ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პროზა
29 მარტი, 2017


ამბავი ერთი ღამეული მოჩვენებისა

ღამით, სიბნელეში კორპუსების ფანჯრები ყვითელ თვალებს აცეცებდნენ  და ისედაც გულგახეთქილ, შეშინებულ ღამეულ მოჩვენებას სულ შიშის ზარს სცემდა. ამ ურჩხულებს რამდენი თვალები ჰქონიათ, სულ ყვითლები და შემზარავები, ვაითუ მეც თან შემიყოლონ და გამაყვითლონ - ფიქრობდა, უზარმაზარ მუხის უკან შეყუჟული მოჩვენება და ცახცახით ლამის გათეთრებულიყო. ღამეული მოჩვენება მეტად შავი იყო, უკუნი და რაღაცნაირად გაწეწილ-აწოწილი, მოულოდნელად ისე გაიწელებოდა ხოლმე, თვალსაც ვერ ააწვდენდით, იმ სიმაღლემდე აიმართებოდა  და უცებ თავზე გადაგემხობოდათ საკუთარი ჩრდილივით.
ღამეულ მოჩვენებას ყველაზე მეტად ყვითელი ფერის, სინათლის და შუქის ეშინოდა, საკუთარ კოშმარებში წარმოიდგენდა ხოლმე ნელ-ნელა როგორ იცვლიდა ფერს და ღიავდებოდა, შავიდან - მუქ ნაცრისფრამდე, იქიდან კი სიყვითლემდე ერთი ნაბიჯი იყო, მერე რაღა მოჩვენება იქნებოდა, საკუთარ სიშავე დაკარგული.
კოშმარებიდან ოხვრით და ვაი ვიშით იღვიძებდა, გაოფლილი, შეშინებული მაშინვე სარკეს მივარდებოდა, სიზმარი ხომ არ ამიხდაო.
ღამეულმა მოჩვენება საკუთარ დღის კოშმარებს წყალს ატანდა, როგორც კი დაღამდებოდა, მოჩვენება იღვიძებდა, აყროლებულ, ახავსებულ ჭაობს მიადგებოდა და ჩასძახებდა: - ჭაობო, ჭაობო, ბნელო და მრუმე.  წაიყოლე ჩემი ნათელი დღის კოშმარები, ჩაიტანე შენს გულის გულში სინათლე და ფერი ყვითელი, მომეცი სიმშვიდე, დამტოვე შავი და უსახო, ბნელი და აწოწილი. ჭაობიც მაშინვე ერთს ამოიდგაფუნებდა და ღამეული მოჩვენების კოშმარები სულ ძირში ჩაჰქონდა. იქ აგროვებდა, იქ მალავდა. იქამდე სანამ მისი მთელი ზედაპირი ნათელ სიზმრებად არ იქცა და სინათლის სხივმა, ღამეული მოჩვენებების შიშებმა პირდაპირ ამყრალებული ჭაობის შუაგულიდან არ ამოტყორცნა.
ხალხი პირდაღებული შეჰყურებდა ამ სასწაულს, ზოგი ლოცულობდა, ზოგიც მუხლმოდრეკილი ევედრებოდა რაღაცას, ზოგიც კი ცდილობდა ხელით შეხებოდა. ჩვენი საწყალი, ღამეული მოჩვენება კი ამ ყველაფერს ბუჩქებში მიყუჟული უყურებდა და ისე ეშინოდა, ისე რომ საკუთარი ცახცახიც კი მოახლოვებულ სინათლედ და სითეთრედ ეჩვენებოდა.
გადიოდა დრო, ნათლის სვეტი ჯერ კიდევ აოცებდა მნახველებს, მოჩვენებას კი იმდენი კოშმარი დაჰგროვებოდა, რომ სად წაეღო აღარ უწყოდა. ჭაობიც კი სანდო არ იყო, ისეთი რამ დამმართა, ქვეყნიერებას ამოუფრქვია მისი ყველაზე დიდი საიდუმლო და შიშები. ჰოდა, ამ თავის სიზმრებს ხან სად მალავდა ხან სად. ერთ-ორს ჯიბეში იტენიდა, ერთს ბალიშის ქვეშ, ერთს უბეში, იღლიების ქვეშ, მიწას თხრიდა და იქ მარხავდა.
სანამ ერთხელ, შუაღამისას როდესაც სახეტიალოდ გაემართა, თავზარი უნდა დაეცა შემხვედრთათვის, გულები უნდა აეჩქარებინა, თავ-ბედი უნდა ეწყევლებინა მათთვის ვინც ღამეულ სიბნელეს არ ეპუებოდა, ერთმა მოკვდავმა, იმის მაგივრად რომ გაქცეულიყო და თავისთვის ეშველა, კივილი მოერთო, შიშისგან მომკვდარიყო - გაოცებულმა  დაიჩოქა და ლოცვების ბუტბუტს მოჰყვა. ღამეული მოჩვენებამ ირგვლივ მიმოიხედა, შემდეგ საკუთარ აწოწილ ტანს დახედა და ერთი იმხელა შეჰყვირა, რომ მიწა იძრა, ხეები ფესვიანად მოითხარა, კლდეებმა ჩამოშლა დაიწყეს. იმ ადგილებიდან სადაც სიზმრები შეეჩურთა სულ ყვითელ, საზიზღრად მბრწყინავ სინათლეს ანათებდა, აშუქებდა და მოკლედ წმინდანივით გასხივოსნებულიყო.
საბრალო ღამეული მოჩვენება, ღმუილით და გოდებით მოსწყდა ადგილს, ცხრა მთა, ცხრა ზღვა და ცხრა მდინარე, ცხრა ქვეყანა, და ცხრა ტბა გადაირა და ერთ უღრანზე უღრან, ბნელზე ბნელ ტყეს მიადგა.  ტყე სავსე იყო ჭაობებით და ხავსებით. გახარებულმა ღამეულმა მოჩვენებამ ის იყო დააპირა, ცოტა სული მოეთქვა რომ,  მისმა მოთახთახე სხეულმა გაბზარვა დაიწყო, ბზარებიდან კი თვალისმომჭრელი, კაშკაშა სინათლე იფრქვეოდა, სინათლე მაშინვე ანადგურებდა ირგვლივ არსებულ სიბნელეს, წამის უსწრაფესად ვრცელდებოდა უღრან ტყეში და სიბნელის ადგილს იკავებდა. ღამეული მოჩვენება ღამეული მოჩვენება აღარ იყო, სასოწარკვეთილი გაფითრებული და მომაკვდავი.
მზაკვარმა სინათლემ თავისას მიაღწია, ღამეული მოჩვენების კოშმარებში დასახლდა და მასთან ერთად იმ ტყის, იმ უღრანის გასხივოსნება გადაწყვიტა მთელს სამყაროში ყველაზე უდაბურ, ბნელ და მოჩვენებებით სავსე ადგილად რომ ითვლებოდა. მოჩვენების სხეულისგან განთავისუფლებული სინათლე ხარხარებდა, როკავდა და ირგვლივ სიყვითლის ბუღს ატრიალებდა. ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ და ფერმკრთალდებოდნენ ღამეული მოჩვენებები. ჩვენს მოჩვენებამ კი უკანასკნელ ცრემლთან ერთად ამოოხვრაც გადმოაყოლა, თითქოს მისტიროდა საკუთარ ღამეულ ცხოვრებას, თითქოს არ ეთმობოდა სიშავე სინათლისთვის, თითქოს საკუთარ დაკარგულ თავს დასტიროდა, თავისთავის და უღრანის სიბნელის ერთადერთ ჭირისუფლად ქცეულიყო, სხვა დანარჩენი კი ესალმებოდა და ადიდებდა საიდანღაც  უცებ გადმოღვრილ სინათლის ზღვას, ის კი არავინ არ იცოდა და არც არავინ დარდობდა, რომ მათ თვალწინ პატარა, შეშინებული და სასოწარკვეთილი ღამეული მოჩვენება სულს ღაფავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები