ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2017


ცის სახლი -10. მიტინგი

  მიტინგი

  (გაგრძელება)

  საავადმყოფოში დაბრუნებულმა პაპარაცმა მთელი საღამო (და ღამის გარკვეული ნაწილიც, სანამ ჩასთვლემდა) ფიქრში გაატარა: ქვეყნის ბედი აწუხებდა - ხელისუფლების ვადამდელი შეცვლა (ანუ დამხობა) სიკეთეს რომ არ მოუტანდა ხალხს! არა და, ასეთი დღე შორს აღარ იყო - ქუჩაში გასული ოპოზიცია (და მასთან ერთად საზოგადოების დიდი ნაწილიც) გამარჯვებას წინასწარ ზეიმობდა. თანაც, ბედის ირონიით, (თუ უფრო ბუნების კანონზომიერებით) ეს დასამხობად განწირული ხელისუფლება თავადაც იგივე გზით მოვიდა ქვეყნის სათავეში, რითითაც „მიაცილებდნენ“ - დაამხო თავისი წინამორბებედი ხელისუფლება. ასე რომ, „ირონიისა“ თუ „კანონზომიერების“ თანახმად, როდესღაც „მისი დამმხობლის“ დამხობის ჯერიც დადგებოდა(!), და ასე გაუთავებლად... იმიტომ, რომ ქვეყანაში „კოლექტიური სიბრძნის“ მწვავე დეფიციტი იდგა - საზოგადოება, რომელიც შეცდომათა დაშვების ფაზას ჯერაც არ გასცდენია, დაშვებულის გამოსწორებას როდისღა შესძლებს?! როგორც ქართლოსმა სუფრაზე ბრძანა: სიბრძნე არ გვეყო ქართველებს - ის ჯოხი, რომელიც ურთიერთ-დაპირისპირებულმა დიდმა ქვეყნებმა ერთი-მეორეს თავზე გადაატეხეს,  საქართველო არის! - აი, ამის გამო შფოთავდა პაპარაცი, ვერ შეგუებოდა იმ აზრს, რომ საზოგადოების წიაღში მოიძებნებიან გონიერი ადამიანები (თუნდაც, ქართლოსის სახით), ვისაც შესწევდათ უნარი ქვეყნა კრიზისიდან გამოეყვანათ, მაგრამ მათ ნაცვლად ხალხმა ნდობა ფუჭი დაპირებებით ხელდამშვენებულ ვაი-პოლიტიკოსებს გამოუცხადა, ვის ხელშიც დაიქცა ქვეყანა.
  და აი, ყოველივე ამაზე ფიქრმა პაპარაცს ერთი მეტად გაბედული გადაწყვეტილება მიაღებინა: მიუხედევად მიტინგებისადმი მისი ნეგატიური დამოკიდებულებისა, დაესწრებოდა ქუჩის ამ აქციას და „ქართლოსის სიბრძნეს“ პირადად მიაწვდიდა გზააბნეულ მომიტინგეებს! აქ უნდა ითქვას, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი მისიის საკუთარ თავზე ტვირთვით, არ დავიწყნია, თუ ვინ იყო თვითონ - ფსიქიატრიული საავადმყოფოს ერთი ჩამოძონძილი პაციენტი(...), მაგრამ ჭეშმარიტება ზურგს უმაგრებდა და ამის იმედი ჰქონდა. ისიც კი გაიფიქრა, მომიტინგეთა „დამოძღვრისას“ რაიმე რომ არ შეშლოდა, რესურსად მხოლოდ „ქართლოსის სიბრძნეს“ გამოიყენებდა, და არა, საკუთარს. გადაწყვეტილება მან ყოველგვარი ემოციის გარეშე (გააზრებულად) მიიღო, ოღონდ მისი განხორციელების ორი დღით გადავადება მოუხდა, რადგან ამ ხნის მანძილზე ურიკით უნდა „ეტაქსავა“ თავისი გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად.

  ორმა დღემ სწრაფად განვლო...

  მიტინგზე წასასვლელად მზადება პაპარაცმა დილაადრიანად დაიწყო - თმები დაივარცხნა, პირი გაიპარსა, დაჭმუჭნული პიჯაკი დააუთოვა და როცა ჯერი ორი ზომით დიდ ჩინურ კეტებსა და საბჭოური წარმოების (მუხლებგამობურცულ) სპორტულ რეიტუზზე მიდგა, ინანა, რომ თავის დროზე არ იზრუნა ამ სამოსის უკეთესით შეცვლაზე... კეტები სველი ტილოთი კარგა გვარიანად გადააპრიალა, ხოლო რეიტუზს - უთოს გადასმა დასჭირდა გამობურცული ადგილების დასაბრტყელებლად. როცა მზადებას მორჩა, სარკეში ჩაიხედა და მაშინვე, ეს უფრო ინსტინქტურად მოხდა, თავის უხილავ ფოტოაპარატს შეავლო ხელი, რათა სარკეში არეკლილი ისტორიული კადრი დაეფიქსირებინა, მაგრამ გადაღება გადაიფიქრა, რადგან საქვეყნო საქმეს შეჭიდებულს, ახლა ასეთი ქმედება ბავშვურ გართობად ეჩვენა. საავადმყოფოდან გასული ქალაქის ცენტრისკენ გაემართა - მთავრობის სასახლისკენ, სადაც მიტინგები იმართებოდა. ცოტა არ იყოს, ადრიანად კი მოუწია იქ მისვლა, რადგან ადგილზე მხოლოდ კარვებში მიმოფანტული რამოდენიმე აქტივისტი დაუხვდა. თუმცა, მოგვიანებით ხალხმა მოზიდვა იწყო და გრანდიოზული მიტინგი გაიმართა.
  პაპარაცი ხალხში გაერია... საქმიანობას იგი სიტუაციის დაზვერვით შეუდგა, მაგრამ სანამ უშუალოდ ქმედებაზე გადავიდოდა იგრძნო, რომ მხნეობა დააკლდა - ხალხის სიმრავლემ დააბნია; თვალში სულ ისეთები მოხვდნენ, ვისაც უბატონოდ სიტყვას ვერ შეჰკადრებდა. რა უნდა ეთქვა ასეთებისთვის, და ან რომც ეთქვა, დაუგდებდა კი ყურს ვინმე?! აღნიშნულმა ვითარებამ იგი გაურკვევლობაში ჩააგდო და გონებაში, რაც კი რამ ნაფიქრალი ჰქონდა, ყველაფერი გადაავიწყა.
  - შვილო, - სახელოში მოქაჩა პაპარაცს გვერდში მდგომმა მოხუცებულმა ქალმა, - ვინ არის ეს, ტრიბუნაზე სიტყვით რომ გამოდის?
  მოულოდნელობისაგან პაპარაცი შეკრთა; გონებაგაფანტული ვერ მიხვდა, რა ჰკითხა ქალმა და დაბნეული მიაჩერდა მას; ხოლო მოხუცმა, ტაშის შემოკვრით წამოიძახა:
  - ეს უნდა გახდეს ჩვენი პრეზიდენტი - პენსიის გასამმაგების პირობა დადო! წინა გამომსვლელი მხოლოდ გაორმაგებას დაგვპირდა...
  პაპარაცმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია - იგრძნო, რომ მისი ადგილი იქ არ იყო... და მალე, იმ ერთ უკან გადადგმულ ნაბიჯს სხვაც მიაყოლა; ცენტრიდან მიტინგის ზურგისკენ გადაიწია - რაღაცის იმედი ჯერ კიდევ ჰქონდა... ზურგში ხალხის სიხალვათე იყო და იფიქრა, ეს გონების მოკრებაში ხელს შეუწუობდა. მაგრამ ამაოდ - ვერც გონება მოიკრიბა, და ერთის მხრივ, ახალ ადგილზე უარესადაც იგრძნო თავი, რადგან ვიღაც მანდილოსანმა ისეთი მოვლილი (მოდურად გაკრეჭილი) პუდელი გამოატარა, რომ ამ საბრალომ თავისი გარეგნობის გამო უხერხულობა იგრძნო - ორი ზომით დიდი ჩინური კეტები და საბჭოური წარმოების (მუხლებგამობურცული) სპორტული რეიტუზი რომ ეცვა; რეიტუზზე, უთოთი დაბრტყელებული ადგილები, ჩაცმისთანავე ისევ გამოიბურცა.
  საერთოდ, პაპარაცს ჩვევად არ ჰქონდა ადამიანის გარეგნობაზე (თავისი იქნებოდა ეს თუ სხვისი) ყურადღების გამახვილება, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარად იყო - მან  ანგარიში გაუწია საზოგადოებას, რომელიც ადამიანის ვიზუალურობისადმი სრულიადაც არ არის გულგრილი, და თუკი ვინმეს ამ უკანასკნელის (საზოგადოების) წრეში შეღწევა სურს, (პაპარაცი ხომ მიტინგზე ხალხის დასამოძღვრად მივიდა), თავისი იერით გარკვეული კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, ისევე როგორც - ქორწილში წამსვლელ კაცს საქორწინოდ გამოწყობა ჰმართბს! ასე, რომ პაპარაცის უხერხულობა არა სირცხვილმა განაპირობა, არამედ წუხილმა - თავმომწონე საზოგადოებაში მისი სახით ასეთი „გაცრეცილი“ ადამიანი რომ გაერია!
  - ძირს პრეზიდენტი!!! ძირს კორუმპირებული ხელისუფლება!!! - ტრიბუნაზე გამომსვლელი მთელი ხმით ჩაჰკიოდა მიკროფონს და ხალხისგანაც ითხოვდა, ყოველივე მის მიერ თქმული, თითქოს ეს ფიცის დადების ცერემონია იყო, გაემეორათ, მათ შორის, გინებაც, - ძირს, ძირს მაგათი!!!
  ღრიანცელმა პაპარაცი დათრგუნა... მომიტინგეთა აზვირთულ ზღვაში ჩაძირულ-ჩაკარგულმა მთელი სისავსით შეიცნო საკუთარი უსუსურობა, რომ მისია, რომელიც იტვირთა - გზააბნეულ მომიტინგეთა ცნობიერებაში ჭეშმარიტება ჩაენერგა, არ იყო მისი საკეთებელი საქმე! ამ „აღმოჩენამ“ იგი ერთბაშად მოტეხა, მოეჩვენა თითქოს არა მხოლოდ იმ დღეს, არამედ მთელ მის ცხოვრებას აზრი გამოეცალა, და რაღაც საშინელი, სიტყვით გამოუთქმელი სულიერი ტკივილი იგრძნო; თავბრუც კი დაეხვა, ტროტუარზე ჩამოჯდომა რომ ვერ მოესწრო, ასფალტზე გაიშხლართებოდა. ოღონდ, ასეთი განცდა არა იმიტომ შემოაწვა, რომ თავის უსუსურობაში დარწმუნდა, არამედ დასაღუპად განწირული ქვეყანა დაენანა.
  - ცუდად ხარ? - ხელი შეაშველა ვიღაც ახალგაზრდა კაცმა და ერთ წამში მას თანაგრძნობით გამსჭვალული უამრავი ადამიანი შემოეხვია.
  პაპარაცმა უარის ნიშნად თავის გაქნევა სცადა, მაგრამ ეს მოძრაობა საკმაოდ არადამაჯერებლად გამოუვიდა... - ექიმი, ჩქარა! - წამოიყვირა ვიღაცამ. ექიმი აღმოჩნდა მომიტინგეტა შორის - პულსი გაუსინჯა, თვალის გუგებიც... და ღონემიხდილი მახლობლად მდგარ, ქუჩის გრძელ მერხზე წამოაწვინეს. მერხამდე დამოუკიდებლადაც შეეძლო მისვლა, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩათვალა თვითონ, მაგრამ მომიტინგეთა გულისხმიერების მოეხათრა და დაჰყვა მათ ნებას - ვიღაცამ თავქვეშ ბალიშად ხელჩანთა ამოუდო, სხვამ მინერალური წყალი მიაწოდა, ქოლგით მზეც დაუჩრდილეს... პაპარაცი გაოცდა - მიტინგზე ადამიანებისგან არ ელოდა ასეთ სითბოს. ორიოდ წუთის წინ თუ ერთი სული ჰქონდა გარიდებოდა იქაურობას, ახლა ირგვლივ ერთი ადამიანი ვეღარ აღმოაჩინა ისეთი, ვინც მას დააბრკოლებდა, ან თუნდაც თავის გარეგნობას შეახსენებდა - ორი ზომით დიდი ჩინური კეტები და საბჭოური წარმოების (მუხლებგამობურცული) სპორტული რეიტუზი რომ ეცვა. ამან, რაღა თქმა უნდა, პაპარაცს მხნეობა დაუბრუნა. რაც შეეხება მის ჯამრთელობას, თავბრუს ხვევამ და სისუსტემ გადაუარა, ფეხზე წამოდგა. მადლობა გადაუხადა ყველას (განსაკუთრებით ექიმს) და კრძალვით განეშორა იმ ადგილს - შინ დაბრუნების სურვილი გაუქრა და ამიტომ, მიტინგის სიღრმისკენ გადაიწია.
  ტრიბუნაზე იმ დროს ვიღაც ხნიერი, დინჯად მოსაუბრე კაცი გამოდიოდა. პაპარაცმა ყური დაუგდო მას და რაღაცით, ეს „მშვიდი ორატორი“ ქართლოსს შეადარა, ოღონდ, მათი მსგავსება მხოლოდ გარეგნული (ხასიათური) იყო. რაც შეეხება აზრებს, აზრები მიტინგზე ყველას ქართლოსისგან რადიკალურად  განსხვავებული ჰქონდა - მათ უნდა დაემხოთ ხელისუფლება! მაგრამ ამ ვითარებამ წინანდებურად აღარ დათრგუნა პაპარაცი, მომიტინგეთა მიმართ ლოიალური გახდა. თუმცა მისი ეს ლოიალურობა სულაც არ ნიშნავდა მსოფლხედველობის შეცვლას, უბრალოდ, მან ასე დაიწყო ფიქრი: ადამიანში გონებაზე აღმატებული გულია, და როცა გული სუფთა აქვს კაცს, ადრე თუ გვიან, მას გონებაც დაეწმინდება!

  დღე მიიწურა, მაგრამ მიტინგი ისე მძვინვარებდა, კაცი იფიქრებდა, ის ახლა იკრებსო ძალას - პაპარაცი ტრიბუნაზე გამომსვლელებს უსმენდა და თან, ხალხს ათვალიერებდა; ერთი-ორჯერ, ვიღაცეებთან ლამის პოლემიკაშიც შევიდა... ოღონდ, არა მათი დამოძღვრის მიზნით, არამედ ისე, უბრალოდ, როგორც პიროვნებასა და მოქალაქეს თავისი პოზიცია რომ დაეფიქსირებინა. ხალხის თვალიერებისას ვიღაც თეთრ კეპიანი, საშუალო ხნის მამაკაცი, როგორღაც გამორჩეულად მოხვდა თვალში - ის სოფლიდან ჩამოსულს ჰგავდა, რადგან სხვა სახასიათო შტრიხთან ერთად, ფეხზე ტალახიანი ფეხსაცმელი ეცვა... არადა, მზიანი ამინდი იდგა. მაგრამ ამ ნიშნით პაპარაცს, რა თქმა უნდა, არ გამოურჩევია იგი - მისმა თვალშისაცემმა თავმდაბლობამ მიიზიდა. გვერდში ამოუდგა და სასხვათაშორისოდ მიმართა:
  - მიტინგზე ბევრმა ხალხმა მოვიყარეთ თავი...
  კეპიანი მამაკაცი როგორღაც თავაზიანად შეკრთა, კმაყოფილი, რომ ამ ხალხის ზღვაში ჩაკარგული ვიღაცამ შეამჩნია.
  - უფრო მეტნი შევგროვდებოდით, მაგრამ რაიონიდან ჩამომსვლელებს გზა გადაგვიკეტეს... ძლივს შემოვაღწიე ქალაქში!
  - ვაა... - გაიკვირვა პაპარაცმა.
  სწორედ იმ დროს ტრიბუნაზე მორიგი ორატორი ავიდა. მის გამოჩენაზე აგუგუნებული ხალხის რეაქცია მეტყველებდა იმაზე, რომ იგი ოპოზიციონერთა შორის სერიოზული ფიგურა იყო. პაპარაცმა მას როგორღაც გამორჩეულად დაუგდო ყური... მაგრამ მალე იმედი გაუცრუვდა, რადგან ამ უკანასკნელმა სხვა ვერფრით დამოძღვრა ხალხი, რაც მიტინგზე სხვებისგან უკვე ბევრჯერ იყო თქმული; და თავისი იმედგაცრუება ხმამაღლა, თეთრ კეპიანი მამაკაცის გასაგონად დააფიქსირა, ზუსტად იმ დროს, როცა სიტყვით გამომსვლელი ქვეყნის დაქცევაში სრულ პასუხისმგებლობას პრეზიდენტსა და მთავრობას აკისრებდა.
  - ქვეყნის დაქცევაში არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ჩვენ ყველას ჩვენ-ჩვენი წილი დანაშაული მიგვიძღვის!
  თუმც ეს თავისი შეხედულება პაპარაცმა ხმამაღლა დააფიქსირა, ის თეთრ კეპიანის დამოძღვრას მიზნად არ ისახავდა, მაგრამ მოგვიანებით, (იმ ანდაზისა არ იყოს - მადა ჭამაში მოდისო...), მას ასეთი ჟინი გაუჩნდა (ისევ გაუჩნდა) - მომიტინგეთა ცნობიერებაში „ჭეშმარიტება“ ჩაენერგა! ოღონდ, თვითონ ეგონა, რომ ეს „ჟინი“ კი არა, მოკრძალებული სურვილი იყო - ალალ ბედზე მიმობნეული „ჭეშმარიტების მარცვალი“ ეგებ, ვინმეს ცნობიერებაში აღმოცენებულიყო! რაც შეეხება კეპიან მამაკაცს, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, შეკრთა და მცირე ფიქრის შემდეგ წამოიძახა:
  - ქვეყნის დაქცევაში მე რა დანაშაული მიმიძღვის?! - ეს ზუსტად ისე აღმოხდა, როგორც სამი დღის წინ სუფრაზე სომეხმა რაფიკამ შეიცხადა ქართლოსის შეხედულება.
პაპარაცს გულში ჩაეღიმა... და სიტყვა „ქართლოსისეული სიბრძნის“ თანმიმდევრობით განაგრძო:
  - „წინ წასული თხაო, უკან ჩამორჩაო...“ - ეს ანდაზა ქართველებზეა ნათქვამი! ჩვენს თავს დატრიალებულ ყველა უბედურების მიზეზს გარეშე მტრების სიმრავლეს ვაწერთ, არა და, ყველაფერი ჩვენი დაუდევრობით დაგვემართა - იმიტომ, რომ სულსწრაფი და ამპარტავანი ხალხი ვართ!
  უკანასკნელი სიტყვების გამოთქმისას პაპარაცმა ტონს აუწია, რომ თემის მიმართ სხვა მომიტინგეებსაც ინტერესი აღძროდათ... მაგრამ, უცბად იძულებული დადუმდა, რადგან კეპიანი მამაკაცი, რომელსაც „მოძღვრავდა“, ერთი ნაბიჯით განზე გადგა. პაპარაცს, ცოტა არ იყოს, ეუცნაურა მისი ეს „გაურკვეველი“ მოძრაობა, მაგრამ სიბრძნის ფრქვევის ჟინით შეპყრობილი, ისევ მის გვერდში აღმოჩნდა; ოღონდ, ვერ შეამჩნია, თავად მიუჩოჩდა, თუ ის დაუბრუნდა ძველ ადგილს.
  „პატარა ორატორმა“ მცირე ხნით იყუჩა და ტრიბუნაზე გამომსვლელ „დიდ ორატორს“ დაუგდო ყური... მაგრამ დიდხსნს ვერ გაძლო ასე და ისევ კეპიანი მამაკაცის „დამოძღვრას“ მიჰყვა: _ „სცდება ეს კაცი...“ - ჩაილაპააკა მან ტრიბუნასთან  ეიფორიაში შესულ „დიდ ორატორზე“.
  - ვისზე ამბობ მაგას, იცი ეგ ვინ არის?! - შეიცხადა კეპიანმა მამაკაცმა.
  პაპარაცმა პასუხად მხრები გულგრილად აიჩეჩა... თუმცა მიხვდა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო, რადგან ამით მოსაუბრე გააცეცხლა.
  - ეგ კაცი გაერთიანებული არასაპარლამენტო ოპოზიციის გენ-შტაბის სპიკერია!
  ვინ იცის, იქნებ აღნიშნული „ჩინი“ ბუნებაში არც კი არსებობდა და კეპიანმა მამაკაცმა ის ისე გამოთქვა, როგორც დაამახსოვრდა... პაპარაცმა როგორღაც, გაურკვევლად დაუქნია თავი, რომ კეპიანი ვერ მიმხვდარიყო, წეღან მხრების აჩეჩვით მან იხუმრა, თუ მართლა არ იცნობდა გაერთიანებული არასაპარლამენტო ოპოზიციის გენ-შტაბის სპიკერს. ამასობაში, „გენ-შტაბის სპიკერმა“ გამოსვლა დაასრულა და ტრიბუნა მორიგ ორატორს დაუთმო. ეს უკანასკნელი კი, ისევ მწვავე რადიკალი აღმოჩნდა - მისალმება არ ჰქონდა დასრულებული, რომ ხელისუფლების თათხვა-გინებას მოჰყვა, განსაკუთრებით პრეზიდენტი ამოიღო მიზანში. და კიდევ, ამ გამომსვლელმა საზოგადოებას პროტესტის ყველაზე უკიდურეს ფორმისკენ - სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, რათა არსებულ პრეზიდენტს საშუალება არ მისცემოდა დარჩენილიყო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ქვეყნის სათავეში!
  - კანონიერი გზით არჩეული პრეზიდენტი თუ არ გვარგია, ძალადობის გზით მოსული როგორღა ივარგებს?! - ჩაილაპარაკა პაპარაცმა და ხმას ისევ აუწია, რადგან „სიბრძნის ხარისხიდან“ გამომდინარე მის სიტყვას სხვა მომიტინგეთა ყურამდეც მიეღწია:
  - ერთმა სომეხმა კაცმა ქართველებზე, აი, რა თქვა: არჩევნები  თქვენთვის ლატარიაა - პრეზიდენტს ბრმად ირჩევთ და მერე იწყებთო ფიქრს, არჩეული კაცი ქვეყნისთვის ვარგისია, თუ არაო! - და სიბრძნის ფრქვევით კიდევ უფრო საღერღელ-აშლილმა სულმოუთქმელად დაამატა, - იმ სომეხმა კაცმა ისიც თქვა, რომ პრეზიდენტი ჯობია ძველი დარჩეს, რადგან ის გამაძღარია და თუ მის ნაცვლად ახალი მოვა, მშიერი იქნება და სანამ გაძღება, ყველას გადაგვჭამსო!
  - აქეთ მომხედე, - გვერდში მდგომმა ახმახმა მამაკაცმა პაპარაცი ჯანჯღარით თავისკენ მიაბრუნა, - შენ თავად რა ეროვნების კაცი ხარ?!
  ამ კაცის მრისხანების მიხედვით პაპარაცმა იგრძნო მომიტინგეთა მისადმი მტრული დამოკიდებულება, რომელსაც თავისი გულუბრყვილობით მანამდე ვერ ამჩნევდა და დაბნეულმა ამოილუღლუღა:
  - ქართველი...
  - იქ გამოკეტილ „ვირთხებსაც“ შენსავით თავი ქართველებად მოაქვთ!!! - თითი მთავრობის სასახლისკენ გაიშვირა ამ კაცმა.
  - თავი დაანებეთ მაგას - პროვოკატორია! - ზიზღით აღნიშნა ვიღაც მანდილოსანმა.
  - მოგზავნილია... ცდილობს წყობიდან გამოგვიყვანოს! - დაასკვნეს დანარჩენებმაც.
  პაპარაცმა თავი დახარა - დაითრგუნა ცილისწამებით... და გადაწყვიტა გასცლოდა იქაურობას. გაბრუნდა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ მოასწრო, რომ უეცრად ვიღაცამ ზურგში წიხლი ჩასცხო! დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, პაპარაცი წაიქცა. სუნთქვა შეკრულმა ზანტად მიაბრუნა თავი უკან - მომხდარის წარმოდგენა იმდენად გაუჭირდა, რომ წიხლის მკვრელის ვინაობის დადგენა არც კი უცდია; მომიტინგეები კი ამ დროს, თითქოს ვერაფერი შეამჩნიესო, გულგრილად განზე იყურებოდნენ. პაპარაცი წამოდგა და უხმოდ გაეცალა იქაურობას. როცა გონებაში ინციდენტი გარკვევით გაიაზრა, ქართლოსის სიტყვები გაახსენდა - „მარტო წიხლი არა მკრეს, თორე სხვა არაფერი დამაკლესო...“ - და მიხვდა: ბრბომ ეს წიხლი არა მას, არამედ ქართლოსს ჩასცხო! შორიდან მიტინგს ერთხელაც შეავლო თვალი და სიძულვილის ნაცვლად, იქ მდგომთა მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა.

  სასადილო დარბაზში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, თუ არ ჩავთვლით „ჩუსტიკას“, რომელიც კუთხეში მიყუჟული პაპარაცის ნაჩუქარ ახალ ჩუსტებს ეალერსებოდა; ჩუსტები ისე შეიყვარა, სახმარად ვერ გაიმეტა... ერთხელ, ისინი პაპარაცმა თავისი ხელით ჩააცვა ფეხზე, მაგრამ მეორე წუთში ისევ გულში ჩუსტებ-ჩახუტებული რომ ნახა, გადაყრილი ძველი „ქოშები“ უკან მიუტანა. პაპარაცი მიუახლოვდა ჩუსტიკას და თვალებში ჩახედა - თითქოს მის თვალებში წინათ უფრო მეტი სიცოცხლე იდგა... ჩუსტიკას არც ხელი გამოუწვდია კანფეტის მოლოდინში, როგორც ეს ჩვევად ჰქონდა; თუმცა კი, გაიღიმა. პაპარაცმაც გაუღიმა ჩუსტიკას და მერე, განმარტოვდა - ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა: ქუჩის მხრიდან, შენობის პირველ სართულზე შეჭრილი ავტო-პროფილაქტიკის ბოქსებიდან ყრუ ღმუილი და მასში შერწყმული რაღაც მუსიკა გამოისმოდა, რომელიც მელოდიურობით „პროფილაქტიკის ღმუილს“ არაფრით აღემატებოდა; ზეთით გაპოხილ მუშებსაც მოჰკრა თვალი, მაგრამ ყველაფერი ეს როგორღაც მექანიკურად დააფიქსირა - ფიქრობდა ქვეყანაზე, მის მომავალზე, პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთს დაპირისპირებულ ადამიანებზე, სიძულვილზე, შურზე და იმავ დროს, ნათელზეც - ქართლოსზე, ფეხით გათელილ ჭეშმარიტებაზე! თვალები მინაბა და ფიქრში სცადა გამოეკვლია თუ რას წარმოადგენს საზოგადოება თავისი არსით - „ნუთუ, ის მხოლოდ ზრდასრული უგუნური ბავშვია და მანამ არ დაოკდება, სანამ ხიფათს არ აუტეხს თავის თავს?! თუ ასეა, ბუნებაში უნდა მოიძებნებოდეს მისი (ზრდასრული უგუნური ბავშვის) შემაკავებელი მექანიზმი, აღმატებული გონიერი ძალა, ისევე, როგორც ასაკით ბავშვს ჰყავს მიჩენილი მშობელი. ვინ შეიძლება იყოს ეს „აღმატებული გონიერი ძალა“ - ღმერთი? ჰო, ღმერთი! და ის არ გასწირავს ადამიანებს, კაცობრიობას!“ - დაასკვნა მან და გულზე შემოწოლილი ტვირთის უზენაესზე გადაბარებით, სიმშვიდე იგრძნო.
  ამის შემდეგ, ფანჯრის რაფაზე მოკალათებულმა „მუყაოს ყუთისკენ“ გააპარა მზერა; „ყუთზე“ მანამდეც ფიქრობდა, როგორც სულის ნუგეშზე, მაგრამ დეპრესიით დამძიმებულმა მის წიაღს ვერ შეჰკადრა თავისი თავი და ახლა, როცა გათავისუფლდა, მთელი არსებით შეერწყა მას - ვერ იგრძნო როგორ მიუახლოვდა, როგორ განვლო რეალურსა და წარმოსახვით სამყაროს შორის მოქცეული გარდამავალი სივრცე; თვალსა და ხელს შუა „ყუთი“ თვალწარმტაც შენობად გარდაისახა - კულტურის ცენტრად, რომელიც თავის თავში, ჰოი, რას აღარ იტევდა!!!

  ცენტრის შესასვლელში პაპარაცს მისი ხელქვეითი, ცენტრის პასუხისმგებელი მდივანი, უაღრესად აღშფოთებული ბატონი ბახვა თანამშრომელთა ჯგუფითურთ გამოეგება: ემოციური, და იმავდროულად, მრისხანე ტონით მიტინგზე განხორციელებული ვანდალური აქტის გმობას მოჰყვა, მაგრამ სანამ სიტყვას დაასრულებდა, მხარზე ხელის მსუბუქი მოთათუნებით პაპარაცმა აგრძნობინა, რომ არ ღირდა ინციდენტის დრამატიზება.
  - განა მარტო ჩვენ, მსოფლიო აღაშფოთა მომხდარმა!
  - როგორ, „წიხლის კვრის“ კადრი მსოფლიოს მისწვდა? - გაიკვირვა პაპარაცმა.
  - მისწვდა?! - შეიცხადა პასუხისმგებელმა მდივანმა, - უფრო მეტიც, მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება თქვენდამი თანადგომის ნიშნად მზადაა ერთ მძლავრ პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანდეს, თუკი ასეთ პარტიას თქვენ ჩაუდგებით სათავეში - ქვეყნად უგუნურების თარეშს წერტილი უნდა დაესვას!
  - პოლიტიკურ პარტიას ქმნიან? - ისევ გაიკვირვა პაპარაცმა.
  - პარტია თქვენ უნდა შექმნათ! ხოლო ჩვენ, ბატონო ჩემო, თქვენს ერთგულ თანამებრძოლებად გვიგულეთ! - უკან მდგომმა თანამშრომელთა ჯგუფმა თავის ქანქარით დაადასტურა აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანების ნება.
  პაპარაცი შეიშმუშნა... თუმცა მალე ისეთი პირქუში გახდა, მაგიდასთან (უფრო კი, ტრიბუნასთან) რომ მდგარიყო, ზედ მუშტს გამეტებით დაჰკრავდა. - არა! - განაცხადა მან, - ასეთი პარტია არ შეიქმნება! - თანამშრომელთა ჯგუფი ორად გააპო და ჩქარი ნაბიჯით „ცენტრის“ შესასვლელში გაუჩინარდა. ათასი ფიქრისგან გონებადამძიმებულმა განმარტოების მიზნით პირი სამუშაო კაბინეტისკენ იბრუნა, მაგრამ ფოიეში იმდენი ხალხი შემოეხვია, გზის გაგრძელება ვერ შესძლო - მიტინგზე შეურაცხყოფილს უსამძიმრებდნენ, ამხნევებდნენ და იმავდროულად, ერთგულებას ეფიცებოდნენ. უცებ, ამ ხალხის სიღრმიდან ხმა გამოისმა - გაატარეთ, გაატარეთო! - და პაპარაცისკენ გზა გამოიკვლია მკერდში ჩვილ-ჩახუტებულმა, არცთუ მთლად ახალგაზრდა ქალმა, ერთი ხელი ჩვილისთვის შემოეხვია, ხოლო მეორეთი, იატაკის საწმენდ გრძელ ჯოხს შუბივით ატრიალებდა. პაპარაცს ეცნო იგი - „ცენტრში“ მომუშავე დამლაგებელი ქალი იყო, იმ დღემდე სრულიად შეუმჩნეველი ადამიანი. ამ ქალმა, ისევე როგორც დანარჩენებმა, პაპარაცს შეჰფიცა ერთგულება და გაუმხილა ნება იმ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებისა. კიდევ, რაც ამ ქალის გამოჩენასთან დაკავშირებით ძალზედ ამაღელვებელი მოხდა, მან ამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ პარტიას, საკუთარი პირმშო მიუძღვნა! რას ნიშნავს „პირმშოს მიძღვნა“ და იმას, რომ ჩვილიც გაეწევრიანებინათ პარტიის რიგებში. მიუხედავად იმისა, რომ მას ამისთვის წლოვანება ხელს არ უწყობდა, ქალმა ითხოვა გადაწყვეტილება არა ცივი გონებით მიეღოთ, არამედ ის დედობრივ გრძნობებსა თუ გულისთქმაზე დაყრდნობით გამოეტანათ; როგორც ამ ქალმა ახსნა - ჩვილს ხომ სრულწოვანებამდე მხოლოდ და მხოლოდ წლები აკლდა...
  იქაურობა მრავლისმეტყველმა დუმილმა მოიცვა.
  მართლაც და, ძნელი საქმეა, ჩვილი ბავშვის პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება! ისიც კი საკითხავია, აღნიშნული პარტიის შექმნაზე შესძლებდნენ თუ არა პაპარაცის დაყოლიებას. მაგრამ აქ საგულისხმო თავად ფაქტის არსებობა იყო - მშობელმა დედამ პოლიტიკურ პარტიას პირმშო მიუძღვნა! და ამ დიდებული მოვლენის გონებაში მთელი სისავსით გააზრების შემდეგ, შემოკრებილმა საზოგადოებამ ის აპლოდისმენტით დააჯილდოვა. რაც შეეხება პაპარაცს, ამ ქალზე შემყურეს ხასიათი გამოუკეთდა, მაგრამ არც იმდენად, რომ ტაშის ცემას აჰყოლოდა; ჩვილს ჯიბეში ნაპოვნი კანფეტი გაუწოდა... მაგრამ მაშინვე იგრძნო, რომ ბავშვი ჯერ ძალზედ პატარა იყო მსგავსი სასუსნავისთვის და კანფეტი უხერხულად ხელის მტევანში ჩამალა. აქ უნდა ითქვას, რომ „კანფეტის გაწოდების“ ლოგიკას მოკლებულმა, თუმცაღა, ძალზედ ამაღელვებელმა სცენამ იმაზე მხურვალე აპლოდისმენტი დაიმსახურა, ვიდრე ეს დედის მხრიდან ჩვილის პოლიტიკურ პარტიაზე მიძღვნას ხვდა წილად. (ალბათ იმიტომ, რომ ხელმძღვანელის ქმედება ყოველთვის მეტად დიადი მოსჩანს...) პაპარაცმა პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა, გუნებაში კი, კიდევ უფრო უხერხულად იგრძნო თავი; ერთი სული ჰქონდა გასცლოდა იქაურობას და საამისოდ ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა. და აი, მოგვიანებით საზოგადოებამ  დაშოშმინება იწყო. ეს იმანაც განაპირობა, რომ პაპარაცში ვერა და ვერ აღძრეს შურისძიების სურვილი და წინამძღოლის გარეშე მარტონი ხომ ვერ შეერკინებოდნენ ქვეყანაზე მოთარეშე უგუნურებას?! მიიწ-მოიწიეს და განმარტოებას მოწყურებულს საშუალება მისცეს, თავისი კაბინეტისკენ განეგრძო გზა.
  კაბინეტში, პირველი რაც პაპარაცმა მოიმოქმედა, ფანჯრებს მძიმე ფარდები ჩამოაფარა და სინათლე გამორთო, თითქოს ასე უფრო საიმედოდ დაიმალებოდა, მაგრამ, ამაოდ - სამუშაო მაგიდაზე მდგომი ხუთი განსხვავებული ფერის ტელეფონი (თვითოეულს თავ-თავისი დანიშნულება ჰქონდა) ერთმანეთის მიყოლებით აწკრიალდა, და როგორ არ ეპასუხა, როცა ზარების უმეტესობა უცხოეთიდან იყო! ისიც კი გაიფიქრა: ტელეფონებს გამოვრთავო... მაგრამ განა ეს გამოსავალი იყო?! და პაპარაცმა ფიქრში გატარებული ორი თუ სამი მძიმე საათის შემდეგ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო: საზოგადოების წინაშე განცხადებით წარსდგა, სადაც თავისი ურყევი პოზიცია დააფიქსირა: იგი არა თუ ჩაება პოლიტიკაში, არამედ სამუდამოდ გაემიჯნა მას! გარდა ამისა, სხვებსაც მოუწოდა თავი შორს დაეჭირათ პოლიტიკისგან! მისი ღრმა რწმენით, რაც ნაკლები პოლიტიკოსი იქნებოდა ქვეყანაში, მით უფრო დალაგდებოდა ცხოვრება. და ამ თემას ცენტრის „ტელე-აუდიტორიიდან“ ვრცელი ლექცია მიუძღვნა, სახელწოდებით - „იმ შემთხვევაშიც მიდის თუ არა ყველა გზა რომში, როცა ეს გზები ურთიერთ-საპირისპიროა?“
  - რა თქმა უნდა, მიდის! - განაცხადა მან ლექციაზე, - მიდის თუნდაც იმიტომ, რომ დედამიწა მრგვალია. ერთი შეხედვით პრობლემის არსი იმაშიღაა, თუ რომელი გზაა მოკლე, დანიშნულების ადგილზე რომელი გზა მეტად ადრე მიგვიყვანს; ის კი არადა, გზებზე აცაბაცად დაქსაქსულთ გვგონია, რომ ბოლოს მაინც ყველანი ეგრედ წოდებულ „რომში“ შევიკრიბებით! ბატონებო, ჩვენ ვცდებით! ვცდებით, რადგან გზა იდუმალებით მოცული ლაბირინთია - გო-ნი-ე-რი მგზავრის გარეშე ის არსაით მიდის! - (სიტყვა „გონიერი“ პაპარაცმა დამარცვლა). - ანუ, გამგზავრებას მოწადინებული ადამიანი სულაც არ არის მგზავრი, რადგან ადამიანთა უმეტესობას რომ ჰგონიათ წინ მივიწევთო, სინამდვილეში წრეზე ტრიალებენ, ან სულაც, ერთ ადგილს ტკეპნიან. და აი, ჩვენ შემთხვევაშიც რა აზრი აქვს გზის შერჩევას, მის სიგრძე-სიგანის ზომას, როცა ადგილიდან დაძვრა არ შეგვიძლია?!
  - ადგილიდან დაძვრა არ შეგვიძლია?! - ამ კითხვამ შეშფოთებულ  აუდიტორიას ჩურჩულით გადაუარა.
  - სწორედაც, რომ ადგილიდან დაძვრა არ შეგვიძლია! - გაიმეორა პაპარაცმა და ააფრიალა ი. კრილოვის იგავ-არაკთა კრებული, სადაც - ბატის... ოჰ, უკაცრავად, ბატის კი არა - გედის(!), - (ჩაეღიმა პაპარაცს), - გედის, თევზის (ქარიყლაპია) და კიბორჩხალას შესახებაა ამბავი მოთხრობილი, ერთობლივი ძალით ტვირთის გადაზიდვა რომ სცადეს - გედმა ცისკენ გასწია ტვირთი, თევზმა წყლისკენ, ხოლო კიბორჩხალამ, ხმელეთისკენ, და არაფერი გამოუვიდათ - ტვირთი ვერ დაძრეს! პაპარაცმა დაავალა ყველას (აქ უნდა ითქვას, რომ ლექცია სინქრონული თარგმნის მეშვეობით უცხოეთშიც გადაიცემოდა): ყველას დაავალა (განსაკუთრებით კი ქართველებს) ეს იგავ-არაკთა კრებული თავის სამაგიდო წიგნად ექციათ!
  - აი, მაგალითად, - მიმართა მან აუდიტორიას, - თქვენმა გულისთქმამ გამცნოთ, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ დასაღუპად მიექანება(!) - ნუ ეცდებით თქვენს თავზე იტვირთოთ მისი გადარჩენის მისია! დაიხსომეთ, რამდენადაც მეტად გამოიჩენთ სიმშვიდეს, მით მეტად გადარჩება ქვეყანა! ეს პრინციპი თავისებურად ჭაობში ძირვის პრინციპის იდენტურია - თავის გადასარჩენად მიმართული ყოველი მოძრაობა ძირვის პროცესს აჩქარებს. ძნელია, მაგრამ უნდა დარჩეთ იმის იმედად, რომ არსებობს თქვენზე აღმატებული ძალა, რომელიც თქვენი ჩარევის გარეშე იხსნის ქვეყანას!
  აუდიტორიაში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა... და ამ სიჩუმით ნასიამოვნებმა პაპარაცმა მოახდინა ნაგულისხმევი „სიმშვიდის“ საჯარო დემონსტრირება - ხელები დაჭმუჭნული პიჯაკის ჯიბეებში... - (ოჰ, უკაცრავად - „დაჭმუჭნული პიჯაკი“ უღიმღამო რეალურ სამყაროში დარჩა... მას ძვირადღირებული კოსტუმი აცვია!) - ხელები ჯიბეში ჩაიწყო და უდარდელი სტვენით კათედრის წინ გაიარ-გამოიარა. იმავწამს „ტელე-აუდიტორია“ მქუხარე ტაშმა შესძრა. ხოლო ოდნავ მოგვიანებით, ლექციის შესახებ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.

  იმ საღამოს მორიგე სანიტარმა სასადილო დარბაზი (სადაც მუყაოს ყუთი იდგა) ისე დაკეტა, აზრადაც არ მოსვლია, რომ ყუთში ადამიანი იჯდა. ვერც ყუთში ჩაფლულ-ჩაძირულმა პაპარაცმა შეამჩნია სანიტრის შემოსვლა, დაკეტვის წინ დარბაზიდან „ჩუსტიკა“ ბურტყუნით რომ გააძევა; და როცა იგი ყუთიდან გამოძვრა, უკვე გვიანი ღამე იყო, დარბაზში უჩვეულოდ ბნელოდა. უახლოესი ფანჯრისკენ ხელის ფათურით მოუწია გზის გაკვლევა; მიდამოს გახედა - მთელ რაიონში (და შესაძლოა, ქალაქშიც) დენი ავარიულად გამორთულიყო, (ასეთი რამ ხშირად ხდებოდა); ცაც ბნელი იყო, სქელი ღრუბელი გადაჰკროდა მას და ყველაფერი (ცა და მიწა) ერთმანეთში დიდ შავ ლაქად შეზელილიყო. თანაც, ეს შავი ლაქა რაღაც ავის მომასწავებლად სდუმდა; ასეთნაირად გაიტრუნება ხოლმე ბუნება დიდი ავდრის წინ... და მალე, ამინდი მართლაც აირია - ქარი ამოვარდა და კოკისპირულმა წვიმამ დასცხო. პაპარაცი ფანჯარას მიეკრო, რადგან უყვარდა წვიმაზე ცქერა...  და ასე დაჰყო ძალიან დიდხანს, სანამ წვიმა გადაიღებდა. ღრუბელი რომ შეთხელდა (შესაძლოა ის ქარმაც გადაყარა), ციურ მნათობთა მოკრძალებული ნათელი მოეფინა მიდამოს; ეს ალბათ, რიჟრაჟი იყო... მერე სინათლემ დარბაზშიც შემოაღწია და „მუყაოს ყუთის“ მკრთალი სილუეტი გამოიკვეთა, რომელსაც თანდათან წარწერაც დაეტყო:

                      „პაპარაც-ცენტრი“
      ხელი არ ახლოთ, ობიექტს იცავს დაცვის პოლიცია!

  პაპარაცმა გაიხსენა, თუ როგორი თანმიმდევრობით მოხდა უბრალო მუყაოს ყუთის კულტურის საერთაშორისო ცენტრად (ანუ, პაპარაც-ცენტრად) გარდასახვა: თავდაპირველად, ერთმა კეთილმა კაცმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პაციენტებს ახალი, დიდი გაბარიტების მქონე ტელევიზორი შესწირა, მაგრამ ამ კაცის წასვლის შემდეგ ტელევიზორი რატომღაც მთავარი ექიმის კაბინეტში აღმოჩნდა და პაციენტებს მხოლოდ მისი შესაფუთი, ცარიელი ყუთი ერგოთ. ამ  ყუთში პაპარაცი ბავშვური ნოსტალგიით შეძვრა და ერთ-ერთ პაციენტს (იასონს) მოეჩვენა, რომ პაპარაცი არა მუყაოს ყუთში, არამედ ტელევიზორში იჯდა, რადგან ყუთს გარედან ტელევიზორი ეხატა. ცნობისმოყვარეობამ იასონს აიძულა თავადაც სწვეოდა იქაურობას და „ყუთი“ სიხარულისგან აცრემლებულმა დატოვა, რადგან დაიჯერა რომ ტელევიზიაში რეალურად იმოგზაურა. შემდეგ, „ტელევიზიას“, უფრო სწორად, ჯერ კიდევ „ტელესტუდიას“, (ტელევიზიად შემდგომ ჩამოყალიბდა) საკონცერტო დარბაზი შეემატა, სადაც პაციენტ „ჩუსტიკას“ იუბილე გადაუხადეს - (მიუხედავად იმისა, რომ მისი წლოვანება დაუდგენელი დარჩა...) - ზარ-ზეიმით ბრწყინვალე ჩუსტებით დააჯილდოვეს! მოგვიანებით, იმავე ჭერქვეშ საგამოფენო დარბაზის ჩამატებაც გახდა საჭირო, სადაც ცნობილი ფოტოგრაფის - ალექსის ფიქრის დონეზე დაგეგმილი ფოტო-გამოფენა მოეწყო. ფოტოგამოფენის შემდეგ კი, იმავე დარბაზმა პაციენტ გაიოზის წარმოსახვაში არსებულ ფერწერულ ნამუშევრებს უმასპინძლა, სადაც დამთვარიელებელთა შორის თვით ნიკო ფიროსმანი გამოჩნდა! ასე და ამგვარად, ყალიბდებოდა კულტურის ცენტრი. თუმცა მისი ფუნქცია მხოლოდ ხელოვნების სფეროთი როდი შემოიფარგლა - მის წიაღში ერთ-ერთმა პაციენტმა სენსაციური ლექცია წაიკითხა სამყაროს წარმოშობის შესახებ, სადაც ეგრედ წოდებული „დიდი აფეთქების“ ვერსია დამაჯერებლად უარყო. და აი, ბოლოს, ამ ყველაფერს პაპარაცის მიერ მოწყობილი პრესკონფერენცია შეემატა - პოლიტიკის თემაზე.

  ფანჯრის რაფიდან „მუყაოს ყუთზე“ მაცქერალმა თავი ვეღარ შეიკავა და ამ თავის „შეუცნობად ქმნილებას“ მიუჩოჩდა, შიგ არ შემძვრალა, გვერდში ისეთნაირად მიუწვა, როგორც დედა თავის უსუსურ პირმშოს სხეულით ეკვრის ხოლმე, თითქოს ისევ თავის თავში რომ ლამობს მის ჩაბრუნებას... და თვალები მინაბა.

  (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები