 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 26 მარტი, 2017 |
მზე თვალს მიმძიმებს, ავერიდო, ალისფერ თავშლით, ყელზე კვანძივით შეკრული რომ მაქვს, კარავში შევძვრე, მივილულო, ჩაი დავისხა, ბზინავს ვარდისფრად, გემოთი მძალგე, სურნელით მძაფრი, გამიხსნის ფორებს, ჩავცურდები სამოსში ფრთხილად, მიმობნევია ჭიქის ფსკერზე ფურცლები მისი, ფრჩხილქვეშ ჩარჩენილ მიწას ჰგვანან მიცვალებულის,
თუ გამიმართლებს, წავაწყდები ხეტიალისას, კაკტუსს, შუახნის, სასმელს გამოხდი ფესვებიდან, ეკლებს დავაცლი, დავაკრავ ჯოხზე, სამუმში იქნებ გავითბო ძვლები, ან მომხდურ ნადირს გავუპო მკერდი, ვიდრე ამ ადგილს მივატოვებ, ავიბარგები, შიმშილს მით ვებრძვი, ყბადაღებულს, ხშირად სისხლს ვიდენ, ან მორიელი გამოძვრება ცხელი ქვიშიდან, ლუკმაა ჩემი, მოწამლულია ოაზისის ყოველი წყალი, და ყველა ჭას ჰყავს ბატონი მისი, ტომი ველურთა, ინდურ ვეფხვს შეხვდე გერჩივნოდეს, უდაბნოს ყაჩაღს, გველმა დაგგესლოს, გადაურჩე, მას კი ვერაფრით,
თუ ხეს შეხვდები, განდეგილად, ტოტებჩამომხმარს, ჩრდილგატეხილს, და კერპს გაჩორკნილს, მათარით წვეთი აპკურო უნდა, დამახრჩოს მშრალი ნერწყვის სიმწარემ, ბასრ კლანჭებივით ჩახოხდეს ხორხში, საკრავს გამოთლი, სევდა გაფანტო, და თამბაქოსთვის ჩიბუხი ხმელი, ძირს ფლოქვთა კვალი, ნაკვალევი, სავსე აქლემის, არ წაუშლიათ აქამდე ქარებს, სიმძიმე კუზის, სადაც თათები ჩნდება ფენეკის, კუდი ჰგავს მბზინავ სპილენძს გრაგნილის, პირისახე აქვს ნაცრის, სულ ერთი კვირის საზრდო იქნება, ხროვის ნაფრცქვენი, მუხლს აქ მოვკეცავ, გავწვები მიწას, და ვარსკვლავებით მოჭედილ ზეწარს, გადავიფარებ,
ამოწვერვამდე ვსერავ დიუნს, პაპირუსს ვკუჭავ, ვიფენ ენაზე ნაჭერს ლიმონის, ნაპერწლებს იყრის, ტკაცუნი შეშის, ტანში მაჟრჟოლებს, მკლავსუსტი ხვატში, მტევნებზე შემხმარ პიტნის სუნი მიგრილებს სუნთქვას, ხან ტუჩზე ვიკბენ, ხან ვილოკავ მთელს სხეულს ენით, ქუსლები მეწვის, მივეპარები კანდამსკდარ აისს, ბილიკს მივიკვლევ ქვითკირისას, ჭრილობას ვუვლი, წყალია მლაშე, ამ თიხებში, გზის მიღმა, ხსნაა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. საინტერესოა ++ საინტერესოა ++
2. მადლობა :-) მადლობა :-)
1. ისეთი რეალური შეგრძნებებია, ცხადი, ხელშესახები...
და ისე სავსე ტექსტია (პოეზიითაც), როგორც გჩვევია ხოლმე.
ისეთი რეალური შეგრძნებებია, ცხადი, ხელშესახები...
და ისე სავსე ტექსტია (პოეზიითაც), როგორც გჩვევია ხოლმე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|