხენა თითზე,
გაორდებოდა...

21

რატომ... რატომ...
მას შემდეგ რაც გამიძვირფასდი,
ანათებს ჩემი მელანი... და დღიური ჰყვავის...
გამოიცვალა ყველაფერი, რაც შემიყვარე,
ბავშვად ვიქეცი...და მასავით ვთამაშობ მზეში...
არა ვარ წარმოგზავნილი წინასწარმეტყველი,
თუმც გარდავიქმნები, როცა შენზე ვწერ...

22

შემიყვარე პოეტად, რომლის ლექსებიც დაფრინავენ,
ეცადე ერთხელ მაინც გაიგო მამაკაცის,
ეცადე ერთხელ მაინც გაიგო მოწყენის,
ღმერთიც კი იცნობს მოწყენას სამოთხეში,
მეც გამაჩნია სურვილები, როგორც ყველა სხვას,
არც უფალი ვარ სამწყემსოთი და არცა გმირი...

23

ჩემს ხელის პირზე ხარ ამოტვიფრული,
როგორც ქუფური დამწერლობა,
მეჩეთის კედელზე,
ამოკაწრული ხარ ხის სკამზე,
ძვირფასო,
და სავარძლის სახელურზე...
რაც უფრო ცდილობ დამეშორო,
წუთიც და
გხედავ ცარიელ ხელებზე...

24

არ მოიწყინო,
თუ სტუმრები მთვარეს ეწვივნენ,
შენ ჩემს თვალში მუდამ დარჩები,
უტკბეს მთვარედ...

25

როდესაც შეყვარებული ვარ,
ვგრძნობ, თითქოს დროზე ვმეფობ,
მიწას ვფლობ და ყველაფერს მის ზედაპირზე,
და მზეში ცხენზე ამხედრებული შევდივარ...

26

როდესაც შეყვარებული ვარ,
შაჰის ცხენს სამწყემსოდ გავიხდი,
ჩინეთს დავიპყრობ კვერთხით,
ადგილს შევუცვლი ზღვებს,
და თუ მომინდება წამს შევაჩერებ...

27

როდესაც შეყვარებული ვარ,
ვიქცევი თხევად სინათლედ
თვალმა, რომ შეძლოს ჩემი დანახვა...
ხოლო ლექსები ჩემს რვეულში კი,
ქრიზანთემის და მიმოზების ველად იქცევა...

28

როდესაც შეყვარებული ვარ,
მოხეთქავს წყალი თითებიდან,
ენაზე ბალახი მეზრდება,
როდესაც შეყვარებული ვარ,
ჩვენი დრო, დროის მიღმა რჩება...

29

მიყვარხარ, როცა ვტირით,
მიყვარს შენი მოღრუბლული
და სევდიანი სახე,
სევდა, ლღვება ჩვენთან ერთად
და გვადნობს,
საიდან, არც მე ვიცი და არც ჩვენ...
მე მიყვარს...ის ძვირფასი ცრემლი,
მოწყვეტამდე და გადმოღვრამდე...
ზოგ ქალს ლამაზი პირისახე აქვს,
მაგრამ უფრო ლამაზდება,
როდესაც ვტირით...

30

ჩემი სახის ასაკი ...
მიწას ჰგავს... ათასობით საუკუნეა,
ჩემი სევდის ასაკი...
ღმერთს ჰგავს... ან ზღვათა წლოვანებას,
დღიდან დაბადების არ ვუწყოდი რომ
რაც სათვალავშია, ჩემო ქალბატონო,
არათუ ასაკი, არამედ ჩემი გრძნობებია...

31

არასწორად გამიგე, მეგობარო,
ის რაც მე მტანჯავს სინდრომია,
თუმცა არა ვარ ოიდიპოს,
არც ინსტიქტებით და არც სიზმრებით,
ყოველი ქალი ვინც კი მიყვარდა,
მსურდა საკუთარ თავად მექცია,
საყვარელი თუ დედაჩემი,
მთელი გულით მსურდა,
რომ დედაჩემად ქცეულიყვნენ...

32

ყველაფერი რასაც ჩემს შესახებ ამბობენ,
მართალია,
ყველაფერი რასაც ჩემი რეპუტაციის შესახებ ამბობენ,
სიყვარულზე და ქალებზე,
მართალია,
მაგრამ მათ არ იციან, რომ
შენს სიყვარულში, როგორც ქრისტე, მივედინები...

33

ხანდახან ისეც ხდება, რომ ვტირი, ბავშვივით,
უმიზეზოდ,
ხდება, რომ შენი მშვენიერი თვალებიც მქანცავს,
მიზეზგარეშე,
ხდება, რომ მღლიან ჩემი სიტყვები,
ჩემი ფურცლები და წიგნები,
ხდება, რომ ჩემი დაღლაც კი მღლის...

34

შენი თვალები ნაწვიმარ ღამეს ჰგავს,
ჩემი გემები იძირებიან მასში,
ჩემი მწერლობა მივიწყებულია მასში,
რადგან სარკეებს, მახსოვრობა არ გააჩნიათ...

35

ქარს მივაწერე, ის სახელი,
წყალს მივაწერე,
მე რომ მიყვარს,
და რა ვიცოდი...
რომ ქარი სმენას არ აუმჯობესებს,
და წყალი სახელებს არ ინახავს...

36

ჯერ კიდევ ფრინავ,
ათწლეულის შემდეგაც,
არ ჩამოვარდი,
როგორც შუბი ჩემი ზურგიდან...

37

ამ სახისა და თვალების გამო,
გაზაფხული გვეწვიაო მეორედ ამ წელს,
მეორედ გვინახულაო წინასწარმეტყველმა...

38

როგორც ღრუბელი შენს თვალებში ჩავიღვრები,
მათკენ წავიღებ ჩემს ჩემოდნებს,
სევდის და მწუხარების განძს,
მათკენ წავიღებ ათას ხელნაწერს,
და ათას, ათას ტყეს,
ქურთუკქვეშ ვინახავ მის თარიღს
და მის დამწერლობას...

39

ჩვენს სიყვარულში
აღმაფრთოვანებელი ის კი არაა,
რომ არც გონი აქვს და არც ლოგიკა,
არამედ, რაც ჩვენს სიყვარულში უმშვენიერესია,
ის არის, რომ წყალზე დადის და
არ იძირება...

40

არ იღელვო... ჩემო ტკბილზე უტკბესო,
არ გამქრალხარ ჩემი ლექსიდან
და სიტყვებიდან,
არამედ მხოლოდ გაიზარდე წლებთან ერთად...
მაგრამ არასდროს არ გაიზრდები...
ჩემს ფურცლებზე...

41

შენთვის არ არის საკმარისი ლამაზი იყო,
მთელი დღე უნდა გატარო ხელით,
რომ გალამაზდე...

42

როცა შენს თვალებში ვმოგზაურობ,
მგონია, ჯადოსნურ ხალიჩით დავფრინავ,
და ვარდისფერი ღრუბელი მიტაცებს,
მას შემდეგ, იისფერი...
ვბრუნავ შენს თვალებში, საყვარელო,
ვბრუნავ, ვით დედამიწა...

43

როგორ გავხარ თევზს,
სიყვარულში შენი სისწრაფით...
მოკალი ყველა ქალი ჩემს შიგნით
და დედოფალი გახდი...

44

მე სიყვარულის მოციქული ვარ,
ქალთათვის სიურპრიზი დამაქვს,
თუ ღვინითავარ... მათ არ განვბან...
ვანახლებ სიცოცხლის წყაროს...
თუკი შევცვალო მათი სიზმრები,
ეს უმცირესი სასწაულია...

45

ყველაზე მშვენიერი რაც შენშია
სიგიჟეა,
ყველაზე ლამაზი რაც შენშია,
თუ ნებას მისცემ,
შენი მკერდიდან კანონზე გადმოიღვრება...

46

გაშიშვლდი...
რადგან დიდი ხანია,
დედამიწაზე არ დაცემულა
საკვირველება...
გაშიშვლდი...
გაშიშვლდი...
მე გავჩუმდები,
შენი ტანი, ყველა ენას ფლობს...

47

შენ ამაღლდი... ჩემს ცარიელ საუკუნეებში,
მშვიდობის ჰიმნად, როგორც მტრედი,
როგორ იქცა დღე - ღამის შორის,
შენი ამაღლება, განკითხვის დღედ?

48

ყელზე დამაწყვე შენი წითელი ფრჩხილები,
არც ცხვარი იყო ჩემთან ყოფნისას,
არც ვერძი,
შემებრძოლე ნაცადი ხრიკებით,
თუ შენთან მოვიდე
ანთებულ ვულკანივით,
მშვენიერია ის ტუჩები
ძნელად რომელიც მოიპოვება,
საშინელია, რომელსეც მუდამ ზედ აკერია: დიახ.

49

წლებთან ერთად როგორ შევიცვალე,
ადრე მხიბლავდა ყველაფრის გაშიშვლება,
და მარმარილოს ტყედ ყოფნა მსურდა,
დღეს კი, მინდიხარ, მხოლოდ იმიტომ,
რომ იყო ჩემი კითხვის ნიშანი...

50

როდესაც იმ ერთს გავშორდი,
გულწრფელად ვთქვი,
უკანასკნელი ქალი იყავი ჩემი,
უკანასკნელად...
მაგრამ მას შემდეგ,
კიდევ ათასჯერ შემიყვარდა,
ათასჯერ მოვკვდი,
თუმცა მაინც ვიმეორებდი:
''ამჯერად უკანასკნელია''.

51

ფუჭია რასაც ვწერ, ჩემო ქალბატონო,
განცდები, მეტია ჩემს ენაზე,
გრძნობები, შენ მოგყვებიან,
ხმა კი ჩამიწყდა ყელში...
ფუჭია აქამდე რაც დავწერე,
სიტყვები, ტუჩებზე ფართეა,
მძულს, ყველაფერი რაც მიწერია,
პრობლემად გადამექეცი...

52

რადგან ჩემი შენდამი სიყვარული,
სიტყვებზე მაღლა დგას,
გადავწყვიტე რომ გავჩუმდე...
და დაგემშვიდობო...


http://www.adab.com/modules.php?name=Sh3er&doWhat=shqas&qid=391&r=&rc=75

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გუკა ვულოცავთ დაბადების დღეს