ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
4 აპრილი, 2017


ცის სახლი - 11. დაჯილდოვება... და სანიტარი ნიკო

  დაჯილდოვება... და სანიტარი ნიკო

  (გაგრძელება)

  „მუყაოს ყუთის“ ძირში მიძინებული პაპარაცი დილით იმ სანიტარმა გამოაღვიძა, ვინც წინა დღის საღამოს თავისი ხელით დაკეტა სასადილო დარბაზი, დარწმუნებულმა რომ შიგ აღარავინ იყო, და ახლა იქ პაციენტის ხილვამ ძალზედ გააოცა:
  - შენ აქ საიდან გაჩნდი?! - შეაჯანჯღარა მძინარე.
  მაგრამ სანამ პაპარაცი ძილიდან გამოერკვა, თავს მზარეული წამოადგათ და პასუხი სანიტარს მან გასცა:
  - ვაა, პაპარაცი... ისევ ყუთში ჩასძინებია!
  - რომელ ყუთში, ამაში?! - სანიტარმა მუყაოს ყუთისკენ გაოცებით გაიშვირა თითი, - ორი კვირაა რაც აქ სანიტრად მოვეწყვე და უკვე ჭკუიდან გადამიყვანეს!
  - პაციენტებმა?
  - ექიმებმა-ც! - ირონიულად გამოთქვა ეს სიტყვა. - ყველა ვიგინდარამ აქ მოიყარა თავი!
  - არ გაგიგონ...
  - არ ვაპირებ აქ დარჩენას... - ხელი ჩაიქნია სანიტარმა. - ადექი, - მიუბრუნდა პაპარაცს, - დატოვე აქაურობა, შენი ადგილი აქ არ არის!
  - დაანებე თავი, იყოს, რამეში გამომადგება - დამლაგებელი დღეს დამეთხოვა და დარბაზს მაგას დავაგვევინებ... პაპარაცი საჭირო კაცია!
  - პაპარაცი რატომ შეარქვეს?
  - რატომ და, თითებს ისე მოიმარჯვებს, თითქოს ფოტოაპარატი უჭირავს და, თავისი ჭკუით, სურათებს გვიღებს. - ჩაიხითხითა მზარეულმა. - შენთვის სურათი არ გადაუღია?
  - ეგ ბედნიერება წინ მაქვს... - თქვა სანიტარმა და გასასვლელისკენ წავიდა.
  მზარეულმა სამზარეულოში შესასვლელი კარი შეაღო და შევიდა; თუმცა იქ დიდხანს არ გაჩერდა, მალევე გამობრუნდა.
  - ჯიგარო, - მიმართა პაპარაცს, - ნუ დამზარდები - დამლაგებელი დღეს ვერ გამოვა და მისი არყოფნა უფროსობამ რომ ვერ შეამჩნიოს, აქაურობა შენებურად დამიგავე. მერე, ცოტა სამზარეულოშიც მომეხმარე და მე და შენ „საუფროსო ყავა“ დავლიოთ! ცოცხი, ვედრო და იატაკის ტილო დაბლაა, კიბის ქვეშ, საკუჭნაოში.
  პაპარაცმა თანხმობის ნიშნად მზარეულს თავი დაუქნია და საკუჭნაოსკენ გაემართა, მაგრამ გზად გაახსენდა, რომ წინა დღით დამლაგებელმა თავისი ნივთები არა საკუჭნაოში, არამედ დარბაზში დატოვა, იმ მოკრძალებულ კუთხეში, სადაც მუყაოს ყუთი იდგა; უკან დაბრუნდა, მაგრამ ადგილზე მისული, გაოცებული ერთ ალაგას შედგა: მზარეული მუყაოს ყუთის წინ დამხობილიყო და შიგ რაღაცას იქექებოდა... პაპარაცის მიახლოება იგრძნო და დაბნეული, ფეხზე სწრაფად წამოდგა:
  - რა ვიცი, კაცო, ეს პაციენტები ბუზებივით რომ ეხვევით ამ ყუთს, ვიფიქრე, შიგ ტიტველი ქალის სურათები გაქვთ გაკრული... ალბათ, ხან ხსნით და ხან, აკრავთ!
  პაპარაცმა პასუხი არ გასცა.
  მზარეული სამზარეულოში შებრუნდა, კარი მჭიდროდ მიიხურა და აღარ შეხმიანებია პაპარაცს. ის დაპირებული „საუფროსო ყავა“, რაღა თქმა უნდა, მივიწყებას მიეცა. პაპარაცმა დარბაზი დაგავა, სველი ტილოთი მოწმინდა კიდეც და „საუფროსო ყავის“ მოლოდინში მუყაოს ყუთის გვერდით ჩაიცუცქა; კედელს მიეყრდნო - ყავაზე ფიქრობდა და ცოტათი, მზარეულზეც... მერე, მოსწყინდა ასე ჯდომა და ყუთში შეძვრა, იმ ყუთში, რომელიც მის ფანტაზიაში იმავწამს საყოველთაოდ ცნობილ „პაპარაც-ცენტრად“ გარდაისახა:

  კაბინეტის კარი მდივანმა გოგომ მოკრძალებით შეაღო და პაპარაცს ჰკითხა, ხომ არ მიირთმევდა ყავას.
  - ყავას? სიამოვნებით, გეთაყვა, ერთ ჭიქას დავლევ... როგორც ყოველთვის, საშუალოდ ტკბილი.
  წუთი არ იყო გასული, რომ მდივანმა ფინჯნით ყავა მიართვა; ლანგარზე მადის ამღძვრელი ნამცხვარიც იდო... პაპარაცმა მადლობა გადაუხადა, ერთი ყლუპი მოსვა და იმდენად ეგემრიალა, კარებში გასული მდივანი უკან შემოაბრუნა, რათა გაეგო, თუ რომელი ყავით გაუმასპინძლდა:
  - ყავის სახელწოდება გაინტერესებთ? - ღიმილით ჰკითხა მდივანმა.
  პაპარაცმა თავი დაუქნია და აღნიშნა, რომ ასეთი გემრიელი ყავა ცხოვრებაში პირველად დალია.
  - ნაკლებად ცნობილი ბრენდია - „საუფროსო ყავა“.
  - „საუფროსო ყავა“?
  - დიახ, კოლოფს ასე აწერია...
  - ამიერიდან მხოლოდ „საუფროსო ყავას“ დავლევ!
  კარებში უხერხულად გაჩხერილ მდივანს პაპარაცმა ღიმილით აგრძნობინა, რომ შეეძლო წასულიყო; გოგონამ კარები მოკრძალებით გაიხურა. პაპარაცმა ყავა დალია, გემრიელი ნამცხვარიც მიაყოლა, და ის იყო, მაგიდაზე გაშლილ კორესპონდენციას უნდა გასცნობოდა, რომ უეცრად, ტელეფონმა როგორღაც განსხვავებულად დაიწკრიალა:
  - ალო, პაპარაცი ხართ?! - გაისმა ყურმილში მამაკაცის ფოლადისებური ხმა, - პრეზიდენტის კანცელარიიდან გაწუხებთ - თქვენ მიწვეული ხართ ქვეყნის პრეზიდენტთან მიღებაზე! თუ რა საკითხს შეეხება თქვენი ვიზიტი, ამას პრეზიდენტი საიდუმლოდ ინახავს. მობრძანდით ორშაბათს - დილის თერთმეტ საათზე! თუ აღნიშნული დრო მოუხერხებელია თქვენთვის, ერთი საათით გვიან გვეწვიეთ - თორმეტზე. სხვათა შორის, პირველზეც შეგიძლიათ მოსვლა, ან კიდევ უფრო მოგვიანებით... რაც შეეხება თავად დღეს, ორშაბათს თუ დაკავებული ხართ, არა უჭირს, სამშაბათი იყოს. თუმცა ოთხშაბათსაც ღია იქნება თქვენთვის კარები და ხუთშაბათსაც, პარასკევსაც... ერთი სიტყვით, პრეზიდენტი თქვენ კვირის ნებისმიერი დღის ნებისმიერ საათზე გელით. ოღონდ, არ იფიქროთ რომ ჩვენი პრეზიდენტი მოცლილია, ანუ უსაქმურია, უბრალოდ, მას თავისუფალი დრო განუზომლად ბევრი აქვს! ვიზიტის დროს პირადობის დამადასტურებელი საბუთი შეგიძლიათ არ იქონიოთ - ვის-ვის და, თქვენ, საქვეყნოდ ცნობილ პიროვნებას, შემოწმების ამ ფორმალურ პროცედურას აგარიდებთ. იცით რა, დრო თუ გაქვთ, ახლავე წამოდით - პრეზიდენტი გელით!
  პაპარაცი ნამძინარევი არ იყო, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გონებაში გააზრებას გარკვეული დრო მოანდომა, რის გამოც, პრეზიდენტის კანცელარიასა და „პაპარაც-ცენტრს“ შორის დამყარებული სატელეფონო კავშირი დუმილმა მოიცვა.
  - ალო, ალო, პაპარაცი... კავშირი გაწყდა?!
  - არა, კავშირი არ გაწყდა... - მძიმედ აღმოთქვა პაპარაცმა.
  უნდა ითქვას, რომ აღნიშნულმა მიწვევამ პაპარაცი არ გაახარა - თუ არა რაღაც პოლიტიკური ხრიკი, პრეზიდენტი რა საიდუმლო მიზნით იბარებდა მას, ადამიანს, რომელიც პოლიტიკას ეს-ესაა რადიკალურად გაემიჯნა?! პრეზიდენტთან მისი ნებისმიერი შინაარსის ვიზიტი საზოგადოების მიერ პოლიტიკური ნიშნით იქნებოდა აღქმულ-შეფასებული; თანაც, ეს იმის ფონზე, როცა წინა დღით მან ანტი-პოლიტიკური შინაარსის ლექცია წაიკითხა(!), და მოუწოდა სხვებსაც, მიებაძათ მისთვის: ამოეძირკვათ პოლიტიკა თავიანთი ცხოვრებიდან! ამ ვიზიტის შემდეგ ყველა იფიქრებდა, რომ პაპარაცი ორმაგ ცხოვრებას ეწევა - სიტყვით ერთს ამბობს, ხოლო საქმით, სულ სხვას აკეთებს!
  სხვა გზა არ იყო, პაპარაცს უნდა ჩაეშალა ეს ვიზიტი, ოღონდ, ჩასაშლელად რაიმე არგუმენტირებული საბაბი ესაჭიროებოდა... და აი, იმავწამს ბრწყინვალე აზრი მოუვიდა თავში: ქვეყნის პირველ პირთან მიუსვლელობის მიზეზად საკადრისი ტანისამოსის უქონლობას დაასახელებდა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაპარაცი რეალურისა და წარმოსახვითი სამყაროს ელემენტთა სინთეზს მოახდენდა, ანუ, არსებითად წარმოსახვით სამყაროში დარჩებოდა, მაგრამ მთელს იქაურ თავის (მდიდრულ) გარდერობს უკანასკნელ წინდამდე გააქრობდა და გადაიცმევდა იმ სამოსს, რომლითაც რეალურ ცხოვრებაში დაიარებოდა - დაჭმუჭნულ პიჯაკს, ორი ზომით დიდ ჩინურ კეტებსა და საბჭოური წარმოების (მუხლებგამობურცულ) სპორტულ რეიტუზს. რა თქმა უნდა, ისეთ ცნობილ პიროვნებას, როგორიც პაპარაცია, საზოგადოებაში გამოსაჩენი ტანისამოსი რომ არ გააჩნია, ეს მითქმა-მოთქმის ცალკე თემად იქცეოდა, მაგრამ ასეთი შემთხვევები არა ერთი ახსოვს ისტორიას - ასე რომ... ყურმილის მეორე ბოლოში მოთმინება დაკარგულ პრეზიდენტის წარმომადგენელს პაპარაცმა პასუხი გასცა:
  - ბატონო-ჩემო, ქვეყნის პირველ პირთან სტუმრობა ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია, მაგრამ ვაი, რომ ამ ვიზიტს განხორციელება არ უწერია, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ პრეზიდენტის ბრწყინვალე სასახლეში გამოსაჩენად საკადრისი ტანისამოსი არ გამაჩნია - პიჯაკი კი მაქვს, რომელიც დაჭმუჭნულია... დავაუთოებ! მაგრამ წელს ქვედა სამოსს - ორი ზომით დიდ ჩინურ კეტებსა და საბჭოური წარმოების (მუხლებგამობურცულ) სპორტულ რეიტუზს, არ ვიცი რა მოვუხერხო?! სხვა სამოსი, ჩემო ბატონო, არ გამაჩნია!
  - ოოო, გასაგებია... ახლავე პრეზიდენტს მოვახსენებ თქვენი პრობლემის შესახებ - რაიმეს მოიფიქრებს... ყოველი შემთხვევისთვის, მითხარით თქვენი ქვედა სამოსის ზომა - შარვლისა და ფეხსაცმლის!
  - ზომა? - პაპარაცმა საჩვენებელი თითით კეფა მოიქექა, - არც კი ვიცი რა გიპასუხოთ - ტანისამოსი იარლიყის მონაცემით არასდროს მომირგია... ჩემი ზომაა: „სეკენდ-ხემი“ - ცოტა დიდი, ცოტა პატარა.
  - გასაგებია... გადმოგირეკავთ!

  ზუსტად ერთი საათის შემდეგ, იგივე ტელეფონმა ისევ ისე (განსხვავებულად) დაიწკრიალა:
  - ბატონო პაპარაცი, ხაზზე კანცელარიაა - უნდა გახაროთ: თქვენი პრობლემა გადაიჭრა! საგანგებო მრჩევლებთან თათბირის შემდეგ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა თავად გესტუმროთ! არსად წახვიდეთ, ჩვენ გამოვდივართ!

  „პაპარაც-ცენტრს“ პრეზიდენტის ექსკორტი მიადგა, რომელსაც ადგილზე მისვლა ჟურნალისტთა „კოლონამ“ დაასწრო. თუმცა ქრონომეტრული სიზუსტით თუ გავიხსენებთ, ყველაზე ადრე იქ სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები გაჩნდნენ - ნიღბიანი სნაიპერები, სამოქალაქო ტანისამოსში გადაცმული საიდუმლო აგენტები და სხვანი და სხვანი, ვინც პრეზიდენტის უსაფრთხოებას იცავს. სახელმწიფო გერბიანი ტრიბუნა ისეთი პატივით შეაბრძანეს შენობაში, გეგონებოდათ ქვეყნის პირველი პირი იმ მომენტში მასზე იდგა. სხვათა შორის, ტრიბუნის დადგმას თავდაპირველად შენობის წინ, ღია სივრცეში გეგმავდნენ, მაგრამ პრეზიდენტის სურვილით ის შენობაში შეიტანეს, რადგან მისი აღმატებულება „პაპარაც-ცენტრში“ ნამყოფი არ იყო და ეს ბრწყინვალე შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა - იგი ბრონირებული ლიმუზინიდან გადმოვიდა, დამხვდურთ ღიმილით მიესალმა, მერე, ტრიბუნაზე ავიდა, ჩაახველა და წინასწარ მომზადებული სიტყვის კითხვა დაიწყო:
  - ბატონებო და ქალბატონებო, ძვირფასო თანამემამულენო, მართალია, ბატონ პაპარაცთან ჩემი სტუმრობა ჩემი ინიციატივით მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ყოველი თქვენთაგანის მისდამი სიყვარულსაც იტევს!
  შემოკრებილმა საზოგადოებამ მქუხარე ტაშით დაამოწმა პაპარაცისადმი თავისი გულმხურვალე დამოკიდებულება. პრეზიდენტი წამით დადუმდა - ხალხს დაშოშმინების საშუალება მისცა... მერე, პაპარაცს მამობრივი სიყვარულით გადახედა, გაუღიმა და სიტყვა განაგრძო - ის ლაპარაკობდა დინჯად, დამაჯერებლად, სათქმელს შორიდან შემოუარა, იმდენად შორიდან, რომ მისი გამოსვლის ოცდამეათე წუთზეც კი, პაპარაცი ვერ მიხვდა თუ ქვეყნის პირველი პირი რა მიზნით ეწვია მას.  ერთი პირობა იფიქრა, პრეზიდენტი მის შესაქებად მივიდა - რეალურ ცხოვრებაში პაპარაცი ანტისანიტარიაში ჩაფლული ქალაქის დასუფთავებაზე საკუთარი ინიციატივით რომ ზრუნავდა. მაგრამ ეს მოსაზრება უარყო, რადგან აღნიშნულ თემაზე პრეზიდენტს სიტყვა არ დასცდენია, და თანაც, როდესაც მან (ქვეყნის პირველმა პირმა) დააცემინა, ის ერთჯერადი ცხვირსახოცი, რომლითაც ცხვირი მოიწმინდა, მუჭში დაჭმუჭნა და ტრიბუნის ძირში მიაგდო. მისი აღმატებულების ამ უკანასკნელ ქმედებაზე პაპარაცმა პირი დააღო... მაგრამ, გაიაზრა რა, მის წინ ქვეყნის პირველი პირი იდგა, დაბჩენილი პირი მოკუმა.
  პრეზიდენტი თავის გამოსვლაში უამრავ საკითხს შეეხო, მისი სიტყვა ქვეყნის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგომას ჰგავდა: მიღწევები - თურმე, ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალის ასტრონომიული ზრდის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჩვენთვის მორიგი „საშვილიშვილო ტრანში“ გამოუყვია! (სიტყვა „საშვილიშვილოში“ პრეზიდენტმა, როგორც სჩანს, ვალი ჩვენი შვილიშვილების დასაბრუნებელი რომ გახდებოდა, ის იგულისხმა). ჩვენი ფაბრიკა-ქარხნები მეზობელ ქვეყნისთვის ჯართში სახარბიელო ფასად ჩაგვიბარებია! და ბოლოს, ტერიტორიები მართალია დავკარგეთ, მაგრამ ამ ტერიტორიების ჩვენი მეხსიერებიდან ამოშლა არავის ძალულს! - ბრძანა მან.
  ტაშმა იგრიალა და სანამ ის დაცხრა, პრეზიდენტმა კიდევ ერთი ერთჯერადი ცხვირსახოცის გამოყენება და ტრიბუნის ძირში მიგდება მოასწრო.
  - ქართველი ხალხის პრობლემა მასში მდგომარეობს, - წარმოთქვა მან, - რომ ძალიან ბევრი მტერი გვყავს - გარეშე მტრებზე აღარაფერს ვამბობ, შემჭამეს შინაურებმა! ზედმეტად პოლიტიზირებული ერი გავხდით... მთელმა ქვეყანამ ერთხმად ამირჩია პრეზიდენტად და ახლა, მთელი ქვეყანა ერთად ცდილობს ჩემს ვადამდელ გადაყენებას! ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ „საპრეზიდენტო არჩევნები“ ქვეყნისთვის თავისებური ლატარიაა - ლა-ტა-რი-ა! დიახ, მე პრეზიდენტობა სწორედ ლატარიაში მერგო! და ახლა, ჩემს მდგომარეობაში წარმოიდგინეთ თქვენი თავი: ლატარიაში მოიგეთ, მაგალითად, საცხოვრებელი ბინა, ან აგარაკი, რომელშიც ცხოვრების საშუალებას არ გაძლევენ, უფრო მეტიც - გართმევენ მას!
  პრეზიდენტი მრავლისმეტყველად დადუმდა - თავშეყრილ საზოგადოებას გადახედა - ისინიც სდუმდნენ... თავი როგორღაც უცნაურად გააქანქარა, თითქოს დატუქსაო ხალხი, და მერე სიტყვა განაგრძო:
  - ბატონებო, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა მაცადოთ! რითიც გინდათ იმით დაკავდით, ოღონდ - პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭირეთ! დიდი თუ პატარა, პოლიტიკაში ერევით... ერთადერთი ჩვენი თანამოქალაქე, ვინც პოლიტიკას შეგნებულად გაემიჯნა - პაპარაცია! უნდა მიბაძოთ მას!
  პრეზიდენტმა თვალზე მომდგარი ცრემლი მესამე ხელსახოცით შეიშრო და ხალხს ანიშნა, პაპარაცი აპლოდისმენტით დაეჯილდოვებინათ. – „ვაჰ...“ - გულში აღმოხდა პაპარაცს; ოღონდ არა იმის გამო, აპლოდისმენტით რომ დააჯილდოვეს, არამედ - პრეზიდენტმა მესამე ხელსახოციც ტრიბუნის ძირში მიაგდო... როგორც კი ტაშის ცემა დაცხრა, პრეზიდენტმა პაპარაცთან ვიზიტის ჭეშმარიტ მიზეზს ფარდა ბოლომდე ახსნა:
  - პოლიტიკასთან გამიჯვნის გამო, გადავწყვიტე პაპარაცი სახელმწიფო ორდენით დავაჯილდოვო!
  ისევ მქუხარე ტაში გაისმა.
  - მომაწოდეთ ორდენი! - თქვა მან, - პაპარაცი, შვილო, მომიახლოვდი!
  საზეიმო მელოდიამ დასჭექა... პაპარაცი დაიბნა.
  - მომიახლოვდი, ნუ გერიდება!
  პაპარაცს ერიდებოდა კიდეც, მაგრამ აშკარა იყო, რაღაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ აბრკოლებდა, ფეხს ითრევდა, სახეზე ფერი დაკარგა... როგორღაც მიაღწია ტრიბუნამდე.
  - რა დაგემართა, შეუძლოდ ხარ?! - შეშფოთდა პრეზიდენტი.
  - არაფერია, თქვენო ბრწყინვალებავ, უბრალოდ... - და აქ, პაპარაცმა გადაწყვიტა პრეზიდენტისთვის ყველაფერი გულწრფელად გაემხილა; თითით ორდენზე ანიშნა, - ორდენი მკერდზე ქინძისთავით ხომ უნდა დამაბნიოთ... ჰოდა, ამაშია საქმე: მე ბავშვობიდან მეშინია ჩხვლეტის! ვიცი, ყურადღებით იქნებით, რომ პიჯაკის ქვეშ მკერდი არ გამიხვრიტოთ, მაგრამ რა ვქნა - ეს ჩემი დაუძლეველი სისუსტეა! ალბათ, მედიცინის ენაზე, რაღაცის სინდრომი ჰქვია ასეთ მდგომარეობას.
  - პაპარაცი, რას მეუბნები, დაფიქრდი - ქვეყნის ხალხი მყავს დაჯილდოებული და მკერდი არავისთვის გამიხვრეტია, რაღა მაინცა და მაინც შენ დაგასახიჩრებ?!
  პაპარაცმა პრეზიდენტს თავი თითქოს დაუქნია, მაგრამ ეს უფრო რაღაც გაურკვეველი მოძრაობა იყო, რომელიც საბოლოო ჯამში მისი ერთი ნაბიჯით უკან დახევით დასრულდა.
  - არ დაგაჯილდოვო?!
  პაპარაცს შერცხვა...
  - უნდა დამაჯილდოვოთ, ბატონო პრეზიდენტო - გავუძლებ! - ერთი ნაბიჯი წინ გადადგა და მწყობრში მდგომი ჯარისკაცივით გაიჭიმა.
  პრეზიდენტმა შვებით ამოისუმთქა და ის იყო, ორდენს ხელი წაატანა, რომ პაპარაცი შიშისგან მოიკუნტა.
  - პაპარაცი! - აღმოხდა პრეზიდენტს.
  - დიახ, ბატონო პრეზიდენტო! - ისევ გაიჭიმა.
  მაგრამ როგორც კი ჯერი დაჯილდოებაზე მიდგა, ხელახლა მოიკუნტა.
  პრეზიდენტი საგონებელში ჩავარდა; რაღაც ჩაიბუტბუტა.
  - მაპატიეთ, ბატონო პრეზიდენტო, ახლა უკვე შეგიძლიათ დამაჯილდოვოთ - ჩემი სიმხდალე აღარ განმეორდება!
  პრეზიდენტი ისევ მოემზადა დასაჯილდოვებლად...
  მართალია, პაპარაცი აღარ მოკუნტულა, მაგრამ დაჯილდოების ცერემონია ახალი ხრიკით შეაფერხა:
  - იმ უბედურმა, თუ იმდენ ჩხვლეტას გაუძლო, მე, ქართველმა, როგორ ვერ უნდა გავუძლო ერთს! ბოლოს და ბოლოს, ის უბრალო კომუნისტი იყო, მე - ქართველი პატრიოტი ვარ! გავუძლებ! ასეა საჭირო!
  - ვისზე მეუბნები, ბევრ ჩხვლეტას გაუძლოო?
  - ვისზე და - ლეონიდ ბრეჟნევზე!
  - რა დროს ეგ არის... - ხელი ჩაიქნია პრეზიდენტმა, - ამდენი ხალხი შემოგვცქერის - რა ვქნა, ჯიბეში ხომ არ ჩაგიდებ ორდენს, თუ იქნებ „სკოჩით“ მიგაკრა გულზე?!
  - „სკოჩით“! - თვალები გაუბრწყინდა პაპარაცს, - „წებოვანი ლენტი“ - ეს იდეაა!
  - რა არის იდეა - ორდენის „წებოვანი ლენტით“ მიკვრა, სად გაგონილა?! ან თუნდაც, რომც შეიძლებოდეს ასეთი რამ, საიდან მოვიტანო აქ “წებოვანი ლენტი“?!
  - „წებოვან ლენტს“ ჩვენ ვიშოვით! - შეევედრა პაპარაცი.
  - გადამრევს ეს ხალხი...
  მოთმინება დაკარგული საზოგადოება ერთმანეთში ჩურჩულით ცდილობდა გაერკვია, თუ რა ხდებოდა ტრიბუნასთან. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და პრეზიდენტმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო:
  - მომიტანეთ „სკოჩი“! - და სანამ მას ამ უკანასკნელს მიართმედნენ, დასძინა, - არ მგონია „სკოჩის“ ქართული შესატყვისი სიტყვა „წეპოვანი ლენტი“ იყოს, რაღაც სპეციფიური სახელი ექნება...
  „პაპარაც-ცენტრის“ პასუხისმგებელმა მდივანმა ბატონმა ბახვამ „წებოვანი ლენტი“ მოარბენინა და პრეზიდენტს გადასცა. ხოლო ამ უკანასკნელმა, იმის შიშით კიდევ რაღაც ხელის შემშლელი მიზეზი გამოჩნდებაო, პაპარაცი აჩქარებული წესით დააჯილდოვა - მკერდზე ორდენი წებოვანი ლენტით მიაკრა! ამის შემდეგ, ქვეყნის პირველი პირი დიდხანს აღარ დარჩენილა იქ - ხალხს გონიერებისკენ კიდევ ერთხელ მოუხმო, ჩამოვიდა ტრიბუნიდან, ჩაჯდა თავის ბრონირებულ ლიმუზინში და თვალს მიეფარა.
  - ეე, ჩვენი „წეპოვანი ლენტი“ წაიღო... - აღმოხდა ბატონ ბახვას.
  - არაუშავს! - დაამშვიდა პაპარაცმა ხელქვეითი, - ჩვენი „წეპოვანი ლენტი“ პრეზიდენტის ხელშია - ქვეყანას მოახმარს!

  მას მერე, რაც საავადმყოფოს ახალი ჯამ-ჭურჭელი შესწირეს, სასადილოში ულუფის გაცემის პროცესი (თუ კი იყო რამ გასაცემი...) საგრძნობლად მოწესრიგდა - სანიტრები პაციენტებს სამზარეულოს სარკმელთან რიგში ჩადგომას აიძულებდნენ. გარდა ამისა, მაგიდებთან მათ დანაწილებასაც უწევდნენ ორგანიზებას. და კიდევ, იმასაც აკვირდებოდნენ, რომ ვინმე პაციენტს ჭურჭელი მალულად სასადილოს გარეთ არ გაეტანა. ერთადერთი, იმ ყიჟინასა და ჯამებში კოვზების ისტერიულ ჩხაკა-ჩხუკს არ დაადგა საშველი, რომელიც პაციენტთა დანაყრების პროცესს თან ახლდა; ხმაური მით უფრო ძლიერდებოდა, რაც მეტად ეგემრიელებოდათ საჭმელი. იმ დილითაც არცთუ ურიგო სააუზმე დაუხვდათ შიმშილისგან მოთმინებადაკარგულ პაციენტებს - ბრინჯის ფლავი, ჩაი და კარაქად გასაღებული მარგარინიანი პური. დარბაზში ისეთი ხმაური ატყდა, რომ მუყაოს ყუთში შეყუჟული პაპარაცი თავისი წარმოსახვითი სამყაროდან მაშინვე რეალურ ცხოვრებაში გამოერკვა. რაღა გავაგრძელოთ და, „ფანტაზიორს“ გვარიანად მოშიებოდა - ყუთიდან გამოფოფხდა და სამზარეულოს სარკმელთან მდგომ სხვა პაციენტებს შორის დაიკავა რიგი. ულუფა რომ მიიღო, სანიტარმა მაგიდასთან იმ მხიარული პაციენტის პირისპირ დასვა, რომელიც ერთთავად ცოლის შესართავად ემზადებოდა, (ეს ის პაციენტია, რომელსაც მეტსახელად „სიძე“ შეარქვეს). „სიძეს“ თავისი „ფიზიოლოგიური სურვილი“ განსაკუთრებით ისეთ დროს ეძალებოდა, როცა გამაძღარი იყო. ჰოდა ახლაც, საუზმის დამთავრებისთანავე წამოიძახა - ცოლი უნდა შევირთოო! მერე, პაპარაცს მიუბრუნდა:
  - ძმობილო, შენი „ტაჩკა“ ერთი კაი საქმისთვის უნდა მათხოვო!
  პაპარაცს გაეღიმა - წარმოიდგინა, რომ მისი ურიკა მაყრიონში რაღაც ფორმით მიიღებდა მონაწილეობას.
  - რაში გჭირდება ჩემი ურიკა?
  - ურიკა? - გაიკვირვა „სიძემ“, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ „ტაჩკას“ ურიკა ჰქვია, - ხო, ურიკა... მიწა მაქვს გასატანი!
  - საიდან?
  - სანდო კაცი ხარ, არ გამცემ... ამიტომ გეტყვი: ქალთა განყოფილებამდე გვირაბი უნდა გავთხარო - იქ ერთი კარგი, წითელ-ლოყება გოგო მყავს შერჩეული... მაგრამ ექიმები ჩვენი ქორწინების წინააღმდეგნი არიან! მიწა თუ შენიშნეს, მიხვდებიან გვირაბის საქმეს; „ტაჩკით“ საავადმყოფოს გარეთ გავიტან და გადავყრი.
  - კი მაგრამ... გასასვლელში „ვახტიორი გოგია“ რომ გკითხავს, ეგ მიწა საიდან მოგაქვსო, რას ეტყვი?!
  - გოგია, აღარ გამხსენებია...
  - მაგ კაცს ვერაფერს გამოაპარებ!
  - „სიძე“, - საუბარში მესამე პაციენტი ჩაერთო, - მიწა ორმოში ჩაყარე!
  - რომელ ორმოში?
  - ღრმა ორმოში!
  - ორმო სად ვნახო?!
  - ამოთხარე!
  „სიძე“ დაფიქრდა:
  - მართალი ხარ! - გახარებულმა წამოიძახა, - ქორწილში შენ ჩემი მეჯვარე იქნები, და - თამადაც! ბარი მჭირდება... - ხმას დაუწია; ისევ პაპარაცს მიუბრუნდა:
  - ძმობილო, მიშოვი ბარს?
  - შევეცდები...
  - ზუსტად მითხარი!
  - გიშოვი!
  კმაყოფილმა მოსაუბრეს ხელი ჩამოართვა.
  - შენ ჩემი მეორე მეჯვარე იქნები და... - სიტყვა გაწელა, - თამადის პირველი მოადგილე!
  თანხმობის ნიშნად პაპარაცმა თავი დაუქნია.
  ამასობაში მაგიდას სანიტარი მიუახლოვდა და ვისაც საუზმე დასრულებული ჰქონდა, დარბაზის დატოვება მოსთხოვა. პაპარაცი წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ სანამ კარებში გავიდა, წინ მთავარი ექიმის მოადგილე (ივანიჩი) გადაუდგა. ამ კაცის მზერა პაპარაცმა მაგიდასთანაც იგრძნო, მაგრამ ეს შემთხვევითობას მიაწერა; ახლაც არ იყო დარწმუნებული, რომ ამ უკანასკნელს მასთან რაიმე საქმე შეიძლებოდა ჰქონოდა და გვერდის ავლის მიზნით, თავისი უხილავი ფოტოაპარატით სურათი ძალზედ დელიკატურად გადაუღო - იმდენად დელიკატურად, რომ თითქოს ეს სურათის გადაღება კი არა, ელემენტარული ღიმილი იყო. ივანიჩმა მას მკლავში ხელი მოჰკიდა და განზე გაიხმო.
  - შენთან საქმე მაქვს - გუშინ, საავადმყოფოში ალექსმა დარეკა... ესპანეთში მივლინებით ყოფილა წასული.
  პაპარაცი მიხვდა, თუ რომელ ალექსზე უთხრა ივანიჩმა, მაგრამ არ შეიმჩნია; დაელოდა, რომ მოსაუბრეს სათქმელი დაეკონკრეტებინა, რადგან ალექსის ზარი პაციენტთათვის შემონაწირი იმ ტელევიზორის თაობაზე იქნებოდა, რომელიც მთავარმა ექიმმა მიისაკუთრა.
  - იმ კაცზე გეუბნები, ვინც ტელევიზორი აჩუქა საავადმყოფოს...  როდის ჩამოდის?
  - ალექსი  აქაა... - ღიმილით უპასუხა პაპარაცმა.
  - როგორ?! - შეშფოთდა ივანიჩი, - როდის ჩამოვიდა, სადაა?!
  - სადაა და... წეღან „პაპარაც-ცენტრში“ ქვეყნის პრეზიდენტი რომ მეწვია, ისიც იქ იყო. - თითით მუყაოს ყუთზე ანიშნა ექიმს.
  ივანიჩი დადუმდა, როგორღაც უცნაურად გაარიდა მას თვალი, თითქოს რაღაც თავისი დანაშაული გაახსენდაო. პაპარაცს ივანიჩისგან მსგავსი რამ საკმაოდ ეუცნაურა, მაგრამ ვერ მიხვდა, თუ რისი მანიშნებელი უნდა ყოფილიყო ეს და ვითარების განვითარებას დაელოდა.
  (ამ ორი ადამიანის საუბართან დაკავშირებით ბარემ აქ ისიც ვთქვათ, რომ პაპარაცის პასუხი, სიახლოვეში მდგომ რამოდენიმე პაციენტის ყურსაც მისწვდა და მალე, მთელ საავადმყოფოს მოედო პრეზიდენტის „პაპარაც-ცენტრში“ სტუმრობის ამბავი. მოგვიანებით, ბევრმა პაციენტმა ეს „ობიექტი“ მარტო იმიტომაც კი მოინახულა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა იქ ფეხი დადგა.)
  ივანიჩმა პაპარაცი სალაპარაკოდ ეზოში გაიხმო და ისეთი ადგილი შეარჩია, სადაც ნაკლებად მისწვდებოდათ გარეშე თვალი:
  - ეს საუბარი ჩვენში უნდა დარჩეს! მენდე, ალექსის მიმართ ცუდი არაფერი მაქვს ჩაფიქრებული; ჩემი თხოვნაა - ჩამოსვლისთანავე, სანამ რაიმეს მოიმოქმედებს, შემახვედრე ეგ კაცი!
  პაპარაცმა არ უპასუხა მანამ, სანამ დაკვირვებით არ გამოიკვლია მოსაუბრის თვალები და გააოცა ამ თვალებში არეკლილმა გულწრფელობამ, რომელიც ალექსისთვის საფრთხეს მართლაც არ შეიცავდა; ასეთ „ივანიჩს“ ის არ იცნობდა და, ცოტა არ იყოს, ინანა კიდეც ამ კაცის მიმართ ის „მხიარული“ დამოკიდებულება, რომელიც დარბაზში გამოამჟღავნა.
  - წასვლის წინ, ალექსმა თავისი სახლის გასაღები შემომაძლია, რომ იქ საცხოვრებლად გადავსულიყავი...
  - სამუდამოდ?! - გაოცებისგან თავი ვერ შეიკავა ივანიჩმა.
  - არა, დროებით - მის ჩამოსვლამდე. მერე, რაღაც სხვა საცხოვრებელი ფართის გამოძებნის იმედი ჰქონდა. მე უარი ვუთხარი.
  - რატომ?
  - ჩემი სახლი საავადმყოფოა...
  ხანმოკლე პაუზის შემდეგ პაპარაცმა განაგრძო:
  - როდის ჩამოვა არ უთქვამს, მაგრამ ზუსტად ვიცი: ჩამოსვლისთანავე მომძებნის... და გადავცემ შენ თხოვნას.
  - კარგი, მადლობელი ვარ!
  ივანიჩი წავიდა. სანამ პაპარაცი მას ელაპარაკებოდა შეამჩნია, რომ შორიდან ხეს ამოფარებული ვიღაც პაციენტი უთვალთვალებდათ; არაფერი შეიმჩნია და დაელოდა, თუ რას მოიმოქმედებდა სამალავში მყოფი - ის მალულად ივანიჩს გაჰყვა. ხოლო პაპარაცი, ამ უკანასკნელს აედევნა კვალდაკვალ, რადგან იცნო - „ბუდულაი“; სხვა დროს მსგავს ინციდენტს ყურადღებას არ მიაქცევდა, მაგრამ ახლა ბუდულაი ავისმომასწავებლად აღგზნებული იყო; თანაც, სწორედ ეს პაციენტი ალექსისგან შემონაწირი ტელევიზორის ისტორიაში ფიგურირებდა - თავისი თავი ტელევიზორს მცველად მიუჩინა (რა თქმა უნდა, ალექსის თანხმობით...) და ამის ნიადაგზე, მედ-პერსონალთან სამკვდრო-სასიცოცხლო „ბრძოლა“ გადაიტანა.
  ივანიჩი საავადმყოფოს თავისუფალ (პაციენტთათვის სასეირნო) ზონას გასცდა და ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე გადაინაცვლა, შენობაში შევიდა. ბუდულაი დიდხანს აკვირდებოდა იქაურობას, თითქოს იკვლევდა, თუ ვინ რა დროს მოძრაობდა იქ. როცა საქმე დაასრულა და უკან გამობრუნდა, პაპარაცს შეეფეთა.
  - გამარჯობა ბუდულაი!
  ბუდულაიმ სალამზე არ უპასუხა; მის თვალებში მრისხანებასთან ერთად უნდობლობაც იდგა.
  - მე შენ არ გაგცემ... - უთხრა პაპარაცმა, - იქნებ რამეში დაგეხმარო კიდეც!
  - ვერ დამეხმარები!
  - ვიცი, ტელევიზორის გამო ხარ ასე.
  - შური მე მარტომ უნდა ვიძიო, რადგან ღმერთკაცმა მე დამნიშნა ტელევიზორის მცველად! მთავარმა ექიმმა ტელევიზორი მიიტაცა, ამიტომ ის სიკვდილს იმსახურებს - მზარეულს დიდი დანა უკვე მოვპარე!
  - ივანიჩს რატომ უთვალთვალებ, თუ მთავარ ექიმს უპირებ მოკვლას?
  - მთავარი ექიმის მოხელთება ძნელია... თუ მას ვერ მივწვდი, მოადგილეს მოვუკლავ!
  - ცოტა დაიცადე, მთავარი ექიმი დააბრუნებს ტელევიზორს!
  - დიდი ხანი ვიცადე... ღმერთკაცი არ გამოჩნდა, რომ თავად იძიოს შური - მე მელოდება: ჩემი ხელიდან ელის შურისძიებას, რადგან ტელევიზორის მცველად მე დამნიშნა! პირი შევირცხვინე... ტელევიზორი ვერ დავიცავი... ღმერთკაცი ჩემზე განაწყენებულია!
  - ის განა იმიტომ არ გამოჩნდა, რომ შენზე განაწყენებულია, უბრალოდ, ეხლა სტუმრად სხვა ქვეყანაში იმყოფება; მალე ჩამოვა და მთავარ ექიმს აიძულებს ტელევიზორი დააბრუნოს!
  - შენ საიდან იცი?
  - ეგ კაცი ჩემი მეგობარია!
  - შენი მეგობარია?!
  - ხო ჩემი მეგობარია!
  - მე გამიგია ამის შესახებ, მაგრამ არ მჯეროდა... თუ ღმერთკაცი შენი მეგობარია, ესეიგი, შენც ღმერთკაცი ხარ!
  - არა, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ღმერთი ცაში ცხოვრობს, კაცი - მიწაზე. ვინც შენ ღმერთკაცი გგონია, სინამდვილეში ჩვეულებრივი ადამიანია - ალექსი ჰქვია. მაგრამ ის იმდენად კარგი ადამიანია, რომ მასში ღმერთის ანარეკლი მოსჩანს. დამიჯერე, ის მალე ჩამოვა და ტელევიზორს თავის ადგილზე დააბრუნებს! არავის მოკვლა არ არის საჭირო, რადგან თუ მის მაგივრად ვინმე შურს იძიებს, ეს მას ეწყინება, რადგან იფიქრებს, რომ მისი იმედი დავკარგეთ!
ბუდულაიმ თავი დახარა... დიდხანს დაჰყო ასე. მერე, ამოილუღლუღა:
  - შენი ყველას ჯერა... ამიტომ არ შემიძლია არ დაგიჯერო!
  - დანა თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ - მომეცი და ისე შევიტან სამზარეულოში, ვერავინ მიხვდება რომ ის მოპარული იყო.
  - დიდი ხის ძირში ჩავფალი მიწაში... წამოდი.
  იმ ხესთან მივიდნენ, სადაც დანა იყო დაფლული;  მალულად ამოთხარეს, რომ არავის შეემჩნია. პაპარაცმა დანა პიჯაკის ქვეშ დამალა და ის იყო ბუდულაის უნდა გამომშვიდობებოდა, რომ უეცრად ეს მთასავით კაცი ბავშვივით ატირდა:
  - იცი, იმ დღეს რა მიქნეს - საწოლზე მიმაბეს... - სლუკუნი ხელს უშლიდა გარკვევით გამოეთქვა სიტყვები, - კუჭი მქონდა აშლილი... ვეღარ შევიკავე... ჩავისვარე... მთელი დღე დაბმული დამტოვეს... მაფურთხებდნენ... არც მეორე დღის ცვლამ ამხსნა თოკი... კიდევ ბევრჯერ ჩავისვარე... მესამე დღეს ცვლაში ნიკო ექიმი გამოვიდა... გამათავისუფლა!
  - ნიკოს ჩვენ ვუყვარვართ... ოღონდ ის ექიმი არ არის, სანიტარია.
  - არა, ის ექიმია!

  (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები