ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2017


შენ ის ხარ, ვინც ხარ*

შენ შორი გზიდან მოფრენილხარ მინდვრების გავლით.
და ყოველ დილით გიგალობდნენ ველის ჩიტები.
შენ ის ხარ, ვინც ხარ და არასდროს არ შეიცვლები
მე ის ვარ, ვინც ვარ, მაგრამ ვხვდები, უკვე ვგიჟდები.
ამას იმიტომ გეუბნები, რომ არ მჩვევია
ასე დამტკბარი სიტყვები და ღამის თენება.
ჯერ კიდევ ბევრი მჭლე იარა მოსარჩენია.
ჯერ კიდევ ბევრი სინანული დამდის ვენებში.
ესღა დამრჩა და კიდევ ჩრდილი დამსდევს ყოველთვის.
ესეც არ მეყო და დავიწყე ლექსების პარვა.
ყველა პოეტი მსხვერპლი არის გარემოების,
მიხარია რომ, სულით მაინც, პოეტი არ ვარ.
მე მახსენდება დიონისე და არა ეზრა,
რადგან ის კასრშიც ჩაეტია, არ ჰქონდა სახლი.
მე კი მაქვს, მაგრამ დავიღალე და მომაბეზრა
თავი სახლამდე სიარულმა... თავს კედლებს ვახლი.
ამიტომ ვტკეპნი ფეხშიშველი ნაწვიმარ ასფალტს
და როცა ჩრდილსაც მოვიგლიჯავ, ზეცას ავხედავ...
როცა შენ აქ ხარ, ვკარგავ ყველა ძალას, მარიფათს,
შენ ამიტომაც ადექი და ჩემგან წახვედი..
მას შემდეგ ვგრძნობ, რომ ჩემს ფანჯრებთან წვიმამ უმატა...
ერთხელაც ღამეს ვერ გავუძლებ, სახლს ვერ მივაგნებ,
დილაადრიან შენს საწოლთან მოვალ ჩუმად და
გაყინულ ფეხებს თბილ საბანში შემოგილაგებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები