ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შორენა გოგიძე
ჟანრი: პროზა
31 მარტი, 2017


ზამთრის მზე

  ზამთრის სუსხიან დილას ისეთი ქარი ჰქროდა, სახე სულ ამიწითლა. ქუდშიც იპარებოდა სიცივე, მაგრამ თმები მაინც სითბოს მინარჩუნებდა. გრძელი და ხშირი წაბლისფერი თმები დროშასავით მიფრიალებდა ამაყად, თან როგორ უხდებოდა ჩემს ლურჯ პალტოს. ბეჭებზე სქელი ვარდისფერი კაშნე მქონდა შემოხვეული, ჩემს სუსტ ყელსაც მითბობდა. ხელები სულ გამყინვოდა, ხელთათმანები არ მიყვარს, რადგან ხელებში ძალას ვეღარ ვგრძნობხოლმე. რა ცუდია სიცივე,-ვფიქრობ და მივაბიჯებ გაყინულ მიწაზე. მიწასაც გამოსცლოდა ძალა, გამომშრალიყო, სრულიან უნაყოფოდ და უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა და ყინვას ქვასავით გაემაგრებინა. ეს ხეებიც საცოდავად გაეშიშვლებინა ამ ზამთარს, ნისლი ქურქად შემოეცვათ და ერთად ვიყინებოდით მე და ხეები. მე უფრო არ მციოდა, სიარულში ვეღარც ვგრძნობდი სიცივეს, გავხურდი კიდეც. პირიდან თბილი ორთქლი ამომდიოდა და თან ცივი ჰაერი სუნთქვაში ხელს მიშლიდა. რა ცუდია ზამთარი,–ახლა ზამთარზე ვფიქრობდი. თოვლი რომ იყოს, არ იქნებოდა ზამთარი ასეთი ცუდი. თოვლი ყველას უყვარს, ჰაერსაც წმენდს და ხალისიც შემოაქვს. ეს ყინვა კიდევ ისეთი ძლიერია, რომ სულშიც აღწევს, ძვლებში გამტვრევს და გამუნჯებს, მერე გაკანკალებს.
გაღვიძებისთანავე მზემ რომ ჩამწვარი სანთელივით შემოაბჟუტა, მაშინვე მივხვდი, რომ ფანჯრები ყინვას სულ მოეხატა. სახლიდან კანკალით თუ გახვიდოდი გარეთ. მე კიდევ ისე თავქუდმოგლეჯილი გავარდი გარეთ, რომ თავად ვიგრძენი ჩემი სიგიჟე. მაფორიაქებს, გულს მიჩქარებს, მაღიმებს, მატკბობს, ყველა ემოციას რომ სულში და გულში მიდებს და ადგილი აღარ რჩება სხვებისთვის, აი მაშინ ხდები ადამიანი, მაშინ გადგას გვირგვინი სიამაყის, თუნდაც ამპარტავნების, მაგრამ ჭეშმარიტად გულწრფელია შენი გრძნობები და თავმდაბლობაზე სულაც აღარ ფიქრობ.

სიცივე ვერ შემაშინებს, ისე მიყვარს ფეხით სიარული,–ვთქვი და გავაგრძელე გზა. ასე ვიციხოლმე  ხეტიალი ტყეში, ღრეში, მინდორში და ისეთ წყნარ ადგილებში, სადაც ხალხის ზუზუნი არ მაწუხებს. ჩემი ზურგჩანთა სულ თან დამაქვს. ძველის შეხედულება კი აქვს და შავი ფერიც დროს გაეხუნებინა, თუმცა ჩემთვის ახალივითაა მაინც. მძიმე ჩანთა კი არის, გახუნებული შავი ტყავის ფაქტურითა და ბევრი ჯიბეებით. წინა ჯიბეში ყოველთვის წმინდა ნიკოლოზის თილისმა მიდევს, მრგვალ ვერცხლის ჩარჩოშია ჩასმული, შიგნით ლურჯი ფერი ასხივებს წმინდანის სხივებს, ირგვლივ მისი ზეთი, სილა და წყალია დამაგრებული. წარმატების მომტანია ჩემთვის ეს თილისმა, თან ისეთი ლამაზია, სულ თან დამაქვს, ვერსად ვტოვებ. გვერდითა ჯიბეში ბოთლით წყალი მიდევსხოლმე, ამდენს დავხეტიალობ და მოწყურებულზე ისეთი გემრიელია ეს წყალი, რომ ჩემი საყვარელი ტირამისუც კი ვერ შეედრება. მეორე გვერდითა ჯიბეში თერმუსით ჩაი მიდევს. ჩაის ყოველთვის სახლში ვამზადებ ბალახებისგან. ეზოს ბოლოში კომშის ხე დგას, იმდენი ფოთლები ასხია, რომ ნაყოფი თითქმის აღარ ჩანსხოლმე. ამ ფოთლებს ძაფზე ვაბავ და ვინახავ. მერე სურვილისამებრ ვიყენებ. დილასაც ასე დავამზადე,– ცხელი ქაფქაფა წყალი დავასხი გამომშრალ ფოთლებს, მაშინვე დალბნენ, ცოტა ხანს მოვიცადე და ატმისფერი რომ გახდა, ეგრევე თერმუსში ჩავასხი, ცოტა მალინის მურაბაც დავუმატე და დავხუფე. ჩაის მაშინ ვსვამ, როცა ვისვენებხოლმე დაღლილი, დაქანცული. თითქოს თერაპიას ვიტარებ. გაყინული ბაგეები თოვლის ფიფქივით ადნება ცხელი ჩაის ჭიქას, ჭიქიდან ამოსული ოხშივარი მალამოსავით ედება ცხვირის ნესტოებს, ყელიც ისე სასიამოვნოდ თბება, ერთი ყლუპიც კი საკმარისია მთელი სხეულის გასათბობად. ჩემი უხელთათმანო თითებიც ისე ზეიმობენ სითბოს, ჯინაზე ისე ეკვრებიან ჭიქას, რომ ვერ ვაცლიხოლმე, სანამ ორთქლი არ გაქრება და არ გაცივდება.ზურგჩანთაში ერთი ზოლიანი პლედი სულ მიდევს, შემცივდება და შემოვიხვევხოლმე. ფაფუკი თოვლივითაა, წითელ–ყავისფერი ზოლებითა და თეთრი პრინტებით საახალწლო განწყობას ჰქმნის. ფოტოაპარატი და უბის წიგნაკი ერთად მიდევს. კალამი მეგობარმა მაჩუქა, პრაღაში იყო საქორწილო მოგზაურობაში და გავახსენდი, ძალიან გამიხარდა. როცა ლამაზ ხედს დავინახავხოლმე, მაშინვე ფოტოაპარატით ვიღებ. მიყვარს ბუნება, მაგიჟებს, მყინავს, მატკბობს. ამ დროს კი უბის წიგნაკს ვიღებ და ვწერ გაუჩერებლად, თავისით რომ მიჰყვება ხელი კალამს. მერე იმდენიახოლმე დასაწერი, სანამ თითებში სიმაგრეს არ ვიგრძნობ, ვერ ვჩერდები. კმაყოფილი სახით გადავიკითხავხოლმე და ერთს ღრმად ამოვისუნთქებ. ღიმილი მეძალება კმაყოფილების დროს, მდუმარე ღიმილი, მარტო მე რომ ვიცი და სხვამ არავინ. ზურგჩანთაში ერთი ორი ტკბილი კრუასანიც მიდევს და ვაშლის ღვეზელი. ისეთი გემრიელია ჩაისთან, პირში რომ გადნება და სულ გინდა ჭამო, მაშინაც კი როცა თავდება. კიდევ რამდენიმე უსარგებლო ნივთი ან სუვენირი მიგდიახოლმე ჩანთაში, ხანდახან მრჩება ან მეზარება ამოლაგება, არ მიშლის ხელს და იყოს.
ერთი ამოჩემებული ადგილი ყველას გვაქვს, სადაც რაიმე ტკბილი მოგონება გვაკავშირებს, ან მწარეც შეიძლება, ოღონდ ისეთი, მერე რომ ტკბილდებახოლმე დროდარდო. სულ მინდოდა იმ ტყეში წავსულიყავი და ის დაწყევლილი ადგილი მენახა ,დიმა რომ მოკლეს. თან მეშინოდა, ყველაფერი მეყინებოდა, ხელფეხი მეკვრებოდა და ხუთი წლის მანძილზე მხოლოდ სიზმრად ვხედავდი უდაბურ ტყეს, შიშველ ხეებს და დიდ კაშკაშა მზის სხივებს –თვალებს რომ მიბნელებდა ისეთს. მხოლოდ მას ვერ ვხედავდი, სულ მინდოდა მენახა, ყველა სიზმარში ვეძებდი, მაგრამ ამაოდ. წუხელ მესიზმრა და სწორედ  იმ ტყეში იყო, სადაც ყველამ ბოლოს ვნახეთ, არა მე იქ არ მინახავს, ვერ შევძელი. სხვებმა ნახეს, უფროსწორად  იპოვნეს . მე მხოლოდ მეზმანა მისი ლამაზი სახე და ღიმილი. მიღიმოდა ხან მე და ხან მზეს გაჰყურებდა. შავი პალტო ეცვა მუხლებამდე, ღია ჯინსის შარვალი და შავი სვიტერი. ეს ყველაფერი ისე უხდებოდა, რომ ვერ ვმალავდი მის მიმართ ვერანაირ გრძნობას. თავადაც ხვდებოდა და თბილი მზერით მეხუტებოდა. სიზმარშიც კი ვიგრძენი მისი სითბო. ტყეში დაბოდიალობდა, ხეებს ეფარებოდა. ზამთარი იყო და თოვლის ნაკვალევით ადვილად ვხვდებოდი საით მიდიოდა. ხან მემალებოდა, ხან გამოჩნდებოდა და მიყურებდა, ალბათ მამოწმებდა, მივყვებოდი თუ არა.  ისეთი სილამაზე იყო, რომ ვეღარ ვიგებდი მას გავყოლოდი, თუ ამ სითეთრით დავმტკბარიყავი, თავი ზღაპარში მეგონა, მზე თავის სხივებს ძირს აფენდა ისე, თითქოს მარგალიტებს აბნევსო გზადაგზა. არ მინდოდა, ეს მარგალიტები ამეკრიფა, თვალს რომ ასე ძალიან მჭრიდა, დიმას ღიმილი მერჩივნა ყველაფერს. მივყვებოდი, მაგრამ არ მელოდებოდა, მერე გაიქცა. მე ვუყვიროდი. მას არ ესმოდა, ან არ უნდოდა, რომ  გაეგო. ძალიან ციოდა, ვეღარც ვიკაფავდი თოვლიან გზას, ბოლოს მზემ პირდაპირ თვალებში მომანათა, თვალთ დამიბნელდა და გამომეღვიძა.
დღეს იმ ტყეში მივდივარ ჩემი ზურგჩანთით. გზაც ვიცი და მანძლიც არ მაშინებს, არც ყინვა. მხოლოდ ის ტყე მაშინებს, იქ მისვლა არავის უყვარს, არც არავინ დადის, სოფლისგან შორსაა.
მე ის მენატრება, უნდა წავიდე,–ვთქვი და ამაყად გავაგრძელე გაყინული, გაუხეშებული გზა. სიცივე ძვლებში ატარებს, სუნთქვაც კი ჭირს, თვალებიდან ცრემლები ჩამომდის ყინვისგან და მე მაინც მეღიმება, რადგან ჩემი გულია თბილი, სულიც. ერთი ამ ხორცს ვერაფერი მოვუხერხე, არ მემორჩილება. მივდივარ და სიცივესთან ერთად ბედნიერებაც მიმაქვს, მასთან შეხვედრის ბედნიერება. მერე რა, რომ ვერ შევიგრძნობ, გულს მაინც ავივსებ მისი სითბოთი, წყურვილს დავიოკებ. გზას ისე მივყვები ფიქრებში გართული, ვერც მივხვდი, რომ სახლიდან უკვე შორს ვიყავი. როგორც კი მიწაზე ვეშვები და ჩემს სხეულს ვგრძნობ, მაშინვე შემომეპარებახოლმე სევდა, მერე და როგორი მწარეა, პირდაპირ გულის კუნჭულში ჩაგისახლდება და თუ არ უყვირე, თუ ღრმად არ ისუნთქე, თუ არ ახედე ცის უკიდეგანო სივრცეს, ვერ მოსპობ, ვერ ჩაკლავ მას. ცოტა დავიღალე, სუნთქვა გავახშირე და მივხვდი, რომ უნდა შემესვენა. პლედი დავიფინე, ცოტახანს გავუძელი მიწის სიცივეს და თერმუსი გავხსენი. ისეთი თბილი ორთქლი ამოვარდა, რომ სიამოვნებისგან ძილი მომინდა, ერთი ყლუპი მოვსვი და გულიც გავითბე. სითბომ კიდევ უფრო მომადუნა, თავი ფეხებს შუა ჩავრგე და გავირინდე, მხოლოდ გულის ბათქუნი მესმოდა. მიყვარს სიჩუმე, უფრო მეტს ვიაზრებ, უფრო მეტს ვიგებ, მეტად ვფიქრობ. მერე თითქოს ყველა გისმენს, ყველა საიდუმლოს გასცემ, ირგვლივ არავინაა, მაგრამ ყველას ესმის, სივრცეში იფანტება შენი ფიქრები და ალბათ ადრესატამდეც ოდესმე მივა. ამიტომ ბევრ სითბოს ვუშვებხოლმე, გულს გადავუშლი მზეს–სულ რომ თან დამყვება და ისიც გულს მითბობს. ასე ვთბებითხოლმე მე და მზე ერთად. რა სასიამოვნოა ზამთრის მზე. ყინვასა და სიცივეში რომ გამოჩნდება და ყველაფერს ალღობს, გაყინულ გულსაც, მერე სულში ჩაგწვდება და იქ დაიძინებს ცოტახანს. მიყვარს, მიყვარს ზამთრის მზე. ალბათ, ზამთარში მხოლოდ ის ათბობს. ჰო, და კიდევ ჩაი. სად არიან ადამიანები ამ დროს, სიცივისგან გაქვავებულებმა სხვები როგორ უნდა გაათბონ თავად გაყინულები არიან. დიმა ზამთარშიც მათბობდა, მისი ღიმილი სულ მათბობდა, ამიტომ მიყვარდა. მასზე საუბარიც მიყვარს, მისი სურნელი ახლაც მახსოვს, სუნამო სულ ესხა, ისეთი სუნი ჰქონდა, სულ მინდოდა თავი მის მხრებზე დამედო და დამეძინა. მერე თმებს მისწორებდახოლმე. ისიც იცოდა, რომ არ მიყვარდა თმებზე თამაში, როგორც ბევრ გოგოს არ უყვარს, მაგრამ მისი ყველა მოქმედება მსიამოვნებდა, თავბრუს მახვევდა. ბოლოს ორივე ვხვდებოდით, რომ როცა გიყვარს, სულ სხვა ადამიანი ხარ. მე დღესაც მიყვარს. მასაც ვუყვარვარ, დარწმუნებული ვარ .ფიქრებმა გამართეს და ცოტა გამათბეს კიდეც. პლედი დავკეცე, თერმუსიც შევინახე. ფეხები სულ დამბუჟებოდა, ძლივს წამოვდექი. ახლა უფრო შემართებით მივდივარ ტყისკენ. უკვე შუადღეა და თითქმის მივედი. დიდი ტყეა გადაშლილი ჩემ წინ, ცოტახანს შევჩერდი, ვერ გამეგო სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა. რომ შევიდე, ვეღარც გამოვალ,–ჩავიცინე და უფრო დაჟინებით წავიწიე წინ. გაზაფხულზე ეს ტყე ძალიან ლამაზი იქნება, გადაშლილ–გადაფურჩქნული, ახლა კიდევ ისე საცოდავად გაშიშვლებულიყვნენ ხეები, რომ მათ მაგივრად მე ავკანკალდი. აღარც ფოთოლი შერჩენოდათ, არც ქარი აშლიარებდა ტოტებს, თითქოს საუკუნო ძილს მიეცნენ.  ცამდე აწოწილი ხეები ცისფერ ფონზე ამაყად გადმომყურებდნენ, თითქოს გაუხარდათ ადამიანის დანახვა. ზოგი ტოტებჩამომტვრეული იდგა, ზოგი უშნოდ გამეჩხრილი ტოტებით თავს იწონებდა, ზოგიც ისე მაღალი იყო, რომ მხოლოდ ცაში იყურებოდა. ერთნი ცალ მხარეს გადაჰყურებდნენ, მეორენი მეორე მხარეს გადაზნექილიყვნენ. ბუჩქებს აქა–იქ შერჩენოდათ ფოთლები, მაგრამ ამით მაინც ვერ ამაყობდნენ. შიშველ ხეებს უთმობდნენ პირველობას. რა ლამაზი ყოფილა ხე ქურქის გარეშე, თუნდაც ტოტებდამტვრეული და შელახული. შიგნით შევედი და ახლა მხოლოდ მაღლა ვიყურებოდი. ისინი თავზე დამყურებდნენ. მეგონა, ყველამ იცოდა ჩემი მოსვლის ამბავი, ასე გაკვირვებით რომ მიყურებდნენ.  ან კიდევ, იმდენხანს არ ენახათ სულიერი არსება, რომ მე ვეუცხოვე. ის კი ვიფიქრე, ამდენი წლის ხეებს რითიღა გააკვირვებს ადამიანი.
მე კი არა ისინი მაკვირვებდნენ. მიწას სიცივისგან თრთვილი გადაჰკროდა. ზამთარი იყო და რა გასაკვირია ეს ამბავი. მზეც დღეს მთელი დღე თან დამყვებოდა, ალბათ იცოდა, რომ მეგზურად არავინ მყავდა. ტყეშიც მომაკითხა, თან დამამუნჯა. ისე იხლართებოდა შიშველ ხეებში მზის სხივები, თითქოს ხეებს ეშველებოდა და სირცხვილს უფარავდა. ან რა ჰქონდათ დასამალი, სილამაზე რატომ უდა დაიმალოს. ნათელი დღე არ იყო, თითქოს ბურუსი უნდა ჩამოწვესო. ბურუსით მოსილი ცა მაინც შეიმჩნეოდა. ოდნავ ცისფერი ფონი მოსჩანდა. შეიძლება იწვიმოს. უცნაური ფერის იყო ცა. მზე მის სიმაღლეზე იყო და ისეთ ფერს ასხივებდა, მზის ჩასვლისას რომ არისხოლმე. უფერო ნისლი ცისფერ ცას და წითელ მზეს ეჯიბრებოდა, ალბათ შურდა მათი სილამაზის და დაფარვას ცდილობდა. არ გამოუვიდა. მზე თავისას ცდილობდა და სხივებს უფრო ძლიერად უშვებდა. ხეები ხარობდნენ, შეიძლება იცინოდნენ კიდეც. ნამდვილი ახალი წელი მოუწო ბუნებამ მათ. ფერადი სიშიშვლე მეც მატკბობდა. მაგიურ ადგილს ჰგავდა ეს ტყე. აღარ მინდოდა უკან წასვლა. სიცივე სითბოში გადამივიდა, სევდა–სიხარულში. დიმაც დამავიწყდა, დარდიც განმექარვა. მართალია ეს დროებითი იყო, მაგრამ ჩვენც დროებით ვცოცხლობთ. ასე გვავიწყდებახოლმე ადამიანებსაც ერთმანეთი. შეიძლება უნებურად, გარემოებათა ზემოქმედებით, მაგრამ მაინც ვივიწყებთ. ნეტავ, სულ შეგვეძლოს დარდის ჩაკვლა, თავი რომ არ გაგვახსენოს. სად წაუვალთ, სად დავემალებით. სევდა ხომ სამარადისოა. მაინც მოგვაკითხავსხოლმე ბედნიერების ჟამს.
ბევრი არ მივლია, მაშინვე მივედი იქ, სადაც უნდა მივსულიყავი. ზურგჩანთა დამიმძიმდა. ფეხებში ძალა წამერთვა. დავიჩოქე მის საფლავთან. ამ ხნის მანძლზე პირველად ვნახე ის. სურათი არ ადგას მიწას. მხოლოდ მეჩხერი ღობე აქვს შემოხლართული, მავთულები დაუხლართავთ უსწორმასწოროდ. ვის უნდა ეს ლამაზი ღობეები, ქვის მაგიდითა და სკამებით. ხეებს მოსვენება არ სჭირდებათ და სხვები აქ არ ამოდიან. მეც არ მჭირდება სკამი. მიწა მირჩევნია. მიყვარს, მიწას სიცოცხლის სუნი რომ ასდის. დღეს მკვდრის სუნი ასდის გაყინულ მიწას. ხელითაც ვერ მოფშვნიტავ ისეთი მაგარია. მუხლები მოვკეცე და ისე დავჯექი. ჩემი ზურგჩანთა გვერძე დავიდე. ცოტახანს მდუმარედ ვიჯექი, ვერ გამეგო რა ხდებოდა. თითქოს სხვა რამეს ველოდი, ან ვინმეს. ავკანკალდი. ჩემი პლედი ამოვიღე და მუხლებზე დავიფინე. საუბარი მინდოდა, ფიქრი მინდოდა. ვერაფერი ვერ მოვახერხე. რამ გამაქვავა, რამ გამყინა ასე ძალიან. რა რთული ყოფილა შენთან მოსვლა,–ჩურჩულით წავილუღლუღე ორიოდე სიტყვა.
იმიტომ არავინ მოდის შენთან, შორს ხარ. ყველასგან შორს. მე მაინც მოვედი,–თან ვუსაყვედურე და თან გავუღიმე.
ცრემლი თვალზე მომადგა, მაგრამ ერთი წვეთიც არ გადმომვარდნია. არ მინდოდა, ცრემლიანი დავენახე და თავაწეულმა ღრმად ამოვისუნთქე. ჩანთა გავხსენი და მისი სურათი ამოვიღე. დამავიწყდა ამეღნიშნა, რომ მისი სურათი სულ თან დამაქვს. პატარა ჩარჩოშია ჩასმული, სასაჩუქრე სუვენირს ჰგავს. ახლა აქ დავტოვებ. რომ ვუყურებ მასთან გატარებული დღეები მახსენდება. მასაც უყვარდა ჩაი, ერთად ვსვამდითხოლმე. გახსენებაზე ჩანთა გავხსენი, თერმუსს თავი მოვხადე და ჭიქაზე დავისხი. რა ბედნიერი ვიქნებოდი, ერთად რომ ვსვამდეთ. ახლა ჩაის მისი სურნელი ასდიოდა. მასავით ტკბილი იყო. ორთქლთან ერთად მისი ფიქრები მეფინებოდნენ სახეზე. მერე ცხელი ორთქლი გაყინულ კანზე მადნებოდა და წვეთებად იღვრებოდა. წვეთები გაყინულ მიწას სასწაულად ელანდებოდა, არ სჯეროდა სისველის. ვხარობდით ყველა, ისიც ხარობდა ჩემი იქ ყოფნით, მე მისი სულით ვხარობდი. ასე იცის ხოლმე სევდანარევმა ბედნიერებამ დარდზე სიხარულის გადაკვრა.
დიმა თექვსმეტი წლის იყო, რომ მოკლეს. უცხოს არ მოუკლავს, თანატოლებმა მოკლეს, ან შემოაკვდათ როგორც თავად თქვეს. ერთ დროს მეგობრები ახლა სამუდამოდ დაშორდნენ ერთმანეთს. რას იფიქრებდა ადამიანი, რომ სიკვდილი ბავშვობიდან გვერძე დაჰყვებოდა, მერე ერთ დღესაც დღის სინათლეს დააკარგვინებდა და სამუდამო სამყოფელშიგაისტუმრებდა. ახალგაზრდის ტკივილი უფრო დიდხანს გაგყვება კაცს, ბრალი იმასო ვინც კვდება. სულ არ ეშინოდა მას სიკვდილის, მე უფრო მეშინოდა მისი არყოფნის. მასაც ეშინოდა განშორების. თითქოს გულმა გვიგრძნო და იმ დღეს, როცა მე ის ბოლოჯერ ვნახე, მთელი დღე ერთად გავატარეთ. ჩემსავით მოხეტიალე იყო. ამიტომ გვიყვარდა ერთმანეთი. იმდენი ვისაუბრეთ ერთმანეთზე, თითქოს ანდერძს ვტოვებთო. ჩაიც დავლიეთ, ასკილის. ერთ ჭიქა გვქონდა ჩაისთვის და ისიც გვეზედმეტებოდა. პლედიც ერთი გვქონდა და სულ არ დაგვჭირვებია, ერთმანეთს ვათბობდით. იმ დღეს მივხვდი, რომ სიყვარულმა შესისხლხორცება იცის, ერთობაც. მერე და როგორ ძლიერად გეკრობა ყველა გრძნობა სხეულზე, ჭრილობისაც კი არ გეშინია და ბედნიერების ხომ რატომ უნდა გეშნოდეს. მე ბედნიერებისაც მეშინოდა, არ დამტოვოს, არ გამიფრინდესმეთქი. ის გაფრინდა. ჩემი გრძნობებიც თან გაიყოლა. ახლა დავდივარ და ვეძებ, ვკრეფ, ვაგროვებ...
იმ დღეს გრძნობაგამოლეული დავბრუნდი სახლში. არც რამე მიხაროდა, არც მტკიოდა. ბურუსით მოსილმა ფიქრებმა სხეულიც აიყოლია და აზრი დაკარგვოდა სხეულის ყველა მოძრაობას. თბილად ჩავწექი ლოგინში. ცოტახანს გავირინდე. სქელი ნაქსოვი წინდები გაყინულ ფეხებს მითბობდა. მატყლის საბანი ძვლებს მილღობდა. ჩემი გრძელი სქელი თმები კისერსა და ლოყებზე მეთამაშებოდა და სიცივეს არ მაკარებდა. ფანჯრიდან მთვარის შუქი დღესავით ანათებდა და ვერც კი მივხვდი, რომ უკვე ღამე იყო. ცაც ჩემსავით დადუმებულიყო. მთვარე დაეყენებინა სამყაროს დარაჯად და თავად ადამიანთა ფიქრებს არიგებდა. ჩემი ფიქრებიც მივა მასთან, მერედა როგორ გაუხარდება. ალბათ, გული სწყდებოდა, აქამდე რომ არ მოვინახულე, არადა სულ მახსოვდა. რა დამავიწყებს...
ჩამეძინა. იმ საღამოს ჩაის დალევაც ვერ მოვახერხე, სული რომ გამეთბო.
დილით სახლის საქმეებს შევუდექი. უემოციოდ ვწმენდდი მტვრებს, გამალებით ვიქნევდი ცოცხს. მერე ხალიჩის რეცხვას შევუდექი. ბავშვობაში ყველაზე მეტად სწორედ ხალიჩის რეცხვა მიყვარდა, ბევრ ქაფს ვაკეთებდი და ბოლოს ძლივს ვაშორებდი წყლით. ხან გამომდიოდა, ხან არა. მე მაინც ვხარობდი. ახლა კი მხრებზე სიზარმაცის ზარები მკიდია ან სევდის ლოდები მაწვება. ძლივსღა გავედი ბოლოში. მგონი ყველაზე მეტად ახლა ხალიჩის რეცხვა მეზიზღება. ბოლოს ჭურჭელიც რახარუხით დავრეცხე და ქანცგაწყვეტილი მძიმედ დავეშვი საწოლზე. საღამომდე არც ავმდგარვარ. გულაღმა მწოლიარე დაბზარულ ჭერს მივჩერებოდი, მერე რაღაც გამოსახულებებს ვაკვირდებოდი, ხან მათ ვითვლიდი, ხან ბზარებს მივყვებოდი და თავი–ბოლოს ვერ ვუგებდი. მთელი ჭერი რომ შევისწავლე და თვალებმა გადაღლისგან დავიწროება დაიწყეს, მაშინ მივხვდი, რომ ძილი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. იმ დღემ დიმას გარეშე ჩაიარა.
ორშაბათ დილას ადრე წამოვდექი საწოლიდან. პირსაბანში წყალი გაყინულიყო, ცოტა ადუღებული წყალი დავასხი და მაშინვე მოიხარშნენ ყინულები. ხელ–პირი დავიბანე, თავი მოვიწესრიგე, თმებიც დავივარცხნე. თმებს დიდხანს ვივარცხნიხოლმე. სქელი და გრძელი თმების დავარცხნა ადვილი არ არის. მერე პიტნის ჩაი დავდგი და თაფლიანი პური გავიკეთე. თაფლი ძალიან მიყვარს, მისი ფერი მიყვარს, გემოც. ქარვისფრად ანათებსხოლმე თეთრი პურის ნაჭერზე, მერე გვერდებიდან წვეთავსხოლმე და ჩქარ–ჩქარა თუ არ ავლოკე, თითები სულ მეთაფლება. ცხელი ჩაის ყლუპი ამ ტკბილ თაფლიან ლუკმას ისე ელაქუცება პირში, რომ ნეტარებისგან დნებახოლმე. მე კი ვნაყრდები ამ დროს. დღესაც გემრიელად ვისაუზმე. კარადიდან ჩემი მწვანე ქვედაბოლო და თეთრი სვიტერი გამოვიღე, გავაუთოვე და საწოლზე გადავფინე. ყავისფერი ჩექმა სუფთად მქონდა შენახული. დიდი ხანია ვხმარობ და მაინც ახალივითაა. ფეხსაცმლის ხმარება კარგი ვიცი. სანამ არ მომბეზრდება, თავად არ მანებებსხოლმე თავს. მოვემზადე. ჩანთა ჩავალაგე. ეს ჩანთა პატარაა და კოხტა. იმ სახეტიალო ზურგჩანთას არ ჰგავს. კალამი, უბის წიგნაკი და საფულე ამ მოხდენილ ჩანთაში სულ მიდევს. ბევრი არც არაფერი ეტევა შიგ და თუ სხვა რაიმე ნივთი მჭირდება, ხელში მიჭირავსხოლმე. წიგნებისა და ჟურნალების გარდა სხვა არც რაიმე მიმაქვს დამატებით. სახლი გასაღებით გადავკეტე და სკოლაში გავეშურე. სოფელში ერთი სკოლაა. ბევრი ბავშვი არ ჰყავს სკოლას. იქ მოხალისე ხატვის მასწავლებლად წელს დავიწყე მუშაობა. ბავშვებს უყვართ ხატვა. ზოგჯერ სასაცილო ნახატებს ხატავენხოლმე, მაგრამ იმდენ სითბოს დებენ მათში, რომ ბევრ საუკეთესო ნახატსაც კი ჯაბნისხოლმე. მე მიყვარს მათი ნახატები. კვირაში ოთხი დღე ვარ მათთან. დანარჩენი დღეები ხეტიალს ვუნდები. სკოლაში მისასვლელად თხუთმეტი–ოცი წუთი მჭირდება. მიყვარს ფეხით სიარული. ამ ოღროჩოღრო გზას რომ ვტკეპნი ეგეც მსიამოვნებს. გრძელი ბილიკივით მიუყვება გზა სკოლამდე. აქეთ–იქით სახლები დგას გზიდან მოშორებით. ასე რომ ფიქრი და ჩემს ნებაზე სიარული თავისუფლად შემიძლია. ღიღინითა და ბზრიალით რომ ვირთობ თავს, სიცივე სულ მავიწყდება. მოსათელი ვარჯიშიც მშვენივრად გამომდის. ხეების შეთვალიერებასაც ვასწრებ და ცაზე ღრუბლების გამოცნობასაც. დრო ხომ ისედაც სანთელივით მალე იწვება და სკოლის კარებთან ბავშვების ხმაური მაფხიზლებსხოლმე.
ხელოვნების გაკვეთილით არ იწყებახოლმე დილა, ამიტომ სამასწავლებლოში ვემზადები ბავშვებთან შესახვედრად. ფანჯარასთან ერთი ძველი მაგიდა დგას. საღებავი სულ მოსცლოდა და მხოლოდ აქა–იქ თუ შეიმჩნეოდა ყავისფერი ლაქები. მაგიდას სამი უჯრა აქვს, სამივე ჟურნალებითაა სავსე. ზედა უჯრაში ჩემი ნივთებიც დევს–ბავშვების ნაჩუქარი ნახატები,  ხელოვნური მინიატურული პატარა ყვავილები, ფერადი კალმები, საღებავები, ფანქრები, რამოდენიმე დიდი ბომბორა კანფეტი და სხვა ერთმანეთთან არადაკავშრებული ნივთები. მაგიდაზე ერთი მწვანე მინის ბოთლი დგას, მაღალი და წელში გამოყვანილი, ბოთლში ყვავილებს ვდებხოლმე. რამდენიმე მინდვრის ღერო თუ ჩაეტევა, თორემ თაიგულის არც ადგილია და არც მაგდენი ყვავილი ამ ზამთარში.
სანამ გაკვეთილი დაიწყება, სულ იმას ვფიქრობ, წიგნის გარეთ რაზე ვესაუბრო ბავშვებს, რა დავხატოთ, რა გავაფერადოთ. ბავშვებს გაფერადება ძალიან უყვართ. თავადაც ფერადი გრძნობები აქვთ და ალბათ ამიტომ. ხან სათამაშოებს აკეთებენ და ხანაც ფურცლებისგან სახალისო პერსონაჟებს ქმნიან.
გაკვეთილი დაიწყო თუ არა, ბავშვები ფუტკრებივით შემომეხვივნენ. აინტერესებდათ, დღეს რითი გაერთობოდნენ. გართობაა მათი სიხარულის ნაპერწკალი. გართობა რომ არ არსებობდეს, ადამიანები გრძნობებს ერთმანეთს ვერ გაუცვლიდნენ. სევდას კაცი გულში იკლავს და თან სიამოვნებს თავის ტანჯვა. დარდს თავისად თვლის და ის არ იცის, რომ დარდი გაზიარებით განიქარვება. იმდენ სევდას დავატარებ, რომ მსიამოვნებს ბავშვებთან ყოფნა, მათ მხოლოდ ბედნიერების გაზიარება იციან. რა სასიამოვნობა გულწრფელი გრძნობა, რამდენიმე ადამიანს რომ გადაეცემა და ერთმანეთს აკავშირებს.
მართა მეოთხე კლასელი გოგონაა. ლამაზი შავი თვალებითა და გრძელი ნაწნავით. სულ იღიმის. ჩემი მეზობელია, ორი სახლის იქით ცხოვრობს. განსაკუთრებულად მიყვარს. ბავშვების ამორჩევა არ მჩვევია. კლასშიც ყველა ერთნაირირად მიყვარს. მე და მართა გაკვეთილების მერე ერთად ვბრუნდებითხოლმე სახლში. სულ თავად მესაუბრება, მერედა რა ხალისიანად მიყვება სკოლის ამბებს. ასე მართობს სახლისკენ მიმავალ გზაზე. ვითომ დრო გაგვყავს და მანძილს ვიმოკლებთ. სადაა დასაკარგი დრო, უნდა დავრბოდეთ კალმით ხელში და ყველაფერს ვიწერდეთ, უნდა დავფრინავდეთ, რომ ყველაფრის ნახვა მოვასწროთ, უნდა ვყვიროდეთ, რომ ყველას ხმა მივაწვდინოთ. მართა სხვა ბავშვებს არ ჰგავს.
ზარის შემაწუხებელი, უსიამოვნო ხმა ბავშვების ჟრიამულისა და ბედნიერების მიზეზი ხდებახოლმე. ზვავივით მოაწყდებიან  კლასის არც თუ ისე დამშვენებულ კარს და ხმაურით აბრუებენ კედლებს. სამასწავლებლოში მაგიდას ვალაგებდი, მიყრილ ნივთებს თავისი ადგილი მივუჩინე. სანამ ხმაური არ მიილია, წასვლა არ მიჩქარია. მინის ბოთლში წყალი გამოვცვალე და მაგიდაზე დავდგი. მერე გაწუწული ბოთლი შევამშრალე, მინდვრის ორი ღერი ყვავილი შიგ ჩავდე და კმაყოფილი სახით გადავხედე–რამე ხომ არ აკლიამეთქი. სასიამოვნოა მოწესრიგებული მაგიდა და თან შენებურად შელამაზებული. სულ ფურცლებითა და ჟურნალებით ხომ არ უნდა აავსო ყველა უჯრა. ცოტა შენი გატაცება, სითბო და ფიქრები  უნდა მიმოფანტო ირგვლივ, სხვაც რომ ასიამოვნო და შენც გაიხარო. მართა კართან მელოდებოდა და სულ გადამავიწყდა, რომ ერთად მივდიოდით სახლისკენ. გავედი თუ არა, ზურგჩანთააკიდებული კართან ატუზულიყო და ლოდინისგან შეწუხებულს თავი ჩაექინდრა.
–მართა, მაპატიე. დრო ისე გამეპარა..
თავზე ხელი გადავუსვი გოგონას და ვაკოცე. თავად გამიღიმა და ხალისიანად შემომანათა თვალები:
–არაუშავს, სად გვეჩქარება.
მე გამეღიმა, მერე ჩავიცინე გულიანად.
ორი წამით დამელოდე, ახლავე გამოვალმეთქი. დანაშაულის გამოსყიდვა მინდოდა და  უჯრიდან ორი შოკოლადის კანფეტი ამოვიღე. მივუტანე და ღიმილიანი სახით გავუწოდე.
–მადლობა,–გაუხარდა მართას და ერთი კანფეტი უკან მომცა.
მე არ გამოვართვი, შენიამეთქი ასე ვუთხარი. არ მომეშვა, მეც აღარ გავაჭიანურე ბედნიერების მიღება და მასთან ერთად მივირთვი ლინდორის უგემრიელესი შოკოლადი.
–რა გემრიელიაა,– გოგონამ სიხარულისგან თვალები გააფართოვა და ხელი ჩამკიდა.
მოულოდნელი იყო მისი სითბონარევი სითამამე. მეც მაგრად ჭავჭიდე ხელი და ასე მივუყვებოდით კლასელებივით სახლის გზას. იმ წუთას მართა ჩემი ტოლი იყო, მე–მისი. სახლამდე მივაცილე.
საღამოს ეზოდან გაყინული შეშა ამოვზიდე და ბუხართან მოვიმარაგე, ცოტას გათბებამეთქი,–ვიფიქრე. შეშის თხელი ნაფოტები და ხის წვრილი უვარგისი ტოტებიც მოვაკოწიწე ცეცხლის ადვილად დასანთებად. ბუხარში წყობისად დავალაგე და სულ ერთი ნაპერწკალი უნდოდა ასაგიზგიზებლად.
მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად გადავწყვიტე ცხოვრება, ყველა საქმე ჩემს კისერზეა და ამის გაკეთება რომ არ მსიამოვნებდეს, მსგავს რადიკალურ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. სირთულეების არასდროს მეშინოდა და ახლაც ცხოვრების არაჯანსაღად ქაოსურ დინებას ისე მივყვები, როგორც საჭიროა. უფრო სწორად, კი არ მივყვები, გვერდს ვუვლი, როგორც შემიძლია. ბინძური თამაშებითა და უგონო სახეებით გაჟღენთილი ქალაქი მალე ოთხფეხთა მასკარადს დაემსგავსება. მასკარადზე მოსაწვევი ყველას ერგება, ვინც აიღებს. იმდენი მოსაწვევები მაქვს დასახარისხებელი ჩემი ამბიციებისათვის, რომ ამ მასკარადზე უბრალოდ დრო არ მყოფნის დასასწრებად და ცოტა გასართობადაც. ზუსტადაც ამ გართობით იწყება წვეულება. სულ რომ არ გინდოდეს, ერთი ჭიქა ცხელი გლინტვეინი ხომ მაინც უნდა მოსვა, რომ გაგათბოს, ცოტა გაგაბრუოს, განწყობა შეგიცვალოს, მერე დაგათრობს და გინდა თუ არა, ცეკვის ფერხულში უნდა ჩაება და ვინ იცის, როდის დააღწევ იქიდან თავს.
რა ჯობია, ყველა შენს გულის ჭიას რომ გაახარებ და დღის ბოლოს კმაყოფილი სახით  დადებ თავს ბალიშზე. მერე და ისე ტკბილად დაგეძინება, ამ კმაყოფილებას ვეღარც მოიშორებ, თუ მოინდომებ. ხოდა ამ კმაყოფილების მოლოდინით გავანათე განახშირებული ბუხრის კედლები. ცეცხლმა რომ მოიძლიერა თავი და წვრილმა ნაფოტებმა პიწკინი დაიწყეს, სითბოს ალი მაშინვე სხეულზე მომელაქუცა. საღამოს ბინდი ისედაც ეკვროდა ჩემს ფანჯრებს და ფარდებით კიდევ უფრო მეტი სიმყუდროვე შემოვიტანე სახლში. ბუხართან ერთი დიდი ხალიჩა დევს, დიდი ხნის ნაქონია, თუმცა სითბო და სილამაზე კვლავ შენარჩუნებული აქვს. საძინებლიდან კიდევ რამოდენიმე ბალიშიც მივუმატე და სრული იდილია შევქმენი წერისთვის. წერა ძალიან მიყვარს, როცა ვწერ ვმშვიდდები. ყველა და ყველაფერი მავიწყდება და სრულიად ახალი სამყარო მიპყრობს.
სამზარეულოში ჩაიდანი უკვე ადუღდა, მდუღარე წყალიც გადმოსულიყო და თავსახური ისე ხტუნაობდა, თითქოს მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებსო. მაშინვე გავიქეცი. წყალი ჩაისთვის მზად იყო. პიტნის ფოთლები ჩავყარე და ღია მწვანედ რომ შეიღება წყალი, ყვითელ გაბერილ ჭიქაზე დავასხი. მიყვარს ყვითელი ფერი. ყველაფერი მიყვარს, რაც მზეს ჰგავს. პიტნის ჩაის ცოტა ლიმონი ჩავაწურე და ისეთი გემო მიეცა, ერთი ყლუპიც კი გამოაცოცხლებდა მკვდარს და ცოცხალს ხომ სიცოცხლეს შეაყვარებდა. ჩემებურად მოვკალათდი ბუხართან და დავიწყე წერა...
მეორე დღეს ვისვენებდი. დილას ადრე ადგომა არ მიჩქარია. მზეს თვალებით მივეფიცხე და სანამ არ მომშორდა, თვალის გახელა არ მიფიქრია. მიყვარს ზამთრის მზე, ამ გაყინულ სივრცეს ცოტა სითბოც კი ჰყოფნის სასიამოვნოდ.
უკვე ახალი წელი მოდის და საახალწლო პროგრამის შესადგენად უნდა მოვემზადო. მისალოცი ბარათები და ნახატები უნდა შექმნან ბავშვებმა. ძალიან გაუხარდებათ, ამ ამბავს რომ გაიგებენ. მიყვარს მათთვის  სიხარულის  მინიჭება და შემდეგ მათი ბედნიერების გაზიარება. და იცით რატომ?– ნამდვილ ბედნიერებას მათში ვპოულობ, ყველაზე გულწრფელი ღიმილი აქვთ და თვალებიდან ისე ასხივებენ სიკეთეს, რომ ხანდახან მგონია, ანგელოზების პატარა სამყაროში ვარ. ჩემი მართა ხომ ნამდვილად პატარა სასწაულია. დღე ისე მიიწურა, რომ ვერც გავიგე, როგორ შემოიპარა ჩემს სახლში ღამის ბინდი. საახალწლო სამზადისმა მიმიტყუა და დროც ამასობაში გამეპარა. დაღლილს მალევე დამეძინა.
დილით ისე ციოდა, ცხვირი რომ გარეთ გაგეყო, ერთი–ორი ლოლო აუცილებლად ჩამოგეკიდებოდა. ბურატინოს გმირს ნამდვილას შეშურდებოდა. სახე ისე შევიფუთნე, როგორც ბავშვობაში სკოლაში წასვლის წინ მახვევდნენხოლმე შალის ტანსაცმელში. კისერსაც ვერ ვატრიალებდი. შემობრუნდება რომ მდომოდა, მთლიანი ტანით ვბრუნდებოდი. ნამდვილი შალის ქანდაკება ვიყავი. ახლა ყინვამ შემაშინა და სხვა რა გზა მაქვს. ხტუნვა–ხტუნვით მივდიოდი სკოლისკენ, ხან მივრბოდი იმ იმედით, რომ ცოტას გავხურდებოდი. სკოლის მოსწავლეს უფრო ვგავდი, ვიდრე ოცი წლის ახალბედა მასწავლებელს. შევედი თუ არა შენობაში, მაშინვე ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. იქ პატარა გამათბობელი დგას. სახარბიელო სითბო არც ამ ოთახშია, მაგრამ გაყინულ ძვლებს ოდნავ მაინც გაალღობს. გავიხადე ტანსაცმელი და კარადაში რომ ვკიდებდი, მერე დავრწმუნდი ჩემს ძალებში, თურმე რამდენი სიმძიმის ტარება შემძლებია. დილით ქაოსიახოლმე სამასწავლებლოში. ერთი მეორეს ვესალმებით, მერე ერთმანეთს და სიჩქარეში დღეს ქართულის მასწავლებელი ორჯერ მომესალმა.
–დილამშვიდობისა.
–დილამშვიდობის ქალბატონო ეთერ,–მეც არ შევიმჩნიე და ორჯერვე მივესალმე. ერთხელ დერეფანში და მეორედ აქ, ამ ოთახში. აქ ყველა ჩემზე უფროსია და ყოველთვის ქალბატონოთი მივმართავ მათ. მეც ნამდვილად სითბოს ვიღებ მათგან და მადლიერებას ყოველთვის გამოვხატავ. სამასწავლებლოში გავაჟღერე, რომ საახალწლო სამზადისი გვექნება დღეს უმცროსკლასელებთან. ყველა დაინტერესდა. მეც ერთი სული მქონდა, ბავშვებთან განმეხილა ჩემი იდები. რა თქმა უნდა, მათი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის და სახალისო საქმეებში მათ მოსაზრებებს უფრო წინ ვაყენებ. ზარიც დაირეკა. პირველი გაკვეთილი დამთავრდა. ჩემი გაკვეთილი ახლა იწყება მეოთხეკლასელებთან. სიხარულით გავიქეცი მათთან, არც დაველოდე გაკვეთილის დაწყებას, ისე შევედი ბავშვების აურზაურში. აქეთ–იქით მიმოფანტულიყვნენ, ზოგი დერეფანში დარბოდა, ზოგი ტკბილეულს მიირთმევდა, ზოგი ერთმანეთს ახტებოდა. ეს ხუთი წუთი მათთვის ქაოსის წუთებია. მთელი სხეულით და განწყობით იფეთქავენხოლმე და ოცდათხუთმეტწუთიან სიმშვიდეს ხუთ წუთში აყრუებენ. შევედი თუ არა, მაშინვე მართას მოვკარი თვალი. თავადაც აქტიური ბავშვი თანატოლებთან ერთად კისკისებდა. დამინახა თუ არა, მაშინვე ჩემკენ გამოიქცა და ღიმილიანი თვალებით მკითხა:
– მას, დღეს რა უნდა გავაკეთოთ?
–დღეს ოცნებების დღეა. საახალწლოდ უნდა მოვემზადოთ.
–ოცნებების? მე ბევრი ოცნება მაქვს. აი, მაგალითად მინდა, როცა გავიზრდები, ბალერინა გამოვიდე; კიდევ მინდა წითელი ველოსიპედი,–მამამ შემპირდა; კიდევ მინდა, რომ სულ თბილოდეს, დილას ძალიან გავიყინე.
გამეღიმა. ზარი დაირეკა და ბავშვებს ახლა უკვე  ოფიციალურად მივესალმე. ყველა დასხდა. მეც დავჯექი. პარკიდან დიდი ფერადი ფურცლები ამოვიღე, ფერადი ფანქრების დიდი შეკვრა და საახალწლო ბარათების ფირფიტები. ყველა გაფართოებული თვალებით შემომყურებდა. აინტერესებდათ, რატომ მოვიტანე ამდენი ფერადი მასალა. მათ ხომ ყველაზე მეტად სიფერადე უყვართ. ბოლოს მივმართე და ვთხოვე, ყურადღებით მოესმინათ ჩემთვიის.
–ჩემო პატარა მეგობრებო, ერთ კვირაში ახალი წელია. დარწმუნებული ვარ,  ყველას გვიყვარს ახალი წელი, საჩუქრები, ფერადი ცა, სიმხიარულე. ყოველ ახალ წელს სიახლე მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში. ძველი წელისგან მხოლოდ სიკეთე უნდა გვახსოვდეს და თუ კი რაიმე ზიანი, სევდა ან მარცხი ყოფილა, ძველ წელს გავატანოც. ის ხომ არასდროს დაბრუნდება და ასე უნდა იყოს ჩვენი შეცდომებიც. შეცდომებზე რაც ვისწავლეთ, ის თან დავიტოვოთ, მომავალში გამოგვადგება. ახალ წელს ახალი ცხოვრება დავიწყოთ ახალი შემართებითა და მიზნებით. თუ ოცნება გაქვთ, გჯეროდეთ, რომ წრფელი გულით ნანატრი ყველა ოცნება ახდება. მე მჯერა თქვენი ოცნებების ასრულების და თქვენ მითუმეტეს უნდა გჯეროდეთ. უნდა გჯეროდეთ ყველა იმ ადამიანის, ვინც თქვენს ოცნებებს მხარს დაუჭერს და მის ასრულებაში დაგეხმარებათ. ისიც მინდა იცოდეთ, რომ ოცნებები თავად არ ხდება. ცოტა მონდომება და ბევრი შრომაა საჭირო. მერე ამას ემატება წყალობა ღვთისა და შენი ოცნებაც მზად არის. ის ისეთი მოულოდნელი და გულის ამაჩქარებელია, რომ ბედნიერების შეგრძნებასაც ვერ აცნობიერებ. ამას ჰქვია ოცნება. როგორც ზღაპრებშია კეთილი დასასრული, ნატვრაც მხოლოდ სიკეთისაა. აბა, სიძულვილითა და ამპარტავნებით შექმნილი სურვილი მხოლოდ ფარისევლობაა. ამაზე არ იფიქროთ, არ გამოდადგებათ, გულს დაგიმძიმებთ. მხოლოდ სიმსუბუქეზე იფიქრეთ, მსუბუქი სხეული ბედნიერია, არაფერი გტანჯავს, არ გღრღნის, არ გიკიჟინებს მეორე მე. ბედნიერება ძალიან მსუბუქია, ბუმბულივითაა, შეიძლება გაგიფრინდეს და ისე შორს წავიდეს, რომ ვეღარ დაიბრუნო. მერე სხვა ბედნიერებაც მოვა, ისე როგორ გაგწირავს ღმერთი, მაგრამ შენ ის გერჩივნა, ის გიყვარს, ის გათბობს. ყველა ბედნიერება ერთმანეთს არ ჰგავს, ისევე როგორც ჩვენ არ ვგავართ ადამიანები ერთმანეთს. შეინარჩუნეთ თქვენი ბედნიერება, იცხოვრეთ თქვენი ოცნებების ასრულებისათვის და შედეგად ანგელოზთა ნათელი გზა იქნება თქვენი ცხოვრების თანმდევი. მე ყველაფერი მემეტება თქვენთვის, თქვენც გაიმეტეთ სხვებისთვის და ასე ჩავებმებით ბედნიერების ჯაჭვში.
რომ დავასრულე სიტყვა, მივხვდი, რომ ბავშვებთან ცოტა მეტის საუბარი მომიწია იმ თემაზე, რაც მე მაწუხებდა და ისინი ამას ვერ გაიგებდნენ, არც არიან მზად ამისთვის და არც არის ამ ეტაპზე საჭირო მათთვის. ჩემი გაფრენილი ბედნიერების მხოლოდ მე მტკივა, მხოლოდ მე გავუგებ ჩემს თავს და ამაზე ფიქრი, სულაც არ არის სხვებისთვის აუცილებელი, მითუმეტეს მათთვის. იმით დავიმშვიდე გული, რომ მე მათ ბედნიერების დაცვისაკენ მოვუწოდე, იქნებ მართლაც დამიჯერონ და გამიგონ. არ მინდა, რომელიმეს ოცნება უგზოუკვლოდ დაიკარგოს.
შევყოვნდი წამიერად. ბავშვების მზერა ჩემკენ იყო მოპყრობილი და იმის მაგივრად, რომ მე მათთვის მოტანილი ფერადი ბარათები გადამეცა, როგორც ამას მათი პირველივე მზერა მოითხოვდა, მცირე მონოლოგი გავუბი. ახლა მათი მზერა, საუბრის გაგრძელებას უფრო მოითხოვდა, ვიდრე–სხვა საქმეს. ჩემს თავს იმის უფლება არ მივეცი, რომ მათი მდუმარე სახეები კვლავ დამენახა. მაშინვე ამოვყარე ქაოსურად ყველაფერი ფერადი და ბავშვები რის ბავშვები არიან, თვალი და ყური მაშინვე ამ ნივთებისკენ მომართეს. სახეზე ღიმილიც გადაეკროთ და მათი თვალები ციცინათელებივით ანათებდნენ.
–ეს რა არის? რა ლამაზია? რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენთვისაა?–გაოცებული თვალებით სიხარულს გამოხატავდნენ და ყველა სათითაოდ მეკითხებოდა.
–ახალი წლისთვის უნდა მოვემზადოთ. მისალოცი ბარათებიც უნდა გავაკეთოთ და საახალწლო ნახატებიც დავხატოთ,–ღიმილიანად მივუგე. მაინც არ დაკმაყოფილდნენ ჩემი პასუხით და მათმა მოუთმენლობამ აურზაური გამოიწვია, თუმცა ეს აურზაული არ ჰგავდა უმსგავსო, შემაწუხებელ საქციელს. ბედნიერების კორიანტელი იდგა ოთახში. სათითაოდ ყველას დავურიგე მისალოცი ბარათები.  ზედ საახალწლო სტიკერებს დააკრობდნენ და მისალოც ტექსტს ჩაწერდნენ. მერე ლენტით უნდა გაებანტათ და სულ ეს იყო. ტექსტი დაფაზე დავუწერე დიდი ასოებით. ფერადი კალმები მათთვის კიდევ ერთი სიხარული იყო, უბრალო ფერადი ფურცლები–დიდი სიამოვნება. სულ მცირე ნაპერწკალსაც კი შეუძლია ბავშვების გულებში ცეცხლის დანთება. მთავარია, სწორად დაანთო, რომ ამ ცეცხლმა არაფერი დაწვას.  ამ სამზადისში დრო ისე მიილია, რომ მხოლოდ ბარათების გაკეთება მოვასწარით. ნახატებს  შემდეგისთვის შევპირდი და ისინიც სულმოუთქმელად ელოდებიან შემდეგ გაკვეთილს. დავემშვიდობე. მადლობაო–ერთმა მითხრა, მერე მეორეც აჰყვა და ყველა მთელი გულით უშვებდა ჩემკენ ამ სიტყვებს. კლასიდან კმაყოფილი გავედი, სიამაყეც მომემატა და სიმსუბუქეც. ესეც ოცნებაა. ყველა ბედნიერება ოცნებას ჰგავს.
დღე რომ წარმატებით იწყება, დასასრულიც ბედნიერიახოლმე ხშირშემთხვევაში. დილის განწყობა თუ საღამომდე გაგყვება, დაღლაც არ გეტყობა და ძილიც ტკბილი იცის. ფიქრებიც ფერადი გეფინება და დარდი სულ გავიწყდება. განწყობა ქმნის ბედნიერ დღეს. ეს უნდა ვასწავლო ბავშვებს,-გავიფიქრე და გადავბრუნდი. ტკბილად დამეძინა.
მეორე დღეს სიხარულით გავიქეცი სკოლაში. ვიცოდი, რომ ბავშვებიც მოუთმენლად მელოდნენ. ჩვენი მოლოდინი ერთმანეთს უკავშირდებოდა და უფრო და უფრო იზრდებოდა. ჩემი გაკვეთილის ზარის ხმა რომ გავიგონე, გულმა ბათქუნი დამიწყო და მაშივნე კლასის ოთახისკენ გავექანე. ფერადი ფანქრების დიდი შეკვრა ამოვიღე და ფერადი ფურცლებიც ჩამოვურიგე ყველას. ჩარჩოსავით კიდეები ჰქონდათ ფურცლებს, დასრულებისას ნამდვილ ნახატს რომ დამსგავსებოდა.
-რა უნდა დავხატოთ?-მკითხა მოუთმენელმა მართამ.
-დახატეთ ყველაზე ფერადი, ყველაზე ბედნიერი და დაუვიწყარი დღე თქვენს ცხოვრებაში. დახატეთ თქვენი ოცნება, თქვენი სურვილები დახატეთ. ბავშვები ცოტა დაიბნენ და უკეთ რომ ამეხსნა მოვუყევი:
-აი, მაგალითად, მე დავხატავდი ადამიანს, რომელთანაც მხოლოდ ბედნიერება იყო ჩემი ცხოვრების თანმდევი, მხოლოდ სიხარული იკითხებოდა ჩემს სახეზე. დარდი, მწუხარება დიდი ხანია დავიწყებული მქონდა. მერე ალბათ, ბედნიერებამ მოიწყინა და სამარადისო მწუხარე დაღი დამასვა გულზე. ახლაც მასვია და თანაც ისე, რომ ალბათ დროც ვერ წაშლის, ვერ განკურნავს. ამიტომ დავხატავდი დიდ მზეს და შიგნით იმ ადამიანს ჩავხატავდი, როგორც სიმბოლოს უკვდავი და უშრეტი სითბოსი და სინათლის.
რომ დავასრულე, ბავშვებს მზერა ჰქონდათ გაშეშებული. ისევ დავაბნიე ისინი. მერე ღრმად ამოვისუნთქე და გავუღიმე.
-შეუდექით, დღეს ოცნებების დღეა. დავიწყოთ ხატვა.
მეც მათთან ერთად ვხატავდი. ხატვის დროს ისინი ბევრს ფიქრობდნენ, ოცნებებზე ფიქრობდნენ, თანაც ოცნებობდნენ. გამიხარდა, ფიქრიც ვასწავლე და ბედნიერების დანახვაცმეთქი. მერე ჩემს მაგიდასთან დავჯექი, მოვიმარჯვე ფურცელი და კალამი. კალამს კი ადვილად მიჰყვება ხელი, მაგრამ ფიქრები რომ გეზღვავება, მერე ვეღარ იგებ რა არის შენი ოცნება. გავირინდე და მაშინვე გამოვეთიშე მიწიერ სამყაროს.
მზე ავაკაშკაშე ისე, როგორც ზაფხულის მწველ დღეებშიახოლმე. სითბო სიცხედ გადავაქციე. სხივები ისე გავაძლიერე, რომ ყველა გაყინულ და მიბნელებულ ადგილს ნატვრას აუხდენდა. ზამთრის სიცივე არ დამიმალავს. გაყინული სამყარო თოვლით დავფარე. მიუვალი და უდაბური ტყე ვერ გავალამაზე, თუმცა თოვლმა მაინც თავისი გააკეთა და საცოდავი, გაყინულ-გამხმარი ხის ტოტები თბილი ქურქით შემოსა. შეეცოდა არ გაცივდნენო. რაღა გააცივებდა ცოცხალ-მკვდარ ტოტებს, ამდენი ხნის უპატრონო ხეებს, ხალხისგან და ბუნებისგან მიტოვებულებს. იქნებ მზემ მაინც უწყალობოთმეთქი და სხივები მათკენ მივმართე. თვალის დამაბნელებელი და ამავდროულად, თვალისმომჭრელი მზის სინათლე ამ თეთრ თოვლზე სულ განათდა. ცა და მიწა ერთმანეთისკენ ანათებდნენ. თეთრ თოვლზე უთვალავი მარგალიტები გაეფინა მზეს და მერე თავად დაიარებოდა თვლებით მოჭედილ ხალიჩაზე. როგორც კი მივალამაზე ნახატი, მაშინვე დავუბრუნდი ბავშვებს. ყველას დამთავრებული ჰქონდა ხატვა და სიხარულით მაჩვენებდნენ თავიანთ შემოქმედებას, ამაყობდნენ კიდეც საკუთარი თავით. ერთს დიდი სახლი დაუხატავს, ბევრი ყვავილებითა და ძაღლით ეზოში. მეორეს ბევრი ველოსიპედი და ცხენზე მჯდომი მხედარი. მესამემ ფერადი ცა, მთვარე და ვარსკვლავები დახატა. სხვამ თავისი ბედნიერება მშობლებში დაინახა და მის გვერდით მშობლები დახატა. მის გვერძე მჯდომმა თანატოლი გოგონა დახატა, მისთვის ოცნება ეს მშვენიერი გოგონა ყოფილა. ამან კიდევ ბევრი იფიქრა ალბათ და წითელი გრძელი კაბა დახატა. მართას ბევრი პეპელა დაუხატავს და კიდევ გოგონა ყვავილების გვირგვინით. ყველას ნახატი რომ ვნახე, ბედნიერება ვერ დავმალე და მადლობა მოვუხადე. კლასში გამოფენა გავაკეთეთ  და ბედნიერი წინასაახალწლო დღეებიც მხიარულად დავასრულეთ. სკოლიდან წამოსვლისას მართა წამომეწია.
-მოგეწონათ ჩემი ნახატი?
-კი, ძალიან მომეწონა ჩემო პატარა მეგობარო.
-თქვენ რა დახატეთ?
-მე?-თითქოს გავიკვირვე. ახლავე გაჩვენებ,-ამოვიღე ჩანთიდან მუყაოს ქაღალდი და გავუწოდე მართას.
-რა ლამაზიააა...-წამოიყვირა გოგონამ აღმფთოვანებისგან. რამდენი სხივებიაა,-ბოლოს დაუმატა ბევრი ფიქრის შემდეგ. რა არის თქვენი ოცნება?
აქ კი ნამდვილად დავიბენი. ხან ნახატს მივაჩერდი და ხან მართას. მერე თვალი ორივეს მოვაშორე და დავფიქრდი.
-იცი მართა,-გავაგრძელე. ჩემი ბედნიერება ეს ტყეა, ეს სხივებია, ეს ზამთარია. ყველაფერი რომ ასხივებს, ჩემი ბედნიერებაც ღვივდება. ზუსტად ამ ადგილას, ამ ტყეში,-ნახატზე მივუთითე გოგონას,- ჩემი ოცნებაა. სწორედ ამიტომ მივმართე მზის ნათელი და თბილი სხვივები ამ ადგილას. მერე თეთრი თოვლით დავფარე გაუხეშებული მიტოვებული მიწა. ბოლოს რომ ვიყავი არც თოვლი იყო და არც სილამაზე. სიცივეს გაეყოლებინა ქარისთვის ყველაფერი თუ კი რამ გააჩნდა ამ საზარელ ტყეს. ჩემთვის ყველაზე თბილი ადგილია და სხვებისთვის-საზარელი. ეგ არაფერს ცვლის ჩემთვის. მე მაინც მივდივარ და ვთბები. ბედნიერებას ვისრუტავ და სახლში ისე ვბრუნდები. დარდს ვიქარვებ, ნაღველს ვღვრი, ბოლოს მონატრების სითბოს მოვიკიდებ ზურგზე და უკან მივუყვები გზას სახლისკენ.
-ეს რა ადგილია?-მკითხა მართამ, რომელსაც ვერ გაეგო რაზე ან ვიზე ვესაუბრებოდი.
-ეს ბედნიერების ადგილია,-მოკლედ ვუპასუხე და მეტი რომ არ გამეგრძელებინა, ხელი ჩავკიდე მართას, წავიდეთმეთქი, თან ციოდა. კარგა ხანს დაფიქრებული მოვდიოდით. კიდევ ერთხელ დავაბნიე სხვა,-მებრაზებოდა საკუთარ თავზე. ისიც ისე გაკვირვებულად მიყურებდა, ვერ გაეგო, რომელ ბედნიერებაზე ვესაუბრებოდი. ვერც ის გაეგო, ეს საზარელი ტყე სად იყო ან რატომ იყო ის ასეთი და ჩემთვის ოცნების ადგილი. საბოლოოდ, მივაცილე მართა სახლამდე და ისეთი ცნობისმოყვარე მზერით დამემშვიდობა, რომ მივხვდი, ეს თემა სხვებისთვის ღია არ უნდა ყოფილიყო.
დილა კი პოზიტივით დაიწყო, მაგრამ ახლა სევდამ რომ ბედნიერების ჟამს მომაკითხა, არ ველოდი. სახლში მისვლისთანავე ჩაი შემოვდგი გაზქურაზე და ღონეგამოცლილი  ბუხრის პირას ჩავეშვი. ცეცხლმა ისე მიმიტყუა და მიმაძინა, რომ ვერც ჩაის გადმოსვლა გავიგე და ვერც ის, რომ ღამე უჩუმრად შემომეპარა. გამიხარდა, ხვალ არსად ვიყავი წასასვლელი და მთელი დღე ჩემს ნებაზე იყო. არც დაწოლა ვიჩქარე და არც მეორე დღის საფიქრალმა შემაწუხა. უმოქმედობამ კი ისე მომადუნა, ღონე გამომაცალა, რომ დასვენების მაგივრად დაღლა მაგრძნობინა. რა ცუდია, მონდომებაც რომ აიკრავს გუდა-ნაბადს და დაღლას მიჰყვებახოლმე საგულშემატკივროდ. შენ კიდევ რჩები საკუთარ თავთან მარტო და მხოლოდ ფიქრის უფლება თუ გაქვს, მაგასაც თუ ძილმა არ დაჯაბნა. ასე უგზოუკვლო ფიქრები მომეძალა და მერე ძილმა გადამიბირა.
დილით უკვე კარგად გათენებული იყო. ოთახს წუხანდელი სითბო მაინც შეენარჩუნებინა, ასე რომ ადგომა არ გამჭირვებია. ფეხი საწოლიდან გადმოვდგი თუ არა, დოინჯი შემოვირტყი და მზერა გავაშეშე. დღის გეგმა ფიქრებში წყობისად დავალაგე. მერე ბეჭებში გავიშალე და ვარჯიში დავიწყე. ხორცს ხომ გიკაჟებს და სულს კიდევ გიმხნევებს დილის ვარჯიში. მთელი დღე ძალაც გეზღვავება და სიზარმაცე ხომ არც მოგაკითხავს. თავდაჯერებულობა კმაყოფილებას მოგანიჭებს, მთელი დღე ნაყოფიერად გეჩვენება, ან შეიძლება იყოს კიდეც. ასე რომ, ვარჯიშს ბევრი კარგი თვისებები აქვს. დილა ხაჭოს ღვეზელის ცხობით დავიწყე. ღუმელი გავახურე და დიდი შავი ჟარონა მყარად შევაცურე. დიდი ხანი არ დასჭირვებია გამოცხობას. ერთი სული მქონდა, როდის  გავსინჯავდი რბილ მასას, პირში ჩაგადნებოდა ისეთი შესახედაობა ჰქონდა. საკუთარი თავით ვამაყობდი და თან პირს ვიტკბობდი. პატარა ნაჭერი ჩამოვჭერი და ქაღალდში თბილად გავახვიე. ბედნიერი დღე ვერ წარმომედგინა დიმას გარეშე. ამიტომ მასთან წასვლა გადავწყვიტე. კიდევ უფრო ბედნიერ ხასიათზე დავდექი. საჩქაროდ მოვამზადე ჩემი ზურგჩანთა, არაფერი დამრჩესმეთქი ხმამაღლა ვთქვი. ბოთლით წყალი და ჩაი თერმუსში სწრაფად გავამზადე. ფეხზე ჭრელი წინდები და თბილი ბათინკები ამოვიცვი. წითელი ქურთუკი ჩამოვხსენი, კაშნი გავიკეთე და ქუდი თვალებამდე ჩამოვიფხატე, თითქოს სიცივეს ასე დავემალებოდი. ეს ღვეზელი ზურგჩანთაში ჩავდე. კიდევ ჩემი წიგნაკი, კალამი და წვრილმანი ნივთები არეულად ჩავყარე. სრული აღჭურვილობით მოვემზადე, ჩანთა მოვიკიდე და გასაღები მოვიმარჯვე. როგორც კი კარი გავაღე, თოვლის ფიფქები ცაში ირეოდნენ. ნიავმაც ისე დაუბერა, მეგონა, რომ ცამ ნიშანი გამომიგზავნა. კაშნი უფრო მჭიდროდ შემოვიდე ყელზე და არც დავფიქრებულვარ, ისე გადავკეტე სახლის კარები. გზაში თოვამ უფრო მოუმატა. წამითაც არ მიფიქრია უკან დაბრუნება. სქელ ფანტელებს ბავშვივით დავდევდი და გზის სიგრძესაც გართობით ვიმოკლებდი. სიცივე ნელ-ნელა მეპარებოდა სხეულში, მაგრამ არ ვეპუებოდი, თან არ ვიმჩნევდი. ნიავი ქარმა შეცვალა, ფიფქები კი-გუნდებმა. რამ გააბრაზამეთქი ბუნება, ასე რომ გაწყრა,-გავიფიქრე. სიბრაზე როგორც კი შემომეპარა, სიცივემაც არ დააყოვნა. ცოტა კი შემეშინდა, ამ ამინდში კაცი არ ჩანდა არსად და მე რამ გამაგიჟა-მეთქი.
სიყვარულმა იცის სიგიჟე, განსაკუთრებით სევდანარევმა,-შემომესმა ხმა, ან უბრალოდ ასეთმა აზრმა გამიელვა თავში, არ ვიცი..
მეც ავყევი დიალოგს, თუ მონოლოგს...ცოტა იმედი მომეცა, როდესაც გავიაზრე, რომ აზრს მოკლებული არ იყო ჩემი სიგიჟე და ყოველგვარ აზრს ადამიანი აძლევს თავის ქმედებებს. კიდევ განაგრძო:
-სიგიჟე ხომ ბედნიერების არაჩვეულებრივი გამოხატულებაა. შეიძლება უკიდურესი ფორმაც. მთავარია, სწორად მართო და ნორმას არ გასცდე, რაც უფრო მეტად საინტერესოა, მაგრამ-საშიში სხვებისთვის. სწორედ სხვებისთვის, აბა შენ ისეთ ექსტაზში ხარ, რომ სიმშვიდისა და თვითკმაყოფილების ერთობლივი გრძობა მთებს გადაგადგმევინებს. ეძებ ბედნიერებას?
-ბედნიერება დავკარგე.
-ბედნიერება კი არა, სულის ნაწილი დავკარგე. ის ნაწილი, სადაც გულის ფეთქვა ყველაზე მეტად ისმოდა. ბედნიერება კიდევ მოვა.
-კარგი, მაშინ ასე ვიტყვი- სულის ნაწილი დავკარგე. ეს უფრო ცუდი არაა?
-ასე ვიკარგებით და ვიფლითებით ადამიანები გზადაგზა და ბოლოს ჩვენი სულიც ჰაერში მიდის-სადღაც მაღლა, შორს...
-ეს გამართლებაა? არა, მე ბევრი დავკარგე-მეთქი.
-დაკარგე და იპოვი კიდეც. ბედნიერება ყოველთვის მოვა-სხვა ადამიანის სახით მოვა.
-სხვა? სხვამ რა იცის ჩემი ბედნიერება?
-სხვამ კი არ იცის, მაგრამ ღმერთმა ხომ იცის.
-მე ის ვიცი, რომ ახლა, ამ წუთას, სიცივესა და თოვლში მივდივარ იქ, სადაც ბედნიერი ადამიანები არ დადიან. და მივდივარ სწორედ იმისთვის, რომ სევდა იქ დავტოვო და ცარიელი წამოვიდე უკან.
-ის მაინც მოვა..
-არ მოვა,-მაშინვე გავაჩუმე.
არ მანებებდა უშნო და გამაღიზიანებელი ხმა, რომელიც თავიდან მეიმედებოდა და ახლა თითქოს მცდიდა, უკან დაბრუნებას მიბიძგებდა. ამან უფრო ძალა მომცა და როგორც კი დიალოგი დავასრულე, თვალები გამინათდა. ამხელა გზა ფიქრებით მოვიმოკლე და სიხარული მომემატა. თოვლის ფიფქებიც უკვე სასიამოვნოდ იყრებოდნენ ციდან. ჩემდა საიმედოდ ბუნება დამშვიდებულა და ის მცირედი შიშიც მაშინვე გამიქრა.
მივუახლოვდი თოვლით დაფარულ, უშნო ღობით შემოკრულ, უპატრონო და შელახულ ადგილს, იმ ადგილს, რომელიც ჩემთვის საზარელიცა და საყვარელიც ერთად გამხდარიყო. ვამაყობდი საკუთარი თავით, გამბედაობითა და სიძლიერით, მაგრამ რამდენადაც ძლიერი ვიყავი, იმდენად მასუსტებდნენ უსისხლო ჭრილობები. ყველა გრძნობა ერთად ირეოდა სხეულში, თითქოს ადგილს ვერ პოულობენო. არც მე ვუჩენდი მათ თავიანთ ადგილს. ქაოსმა დაისადგურა ჩემში.  შიგნით და გარეთ სრული არეულობა შექმნილიყო.
კრძალვითა და სიფრთხილით მივუახლოვდი დათოვლილ ადგილს, რომელიც სამყაროსთვის ერთი უბრალო მოკვდავის სამარე ყოფილიყო და ისიც მიტოვებული, ყველასგან გარიყული, ალბათ მხოლოდ მე მახსოვდა, რადგან ჩემთვის უბრალო საფლავი კი არა ქაოსის ბუდე გამხდარიყო, სადაც ყველა გრძობა შიგნით ჩავაყოლე და მასთან ერთად დავასამარე. დასამარება თურმე არ შველოდა საქმეს და დღეს არც ეს გრძნობები მასვენებენ და არც ეს სამარე.
ვდგავარ პირისპირ, ზედ სამარეზე, შუა ტყის გულში. თმებზე მსხვილი ფიფქები მახურავს თავშლად. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ბოლოჯერ ვუღიმი, ბოლოჯერ დავღვრი მისთვის ცრემლს და ბოლოჯერ მოვასმენინებ მიწაზე დაკრულს ჩემს გულისცემას. ტკივილი მატულობს, ჭრილობა იხსნება, ცრემლი არ მეღვრება, ყელში ბუშტი მაქვს გაჩხერილი, ყველა სადინარი გადაკეტილი მაქვს, მახრჩობს კიდეც. სიცივე მყინავს. ბუნებამ თითქოს დამსაჯა აქ მოსვლის გამო, მე კიდევ ჯინაზე, მის ჯინაზე და ყველას ჯინაზე მაინც ვღვრი სითბოს, მაინც ვიხსენებ წარსულს და ისეთი ღიმილი მეფინება სახეზე, თითქოს მზის სხივები მითბობენო გაყინულ ლოყებს. თითქოს ცრემლმაც მიიკვლია თავისი კვალი, თითქოს გულიც საგულეში ჩადგა. მუხლები მოვკეცე, ცოტახნით მივესვენე. მეგონა, დავისვენებდი. მეგონა, მასთან საუბარს შევძლებდი. დუმდა, თითქოს არც მისმენდა ან სხვაგან წასულიყო, არვიცი სად. სადმე შორს, ალბათ ცაში, ხმელეთი მიეტოვებინა. მხოლოდ ხმელეთი კი არა, ყველა მიეტოვებინა, მეც. ან რა გასაკვირიკო თავად ყველამ მიატოვა...
-და შენ?- კვლავ გამომეხმაურა, თავს არ მანებებს.
-იქნებ მე მადანაშაულებ რამეში?-გაბრაზებულმა ვუყვირე ხმამაღლა.
-ხომ ხედავ, წავიდა, დაგტოვა. ისევე როგორც შენ დატოვებ მას, შენც მასსავით წახვალ აქიდან.
-ადამიანების მიმართ ნდობა გაქვს დაკარგული, არ გჯერა გულწრფელი გრძნობების. ალბათ, არც არასდროს განგიცდია და ამიტომ ამბობ, რომ ჩვენ, ადამიანები, ერთმანეთს ადვილად ვივიწყებთ.
-სწორედ თქვენ, ადამიანები, ერთმანეთის გულშემატკივრები იწვევთ ტკივილს ერთმანეთის გულებში. გამოსავალს წასვლით პოულობთ. თქვენ, ადამიანები, ამტკიცებთ, რომ მარადიულობა მოჰყვება ყველა თქვენს გრძნობას, რომელსაც ფეხით თელავთ და ვერც კი გრძნობთ. და თქვენ, ცრემლების მოტრფიალენი, შავი დღისთვის რომ ინახავთ ყველა ემოციას, ხედავთ კი ნათელ სხივებს ყოველდღე რომ ჩნდება თქვენს ცხოვრებაში. აფასებთ კი ბედნიერებას, წვრილმანებში რომ იმალება. და ვითომ უკვდავ ბედნიერებას სცემთ კი პატივს ერთგულებით?
-ჩვენ, ადამიანები, ისე ვადამიანობთ, როგორაც ვახერხებთ ამას და სწორედ ჩვენი ადამინაობით ვიფასებთ თავს იქ, სადაც საჭიროა.
-დაფასება ერთმანეთისა ვიცი და საკუთარი თავის ფასს სხვა უკეთ გაგრძნობინებს. სხვამ თუ იცის ნეტავ დაფასება. ასე გვგონია ყველას, ყველამ ყველაფერი ვიცითო და ცოდნა რა ვარგისია თუ შეგნებაც არ მიაყოლე.  მერე ერთმანეთის იმედად დარჩენილები, თვალებს ვიბრმავებთ, შიშისა გვეშინია, ერთმანეთს ზურგით ვეკვრით და თან ვაქილიკებთ სილაჩრეს. ლაჩრების მეტი რა არის ამ ქვეყანაზე,
ვცდილობ, დავეხსნა, მოვშორდე. ხმას არ ვიღებ. სადღაც გულის სიღრმიდან ფუსფუსებენ ჭიანჭველები, საუბარს ლამობენო. მაინც არ მეშვებიან, რა დარჩენიათ ჩემთან. მაგრად ვდგავარ და ვიბრძვი. ვის ვებრძვი ან რას, ან საით მიდიან ჩემი ფიქრები...
სავსე გულით მივედი და სიცარიელით ავივსე. უკვალოდ დავიცალე ემოციებით. ნუთუ დრო მართლა ყველაფრის  მკურნალია, ნუთუ ოდესღაც ყველაფერი ცვდება, ხუნდება, კარგავს ფერსა და განწყობას. დრო ყველაფერს შლის, ანადგურებს, ამსხვრევს. არა, ასე არ არის. ზოგჯერ შლის და ზოგჯერ ამაგრებს. როგორ დახვდები, მთავარი ეგაა. თუ სადმე სუსტ ნიადაგს იპოვის, ყველა არეულ გრძნობას ჩაგისახლებს და ვინ იცის, როდის დაეხსნები.
აღარ ვუსმენდი. ფიქრებით გაბრუებული წამოვიწიე ასადგომად. ხელებშიც ძალა მომეცა და გულშიც სიმაგრე. ავივსე. სიცარიელე სიძლიერით ავავსე. მოულოდნელად შევიცვალე განწყობა. თურმე ადამიანს განწყობის შესაცვლელად წამები სჭირდება. მთავარია, ეს წამი დაიჭირო. ერთ ადგილზე დიდხანს ვიდექი გაუნძრევლად, თავაწეულად. თითქოს ვინმე დავამარცხე და სამყაროს ახლიდან ვეგებებოდი ამაყად. თითქოს ყველა ჯაჭვი შევიხსენი საკუთარი ხელებით, ასე რომ მიმძიმებდა სულს.
ბუნებაც ჩემს განწყობაზე დაიოდა, თუ მე მივყვებოდი მას, მაინც ვერ გავიგე. ახლართული ღრუბლებიდან ოდნავ მობჟუტავდნენ მზის სხივები. თვალს თვალში მისწორებდნენ, მერე სულ გაფანტეს რუხი, უსიამოვნო ფიქრები და მზემაც გამოანათა. მთელს ტანზე მეხვეოდა მისი სითბო, არ მჯეროდა, ზამთრის მზე ასე თბილი თუ იქნებოდა. ასე თუ მიერთგულებდა და თანამგზავრად ამეკიდებოდა.
ხმელეთხე ხმას აღარ მცემდა, თურმცე ცაში წასულიყო, მე კიდე მიწაში ვეძებდი. მას მერე აღარ მივსულვარ მის საფლავზე. რა მინდოდა, რა დამრჩენოდა. სიცარიელეს თუ მასთან სიახლოვით შევივსებდი, მეორე დღეს ტკივილი მაინც მტანჯავდა. ის ბოლოს მიხვდა, რომ ყველაზე მეტად სიმარტოვე მიძნელდებოდა და სითბო მჭირდებოდა. ამიტომ მზისთვის მიემართა და მას მერე ჩემს თანამგზავრად გამხდარიყო.
თურმე მზესავით  და მზესთან ერთად ადამიანებიც ასხივებენ სხვათა საიმედოთა და სადარაჯოდ.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები