ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
28 ივნისი, 2017


ფ უ რ ი ს უ ლ ე ბ ი

1  აპრილი  და 2001წელი.
მე,  დედაჩემი,  ჩემი  სოფლის  არე–მარე  და  მზე.
ბალახის  ძირებს  შეცვლია  ფერი. გამკვირვებია.
გამკვრივებულან  კიდეც.  მწვანე  ნორჩები  მიმალულად  უხრიან  თავს  ნიავს.
დედა მზისკენ  ზურგით  ჯდება,  არა  იმიტომ  რომ  მის  სხივებს  სახეს  არიდებს,  არა,  აქ  მიზეზი სულ სხვაა.
  სევდა  მიღრმავდება  გულში  ამის  შემყურეს.
დედაჩემი უკვე  გადავიდა  80  წელს  იქით.  მომიხუცდა  ჩემი  ტკბილი  დედა.
დედის  დანახვა  ჩემში  ჩემი  დაბადების  ტოლფასია.  მასთან  ყოფნისას  შიმშილს  ვერ  ვგრძნობ,  ქარივით ვარ,  ენერგია  მოჭარბებული,  როგორც  ბავშვობისას. ასე  მგონია  დედას  როგორც  კი  ვეხები,  რაღაც  იბადება  და  ჩერდება  ჩემში.  თვალებში  ვაკვირდები,  შეცვლილ  თვალებში,  ახალგაზრდობა  დაკარგულ  თვალებში,  ლურჯ ზღვასავით  მდუმარე  თვალებში,  სიბერეშეპარულებში,  სიყვარულგაუნელებელ  და  სითბოდაგუბებულ  თვალებში, ნაოჭებშემოხიზნულებში. 
მტკივა  რაღაც  შიშნარევად, მახსოვს  მისი  ახალგაზრდობა  მენატრება  და  მიმძიმს  დროის დინება,  ტკივილს  მიმძაფრებს,  მაგრამ  ვერ  ვაჩერებ  მას  უძლური  ადამიანი.
ყველაფერს  მე მთავაზობს,  ყველაფერი  ჩემთვის  ემეტება,  ჩემთვის  უნდა.  მე  კი  მისთვის.
ვთქვი,  რომ  ზურგით  ჯდება  მზისკენ  რაც  ხანი  ემატება,  როგორც  ჩანს  სხეულში  სითბო მზიდან,  ზურგის  მხდან  უფრო  სასიამოვნოდ  ეფინება  დაუძლურებულ  მოხუც  სხეულს,  თუმცა  დედა მაინც  მხნედ  არის  ასაკის  კვალობაზე.
და  აი,  დედა  მალევე  დგება  ეზოში  მდგარი გრძელი ხის  სკამიდან და  რაღაც  მსუბუქ  საქმეს მაინც  იწყებს,  რადგან  იქვე  მეც  ვარ.
მეც  დრო მეძლევა  და  მთელი  სისწრაფით  გავდივარ  ეზოდან  და  ჩქარი  ნაბიჯით  ვიწყებ  განმარტოვებას  ჩემს  მონატრებულ  ბავშვობასთან.
  ვერავინ  იცის,  რა  ძვირფასია  აქ  ყველაფერი, ყოველი  გოჯი  მიწა,  ყოველი  ჯაგის  ძირი,  ყოველი  დაბერებული  ხე,  ქვათა  გროვები,,  მინდორი, კორდი,  შემაღლებული  ბექი და  მოკრძალებული  თეთრი  და  მოვარდისფერო  ფურისულების  ყვითელთვალება  მართვეები, უთვლელად  მოდებული  აქაურობას.
ეს  ის  ადგილია,  სადაც  ხშირად  მინდა  ტირილი,  მაგრამ  არ  ვიცი  რატომ,  აქ  ხშირად ბედნიერიც  ვარ  და  მძიმე  წუხილიც  მეტანება    დასაპყრობად.  აქ  ავახილე  თვალი,  აქ  ავიდგი  ენა,  აქ შევიგრძენი უ ჩვეულო  და  საოცარი  ხელი  დედისა,  მისი  სითბო  და  გულში  ჩახუტება,  რომელიც  არასოდეს  მეორდება.
ეს  ის  ადგილია,  სადაც  ყველაფერი  უცვლელად  დარჩა  და  ცოცხლობს  მუდმივად. აქ  არის  სიხარულიც  და  ერთმნიშვნელოვანი  ტკივილიც  ენითგამოუთქმელი,  აუწერელი,  ფუნჯით  შეუსრულებელი,  უსრული  და  სრულყოფილი.
  მამა  აღარ  დადის  აქ, აღარ ისმის  მისი  ხმა,  მისი  იმედი  შენელდა,
ბინდით  იფარება  რაღაც  სიცარიელე, ხელის  შეშველებას  ვეღარ  ვგრძნობ  მისას,  თანაგრძნობისა,  მზრუნველობით  ნათქვამი  და მხარდამჭერი  სიტყების  აღარ  ისმის,  ძალა  აღარ  მემატება,  ის  აღარ  არის  ,  ძნელია  როცა  ვეღარ  ხედავ.  ერთი  დამრჩა  მისგან,  მუდმივად  ისეთს  ვხედავ  ცხადივით  ბოლოს  რომ  იყო,  სუსტი,  მშვენიერი,  კოხტა,  მუდამ  ფიქრებთან  თავდახრილი  შიშნარევად  განმარტოებული  და  სევდიანი.  ძნელია,  როცა  ძვირფასი  ადამიანი,  მიდის  სამუდამოდ,  შენ  კი  არაფერი  შეგიძლია,  ვერ  აჩერებ  ამ  პროცესს,  თუმცა    მჯერა,  რომ  მას  კიდევ  ვნახავ  აუცილებლად.
ვიმუხლებ  აქვე  უახლოეს  და ახლად  ამოშლილ  ფურისულებთან,  თითქოს  ისინი  მამაჩემის მსტოვრები  იყვნენ,  მისგან  მოვლენილები,  შევყურებ  ყვითელ  თვალებში,  ვაკვირდები,  თითქოს  რაღაცაში  დარწმუნება  მინდოდეს, მერე  ფრთხილად  ვეხები მათ  სახით  და  ახლა  სმენადაძაბული  ვუსმენ...
თვალებს  ვხუჭავ  და  ვყუჩდები. ფიქრები  თავს  მესხმიან  და  მამარცხებენ,  ვნებდები  ისე  როგორც  ხმალგადატეხილ  რაინდს  სჩვევია  ბრძოლაში.
აქ  არაფერი  მთავრდება,  უბრალოდ  ვწყვეტ  თხრობას,  რადგან  გაგრძელება  შეუძლებელია.....
გკმარა  ცრემლები  მიკივის  ვიღაც,  საიდანღაც...
ვგრძნობ  სივრცეს  მშრალსა  და  ცარიელს,  გამოფიტულს..
გაზაფხული  კი,  მხოლოდ  ახლა  იწყებს  გამოღვიძებას  და  სულისმოთქმას...
სულში  კი,  ზამთრის  მსგავსად  ბარდნის  თეთრად,  ცა  არის  სავსე  მხოლოდ  წვრილი  და  უინტერესო  ფიფქებით..
მეც აქვე  ვარ, ეს  ჩემი  სულის  ღია  ცაში  ხდება  ყველაფერი......ჩემს სამყაროში,  სადაც  ვერავინ აღწევს,  რაღაც  მსგავსია  ნამდვილი  სამყაროსი  თითქოს, მაგრამ  არა,  არა  სრულიად  განსხვავებულია,  ცისფერად და  ვარდისფრად,  ნაცრისფერად  შეფერილი და  კიდევ  სხვაგვარად  ნაშენები,  სხვაგვარად  დეკორატიული,  სურნელოვანი,  მტკიცე  და  შეურყვნელი......
ჩემი  ფურისულები....
ფურისულები..
.ფ ე რ თ ა    ს უ ლ ე ბ ი......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები